ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025

ჩვენ ვართ უმრავლესობა-ვერაფერი გააჩენს ისეთ ბზარებს, როგორც ჩვენი სიმრავლის დემონსტრირება – ზურაბ ჯაფარიძის წერილი ციხიდან

უნდა შევქმნათ ისეთი თამაში, პოლიტიკური პროცესი, რომელიც დროში განვრცობადად აჩვენებს, რომ ვართ უმრავლესობა და ვიბრძვით რეჟიმის წინააღმდეგ – ონლაინ პლატფორმა, სადაც დარეგისტრირდება ყველა, რომელიც ითხოვს რეჟიმის ცვლილებას და საქართველოს დაბრუნებას მის ისტორიულ გზაზე, ევროპისკენ , ამის შესახებ “კოალიცია ცვილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე წერილში წერს, რომელიც 25 ივნისით თარიღდება.

მისი თქმით, პოლიტიკა დღეს სწორედ ეს არის და სხვა პოლიტიკა არ არსებობს.

ჯაფარიძის თქმით, როცა რეჟიმში “ბზარებზე ვლაპარაკობთ, ვერაფერი სხვა ვერ გააჩენს ისეთ ბზარებს, როგორც ჩვენი სიმრავლის მუდმივი დემონსტრირება”.

ამასთან, ის თვლის, რომ საბოლოო ჯამში გამარჯვება მოვა მხოლოდ ქუჩაში- “როცა ყველა დავინახავთ და დავიჯერებთ, რომ გაცილებით მეტნი ვართ, როცა ისინიც დაინახავენ, რომ არ გვეშინია”.

ჯაფარიძე ვრცელ წერილში საუბრობს ერთიანობის მნიშვნელობაზე, დაკავებულ ოპოზიციონერ კოლეგებზე, თვითმმართველობის არჩევნებზე, პროტესტის აუცილებლობაზე.

“ისევ იმის თქმით დავიწყებ, რომ მე მხოლოდ TV-ს ვუყურებ, ნული წვდომა მაქვს სოც.ქსელებთან და პრაქტიკულად ნული კომუნიკაცია პოლიტიკოსებთან.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ესაა რასაც ვფიქრობ:

ეს გლოვა, “ვაიმე პოლიტიკოსები დაიჭირეს” ,უნდა დასრულდეს.

არაფერი მოულოდნელი არ ხდება აქ და ახლა, ისევე როგორც, არაფერი ისეთი არ ხდება, რაც აქამდე არ მომხდარა ბევრგან, ბევრჯერ კაცობრიობის ისტორიაში.

მითუმეტეს, რომ ეს ჯერ კიდევ არ არის ფსკერი, უარესები გველის მანამ, სანამ ყველაფერი კარგად არ იქნება.

ბიძინა და ეს რეჟიმი 1 დღეში არ გამხდარა არც დიქტატორი და არც რუსი.

ამიტომ რეჟიმისთვის რეჟიმის დაძახება, მისი დელეგიტიმაცია, მასთან ტყუილში არ თანამონაწილეობა, თუ ახლა სწორი სტრატეგიაა, ეს სწორი სტრატეგია იყო 1 წლის წინაც და 5 წლის წინაც.

ყველაფერი, რასაც ამის საპირისპიროს ვაკეთებდით – იყო შეცდომა.

ყველა, ვინც ამათ რუსს და ამათ მმართველობას რეჟიმს ეძახდა – იყო მართალი თავიდანვე.

ვინც არ უნდა იყოს ეს ხალხი.

ეს არ ნიშნავს, რომ, ვინც ცდებოდა, გასარიყია.

ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ ვინც არ ცდება, იმათ მეტად დაუგდეთ ყური.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ახლა ხდება, არის ის, რომ ყველა ერთობის აუცილებლობაზე ლაპარაკობს.

ერთობა არ არის მოგების გარანტია, მაგრამ აუცილებელი წინაპირობაა. ოღონდ ახლა ვუყურებ და ისე ჩანს, თითქოს ყველა ყოველთვის ერთობის მომხრე იყო.

