ოთხშაბათი, ივნისი 4, 2025

„წინააღმდეგობის პლატფორმა“ „ვაიმარის სამკუთხედს“ – აუცილებელია ევროკავშირის დონეზე საქართველოს მიმართ სათანადო პოლიტიკის ჩარჩოს შემუშავება, გეგმა კრიზისის დასაძლევად – ასევე, ქართველი ხალხი სანქციების გამკაცრებას მოელის

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „წინააღმდეგობის პლატფორმამ“ „ვაიმარის სამკუთხედის“ ლიდერებს იმ საკითხებით მიმართა, რომლებიც „დღესვე პარტნიორებისა ყურადღებასა და ევროკავშირის უფრო აქტიურ, ეფექტურ და ჩამოყალიბებულ პოლიტიკას მოითხოვს საქართველოს მიმართ“.

ამის შესახებ ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, მათ მიმართვაში გაიმეორეს „ორი ურყევი მოთხოვნა – პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა“.

„ჩვენ ერთობლივად მივმართეთ „ვაიმარის“ სამივე ლიდერს, რომლებმაც საქართველოს ხალხს 26 მაისი მიულოცეს და თავიანთი მხარდაჭერა გამოხატეს. ეს წერილი თქვენთვის გაზიარებული იქნება. ჩვენ მათ მივმართეთ მთელი რიგი საკითხებით, რომლებიც დღესვე მოითხოვს ყურადღებას ჩვენი პარტნიორებისა და ევროკავშირის უფრო აქტიურ, ეფექტურ და ჩამოყალიბებულ პოლიტიკას საქართველოს მიმართ. ასევე, გავუმეორეთ ჩვენი მთავარი ორი მოთხოვნა, რომელიც ურყევი რჩება. ეს არის პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, თავისი პირობებით. ის უნდა იყოს სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები, რომელსაც ეს ქვეყანა მოითხოვს. ასევე, მოითხოვს ამ ქვეყნის სტაბილურობას, სხვანაირად ვერ იქნება ამ ქვეყანაში ის სტაბილურობა, რომელიც ჩვენს ყველა პარტნიორს აინტერესებს. იმედი გვაქვს, რომ მათ პირდაპირი მხარდაჭერა გვექნება“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„წინააღმდეგობის პლატფორმის“ მიმართვის ტექსტს სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.

„ემანუელ მაკრონს, საფრანგეთის პრეზიდენტს, ფრიდრიხ მერცს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს, დონალდ ტუსკს, პოლონეთის პრემიერმინისტრს, თქვენო აღმატებულებავ, ჩვენ, „წინააღმდეგობის პლატფორმას“, რომელიც პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს აერთიანებს და რომელსაც კოორდინაციას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უწევს, ქართველი ხალხის სახელით, რომელიც მტკიცედ დგას დემოკრატიის თავისუფლებისა და ევროპული ინტეგრაციის სადარაჯოზე, გვსურს, გულითადი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მხარდამჭერი და სოლიდარული გზავნილის გამო საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

ჩვენ ვაფასებთ თქვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფების მიმართ – განსაკუთრებით ამ რთულ დროს. თქვენს მხარდაჭერას ჩვენი დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მიმართ, რომელიც გამოხატავს ჩვენი ერის ფუნდამენტურ ღირებულებებსა და იდენტობას, მნიშვნელოვანი მორალური და პოლიტიკური წონა აქვს. თქვენი გზავნილი ევროპული საზოგადოების სოლიდარობის ძლიერ შეხსენებად გვევლინება საქართველოს დემოკრატიული, სტაბილური და წარმატებული მომავლისკენ სწრაფვაში.

ბოლო დროს განვითარებული მოვლენები – მათ შორის დემოკრატიის უკუსვლა, სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და პოლიტიკური ოპოზიციის მზარდი რეპრესიები, დე-ფაქტო რეჟიმის მიზანმიმართული მცდელობა, რომ ქვეყანა ევროპულ გზას ჩამოაშოროს – ეწინააღმდეგება დემოკრატიული ანგარიშვალდებულების ძირითად პრინციპებსა და ფართო საზოგადოებრივ კონსენსუსს. ეს სახიფათო ტრაექტორია, რომელიც ევროპის კარებთან ვითარდება, მხოლოდ მისი მტრების ინტერესებშია. მაშინ, როცა რუსეთი აძლიერებს ჰიბრიდულ ომს საქართველოს წინააღმდეგ და იყენებს დე-ფაქტო რეჟიმს მოსკოვის სტრატეგიული მიზნების გასატარებლად.

