ხუთშაბათი, დეკემბერი 5, 2024

შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს 5 პირი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად დააკავა. ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, დღესაც მიმდინარეობს საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე.

როგორც ყველა შეკრების დროს, დღესაც საპოლიციო ძალები მობილიზებულები არიან შეკრების ადგილას და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.

საზოგადოება დღეების განმავლობაში ადევნებს თვალს, აქციის წევრების ნაწილის მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს.

პოლიციის მხრიდან კეთდებოდა მუდმივი მოწოდება, აქციის მონაწილეების მიმართ, რომ საკუთარი პროტესტი მშვიდ ვითარებაში გამოეხატათ და არ გასცდენოდნენ შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს, თუმცა დღეს მიმდინარე აქციაზე უკვე გამოვლინდა აქციის რამდენიმე მოძალადე ჯგუფი, რომელიც კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს ახორციელებს.

პირდაპირი ეთერების საშუალებით უკვე ვიხილეთ, მოძალადე ჯგუფების აგრესიული ქმედებები, აქციის დაწყებისთანავე, რაც გამოიხატა პარლამენტის წინა მხარეს განთავსებული ჯებირების დაზიანებაში. აგრესიული მომიტინგეები პარლამენტის შენობის ეზოში, სადაც საპოლიციო ძალები იყვნენ განთავსებულები ისვრიან ქვებს, ბლაგვ საგნებს, რკინის საგნებს და ცეცხლმოკიდებული ნივთებს.

სწორედ აღნიშნული ძალადობრივი და აგრესიული ქმედებების შედეგია, რომ სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებები მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს 143-მა თანამშრომელმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებულია გამოძიება, სხვადასხვა საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიების ჩატარების შედეგად, ამ ეტაპზე სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად დაკავებულია 5 პირი:

პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულები არიან:

1. 1972 წელს დაბადებული დ.ლ. ბრალდებულმა მიმდინარე წლის 1-ელ დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის დროს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართულებით, რის შედეგადაც დაზიანდა სამინისტროს ბალანსზე არსებული წყლის ჭავლის ავტომობილი.

2. დაკავებულია 1987 წელს დაბადებული თ.ზ., რომელმაც მიმდინარე წლის პირველ დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, სამართალდამცველების მისამართით ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი და დააზიანა სამინისტროს ბალანსზე რიცხული წყლის ჭავლის ავტომობილი.

3. სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულია 2003 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.მ., რომელმაც საკანონმდებლო ორგანოს შენობაში ისროლა ცეცხლმოკიდებული ნივთი, რის შედეგადაც პარლამენტის შენობის ერთ-ერთ ოთახში ხანძარი გაჩნდა.

4. დაკავებულია 2007 წელს დაბადებული მ.გ., რომელმაც 9 აპრილის ქუჩაზე, პიროტექნიკის სროლის შედეგად, სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს.

5. ასევე დაკავებულია წარსულში ქურდობისთვის, ქურდობის მცდელობისთვის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1997 წელს დაბადებული ა.მ. ბრალდებულმა, რომელიც ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრია, მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, ცეცხლი წაუკიდა პარლამენტის შენობის ბოძზე დამონტაჟებულ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის ბალანსზე რიცხულ ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ელექტრო სადენებს და კვების ბლოკს, რითაც დაზიანდა და მწყობრიდან გამოვიდა აღნიშნული მოწყობილობა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით გრძელდება და მიმდინარეობს ყველა შესაბამისი ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედება, ძალადობრივი ქმედებების განმახორციელებელი პირების დადგენისა და დაკავების მიზნით.

გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მოახდენს მყისიერ და მკაცრ რეაგირებას დანაშაულის ჩამდენ პირთა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების მიმართ.

ამ ეტაპზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 293 პირი.

დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე წარედგინა 108 პირის ადმინისტრაციული საქმის მასალები, რომელთაგან საქმისწარმოება დასრულდა 89 პირის მიმართ.