ტყუილია ეს და სიყალბით არაფერი გამოვა.

ზოგს არ სჯეროდა, რომ გამოვიდოდა და ამიტომ ამბობდა ერთობაზე უარს, ზოგს კვლევები სხვა რამეს ეუბნებოდა, ზოგი “ნაცებთან ერთად” არ დგებოდა და ზოგი “ქოცებთან”.

აქ მთავარი ის კი არაა, ვინ რა პოზიციაზე იყო ადრე, მთავარი ისაა, რომ დღეს სჩადის სიყალბეს და რისთვისაა ეს სიყალბე საჭირო? რომ გამოჩნდეს, თითქოს სულ სწორ პოზიციაზე იყავი და პირადი თუ პარტიული ქულები ჩაიწერო?

აი, აქ გვ…….

დღეს რომ კიდევ პირად და პარტიულ ქულაზე ფიქრობ და არა სიმართლეზე, ეგ გვასუსტებს ყველას ერთად.

ნუ შვრებით მაგას.

არც პარტიული თუ კოალიციური ნომრების პიარია სწორი.

ჩემი პროზაიკული ნიჭი არ ეყოფა იმის აღწერას, რამდენად სასაცილოდ ჩანს ეგ ამბავი აქედან.

არც ისეთი “ცუდები” აღმოჩდნენ ეს პოლიტიკოსები, კრიტიკაც მოსულა და ლანძღვაც. მაგრამ ეს “იმათთან შეკრულია” , უნდა დასრულდეს.

არაფერი ისე არ გვასუსტებს, როგორც უნდობლობა.

უნდა გამოვიდეთ 90-იანებიდან, როცა ყველას ყველა სუკის აგენტი ეგონა.

არ არსებობს გარიგება, რომლის გამოც ადამიანი აქ ჩაჯდება, მითუმეტეს, რომ არავინ იცის აქედან ვინ როდის გავა გარეთ.

ბოლო შეხვედრებზე აქტივისტებთან, პროტესტანტებთან, დაჭერილების ოჯახის წევრებთან, სადაც პარტიების კრიტიკა ისმოდა, ყველას ვეკითხებოდი, რა ხდება მაშინ, თუ ჩვენ ყველას გვიჭერენ? მაშინ რას აკეთებთ?

ამას ნიშნის მოგებით არ ვაკეთებდი. მართლა მაინტერესებდა და მათთვისაც მითქვამს, რომ ეგ რეალობა დადგებოდა და როცა ვამბობდით: “დღეს ყველანი პოლიტიკოსები ხართ”, ეს არ იყო ლამაზი სიტყვები.

ის, რომ კენჭი არ გიყრიათ, პარტიაში არ ყოფილხართ და პოლიტიკოსს არასოდეს გეძახდნენ, არაფერს ნიშნავს.

ყველას მოგიწევთ კომფორტის ზონიდან გამოსვლა, საჯაროდ ლაპარაკი, შეცდომების დაშვება და ამის გამო, ლანძღვის ატანა.

ყველას წამოგცდებათ სისულელე და დაგცინებენ.

ყველას მოგიწევთ ფასის გადახდა საკუთარი დროით, ნერვებით.

ყველას მოგიწევთ ათასნაირ ადამიანთან ურთიერთობა, ათასი სისულელის მოსმენა, მოგიწევთ რთული გადაწყვეტილებების მიღება.

მოგიწევთ პირადი ცხოვრების ნაწილზე ან სრულად უარის თქმა.

სხვანაირად ვერ მოვიგებთ.

და პოლიტიკოსობა სხვა არაფერია იმ რეალობაში, რა რეალობაშიც ვართ. მეტიც, ამას ემატება ჯარიმები, ფიზიკური ანგარიშსწორება, პროპაგანდით გაშავება და შეიძლება ციხეც.

საბოლოო ჯამში, ამ ბრძოლაში გამარჯვება დამოკიდებულია იმაზე, რამდენი ადამიანია ამაზე წამსვლელი ამ ქვეყანაში.