ჩვენ ვრჩებით ერთგულნი ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის მიმართ და ვისწრაფვით მიმდინარე კრიზისის დემოკრატიული გზით გადაწყვეტისკენ. ამ მიზნის მისაღწევად, ვთვლით, რომ აუცილებელია შემდეგი ნაბიჯები:

ევროკავშირის დონეზე საქართველოს მიმართ თანმიმდევრული და სათანადო პოლიტიკის ჩარჩოს შემუშავება – საჭიროა შედეგებზე ორიენტირებული გეგმა მიმდინარე კრიზისის დასაძლევად, მკაფიო პირობებით, რომელიც ერთდროულად წაახალისებს პროგრესს და შეუსრულებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას მკაცრად დადგენილ ვადებში;

სანქციების პოლიტიკა – მიზნობრივმა სანქციებმა უკვე მოახდინა გავლენა რეჟიმის ძალაუფლებრივ ვერტიკალზე, რაც ბიძინა ივანიშვილის გარემოცვიდან საკვანძო ფიგურების წასვლამაც დაადასტურა: ირაკლი ღარიბაშვილი, გრიგოლ ლილუაშვილი და სულ ახლახან, ვახტანგ გომელაური (რომელიც ამერიკულ “მაგნიტსკის აქტსა” და დიდი ბრიტანეთის ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების სიაშია შესული).

ქართველი ხალხი მოელის ამ სანქციების გამკაცრებას, რადგან ეს ხელს უშლის ავტორიტარიზმის კონსოლიდაციას და ამცირებს რეჟიმის გავლენას;

ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ორგანიზება – არჩევნები უნდა ჩატარდეს ჭეშმარიტად ღია და დემოკრატიულ გარემოში და უნდა აღმოიფხვრას 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების ყველა ჩავარდნა. შესაბამისი ინსტიტუტების დემოკრატიული ლეგიტიმაციის და საარჩევნო პროცესისადმი ნდობის აღსადგენად განსაზღვრულია მკაფიო პირობები და გარანტიები და აუცილებელია მათზე შეთანხმება და მათი ზედმიწევნით შესრულება;

საქართველოში დემოკრატიული მმართველობის და საქართველოს ევროპული კურსის აღდგენის საგზაო რუკა – აუცილებელია კოლექტიური ძალისხმევა დემოკრატიულ ნორმებთან სწრაფად დასაბრუნებლად და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის აღსადგენად, მათ შორის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის განსახორციელებლად;

სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და დემოკრატიული ოპოზიციის მხარდაჭერა – მიმდინარე დევნისა და ფინანსური ზეწოლის პირობებში, მნიშვნელოვანია მუდმივი მხარდაჭერა დამოუკიდებელი ხმების შესანარჩუნებლად და ავტორიტარიზმისკენ სვლის შესაჩერებლად;

პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლება – ყველა პოლიტპატიმარი, რომელიც იბრძოდა საქართველოში თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის და რეჟიმის მსხვერპლად იქცა ავტოკრატიული მმართველობის წინააღმდეგ ხმის ამაღლების გამო, უნდა განთავისუფლდეს დაუყოვნებლივ და უპირობოდ.

დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ქმედებები აუცილებელია არა მხოლოდ არსებული კრიზისის დასაძლევად, არამედ ევროპისთვის განმსაზღვრელი ღირებულებებისა და სტანდარტებისადმი საქართველოს ერთგულების ხელახლა დასადასტურებლად.

სრული პატივისცემით მოგიწოდებთ, რომ „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნები, სხვა მოკავშირეებთან ერთად, გაუძღვნენ საქართველოში მიმდინარე კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესს.

