ორშაბათი, იანვარი 20, 2025

ცნობილია ექიმის ვინაობა, რომელიც ავარიის შედეგად დაიღუპა

სოციალურ ქსელში ჩოხატაურში ავარიის შედეგად გარდაცვლილ ექიმ ანესთეზიოლოგს, ნინო პაიჭაძეს ახლობლები, მეგობრები, პაციენტები ემშვიდობებიან.

„კიდევ ერთხელ გაიმარჯვა სიკვდილმა სიცოცხლეზე. განადგურებული ვართ ყველა ამ საშინელი ტრაგედიით. უფალს ებარებოდეთ, ჩემო სიკეთით და სიყვარულით სავსე ნინო ექიმო”.

„როგორ მიჭირს, ჩვენო თბილო, კეთილო, სიკეთით სავსე ნინო ექიმო, თქვენზე წარსულში საუბარი”.

„როგორი ნინო ექიმი მოგვიკვდა“ – წერენ სოციალურ ქსელში ჩოხატაურელები.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 19 იანვარს ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, სოფელ გორაბერეჟოულის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა, რომელსაც გარდაცვლილი ექიმის მეუღლე, შაქრო კუტუბიძე მართავდა, მოცურდა და ხეს შეეჯახა. შეჯახების შედეგად მძიმე ტრავმები მიიღო  ექიმმა, რომლის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

ექიმის მეუღლე კი ინფარქტით და სხვა შინაგანი დაზიანებებით ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

აღმოაჩინეს გიგანტური მწერი, რომელიც ერთ კილოგრამს იწონის

სინგაპურელმა მკვლევრებმა ახალი სახეობა, გიგანტური იზოპოდი აღმოაჩინეს. ამ არსებას (Bathynomus vaderi) Star Wars-ის პერსონაჟის, დართ ვეიდერის სახელი უწოდეს. B. vaderi გიგანტური იზოპოდების გვარის წარმომადგენელია. ის წყალში ცხოვრობს, მაგრამ ვიზუალურად ხმელეთის მწერს მოგვაგონებს. იზოპოდის სიგრძე 32.5 სანტიმეტრია და ერთ კილოგრამს იწონის. თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ ეს არსება მარტივი შესამჩნევია, მაგრამ ჯერჯერობით ის მხოლოდ ვიეტნამის სპრატლის კუნძულებზეა დაფიქსირებული. შთამბეჭდავი ზომის გარდა, ყურადღება მიიქცია არსების კუთხოვანმა თავმა, რომელიც ვარსკვლავური ომების ბოროტი ლორდის ჩაფხუტს წააგავს — აქედან მომდინარეობს მისი სახელიც. კვლევა ჟურნალ ZooKeys-ში გამოქვეყნდა.

ჯო და ჯილ ბაიდენები დონალდ ტრამპს და მელანია ტრამპს თეთრ სახლში მასპინძლობენ

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პირველი ლედი ჯილ ბაიდენი არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და მის მეუღლეს, მელანია ტრამპს თეთრ სახლში მასპინძლობენ. დონალდ და მელანია ტრამპები თეთრ სახლში ვაშინგტონის წმინდა იოანეს ეკლესიიდან მივიდნენ, სადაც წირვას ესწრებოდნენ. 1837 წლიდან აშშ-ში ჩამოყალიბებული ტრადიციის თანახმად, მოქმედი პრეზიდენტი მომავალ პრეზიდენტს ჩაიზე მასპინძლობს, რის შემდეგაც ისინი კაპიტოლიუმისკენ მიემართებიდან, სადაც ფიცის დადების ცერემონია უნდა გაიმართოს. აღნიშნული ტრადიციის შესრულებაზე 2021 წელს, ბაიდენის ინაუგურაციის წინ დონალდ ტრამპმა უარი თქვა.

აშშ-სა და მექსიკის საზღვარზე მიწის ქვეშ გამავალი 300 მეტრიანი საიდუმლო გვირაბი აღმოაჩინეს

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მექსიკის (ხუარესის და ელ პასოს შორის) აღმოჩენილი 300 მეტრიანი გვირაბი, რომელსაც არალეგალური მიგრანტები საზღვარზე გადასასვლელად იყენებდნენ დაილუქება. გამოცემა BBC-ის ცნობით, აღნიშნულ ინფორმაციას მექსიკის სასაზღვრო უწყება ავრცელებს. არსებული ინფორმაციით გვირაბი, რომელიც გასულ კვირას აღმოაჩინეს სანიაღვრე ქსელში იყო აშენებული - ოფიციალური შეფასებით, მის აშენებას სულ მცირე, ერთი წელი დასჭირდა. ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება, ცნობილი იყო თუ არა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის გვირაბის მშენებლობის შესახებ, რომელიც არალეგალი მიგრანტების გადასაადგილებლად და კონტრაბანდისთვის გამოიყენებოდა. როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის წინ აშშ-სა და მექსიკის საზღვრებზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა. ცნობისთვის, ტრამპმა წინასაარჩევნო პერიოდში პირობა დადო, რომ ინაუგურაციის შემდეგ "ქვეყანაში არალეგალურად მყოფი მიგრანტების მასობრივ დეპორტაციას" დაიწყებს. ასევე, გამოცემა Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი ინაუგურაციიდან რამდენიმე საათშივე აპირებს, რომ რიგი აღმასრულებელი ბრძანებები საზღვრის, ენერგეტიკისა და მთავრობის რეფორმის პრიორიტეტული საკითხებისთვის გამოიყენოს.

