პარასკევი, სექტემბერი 5, 2025

ცვლილებები, რომლებიც პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება

ცვლილებები, რომლებიც პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება. „ბიზნესპრესნიუსი“ დეტალურად აქვეყნებს, რა იცვლება საქართველოში 1-ელი სექტემბრიდან:

უმაღლეს სასწავლებლებში, საბაკალავრო საფეხურზე, რიგი პროგრამებისთვის ქართული ენის სწავლება სავალდებულო ხდება.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში მიღებული ცვლილებები ძალაში 2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან შედის. აღსანიშნავია, რომ ცვლილებები შეეხება 2025 წლის 1-ელი აგვისტოდან უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ სტუდენტებს.

„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის სახელმწიფოენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღებული სტუდენტისთვის სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის გავლა სავალდებულოა“, – აღნიშნულია კანონში.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო უქმდება

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო უქმდება.

აღნიშნულის შესახებ ცვლილებები შევიდა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში და განისაზღვრა, რომ სააგენტოს ლიკვიდაცია 1-ლი სექტემბრიდან განხორციელდება.

კანონის თანახმად, განათლების სამინისტრომ 2025 წლის 1-ელ სექტემბრამდე უნდა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ლიკვიდაცია და მის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.

Wizz Air Abu Dhabi არსებობას წყვეტს

Wizz Air Abu Dhabi არსებობას წყვეტს. ცვლილებები ეხება საქართველოსაც, იქიდან გამომდინარე, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქშიც სრულდებოდა.

Wizz Air Abu Dhabi ოპერირების შეწყვეტას შემდეგი მიზეზებით ხსნის:

გეოპოლიტიკური არასტაბილურობა, რამაც საჰაერო სივრცის დახურვა გამოიწვია;

უკიდურესი სიცხე, რაც ძრავის ეფექტიანობაზე პირდაპირ გავლენას ახდენდა;

მარეგულირებელი ბარიერები, რომლებიც მარშრუტების ნებართვებს ზღუდავდა;

ოპერაციული შეზღუდვები, რომლებიც კომპანიის დაბალბიუჯეტიან მოდელს ძირს უთხრიდა.

1-ელი სექტემბრიდან „აწარმოე საქართველოშის“ პროგრამებში ცვლილებები შედის

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ პროგრამებში ცვლილებები შედის, რომლის ფარგლებშიც გაფართოვდება მეწარმეებისთვის მხარდაჭერის შესაძლებლობები.

უნივერსალურ ინდუსტრიულ ნაწილში ცვლილებები ეხება სესხისა და ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსებას და იგი 2 პროცენტული მაჩვენებლით იზრდება.

„თანადაფინანსებასთან ერთად, ბენეფიციარებს შეუძლიათ ისარგებლონ ახალი საგრანტო კომპონენტებით: მაღალმთიანი, აგროტურისტული, მწვანე, გაციფრულების, კვლევა და განვითარების (R&D) მიმართულებებით. ამასთან, ქალი მეწარმეებისთვის ჩამოთვლილ ყველა კომპონენტში იზრდება გრანტის ოდენობა.

ცვლილებები განხორციელდა მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაშიც. პროგრამას ემატება ახალი ეკონომიკური საქმიანობები, მათ შორის:

კვების პროდუქტების წარმოება;

სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოების რამდენიმე კატეგორია;

სხვა ერთწლიანი კულტურების მოყვანა;

მიკრომეწარმეობის პროგრამა ცვლილებები უკვე ძალაშია.

ამასთან, უნივერსალური ინდუსტრიული ნაწილი ცვლილებები 1- ლი სექტემბრიდან შევა ძალაში“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი 3-თვიანი სტაჟირების კონკურსი იწყება

2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან, საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება. სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2025 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებადი ვებგვერდის – www.hr.gov.ge-ის მეშვეობით,სხვადასხვა უწყების მიერ გამოცხადებულ 3 000-მდე კონკურსზე შეუძლიათ.

„სტაჟიორად შეიძლება, მიღებულ იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა, სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში), ან მეორე საფეხურზე, ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მეორე საფეხური 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.

შერჩევის კრიტერიუმად განისაზღვრა სტაჟირების მსურველი პირის აკადემიური მოსწრება (ქულათა სისტემა – 71-100 ქულის მაჩვენებელი ან/და GPA – 2.7-4.0). ამასთან, უწყებები სტრუქტურული ერთეულის შესაბამისად, ასევე, სპეციფიკიდან გამომდინარე განსაზღვრავენ სტაჟიორთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

კონკურსი წარიმართება ორ ეტაპად – განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება. სტაჟირების მსურველ პირს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ შექმნილი კომისია შეაფასებს. თანაბარი კანდიდატების შემთხვევაში, გასაუბრებისას უპირატესობა მიენიჭებათ უმაღლესი აკადემიური მოსწრების კანდიდატებს.

შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას 2025 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაივლიან.

თბილისში რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსება იწყება

თბილისის მერია რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტის დაფინანსებას პირველი სექტემბრიდან იწყებს. მოქალაქემ, მედიკამენტის დასაფინანსებლად საჭირო მატერიალიზებული ვაუჩერის მისაღებად, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს უნდა მიმართოს.

„თბილისის მერია პირველი სექტემბრიდან რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებულ მედიკამენტს დააფინანსებს, რაც ძვირადღირებული მედიკამენტის „აქტემრას“ მისაღებად მატერიალიზებული ვაუჩერის გაცემას ითვალისწინებს. რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული, პროგრესირებადი აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც სახსრების ანთებით პროცესს, შემდეგ მათ დეფორმაციას, საბოლოოდ კი, მოქმედებისა და გადაადგილების შეზღუდვას იწვევს. მედიკამენტოზური მკურნალობის საფუძველზე კი, შესაძლებელია დაავადების პროგრესის შეჩერება და მისი რემისიის ეტაპზე გადასვლა. აღნიშნულის შედეგად კი, პროგრამის მოსარგებლეები ქმედუნარიანები ხდებიან და მათი ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, მოქალაქე განცხადებით მიმართვამდე ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის რეგისტრირებული უნდა იყოს თბილისის მუნიციპალიტეტში.

აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ რუსული პასპორტების ადგილზე გაცემა იწყება

აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ მცხოვრები მოქალაქეები რუსულ პასპორტებს ადგილზევე 1-ელი სექტემბრიდან აიღებენ.

შეგახსენებთ, რომ 17 ივლისს პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც რუსეთის მოქალაქეობის მქონე აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მცხოვრებლებს რუსული პასპორტების უშუალოდ ამ ტერიტორიებზე აღების საშუალებას აძლევს. ბრძანებულება ძალაში იმავე დღეს შევიდა და 2028 წლის 1-ელ აგვისტომდე იმოქმედებს. მთავრობას დოკუმენტების გაცემის პროცედურის განსაზღვრა დაევალა, რაც უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ მათი გაფორმების შესაძლებლობას უშუალოდ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიებზე ითვალისწინებს.

კრემლის ეს ნაბიჯი პუტინის მიერ 17 მაისს ხელმოწერილი წინა ბრძანებულების გაგრძელებაა, რომლის მიხედვითაც, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურა გამარტივდა. კერძოდ, რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად აღარ არის საჭირო მის ტერიტორიაზე ხუთწლიანი ცხოვრების, რუსული ენის, ისტორიისა და ძირითადი კანონების ცოდნის დადასტურება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიორგი ვოლსკი: ევროკავშირს საქართველოსთვის სანქციის დადება არ შეუძლია, კონსენსუსია ამისთვის საჭირო, ამიტომ მოიფიქრეს გენიალური იდეა, რომ მთელი ქართველი ხალხი უნდა დაისაჯოს იმიტომ, რომ არ...

ევროკავშირს საქართველოსთვის სანქციის დადება არ შეუძლია, კონსენსუსია ამისთვის საჭირო, ამიტომ მოიფიქრეს გენიალური იდეა, რომ მთელი ქართველი ხალხი უნდა დაისაჯოს იმიტომ, რომ არ გამოდის ქუჩაში და არ უჯერებს იმ მოწოდებებს, რომელიც თუნდაც ზელენსკის ჰქონდა, ან იმ საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომლებიც რუსთაველზე მიტინგზე გამოდიოდნენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.„ხალხი არ უჯერებს და სისხლს არ ღვრის, ქართველების უმრავლესობამ უარი თქვა მეორე ქართველის სისხლის დაღვრაზე . ესენი ეცდებიან მუდმივად ეს რესურსი, ბერკეტი გამოიყენონ. თუნდაც გუშინ რაც მოხდა. ახალგაზრდა გოგოები, 15-17 წლის, იგინებიან ისეთი სიტყვებით, რომელსაც ადრე ვერ გაიგონებდი არა თუ გოგოს, არამედ კაცისგანაც კი. სახეზე ეტყობათ, რომ ეს გეგმის ნაწილია. უნდათ შექმნან ისეთი სიტუაცია, რომ საქართველოში არ არსებობს არც კულტურა, არც მანდილოსნის თემა და არც თვითმყოფადობა, არც ქართული არაფერი. პოპულარულია იმ ადამიანების რომანტიზება, ვინც ისვრის მოლოტოვის კოქტეილებს“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