კიდევ ერთხელ, მადლობას გიხდით ქართველი ხალხის გვერდით დგომისთვის. თქვენი მხარდაჭერა გვაძლიერებს და იმედს გვაძლევს მაშინ, როდესაც პრინციპულ საერთაშორისო ჩართულობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

გულწრფელი მადლიერებით, სალომე ზურაბიშვილი („წინააღმდეგობის პლატფორმაში“ შემავალი პარტიების სახელით – „დროა“, „ფედერალისტები“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „თავისუფლების მოედანი“, „ევროპული საქართველო“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“)“,- ნათქვამია მიმართვაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებები დონალდ ტრამპის წყალობით მოხდა, პრეზიდენტი მზადაა, გამოიყენოს სანქციები, თუ აუცილებელი იქნება – კეროლაინ ლევიტი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გონივრულად ინახავს სანქციებს, როგორც ინსტრუმენტს თავის არსენალში, რათა საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.თეთრ სახლში ბრიფინგზე ლევიტს სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა ტრამპის დამოკიდებულებაზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების ინიციატივის შესახებ, რომელსაც კონგრესის ორივე პალატის მხარდაჭერა აქვს.„მინდა, ყველას შევახსენო, რამდენს მივაღწიეთ მხოლოდ ოთხ თვეში. წინა წელს, ამ დროს წარმოუდგენელი იყო, რომ რუსეთი და უკრაინა პირდაპირ მოლაპარაკებებს გამართავდნენ. ეს სწორედ დონალდ ტრამპის წყალობით მოხდა, რადგან ის ესაუბრა ორივე ქვეყნის ლიდერს. დონალდ ტრამპი მზადაა, გამოიყენოს სანქციები, თუ ეს აუცილებელი იქნება. ყველას ესმის, რომ პრეზიდენტი მთავარსარდალია და ხელმძღვანელობს აშშ-ის საგარეო პოლიტიკას, როგორც ეს უნდა იყოს“, – განაცხადა ლევიტმა.აღსანიშნავია, რომ საუბარი ეხება კანონპროექტს, რომელიც წარადგინეს სენატორებმა რიჩარდ ბლუმენტალმა და ლინდსი გრემმა 80 თანაავტორთან ერთად. ამ ინიციატივას კონგრესის ორივე პალატაში მხარდაჭერა აქვს და მიზნად ისახავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებას.ამასთან, ლევიტს კითხვა დაუსვეს უკრაინის მიერ რუსეთის აეროდრომებზე თავდასხმის შესახებ. მისი თქმით, ამის შესახებ თავად ტრამპი ისაუბრებს, თუმცა აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს სურს, ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს.„დონალდ ტრამპი კვლავ ოპტიმისტურად არის განწყობილი იმ პროგრესის მიმართ, რომელსაც ვხედავთ, მაგრამ ის ასევე რეალისტია და ესმის, რომ ეს ორი ქვეყანა ომშია და დიდი ხანია, ომშია ჯო ბაიდენის სისუსტისა და არაკომპეტენტურობის გამო. ტრამპს სურს, რომ ბრძოლა შეწყდეს, რომ ადამიანების სიკვდილი შეწყდეს და ეს საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყდეს“, – განაცხადა ლევიტმა.ბრიფინგზე ლევიტმა კითხვის საპასუხოდ, ასევე, განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი წინასწარ არ იყო ინფორმირებული უკრაინის მიერ რუსეთზე თავდასხმის შესახებ.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი გორის დასავლეთით, 5 კმ-ში, სოფელ ზემო ქსოვრისში იყო.მათივე ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 3.2 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