კახა კალაძე – ჩვენთვის მნიშვნელოვანია აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა, მეგობრობა და მივესალმებით იმ მესიჯებს, რომლებსაც ტრამპის გუნდისგან ვისმენთ

ტრამპის გუნდს სურს „დიფ სთეითის“ დამარცხება, რაც არა მხოლოდ აშშ-სთვის, არამედ მსოფლიოსთვის ბევრ რამეს შეცვლის, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ არის მოლოდინი, რომ საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობები გადაიტვირთება. „ძალიან მნიშვნელოვანია დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მთლიანად მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა. არაერთხელ გამოვთქვით მზაობა, ვიყოთ აშშ-ის კარგი მეგობრები, ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობა, მეგობრობა და მივესალმებით იმ მესიჯებს, რომლებსაც ტრამპის გუნდისგან ვისმენთ. რასაც თავად ამბობენ, პირველ რიგში, მათი მხრიდან „დიფ სთეითის“ დამარცხება უნდა მოხდეს, რაც არა მხოლოდ აშშ-თვის, არამედ მსოფლიოსთვის ბევრ რამეს შეცვლის“, – აღნიშნა თბილისის მერმა. რაც შეეხება კითხვას ოპოზიციის წარმომადგენლების შესახებ, რომლებმაც, ჟურნალისტის თქმით, ბოლო დროს ტრამპის თაობაზე რიტორიკა შეცვალეს, კახა კალაძე პასუხობს, რომ ისინი ფარისევლები არიან. „ოპოზიციისთვის სასიკეთო არაფერი ხდება არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. ოპოზიცია არის დანგრეული, გაფარჩაკებული. მათ არც ქვეყანა აინტერესებთ, ჰყავთ თავიანთი პატრონები. ვიცით, ვინ არიან ისინი და საიდან იმართებიან. ჩვეულებრივი ფარისევლები არიან. ჩვენ არაერთი განცხადება მოგვისმენია მათი მხრიდან, როცა ტრამპს ოლიგარქს და ჯამბაზს უწოდებდნენ. ამის დამადასტურებელი ვიდეომასალაც არსებობს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ლევან დავითაშვილი: გამართლდა ჩვენი პროგნოზი 2024 წელს ტურიზმის სექტორის ზრდასთან დაკავშირებით – დაფიქსირდა შემოსავლების რეკორდული მაჩვენებელი

'2024 წელს ტურიზმის სექტორიდან რეკორდული რაოდენობის შემოსავლები დაფიქსირდა~ - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე დეტალურად ისაუბრა. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, გასულ წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 4,425.4 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 7.3%-ით მეტია. „ეს მნიშვნელოვანი მატებაა წინა წელთან შედარებით. ასევე 2024 წლის მეოთხე კვარტალი, მიუხედავად ყველა გამოწვევისა, საკმაოდ შედეგიანი იყო,  ტურიზმის სექტორიდან 963.7 მლნ დოლარის შემოსავალი მივიღეთ, რაც კვარტლის ჭრილში 10.3%-ით იყო გაზრდილი“ - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა. ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ არსებული სტატისტიკის თანახმად, ფაქტობრივად, გამართლდა მთავრობის პროგნოზი 2024 წელს ტურიზმის სექტორის ზრდასთან და შემოსავლებთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, სექტორიდან 4.5 მლრდ აშშ დოლარამდე იქნებოდა შემოსავალი. რაც შეეხება იმ ქვეყნებს, საიდანაც ტურიზმის შემოსავლების ზრდა მოხდა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, მათი გეოგრაფიული არეალი საკმაოდ მრავალფეროვანია. „მნიშვნელოვნად გაიზარდა შემოსავლები ისრაელიდან - დაახლოებით 41%-ით, რაც 128 მლნ დოლარს შეადგენს. შემოსავლები გაიზარდა აზერბაიჯანიდან 18%-ით, ირანიდან, ასევე ევროკავშირიდან 21 მლნ დოლარით, საუდის არაბეთიდან - ეს არის ქვეყნები, საიდანაც გვაქვს ტურიზმის შემოსავლების ზრდა. ამასთან, გარკვეულწილად შემცირდა რუსეთიდან 9.4%-ით, რაც ჯამში 88 მლნ დოლარია, უკრაინიდან 18.9%-ით - ეს არის 148 მლნ დოლარი, თურქეთიდანაც გარკვეული, 3%-იანი შემცირება გვაქვს“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. ამასთან, როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, თანხებთან ერთად ასევე მნიშვნელოვანია, რომ გასულ წელს საქართველოში ტურისტული ვიზიტების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა - მოცულობამ 5.1 მლნ ვიზიტს მიაღწია. მისი შეფასებით, ეს ძალიან დამაიმედებელი სურათია. ამ შემთხვევაშიც სტატისტიკა სხვადასხვა ქვეყნებს მოიცავს. „პრინციპში, ესეც სხვადასხვა ქვეყნების მიხედვით გადანაწილებულია შემდეგნაირად - ჩვენი მთავარი ტურისტული ბაზრებია თურქეთი, ისრაელი, ყაზახეთი, ინდოეთი, ჩინეთი, საუდის არაბეთი, უზბეკეთი, აშშ, საბერძნეთი, საფრანგეთი, ქუვეითი, ლატვია და არაბეთის გაერთიანებული საამიროები“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ბოლო სიახლეები