დასრულებული 89 საქმიდან:

43 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ჯარიმა

41 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული პატიმრობა, ისინი დროებითი მოთავსების სხვადასხვა იზოლატორში იხდიან აღნიშნულ პატიმრობას.

5 პირის მიმართ გამოყენებული იქნა შენიშვნა.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეთა და ორგანიზატორებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას. პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სპეცრაზმმა თავისუფლების მოედნის ტერიტორია დატოვა – აქცია მშვიდობიანად გრძელდება

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცრაზმელებმა თავისუფლების მოედნის ტერიტორია დატოვეს. ადგილზე კვლავ რჩებიან წყლის ჭავლის მანქანები - ამ დროისთვის ადგილზე სამი ერთეული მანქანა დგას. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება - მომიტინგეები თავიანთ პროტესტს მშვიდობიანი გზით გამოხატავენ, სკანდირებენ. მხოლოდ რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი პიროტექტნიკის სროლას, თუმცა პარლამენტის შენობიდან მოშორებით და ისიც - ჰაერში. დემონსტრანტების ნაწილი პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან, ჭიჭინაძის ქუჩის დაღმართზე დგას, სადაც ისინი დრო და დრო სამართალდამცველებს ესაუბრებიან და ეს დიალოგიც მშვიდად, ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე რჩება, ძირითადი მასა კი თავმოყრილია სასტუმრო „თბილისი მარიოტიდან“ ოპერისა და ბალეტის თეატრს შორის არსებულ ტერიტორიაზე, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით.

ლუკა ეხვაია ელენე ხოშტარიას განცხადებაზე: თურმე, არ ყოფილა სახალხო, გულწრფელი, სპონტანური და კეთილშობილური განზრახვებით განმსჭვალული ჯანყი/ამბოხი და ყველაფრის უკან ისევ დესტრუქციული ოპოზიციური ძალები და...

ელენე ხოშტარიამ აღიარებითი ჩვენება დადო - მე ვარ აქციების ორგანიზატორი, აქციებს ყველაფრით მე ვამარაგებდი, კიდევ გავაგრძელებ თქვენს მომარაგებას და სრულ პასუხისმგებლობას ვიღებო, - წერს პოლიტოლოგი ლუკა ეხვაია სოციალურ ქსელში. მისი თქმით, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადება, რომ თავად არის აქციის ორგანიზატორი, პასუხისმგებლობას იღებს და რაც აქციისთვის საჭიროა, ყველაფერი აქვთ, მათ შორის "ძალიან ბევრი პარალონები, ფეიერვერკები" და კიდევ აპირებენ შეძენას, ნიშნავს, რომ ბოლო დღეების მანძილზე მიმდინარე მოვლენები არ ყოფილა გულწრფელი, სპონტანური და კეთილშობლიური ამბოხი, ვინაიდან დადასტურდა, რომ ამის უკან კვლავ დესტრუქციული ოპოზიცია და მათი დონორები დგანან. "ელენე ხოშტარიამ აღიარებითი ჩვენება დადო - მე ვარ აქციების ორგანიზატორი, აქციებს ყველაფრით მე ვამარაგებდი, კიდევ გავაგრძელებ თქვენს მომარაგებას და სრულ პასუხისმგებლობას ვიღებო. რა ხდება, თურმე არ ყოფილა სახალხო, გულწრფელი, სპონტანური და კეთილშობილური განზრახვებით განმსჭვალული ჯანყი/ამბოხი და ყველაფრის უკან ისევ დესტრუქციული ოპოზიციური ძალები და მათი დონორები დგანან, რომლებიც ხალხით მანიპულირებენ, საზარბაზნე ხორცად იყენებენ და მათ პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზაციას ახდენენ?" - წერს ლუკა ეხვაია.