რამდენი ადამიანია, ვინც სიმართლისთვის ბრძოლას გაბედავს. რამდენი ადამიანია პოლიტიკოსობისთვის მზად.

ბიძინას და რუსებს ჰგონიათ, რომ ცოტა.

მე მგონია, რომ არც იცნობს ქართველს, არ წაუკითხავს ვეფხისტყაოსანი, არ იცის, რას წერდა ვაჟა-ფშაველა, და შესაბამისად, დროებით წარმატებით გაბრუებული, ვერც ხვდება, რას დაეჯახა.

ერთობის ამბავს დავუბრუნდები.

70 წელი დედამო%&ნულმა საბჭოთა კავშირმა და მანამდე 1 საუკუნე რუსეთის იმპერიამ ვერ დააჯერა ქართველს, რომ ქალის ცემა სწორია, რომ ათის მიერ ერთის ცემა სწორია, რომ “პაგონებს” ამოფარებული ბლატაობა ვაჟკაცობაა, რომ სახეში ქალი რომ ხელს გაგარტყამს, პოლიციაში უნდა გაიქცე, რომ ფეხმძიმე ქალთან დილის 8ზე ბინაში შევარდნა მოსულა, რომ ნარკოტიკების ჩადებით შეიძლება რაღაც დიადი მიზნისთვის იბრძოლო და ა.შ და ვის გჯერათ, რომ ბიძინა შეძლებს ამას?

აქედან ისე ჩანს (შეიძლება ვცდები, მაგრამ მეეჭვება) თითქოს ერთობის აუცილებლობაზე კონსენსუსია. მაგრამ გაუგებარია, ერთად რა უნდა გავაკეთოთ.

და რადგან ეს გაუგებარია, ამიტომ ნაწილი ფიქრობს ე.წ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მობილიზაციაზე (ეგ მეტნაკლებად გასაგები პროცესი ჩანს და მაგის კეთების გამოცდილება არასებობს), რატომაა ეს არასწორი, აღარ დავწერ, მომბეზრდა გამეორება.

რისი გაკეთება მგონია სწორი, მაგას დავწერ:

ა. რეჟიმი დგას ტყუილზე. ბევრ ტყუილზე და მთავარი ტყუილი, რომელზეც დგანან არ არის არც დიპსტეიტთან ბრძოლა და არც ბიძინას კეთილშობილება, მთავარი ტყუილი არის ის, რომ ისინი არიან უმრავლესობა!

მთელი მათი პროპაგანდა ემსახურება უმრავლესობის დახატვის მიზანს.

ყველა გორბის კვლევა იგივე ამბავია. ათასობით ტროლ-ბოტი იგივეა. მიტინგებზე ძალით და ფულით მოყვანილი ხალხი – იგივეა.

არჩევნების გაყალბება – იგივეა.

რეჟიმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დახატოს სურათი, რომ უმრავლესობა მას უჭერს მხარს.

ამიტომ ლაპარაკობენ მუდმივად ხალხის სახელით.

ამიტომ ძალადობენ, რადგან ისე აგებენ, რადგან ისე ხვდებიან, რომ ვერანაირი პროპაგანდა და ვერანაირი დაშინება ვერ ზრდის მათი მომხრეების რიცხვს.

არავინ ისე ზუსტად არ იცის რომ უმცირესობაში არიან, როგორც თავად მათ.

ბ. სწორედ იმიტომ, რომ ისინი დგანან ამ მთავარ ტყუილზე, ჩვენ არ უნდა შევიდეთ არცერთ ისეთ თამაშში, სადაც ისინი ითვლიან! ყველა ასეთი მცდელობა განწირულია კრახისთვის და შემდგომი აპათიისთვის.

გ. ჩვენ უნდა შევქმნათ ერთად ისეთი თამაში, პოლიტიკური პროცესი, რომელიც დროში განვრცობადად (და არა ერთი საღამოს შეკრებით) აჩვენებს, რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა (2x-ჯერ მეტნი ვართ) და ვიბრძვით რეჟიმის წინააღმდეგ.

