პარასკევი, ნოემბერი 13, 2026

შსს-მ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების ფარგლებში ექვსი პირი დააკავა

ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სამართალდამცველებმა დაკავებულთა ჩხრეკისას იარაღი და საბრძოლო ვაზნები, მობილური ტელეფონები და ინფორმაციის შემნახველი სხვა საშუალებები ამოიღეს.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები აღიარებენ ე.წ. ქურდული სამყაროს, მონაწილეობდნენ ქურდულ გარჩევებში და კავშირი ჰქონდათ “ლავას ოღლისთან”, “კაკო ტბილისკისთან”, “ტოტორინისთან”, “ენცოსთან” და სხვა.

„გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, ბოლო პერიოდში შს სამინისტროს მიერ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შესახებ. კერძოდ, სამინისტროს მიერ ჩატარებული ფართომასშტაბიანი ოპერაციის შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქურდული სამყაროს წევრობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და ნარკოტიკული საშუალების გამოძალვის მცდელობის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი, მეტსახელად “ჩიკი”, “ბუბა”, “ამბერგუნა” და კიდევ სამი სხვა პირი თბილისში, დედოფლისწყაროსა და წნორში ერთდროულად იქნა დაკავებული. გამოძიებამ დაადგინა, რომ ჯგუფის სამმა წევრმა თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებთან შეთანხმებით რამდენიმე მოქალაქეს ქურდული გარჩევა მოუწყო და დიდი ოდენობით თანხა გამოსძალა. ამავე პირებმა, დანაშაულებრივი დაჯგუფების კიდევ ერთ წევრთან ერთად, ქურდული გარჩევის გზით, ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის გამოყენებით, მათივე ნაცნობისგან მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს თანხა და მისგან ნარკოტიკული საშუალების გამოძალვას ცდილობდნენ. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების კიდევ ორმა წევრმა, მათთვის საინტერესო ინფორმაციის მიღების მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა რამდენიმე პირს, რომელთაც ბრალდებულებმა იარაღს მუქარით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ერთი დღე-ღამის განმავლობაში დატყვევებულები ჰყავდათ“, – განახადა მეზვრიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მოკრივე ემილ ისმაილოვი ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია

სენეგალის დედაქალაქ დაკარში მიმდინარე IV ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრი ემილ ისმაილოვი კრივში ოქროს მედლის მფლობელი გახდა.55 კგ. წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში მან ავსტრალიელი მარლი დოდი 5:0 დაამარცხა და საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ოქროს მედალი მოუპოვა.ტურნირის პირველ შეხვედრაში ისმაილოვმა დომინიკელ მაიკლ რეიესს 4:1 მოუგო. მეოთხედფინალში ლიბანელ რამზი ჰილალს 5:0 სძლია.ნახევარფინალში კანადელმა ლისანდრო გარსია რებელომ ხელის ტრავმის გამო ასპარეზობა ვერ შეძლო და ისმაილოვი პირდაპირ ფინალში გავიდა.ეს არის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ჩვენი სპორტსმენების მიერ მოპოვებული მეორე ოქროს მედალი. 2018 წელს ბუენოს აირესში ჩემპიონი გახდა გიორგი ჩხიკვაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა).საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

16 ნოემბერს ფიზიკურ პირთა მიერ დეკლარირებული ქონების გადასახადის გადახდის ვადა იწურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ 2 ნოემბერს ამოიწურა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა, რომლის გადახდის ვალდებულებაც 16 ნოემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი.საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადების გადახდისას, მიუხედავად ტერიტორიული ერთეულისა და გადასახადების ქვესახეობისა, მათ შორის ფიზიკური პირის ქონებაზე წლიური გადასახადის გადახდისას, საკმარისია მხოლოდ ერთიანი სახაზინო კოდის - 10 100 1000 მითითება (საგადასახადო დავალებაში არ აღინიშნება გადასახადის განმსაზღვრელი სხვა  კოდი).აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილების თანახმად, იმ ფიზიკურ პირებს, რომელთა ოჯახის მიერ მიღებული შემოსავალი 2025 წლის განმავლობაში არ აღემატებოდა 100 000 ლარს დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) საგადასახადო ორგანოში დეკლარირების/შესაბამისად ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება აღარ წარმოეშობათ.