ედგარს რინკევიჩსი – საქართველოს რაიმე გზით უნდა დავუჭიროთ მხარი, საუკეთესო გზას ვიპოვით, ბალტიის ქვეყნებს პერსონალური სანქციები აქვთ დაწესებული, თუმცა საჭიროა კონსენსუსი

საქართველოს მხარდასაჭერად საუკეთესო გზას ვიპოვით, ვფიქრობ, ამ გზებზე თანამოაზრე ქვეყნების ლიდერებთან ვისაუბრებთ, – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა. მისი თქმით, ბალტიის ქვეყნებს პერსონალური სანქციები აქვთ დაწესებული და ეს არის ის მიმართულება, რომელზეც ევროკავშირის ფარგლებშიც იმუშავებენ, თუმცა საჭიროა კონსენსუსი. „საქართველოს რაიმე გზით, პოლიტიკურად და სიმბოლურად უნდა დავუჭიროთ მხარი, იქნება ეს ერთობლივი ვიზიტები თუ სხვა რამ. ნუ დაგვავიწყდება, რომ ბალტიის ქვეყნები იყვნენ პირველები, რომლებმაც პერსონალური სანქციები დააწესეს. ეს არის ის მიმართულება, რომელზეც ჩვენი დიპლომატები ევროკავშირის ფარგლებშიც იმუშავებენ, მაგრამ საჭიროა კონსენსუსი. ეს საკითხი უახლოეს დღეებში განიხილება. ვფიქრობ, საქართველოს მხარდასაჭერად საუკეთესო გზას ვიპოვით, მაგრამ ვფიქრობ, ამ გზებზე ვისაუბრებთ თანამოაზრე ქვეყნების ლიდერებთან“, – განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.

მაკა ბოჭორიშვილი – ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობები იქნება მეგობრული და არ იქნება იმ ფორმებით, რა ფორმებითაც დღეს ვხედავთ

ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობები იქნება მეგობრული და არ იქნება იმ ფორმებით, რა ფორმებითაც დღეს ვხედავთ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის საელჩოს მიერ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესსა და აშშ-თან საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ქარდებზე საუბრისას აღნიშნა. „ზოგადად ვიტყოდი, რომ პარტნიორობაზე როდესაც ვსაუბრობთ, ასევე როცა ვსაუბრობთ საქართველოს მდგომარეობაში მყოფ ქვეყანასთან ურთიერთობაზე, რომელიც ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში იმყოფება, უფრო სერიოზული უნდა ვიყოთ. უფრო სერიოზული უნდა ვიყოთ, როდესაც საქმე ეხება დიალოგს, პარტნიორობას, თანამშრომლობას, ვინაიდან, ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი იმედი გვაქვს ჩვენი პარტნიორების. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობები იქნება მეგობრული და არ იქნება იმ ფორმებით, რა ფორმებითაც დღეს ვხედავთ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

VIDEO: მისი ყველა განცხადება მოწოდებულია იმისკენ, რომ როგორმე ქვეყანაში შემოიტანოს არეულობა და მოახდინოს შიდა დაპირისპირება – ვარლამ ლიპარტელიანი სალომე ზურაბიშვილზე

ის ყველანაირად ცდილობს ყველა ინსტიტუტზე შეტევა განახორციელოს - ამის შესახებ  საქართველოს პარლამენტის წევრმა - პარტია ,,ქართული ოცნება“, ვარლამ ლიპარტელიანმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ პრეზიდენტზე საუბრისას განაცხადა. „ჩემთვის ყოვლად მიუღებელია სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული ნებისმიერი განცხადება, ის ხალხს მოუწოდებს საკონსტიტუციო სასამართლოს შეტევაზე, პრეზიდენტი პირდაპირ რადიკალიზმისკენ მოუწოდებს ადამიანებს, მისი ყველა განცხადება მოწოდებულია იმისკენ, რომ როგორმე ქვეყანაში შემოიტანოს არეულობა და მოახდინოს შიდა დაპირისპირება...“ - განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

ბოლო სიახლეები