დ. ეს შეიძლება შეუძლებელი ყოფილიყო წლების წინ, მაგრამ დღეს შესაძლებელია – ონლაინ პლატფორმა, სადაც დარეგისტრირდება ყველა, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ითხოვს რეჟიმის ცვლილებას და საქართველოს დაბრუნებას მის ისტორიულ გზაზე, ევროპისკენ.

ამ იდეაზე სხვადასხვა ფორმით უკვე ლაპარაკობს ბევრი. ეს გააცოცხლებს პოლიტიკურ პროცესს. ეს აიძულებს ყველას, აკეთოს ის, რაც დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია – დააძლევინოს შიში გარშემომყოფებს და დაარწმუნოს პლატფორმაზე რეგისტრაციის აუცილებლობაში. ეგაა დღეს პოლიტიკა, სხვა პოლიტიკა არ არსებობს.

ან ყველა საჯაროდ გამოვდივართ და ვაფიქსირებთ, რომ რუსებმა უნდა გაა…., ან ვერ ვიგებთ. ჩირგვებში ყოფნის დრო დამთავრდა. ონლაინ პლატფორმა არის ჩირგვებიდან გამოსვლა.

რასაც ვწერ, ეს არ არის ბიბლია, შეიძლება სხვანაირად გაკეთდეს, მაგრამ პრინციპი რომ სწორია, თავს დავდებ.

ე. ეს არის პირველი ეტაპი, რომ დავინახოთ ერთმანეთი, დავძლიოთ შიში, ვირწმუნოთ, რომ დიდი უმრავლესობა ვართ და ვირწმუნოთ გამარჯვების.

ეს რუსებმაც უნდა დაინახონ. უნდა დარწმუნდნენ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, რაც ჩაიდინეს, რაც დახარჯეს, რაც დრო დაკარგეს, ჩვენ დავრჩით ქართველებად და უმრავლესობა არ შევშინდით, არც გავიყიდეთ.

როცა რეჟიმში ბზარებზე ვლაპარაკობთ, ვერაფერი სხვა ვერ გააჩენს ისეთ ბზარებს, როგორც ჩვენი სიმრავლის მუდმივი დემონსტრირება.

ვ. ეს ეტაპი გასავლელია, მაგრამ საბოლოო ჯამში გამარჯვება მოვა მხოლოდ ქუჩაში. როცა ყველა დავინახავთ და დავიჯერებთ, რომ გაცილებით მეტნი ვართ, როცა ისინიც დაინახავენ, რომ არ გვეშინია, ამის მერე თუ რამდენიმე რუსი ნაბიჭვარი ისევ ცდილობს ძალაუფლების უზურპირებას, მერე მშვიდობიანად ალეწავ თავ-ყბას.

თუ ამას არ შვები, მონა ხარ”, – წერს ჯაფარიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ონისე ცხადაძე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს – ჩემი აზრით, თქვენ ვერ ართმევთ პროცესებს თავს