პროკურატურამ, დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეზე, პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორ გიორგი პატარიძესა და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორ რამაზ ფირცხალავას ბრალი წარუდგინა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძეს, №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს რამაზ ფირცხალავას, და მე-8 პენიტენციურ სამსახურში განთავსებულ პატიმრებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, დავით კაჭარავს და პავლე გოცირიძეს ბრალდება წარედგინათ.ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილმა განაცხადა.საქმე დავით ფეიქრიშვილზე თავდასხმის საქმეს ეხება.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბუღალტერიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველოს ბუღალტერთა კავშირის ინიციატივითა და სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, ბუღალტერიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მისივე ცნობით, ღონისძიების მიზანს ბუღალტერიის პროფესიის მნიშვნელობის წარმოჩენა, თანამედროვე ეკონომიკურ გარემოში მისი როლის გააზრება, პროფესიული განათლებისა და პრაქტიკული გამოცდილების ურთიერთკავშირის გაძლიერება, ასევე სტუდენტებში საბუღალტრო და საფინანსო სფეროს მიმართ ინტერესის ამაღლება წარმოადგენდა.სტუ-ის თვითმმართველობის პრეზიდენტის დავით ლეშკაშელის თქმით, კონფერენციამ აკადემიური და პროფესიული წრეების წარმომადგენლები გააერთიანა. შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბუღალტერიის, როგორც თანამედროვე ბიზნესისა და ეკონომიკური სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საყრდენის, როლს. „ბუღალტერიის საერთაშორისო დღე პროფესიული საზოგადოებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის თარიღია. იგი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბუღალტრის პროფესიის მნიშვნელობას ეკონომიკური სტაბილურობის, ბიზნესის მდგრადი განვითარების, ფინანსური პასუხისმგებლობისა და საზოგადოებრივი ნდობის უზრუნველყოფის პროცესში.ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სტუდენტური ჩართულობა და მომავალი პროფესიონალების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა იყო. მსგავსი ტიპის კონფერენციები სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, უკეთ გაეცნონ მათ მიერ არჩეული პროფესიის პრაქტიკულ ასპექტებს, გააფართოონ პროფესიული თვალსაწიერი და გაიაზრონ ის პასუხისმგებლობა, რომელიც ბუღალტრის საქმიანობას უკავშირდება.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის აკადემიური სივრცისა და პროფესიული ორგანიზაციების თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. უნივერსიტეტი, როგორც საინჟინრო, ტექნოლოგიური, ეკონომიკური და ბიზნესგანათლების მნიშვნელოვანი ცენტრი, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სტუდენტებისთვის ისეთი გარემოს შექმნას, სადაც თეორიული ცოდნა პროფესიულ გამოცდილებასა და პრაქტიკულ საქმიანობასთან არის დაკავშირებული.საქართველოს ბუღალტერთა კავშირისა და სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ერთობლივი ინიციატივა სწორედ ამ მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მსგავსი თანამშრომლობა ხელს უწყობს უნივერსიტეტსა და პროფესიულ საზოგადოებას შორის კავშირების გაღრმავებას, ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებას და დარგის აქტუალური საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლებას“, - აცხადებს დავით ლეშკაშელი. სტუ-ის ინფორმაციით, კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს პროფესიის განვითარების თანამედროვე ტენდენციებზე, ბუღალტრული აღრიცხვის სფეროში მიმდინარე ცვლილებებსა და იმ ახალ მოთხოვნებზე, რომელთა წინაშეც თანამედროვე სპეციალისტები დგანან. ციფრული ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება, ფინანსური ინფორმაციის დამუშავების ახალი მეთოდები, ავტომატიზაცია და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა ბუღალტრის საქმიანობას სულ უფრო მრავალმხრივსა და საპასუხისმგებლოს ხდის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროფესიული ცოდნის მუდმივი განახლების აუცილებლობას. თანამედროვე შრომის ბაზარი მომავალი სპეციალისტებისგან არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ პრაქტიკულ უნარებს, ანალიტიკურ აზროვნებას, პროფესიულ ეთიკასა და ტექნოლოგიურ სიახლეებთან ადაპტირების შესაძლებლობას მოითხოვს.

დიმიტრი ცქიტიშვილი – „ქართული ოცნების“ მოლაპარაკე თავები 3+3 ფორმატისა და ნეიტრალიტეტის თემის ნორმალიზებას ცდილობენ, თითქოს რუსეთი საქართველოს უსაფრთხოების გარანტორია, რაც ნონსენსია – რუსეთისგან გვჭირდება...