თბილისის მერია მძღოლებს აფრთხილებს

საქართველოსა და ფარერების ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური მატჩის გამო, 5 ივნისს, „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, როგორც საავტომობილო, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.„16:00-დან 00:00 საათამდე მოძრაობა აიკრძალება გიორგი ცაბაძის, დიმიტრი ყიფიანისა და მეტრეველის ქუჩებზე, ასევე აკაკი წერეთლის გამზირზე.გადაადგილება შესაძლებელი იქნება თევდორე მღვდლის, აბასთუმნის, მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩების, თამარ მეფის გამზირის, ასევე, არჩილ ქურდიანის, შოთა იამანიძისა და მურმან ლებანიძის ქუჩების საშუალებით.შეზღუდვის პერიოდში, ავტობუსები: N384, N386, N311, N320, N315, N327, N306, N308 და N381 წერეთლის გამზირიდან იმოძრავებენ ქუთაისის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგაც, სვლას განაგრძობენ ვახუშტი ბაგრატიონის ხიდის, სააკაძის მოედნის, კონსტანტინე გამსახურდიას გამზირის, მიროტაძის ქუჩის, პეკინის გამზირის გავლით და კვლავ, კონსტანტინე გამსახურდიას გამზირის საშუალებით, გმირთა მოედანს დაუკავშირდებიან. გმირთა მოედნიდან N320, N327, N386, N381, N315 და N384 მგზავრებს დადგენილი მარშრუტით, თამარ მეფის გამზირის გავლით მოემსახურება, ხოლო N306, N308 და N311 არსებული სქემით, ვარაზისხევის საშუალებით იმოძრავებენ.რაც შეეხება მიკროავტობუსებს, N541, N551, N536 და N431 წერეთლის გამზირიდან იმოძრავებენ ქუთაისის ქუჩის მიმართულებით და დაუკავშირდებიან სააკაძის მოედანს, საიდანაც: N541 მიროტაძის ქუჩით დაუკავშირდება კონსტანტინე გამსახურდიას გამზირს და გმირთა მოედნიდან იმოძრავებს დადგენილი სქემით; N551 მიროტაძის ქუჩიდან დაუკავშირდება პეკინის გამზირს და იმოძრავებს დადგენილი სქემით; N536 მიროტაძის ქუჩით დაუკავშირდება გამსახურდიას გამზირს, რის შემდეგაც, გმირთა მოედნიდან გადაადგილდება თამარ მეფის გამზირზე და იმოძრავებს დადგენილი სქემით; N431 სააკაძის მოედნიდან შარტავას ქუჩაზე გადაადგილდება, საიდანაც გამოიყენებს უკვე დადგენილ მარშრუტს.აღნიშნული საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკუმიმართულებისას წერეთლის გამზირს ანალოგიური გზებით დაუკავშირდება.მიკროავტობუსი N476 ჟიული შარტავას ქუჩიდან სააკაძის მოედნისა და მიროტაძის ქუჩის გავლით, პეკინისა და კონსტანტინე გამსახურდიას გამზირებს დაუკავშირდება, ხოლო თამარ მეფის გამზირიდან იმოძრავებს დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას, აღნიშნული მიკროავტობუსი გამოიყენებს ანალოგიურ მარშრუტს; N504 მოძრაობას დაასრულებს მეტროსადგურ „წერეთელთან“, ხოლო N538 სადგურის მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით, დაუკავშირდება გენერალ კვინიტაძის ქუჩას, თამარ მეფის გამზირს და შემდეგ იმოძრავებს დადგენილი სქემით.უკუმიმართულებისას, N538 თამარ მეფის გამზირიდან დაუკავშირდება მტკვრის მარცხენა სანაპიროს და მეტროსადგურ „დიდუბისკენ“ სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სალომე ზურაბიშვილი – კრიზისიდან გამოსვლა არის ახალი საპარლამენტო არჩევნები, ოქტომბრამდე თუ არ იქნება ჩანიშნული, მაშინ ვითხოვთ ერთობლივად, საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, შვედეთის პრემიერისგან მიიღო წერილი, რომელშიც გამოთქმულია წუხილი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ.როგორც ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, შვედეთის მთავრობამ გადაწყვიტა, შეეწყვიტა „შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს“ (SIDA) ყველანაირი დახმარება საქართველოს მთავრობისთვის და შვედეთი გამოხატავს მზადყოფნას, დარჩეს დონორი სამოქალაქო საზოგადოებისთვის.