ჩემი აზრით, თქვენ ვერ ართმევთ ამ პროცესებს თავს, - ამ სიტყვებით მიმართა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა იუმორისტმა ონისე ცხადაძემ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს.ის ადვოკატებისა და დანარჩენი ბრალდებულების შუამდგომლობას დაეთანხმა მოსამართლის აცილებასთან დაკავშირებით. თუმცა, გალუსტაშვილმა არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმე არ აიცილა.„რაც შეეხება თქვენს აცილებას, ყველაზე მთავარი მიზეზი არის ის, რომ თქვენ პირნათლად შეასრულეთ აქამდე კეთილი ადამიანის როლი, ახლა გადაიქეცით ადამიანად, ესეც ჩემი შეფასებაა და არა შეურაცხყოფა, ზემოდან გვიყურებთ - "მე სახალხო არტისტი ვარ, თქვენ არავინ არ ხართ" - ასე გვეუბნებით რაღაცას - ვიტყვი ასე და ასე უნდა იყოსო. გეუბნებით, იურიდიულად რაღაცებში ვერ ვერკვევით, აგვიხსენით-მეთქი. წინა სასამართლოზე გითხრათ ადვოკატმა, ამ დღეს და ამ დღეს სხდომა არ ჩანიშნოთო, აქ ადვოკატი ითხოვდა, წამაკითხეთ კანონიო, რომლის წაკითხვასაც წუთი, წუთნახევარი უნდოდა, რისი უფლებაც არ მიეცით, გავიდა ორი საათი. ჩემი აზრით, თქვენ ვერ ართმევთ ამ პროცესებს თავს. მუქარები რა საჭიროა, არც ვყვირით აქედან. ერთ რაღაცას გეტყვით ბოლოს, მართალ ადამიანს არ სჭირდება 20 წლის ბავშვის ციხეში ჩასმა, მართალი ადამიანები 20 წლის ბავშვთან მივლენ, დაელაპარაკებიან, განუმარტავენ, აუხსნიან",- განაცხადა ცხადაძემ.ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი და უწყების სხვა თანამშრომლები დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე და უწყების სხვა თანამშრომლები, სამსახურის 31 წლის იუბილეზე დააჯილდოვა.მიხეილ ყაველაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელობას, პირად შემადგენლობას, თანამშრომლებსა და ვეტერანებს, ერთგული და კეთილსინდისიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, საქართველოს სახელმწიფო ჯილდო – ღირსების ორდენი, პრეზიდენტმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს გადასცა.სახელმწიფოს ღირსეული სამსახურისათვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდო -„ღირსების მედალი“ გადაეცა უწყების ოთხ თანამშრომელს,  მხედრული ვალის შესრულებისათვის, ვაჟკაცობისა და გაბედულებისათვის, საქართველოს სახელმწიფო ჯილდო – მედალი „მხედრული მამაცობისთვის“ გადაეცა უწყების ხუთ თანამშრომელს.პრეზიდენტის განცხადებით, ფასდაუდებელია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის როლი, სახელმწიფო  სისტემის სტაბილური და უსაფრთხო ფუნქციონირების საქმეში.„თქვენ გაკისრიათ უმნიშვნელოვანესი, საპატიო და ამავდროულად ურთულესი მისია – დაიცვათ სახელმწიფოს უსაფრთხოება და იყოთ ეროვნული სიმშვიდის გარანტი. სიამაყით შეიძლება ითქვას, რომ თითოეული თქვენგანი ამ მისიას თავს წარმატებით ართმევთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ცვლილებების თანახმად, სასამართლოს სხდომის ფოტო-ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს

ცვლილებების თანახმად, სასამართლოს სხდომის ფოტო-ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს. ამ მიმართულებით „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების თავდაპირველი ვარიანტი, რომლის მიხედვით, სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერა მოსამართლის მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილებით დაიშვებოდა, დაკორექტირდა.ამასთან, კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის და ინიციატორის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, სასამართლოს შესაძლებლობა ექნება შესაბამისი კადრები თავად გაავრცელოს.„გააჩნია მედიას - პოლიტიკურად მართული და პოლიტიზებული მედიის წარმომადგენლების მთავარი მიზანი სწორედ სასამართლოს საქმიანობაში ჩარევაა და არამხოლოდ. ყველა ცდილობს, შოუ დაიდგას და სასამართლო სხდომები არ ჩატარდეს. მთავარი, რისთვისაც სასამართლო არსებობს, ეს არის, რომ მართლმსაჯულება განხორციელდეს და ადამიანებს თავისუფლად ჰქონდეს შესაძლებლობა, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე თავიანთი უფლებები დაიცვან, სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება და იმუშაოს მშვიდ გარემოში.ამის უზრუნველსაყოფად წარმოდგენილია ცვლილებები, რომელიც ამბობს, რომ დაუშვებელია ფოტო/ვიდეო გადაღება სასამართლო მიმდინარეობისას, ხოლო ასეთი დაშვების შესაძლებლობა არსებობს თუ გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით. რაც შეეხება საზოგადოების ინფორმირებულობას, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. სასამართლოს შესაძლებლობა ექნება თავად გაავრცელოს შესაბამისი კადრები, ხოლო თუ მედიას აქვს სურვილი, რომ კონკრეტულ მხარეებთან ინტერვიუ ჩაწეროს - ნებისმიერ ადგილას არის შესაძლებელი და სხდომათა დარბაზი არ და ვერ შეიძლება იყოს შოუს დადგმის ადგილი”, - განაცხადა გორდულაძემ.გორდულაძემ აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კონსტიტუციური ვალდებულება აქვს, რომ სასამართლოს ორგანიზებასთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს.„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღება ვერანაირად ვერ იქნება სასამართლოს საქმიანობაში ჩარევა”, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.ცნობისთვის, „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტში თავდაპირველად დაინიცირებულ ვარიანტით, სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერა მხოლოდ დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილებით დაიშვებოდა.ამასთან, კანონის პროექტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია გაავრცელოს მის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო, კინო და ვიდეოგადაღების მასალები, თუ ეს კანონს არ ეწინააღმდეგება.