-15 ქულა და ფულადი ჯარიმა – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

საგზაო მოძრაობის მონაწილის შეცდომაში შეყვანის მიზნით, სატრანსპორტო საშუალებაზე კანონმდებლობით განსაზღვრული ფერისგან განსხვავებული ნებისმიერი სხვა ფერის ციმციმა სიგნალის დაყენება აიკრძალება. შესაბამისი ცვლილება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შედის.ცვლილებების მიხედვით, აღნიშნული ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ასევე ციმციმა სიგნალის კონფისკაციასა და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის შემცირებას 15 ქულით.კანონპროექტში აღნიშნულია, რომ დასჯადი იქნება ქმედების განმეორებით ჩადენა, რისთვისაც სანქციის სახით განისაზღვრება ჯარიმა 2 500 ლარის ოდენობით, აგრეთვე ციმციმა სიგნალის კონფისკაცია და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის 20 ქულით შემცირება.

ზურაბ ხიზანიშვილი – გვჭირდება მოთამაშეები, რომლებსაც სათამაშო პრაქტიკა აქვთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ნაცვლად, პრესკონფერენციაზე მისი ასისტენტი ზურაბ ხიზანიშვილი იმყოფებოდა. მან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში თურქეთთან წაგებული შეხვედრა (2:3) შეაფასა და მთავარი მწვრთნელის გაძევების ეპიზოდიც გაიხსენა.„ვილიმ ქოჩორაშვილის ეპიზოდის დროს მძაფრი რეაქცია გამოავლინა. ეს მომენტი შეაფასა და თავისი პოზიცია გამოხატა, რადგან გადამოწმებისას კამერასთან ახლოს იყო. საფეხბურთო ენაზე რომ ვთქვათ, ის აგრესიული იყო, თუმცა ეს საქციელი წითელ ბარათს ნამდვილად არ იმსახურებდა.10-კაციან თურქეთთან რატომ არ შემოვიყვანეთ კიდევ ერთი თავდამსხმელი? ეს მანამდე განხორციელებული შეცვლებიდან გამომდინარეობდა. შემდეგ თურქეთიც ხუთმცველიან სქემაზე გადავიდა და მათი დაცვაში თავისუფალი ზონები შემცირდა. ამ დროს ვილისგან ვიღებდით დავალებებს.ხუთმცველიანი ტაქტიკით რომ ვთამაშობდით, ამბობდნენ, თითქოს შეტევას ერთ ფეხბურთელს ვაკლებდით. ოდესღაც ოთხ მცველზე უნდა გადავსულიყავით და ეს დიდი ხნის წინ გვინდოდა. წაგების ან მოგების შემდეგ ამაზე მსჯელობა ადვილია, მაგრამ არ მგონია, რომ შემდეგ მატჩებში ვილიმ ეს გადაწყვეტილება შეცვალოს.რაც შეეხება მამარდაშვილსა და კაშიას, ფეხბურთელებს სურთ, რომ მაღალ დონეზე ითამაშონ. მამარდაშვილი მსოფლიო დონის გუნდშია, მაგრამ გიორგი და კიდევ რამდენიმე მოთამაშე კლუბებში სასტარტო შემადგენლობაში არ თამაშობენ და ეს დღევანდელი რეალობაა. სამწუხაროდ, კიტეიშვილი და ჩაკვეტაძეც დაგვაკლდნენ.ცენტრალურ მცველებზე რომ ვისაუბროთ, კაშია ძალიან გამოცდილია, გოგლიჩიძეა~ – ნიჭიერი და პერსპექტიული. ვფიქრობ, გვჭირდება მოთამაშეები, რომლებსაც სათამაშო პრაქტიკა აქვთ, რადგან თუ არ თამაშობენ, ეს მათ ფორმაზე აუცილებლად აისახება. კიტეიშვილის არყოფნის გამო ტაქტიკური გადაწყობა მოგვიხდა, თუმცა ეს ადვილი ნამდვილად არ იყო“, – განაცხადა ხიზანიშვილმა.საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში შემდეგ შეხვედრას 7 სექტემბერს „დინამო არენაზე“ ბულგარეთთან გამართავს.

მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგი გაიყო – რას ნიშნავს ეს

მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგი, A23a, „სწრაფად იშლება“ რამდენიმე უზარმაზარ „ძალიან დიდ ნაწილად“. მანამდე ის თითქმის ტრილიონ მეტრულ ტონას (1.1 ტრილიონი ტონა) იწონიდა და 3,672 კვადრატულ კილომეტრს მოიცავდა, რაც დაახლოებით აშშ-ის შტატ როდ-აილენდის ზომისაა.მეცნიერები აისბერგს 1986 წლიდან აკვირდებიან, როდესაც ის ანტარქტიდაში, ფილჩნერ-რონის შელფურ ყინულს მოწყდა. სად არის ახლა ყველაზე დიდი აისბერგიბრიტანეთის ანტარქტიდის კვლევის (BAS) ოკეანოგრაფი ენდრიუ მეიერსი ამბობს, რომ აისბერგი სწრაფად იმსხვრევა და ძალიან დიდი ფრაგმენტები სცვივა, რომლებსაც აშშ-ის ეროვნული ყინულის ცენტრი დიდ აისბერგებად კლასიფიცირებს.„მეგააისბერგი“ ამჟამად დაახლოებით 1700 კვადრატულ კილომეტრამდეა შემცირებული, განაცხადა მეიერსმა. A23a ანტარქტიდის უედელის ზღვის ფსკერზე 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო მიბმული, სავარაუდოდ მანამ, სანამ იმდენად არ შეიკუმშა, რომ ოკეანის ფსკერზე მოჭიდება დაკარგა.შემდეგ, 2020 წელს, აისბერგი ოკეანის დინებების მიერ იქნა აყვანილი, სანამ ისევ არ გაიჭედა ე.წ. ტეილორის სვეტში - მორევში, რომელიც წარმოიქმნება წყალქვეშა მთასთან შეჯახებისას. გასული წლის დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აისბერგი კვლავ მოძრაობდა. მიმდინარე წლის მარტში ის კონტინენტურ შელფზე ჩაიძირა, მაგრამ მაისში კვლავ მოწყდა და დრეიფტი განაგრძო.ექსპერტმა აღნიშნა, რომ A23a „მიჰყვება ბედს“ სხვა მეგააისბერგების (A68 და A76) მსგავსად, რომლებიც ასევე დაიშალა სამხრეთ ჯორჯიასთან, ბრიტანეთის საზღვარგარეთულ ტერიტორიასთან სამხრეთ ატლანტის ოკეანეში.A23a ამჟამად მსოფლიოში სიდიდით მეორე აისბერგის ტიტულს ფლობს, თუმცა მეიერსის თქმით, ეს, სავარაუდოდ, „სწრაფად შეიცვლება“, რადგან ის „მომდევნო კვირების განმავლობაში ფრაგმენტაციას“ გააგრძელებს. უფრო თბილი წყლები და სამხრეთის გაზაფხულის დადგომა ნიშნავს, რომ ის, სავარაუდოდ, „ძალიან პატარა აისბერგებად დაიშლება, რომელთა შემდგომი თვალყურის დევნებაც შეუძლებელია“.აისბერგის გახლეჩა ბუნებრივი პროცესია და მეცნიერებს ჯერ არ აქვთ მეგააისბერგების საკმარისი დაკვირვებები იმის დასადგენად, იზრდება თუ არა მათი რაოდენობა გლობალური დათბობის გამო. თუმცა, ცხადია, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ტრილიონობით ტონა ყინული დაიკარგა გაძლიერებული გახლეჩისა და დნობის გამო, ძირითადად ოკეანის წყლების დათბობისა და ცვალებადი დინების გამო.ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილება ანტარქტიდაში საგანგაშო ცვლილებებს იწვევს, რამაც შეიძლება ზღვის დონის კატასტროფული აწევა გამოიწვიოს.

მარკო რუბიო – ყველა ქვეყანას ვუთხარით, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება მეტ პრობლემას შექმნის

ჩვენ ყველა ქვეყანას ვუთხარით, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება მეტ პრობლემას შექმნის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.მისივე თქმით, ეს გაართულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას.„ჩვენ ყველა ქვეყანას ვუთხარით, ყველას ვუთხარით, რომ თუ თქვენ ამას გააკეთებთ, პრობლემებს შექმნით. იქნება რეაგირება, ეს გაართულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას და შესაძლოა, გამოიწვიოს ისეთი ქმედებები, რომლებიც თქვენ გინახავთ, ან  სულ მცირე, ასეთი ქმედებების მცდელობები“, – განაცხადა რუბიომ.

ბოლო სიახლეები