ამასთან, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ კრიზისიდან გამოსავალი არის ახალი საპარლამენტო არჩევნები.„მინდა, გაგაცნოთ შვედეთის პრემიერის წერილი, რომელიც მივიღე პერსონალურად, რომელიც გამოთქვამს ძალიან დიდ წუხილს იმის თაობაზე, რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში დემოკრატიის და ადამიანის უფლებების კუთხით, რომ, რეალურად, სამოქალაქო სივრცე არის ძალიან შეზღუდული და კიდევ უფრო იზღუდება, და ეს რომ არ შეეფარდება არც ევროკავშირის ღირებულებებს და არც საქართველოს გზას ევროპისკენ. პასუხად, შვედეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეეწყვიტა შვედეთის სააგენტოს, „სიდას“, რომელიც ერთ-ერთი მთავარი დონორი იყო ამ ქვეყანაში, ყველანაირი დახმარება საქართველოს ე.წ. მთავრობისთვის, თუმცა შვედეთი გამოხატავს მზადყოფნას, დარჩეს მხარდამჭერი საქართველოს დემოკრატიული განვითარების და მისი ევროპული გზის, რომ დარჩეს როგორც დონორი, ოღონდ სამოქალაქო საზოგადოებისთვის, და ამ კუთხით ჩვენ ვაკვირდებითო დღევანდელ კანონმდებლობას, რომ გავიგოთ, რა ფორმით უნდა გავაგრძელოთ მხარდაჭერა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა. ჩვენ, როგორც ევროპის სხვა ქვეყნები, გავაგრძელებთ ძალიან მკაფიო დაკვირვებას საქართველოს მდგომარეობისო, ვრჩებით როგორც დიდი მხარდამჭერი საქართველოს მოსახლეობის და მისი ევროპული გზის, მისი დემოკრატიული განვითარების და ველოდებით, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღოს აუცილებელი ნაბიჯები, რათა დასრულდეს კრიზისი და დაბრუნდეს ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების. ჩვენ კარგად ვიცით, რომ კრიზისიდან გამოსვლა არის ერთი და მხოლოდ ერთი – ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნები. არცერთ სხვა ფორმას, არცერთ სხვა არჩევნების ჩატარებას არ აქვს უნარი, რომ ქვეყანაში დაასრულოს ანტიდემოკრატიული რეჟიმი, ანტიამერიკული, როგორც ამერიკელებმაც თქვეს, და ანტიევროპული, როგორც ამბობენ ევროპელები. ერთადერთი მშვიდობიანი გზა არის ახალი საპარლამენტო არჩევნები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა: „უცვლელია არჩევნების შესახებ „წინააღმდეგობის პლატფორმის“ ერთობლივი და ყველასთან შეთანხმებული პოზიცია – ჩვენ მოვითხოვთ საპარლამენტო არჩევნებს და თუ ოქტომბრამდე არ იქნება ჩანიშნული, მაშინ ვითხოვთ ერთობლივად – საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას“.ზურაბიშვილის განმარტებით, „ეს ორი მოთხოვნა, არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, არ შეიცვლება“.„ეს არჩევნები არ უნდა ჩატარდეს ივანიშვილის წესებით, ივანიშვილის და მისი სუს-ის კონტროლის ქვეშ. ამისთვის ჩვენ მოვამზადეთ სრულყოფილი დოკუმენტი, რომელიც ასახავს ჩვენს პოზიციებს და მოთხოვნებს, როგორ უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გენერალური აუდიტორი ცოტნე ყავლაშვილი თანამდებობას ტოვებს

„კურიერისთვის“ ცნობილი ხდება, რომ თანამდებობას ტოვებს გენერალური აუდიტორი ცოტნე ყავლაშვილი. ამ თხოვნით მან უკვე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს. „კურიერის“ ინფორმაციით, ყავლაშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოსტს დაიკავებს.ეს ინფორმაცია „რუსთავი 2-ს“ მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე დაუდასტურეს.ცოტნე ყავლაშვილი გენერალურ აუდიტორად პარლამენტმა 2022-წლის სექტემბერში აირჩია. მანამდე ის 7 წლის განმავლობაში, ფინანსთა სამინისტროში მინისტრის მოადგილე იყო.

ბოლო სიახლეები