„კოვიდ-19“-ის პანდემიასთან დაკავშირებული სკანდალის გამო, შესაძლოა, ურსულა ფონ დერ ლაიენის უნდობლობის საკითხი კენჭისყრაზე დადგეს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან დაკავშირებული სკანდალის გამო უნდობლობის გამოცხადების თაობაზე კენჭისყრის წინაშე დგას. ამის შესახებ სტატიას „ფაინენშელ თაიმსი“ აქვეყნებს.გამოცემის თანახმად, ევროპარლამენტის ულტრამემარჯვენე კანონმდებლები აცხადებენ, რომ მათ საკმარისი მხარდაჭერა მოიპოვეს მთელი კომისიის გადადგომის შუამდგომლობისთვის მას შემდეგ, რაც ევროკავშირის სასამართლომ ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ ფარმაცევტული კომპანიის, „ფაიზერის“ აღმასრულებელ დირექტორთან პირადი შეტყობინებების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.„ფაინენშელ თაიმსის“ მიხედვით, ურსულა ფონ დერ ლაიენი, სავარაუდოდ, გადაურჩება მომავალი თვისთვის დაგეგმილ კენჭისყრას, თუმცა, შესაძლოა, იგი იძულებული გახდეს, მეტ კომპრომისზე წავიდეს როგორც მემარცხენეებთან, ასევე მემარჯვენეებთან მიმართებით, მათი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.რუმინელმა ულტრამემარჯვენე ევროპარლამენტარმა, გეორგე პიპერეამ გამოცემას განუცხადა, რომ ის შუამდგომლობას 26 ივნისს წარადგენს, საჭირო 72-ზე მეტი ხელმოწერის შეგროვების შემდეგ. პიპერეას განცხადებით, მის ინიციატივას მხარს უჭერს ურსულა ფონ დერ ლაიენის საკუთარი, მემარჯვენე-ცენტრისტული „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) ზოგიერთი წევრი.დეპუტატის თქმით, წარმატების შანსები მცირეა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს „შესაძლებლობას იძლევა ურუსლა ფონ დერ ლაიენის მიმართ კონსტრუქციული და დასაბუთებული კრიტიკისთვის“. პიპერეამ ასევე განაცხადა, რომ ეს კომისიას ავალდებულებს, განიხილოს შეშფოთება და წარმოადგინოს დასაბუთებები.„ფაინენშელ თაიმსი“ წერს, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის წინააღმდეგ პიპერეას შუამდგომლობა ე.წ. ფაიზერგეითის სასამართლო საქმეს ეფუძნება, თუმცა ასევე აკრიტიკებს მის დამოკიდებულებას პარლამენტის მიმართ. ეს არის საჩივარი, რომელსაც იზიარებენ ცენტრისტები და მემარცხენე ევროპარლამენტარები, რომლებიც აცხადებენ, რომ ის ხშირად გვერდს უვლის ბლოკის ერთადერთ პირდაპირ არჩეულ ინსტიტუტს და ზედმეტად კეთილგანწყობილია ევროკავშირის მთავრობების მიმართ.მიუხედავად იმისა, რომ უნდობლობის ვოტუმის დაწყების ზღვარი დაბალია, ურსულა ფონ დერ ლაიენის და მისი კომისიის გადაყენებას ევროპარლამენტარების ხმათა ორ მესამედზე მეტი დასჭირდება. ასამბლეა 720 წევრისგან შედგება და ერთი წლის წინ მის პრეზიდენტად არჩევას 401-მა წევრმა დაუჭირა მხარი.ცნობისთვის, ევროკავშირის სასამართლომ მაისში კომისიის წინააღმდეგ გამოიტანა გადაწყვეტილება ურსულა ფონ დერ ლაიენსა და „ფაიზერის“ აღმასრულებელ დირექტორს, ალბერტ ბურლას შორის ტექსტური შეტყობინებების გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ დავაზე. „ნიუ იორკ თაიმსმა“ საქმე მას შემდეგ წამოიწყო, რაც ურსულა ფონ დერ ლაიენის გუნდმა შეტყობინებების გამჟღავნებაზე უარი განაცხადა. სასამართლომ უარყო კომისიის არგუმენტი, რომ მას არ შეეძლო შეტყობინებების პოვნა.