“ქართული ოცნების” “მოლაპარაკე თავებს” სურთ, დისკუსია შემოიტანონ, თითქოს რუსეთი საქართველოს უსაფრთხოების გარანტორია, რაც სრული ნონსენსია, რადგან საქართველოს უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და საფრთხე თავად რუსეთია, შესაბამისად, ჩვენ თუ უსაფრთხოება გვჭირდება, სწორედ რუსეთისგან გვჭირდება დაცვა და არა რუსეთის მეშვეობით , - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” 3+3 ფორმატთან დაკავშირებით გააქტიურებულ დისკუსიაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.ცქიტიშვილის თქმით, საქართველოს საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკას გარკვეული შეხება უნდა ჰქონდეს რუსეთთან, მაგრამ, მისივე განმარტებით, პრიორიტეტული ამოცანა რუსეთისგან თავდაცვა და უსაფრთხოებაა.მან ასევე პარტია “ნეიტრალური საქართველოს” ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც ქვეყნის ნეიტრალიტეტის იდეას ეხება.ცქიტიშვილის თქმით, აღნიშნული პარტია “ქართული ოცნებისგან” ფინანსდება, “ნეიტრალური საქართველო” კი თავის მხრივ იმ საკითხს უწევს ლობირებას, რომელიც ნეიტრალიტეტის გამოცხადებასა და რუსეთის, როგორც უსაფრთხოების გარანტორად წარმოჩინებას ემსახურება.“მე არ ვიცი, რამდენად შორს წავა ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებაში, ჩაერთვება თუ არა 3+3 ფორმატში, მაგრამ ფაქტია, როდესაც თავის “მოლაპარაკე თავებს” ალაპარაკებენ, ნიშნავს, რომ ამის ნორმალიზება უნდათ. ამ დისკურსის შემოტანა სურთ, რათა ეს თემა იყოს ლეგიტიმური დისკუსია, თითქოს საქართველოს უსაფრთხოების საკითხი შესაძლებელია განიხილებოდეს ნეიტრალიტეტის კონტექსტში და ამაზეც არის ცალკე პროცესი, ან რუსეთთან ურთიერთობის კონტექსტში - ანუ რუსეთი, როგორც საქართველოს უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი, რაც თავისთავად ნონსენსია, რადგან საქართველოს უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და საფრთხე თავად რუსეთია, შესაბამისად, ჩვენ თუ უსაფრთხოება გვჭირდება, სწორედ რუსეთისგან გვჭირდება დაცვა და არა რუსეთის მეშვეობით.თუმცა, ეს არ გამორიცხავს, რომ გარკვეული შეხება ჩვენს საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკას უნდა ჰქონდეს რუსეთთან, მაგრამ ის, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს რუსეთისგან თავდაცვა და უსაფრთხოება, ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტული ამოცანა, რომელიც გაწერილია, მათ შორის, იმ დოკუმენტებში, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში არის მიღებული.ამ ეტაპზე არ მგონია, რომ ძალიან მოკლე დროში ასეთი ცვლილებები მოხდეს, მაგრამ ის, რომ მათი ხალხი ამაზე საუბრობს, ეს იმის გამო ხდება, რომ საზოგადოებაში მოამზადონ განწყობა, რათა ეს შემდეგ არ იყოს ისეთი უცხო, როგორც ერთი ან ორი წლის წინ იყო, როდესაც ამაზე საუბარი დაუშვებელი და წარმოუდგენელი იყო და პირველად, როდესაც ამაზე დაიწყო საუბარი, ჩვენ გვახსოვს, რომ ძალიან ცუდი რეაქციები მოჰყვა ამ საკითხს.დღეს უკვე დაშვებები ხდება. “ნეიტრალური საქართველო” აშკარად ფინანსდება “ქართული ოცნებისგან”. კი ამბობენ, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტია არისო, მაგრამ… ძალიან კარგად ჟღერს ნეიტრალიტეტი და კარგია, რომ შეგეძლოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება, არც სამხედრო დანახარჯები გექნება ქვეყანაში და ფინანსებს მთლიანად სხვა პირობებისკენ მიმართავ, მაგრამ ნეიტრალიტეტი არ არის ის, რომ შენ გადაწყვიტო მარტომ. ნეიტრალიტეტი არის უზარმაზარი ფუფუნება, რომელიც მთელმა საერთაშორისო კონტექსტმა უნდა შექმნას, საქართველოს კი ამის ფუფუნების საშუალება არ აქვს იმიტომ, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, იმიტომ, რომ საქართველოს ტერიტორიები გეოპოლიტიკურად გარკვეული ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია არავინ გვაძლევს საშუალებას იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ ნეიტრალური. ნეიტრალიტეტი ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, ნეიტრალიტეტი სხვა ქვეყნების გადასაწყვეტია, რომ ჩვენი ნეიტრალიტეტი აღიარონ და ხელშეუხებლობაზე შეთანხმდნენ.უტოპიურია და მავნებლობაა დღეს ამის ლობირება, როგორც გამოსავალი და როგორც საქართველოს უსაფრთხოების ალტერნატივა. მსოფლიოში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ უსაფრთხოების კონფიგურაციაზე, როგორ უნდა გაკეთდეს, რა ვითარებაში, ახალი შესაძლებლობები როგორ გამოვიყენოთ, მაგრამ არა ის, რომ რუსეთი გახდეს ჩვენი უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი, რომელზეც საუბარი უკვე დაწყებულია”, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ბოლო სიახლეები