შიდა ქართლში იარაღიდან გასროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ეჭვმიტანილმა ადგილზე მისულ სამართალდამცველებსაც გაუხსნა ცეცხლი, რის შედეგადაც შსს-ს ორი თანამშრომელი დაიჭრა.
„შიდა ქართლის რეგიონში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. დანაშაულის ჩამდენმა პირმა შეტყობინების საფუძველზე ადგილზე გამოცხადებული სამართალდამცველების მისამართითაც განახორციელა რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი. ერთ-ერთ მათგანს ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება, ხოლო მეორე სამართალდამცველი გადაყვანილია კლინიკაში. დანაშაულის ადგილზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და დამატებით დეტალებს მოგვიანებით გავავრცელებთ“, – აცხადებენ შსს-ში.