შალვა პაპუაშვილი – სამ ათწლეულზე მეტია, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები მაღალი პროფესიონალიზმით, სიმამაცით, თავდადებით ემსახურებიან ქვეყანას, იცავენ კონსტიტუციურ წესრიგს

გილოცავთ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 31-ე წლისთავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაში. გარდა იმისა, რომ სამსახურმა წლების განმავლობაში განავითარა მართვის წარმატებული სისტემა, ასევე, ფეხი აუწყო ცვალებად და გამოწვევებით აღსავსე სამყაროში მიმდინარე პროცესებს, დანერგა პროგრესული ცვლილებები, ახალი ტექნოლოგიები, გადამზადების პროგრამები“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 31-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სამ ათწლეულზე მეტია, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები მაღალი პროფესიონალიზმით, სიმამაცითა და თავდადებით ემსახურებიან ქვეყანას, იცავენ სახელმწიფოებრიობას, კონსტიტუციურ წესრიგს, ქართველ და საქართველოში მყოფ უცხოელ მაღალი თანამდებობის პირებს.„უკანასკნელ პერიოდში, განსაკუთრებით გასული წლის ბოლოს, ჩვენი ქვეყანა საზოგადოებრივი წესრიგის სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. ძალადობრივი ჯგუფებისგან ვიხილეთ შეტევები პარლამენტის შენობაზეც. ამ გამოწვევების პირობებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები მყარად იდექით პარლამენტის დაცვის სადარაჯოზე, თქვენ დაიცავით არა მხოლოდ პარლამენტის სასახლე, არამედ პარლამენტი, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტი. დიდი რისკების ფონზე, მაღალი პროფესიონალიზმით მოქმედებდით. მნიშვნელოვანია თქვენი წვლილი იმ საფრთხეების აღკვეთაში, რომლებიც დემოკრატიულ პროცესებს ემუქრება. სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, განსაკუთრებით მათ, ვინც სამსახურებრივ მოვალეობებს ასრულებდა იმ რთულ დღეებში, დიდ მადლობას გიხდით. ასევე, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო სამსახურის ხელმძღვანელს, ანზორ ჩუბინიძეს მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობისთვის. მინდა, პატივი მივაგო იმ თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპნენ. ეს ადამიანები ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებენ სამსახურის ისტორიასა და ჩვენს მეხსიერებაში. საქართველოს პარლამენტის სახელით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ და ყოფილ წევრებს, კიდევ ერთხელ, გულითადად გილოცავთ 31-ე წლისთავს და გიდასტურებთ ჩემს დიდ პატივისცემასა და მხარდაჭერას. გისურვებთ მხნეობას, სიმტკიცეს, გამძლეობას, შემდგომ წარმატებას ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები