საპრეზიდენტო არჩევნები როცა აღარ არსებობს, ძალიან დიდი დრო რჩება ხოლმე პოლიტიკური არდადეგებისთვის და ამ დროს იწყება ძირითადად შლის პროცესი, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა ცოტნე კობერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„საარჩევნო კამპანია როცაა, არსებობს რესურსები, ადამიანს დაჰპირდებიან სიაში ყოფნას ან რაღაც რესურსი იქნება, ზოგადად არჩევნებია, ივენთია და ეს მაინც შეკვრას იწვევს ხოლმე, მერე კი ძირითად მიმდინარეობს შლა. ახლა მოკვდა ყველანაირი იმედი, რომ ვადამდელი არჩევნები იქნება, ჩემი აზრით, იმის იქით კონსტიტუციით ჩანიშნული არჩევნები არ არის 2028-მდე და ეს პოლიტიკისთვის ზედმეტად დიდი დროა, განსაკუთრებით, თუ ინსტიტუტურად წარმოდგენილი არ ხარ ან პარლამენტში, ან სადღაც, სადაც მიმდინარედ მოახერხებ არსებობას. ამიტომ, მერე გაჩნდა ასეთი საკითხები, ახლა ზუსტად, ეს ბოლო სამი თვეა, რაც მიდის – „ჩემი ოქრო ჩემთან“. ყველას უნდა, ვინც გრძნობს, რომ რაღაც ტიპის პოტენციალი გააჩნია, ეს დაიბრუნოს. ამიტომ ახლა მიდის ფიქრი იმ ხმებზე, რასაც ფიქრობს „ნაციონალური მოძრაობა“, რომ მას წაერთვა და გაეყო. ამიტომ იყო მთავარი დებატი მიშას და ნიკა მელიას შორის. ნიკა მელიაც და მიშაც გრძნობენ, რომ მხოლოდ მათ აქვთ პირადი რაღაც ტიპის რესურსი. 2028 წლის არჩევნებისკენ დაიწყო ყველამ ყურება, რომ იქ გააცოცხლებს თავის რესურსს და ამიტომ დაიწყეს ერთმანეთში ეს გადანაწილება. სხვა ყველას განიხილავენ, როგორც პარაზიტს და უნდათ, ეს პარაზიტები, რაღაცნაირად, გაარკვიონ და ჩამოიხსნან ერთმანეთშიც კამათით, უბრალოდ, ერთმანეთთან ზღვარს გადებენ, ვინ სად მიდის“, – განაცხადა კობერიძემ.
ამ განცხადებით ცოტნე კობერიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, ცდილობს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ კონსერვატორულ პლატფორმაზე გადაპორტირებას.
კობერიძის თქმით, „ნაცმოძრაობას“ გარდა ამისა, აქვს განცდა, რომ მისი ხმების გაზიარება მოხდა „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაშიც და რეგიონებშიც „ქართულმა ოცნებამ“ მას ხმები წაართვა.
„იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო დიდი პარტია, რომელსაც ზოგი მხარს უჭერს, რადგან სტატუსკვოს ცვლილებას აძლევს ხმას და ამიტომ აძლევდა ხმას, მაგრამ იდეოლოგიურად და ღირებულებითად, დიდწილად, რაც საქართველოში, ჩემი აზრით, პოპულისტურია და ბევრ ადამიანს მოსწონს ძირითადად, იმას იზიარებს და ამ ნაწილშიც, მათი აზრით, კვეთა აქვთ „ქართული ოცნების“ ხმებთან, რომლითაც გაიძარცვნენ, წაერთვათ ასეთი ხმები და რაღაცნაირად მისი დაბრუნების მცდელობა აქვთ“, – განაცხადა კობერიძემ.

