პარასკევი, ივლისი 17, 2026

შიო მესამე – უფალმა გვიანდერძა, შევინარჩუნოთ ერთი წმინდა კათოლიკე სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობა, გვმართებს, ვიღვაწოთ ამის შენარჩუნებისთვის, თუ ვინმე ამ ერთობას განუდგა, ვეცადოთ, კვლავ დაბრუნდეს

ქრისტეს მორწმუნეების ერთობა და ჩვენი სულიერი ნათესაობა სრულიად განსაკუთრებულია, ის აღემატება ყოველგვარ ხორციელ ნათესაობას, რადგან ეს ნათესაობა ქრისტესმიერი, სრულიად განსაკუთრებულია, ის მომდინარეობს ერთი პურიდან და ერთი ბარძიმიდან, – ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ ქადაგებისას განაცხადა.

„ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, პატიოსანო მამებო, ძმებო და დებო! გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს – პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამების ხსენებას. ამ დღესთან დაკავშირებით წაკითხული იყო სახარებიდან მონაკვეთი, საიდანაც ვიგებთ, რომ უფალმა იესო ქრისტემ საიდუმლო სერობის შემდეგ, მას მერე, რაც უკანასკნელად ესაუბრა თავის მოწაფეებს, ლოცვით მიმართა ზეციერ მამას. ეს სრულიად განსაკუთრებული ლოცვაა თავისი მნიშვნელობით, თავისი მშვენიერებითა და საღვთისმეტყველო აზრით.

ამ ლოცვაში უფალი იესო ქრისტე განმარტავს, თუ რა არის მარადიული ცხოვრება, რაში მდგომარეობს ის. იგი ამბობს, რომ მარადიული ცხოვრება არის ერთი ჭეშმარიტი ღმერთის და მის მიერ მოვლენილი იესო ქრისტეს შეცნობა (ინ. 17, 3). ამ სიტყვებიდან ვიგებთ ძალიან მნიშვნელოვან რამეს, რომ მარადიული ცხოვრებისთვის არ არის საკმარისი, მხოლოდ გწამდეს ერთი ღმერთი, როგორც ამბობენ ზოგიერთები, რომ ღმერთი ერთია და რა მნიშვნელობა აქვს თითქოს, რომელ რელიგიას ეკუთვნის ადამიანი, ეს ხომ ყველაფერი ერთი ღმერთისგან მოდისო.

მაგრამ უფალი იესო ქრისტე ამბობს, რომ მარადიული ცხოვრებისთვის არ არის საკმარისი, მხოლოდ ერთი ღმერთი გწამდეს, არამედ ასევე აუცილებელია, გწამდეს მის მიერ მოვლენილი მხოლოდშობილი ძე ღმერთი – იესო ქრისტე. თორემ არიან ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ თავიანთ თავს ერთი ღმერთის მორწმუნედ, მაგრამ ბოროტებასაც ჩადიან, მკვლელობებსაც ჩადიან, ტერაქტებსაც ჩადიან და თან გაიძახიან ღმერთის დიდებას. ხომ ასეა? ამავე დროს, სძულთ ღვთისგან, ერთი ღმერთისგან კაცობრიობის ხსნისა და გადარჩენისთვის მოვლენილი მხოლოდშობილი ძე და მხსნელი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე.

ე. ი. აუცილებელია ასევე, გვწამდეს იესო ქრისტე, როგორც ძე ღმერთი და მაცხოვარი სოფლისა. ამ ლოცვის ერთ-ერთი მთავარი მნიშვნელობა ამაში მდგომარეობს.

ჩვენ დღეს ვიხსენიებთ პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამებს, რომლებმაც განმარტეს და გამოთქვეს ეს ჭეშმარიტება ძე ღმერთის, იესო ქრისტეს შესახებ, რომ ის გახლავთ განკაცებული ძე ღმერთი; ის არ არის ღვთის ქმნილება, როგორც ჩვენ; ის არ არის ერთ-ერთი მორიგი წინასწარმეტყველი, თუ გნებავთ, ან მხოლოდ ზნეობის მოძღვარი, არამედ ის არის მხოლოდშობილი ძე ღვთისა, თანასწორი მამისა, ერთარსი მამისა და, ამავე დროს, ჩვენი თანასწორი ადამიანური, კაცობრივი ბუნებით.

ძვირფასო ძმებო და დებო, მას შემდეგ დიდი კრძალვით და სათუთად ვინახავთ ამ სარწმუნოებას. ჩვენი ერი ჯვარს ეცვა ამ სარწმუნოების შენახვისთვის და დღემდე მოვიდა ეს მაცხონებელი სარწმუნოება. ვმადლობთ უფალს, რომ ღმერთმა მოგვიწოდა თავის ეკლესიაში, რათა ვისაზრდოოთ მარადიული ცხოვრების წყაროსგან, რომელზეც საუბრობს უფალი იესო ქრისტე ამ ლოცვაში, რომელსაც ხშირად „სამეუფეო ლოცვასაც“ უწოდებენ.

აქ უფალი იესო ქრისტე ასევე ლოცულობს მოციქულებისთვის და, ზოგადად, ყველა მორწმუნისთვის, ანუ ჩვენთვის, ყველა დროის ქრისტიანისთვის, როცა ამბობს: „რათა ესენიც ჩვენსავით ერთ იყვნენ“ (ინ. 17, 11), – გულისხმობს თავის ერთობას მამაზეციერთან.

ქრისტეს მორწმუნეების ეს ერთობა და ჩვენი სულიერი ნათესაობა სრულიად განსაკუთრებულია, ის აღემატება ყოველგვარ ხორციელ ნათესაობას, ნათესაურ გრძნობებს და ურთიერთობებს, ასევე მეგობრულ ურთიერთობებსაც, რადგან ეს ნათესაობა ქრისტესმიერი, სრულიად განსაკუთრებულია, ის მომდინარეობს ერთი პურიდან და ერთი ბარძიმიდან. ქრისტეს სისხლსა და ხორცს როცა ვეზიარებით, ყოველთვის განვაახლებთ ჩვენში ამ ერთობას ერთმანეთთან და ღმერთთან, შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად, რაც, როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, არის ეკლესია, რომლის თავიც ვინ არის? – თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე (კოლ. 1, 18).

უფალმა გვიანდერძა, გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ მისგან ბოძებული ეს ერთობა. ეს არის ერთი წმინდა კათოლიკე სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობა. გვმართებს, ვიღვაწოთ, ვიშრომოთ და ვილოცოთ ამ ერთობის შენარჩუნებისთვის, რომ არ შედრკეს, არ შეირყეს ეს ერთობა, არ დაირღვეს, ამისთვის უნდა ვიღვაწოთ. და თუ ვინმე ამ ერთობას განუდგა, უნდა ვეცადოთ, კვლავ დაბრუნდეს ერთიანი ეკლესიის ამ ერთობის წიაღში და ეზიაროს მარადიულ ცხოვრებას, რომელიც გვეძლევა ღმერთის ეკლესიაში, იესო ქრისტეს ეკლესიაში.

კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, დღევანდელ დღესასწაულს. დღეს როდესაც ვიხსენიებთ პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამებს, მათთან ერთად – მოციქულთა სწორ, ქართველთა განმანათლებელ ქალწულ ნინოს, მეფე მირიანს და დედოფალ ნანას, რომლებმაც იღვაწეს ქრისტეს რწმენის, მართლმადიდებელი სარწმუნოების განმტკიცებისა და გავრცელებისთვის, ვევედროთ უფალს, რომ შეგვეწიოს ამ რწმენის ერთგულებაში, შენახვაში, განმტკიცებაში და როგორც ნათქვამია ამ შესანიშნავ, საოცარ სამეუფეო ლოცვაში, „შეგვეწიოს ერთი ჭეშმარიტი ღმერთის შეცნობაში და მის მიერ მოვლენილი უფალ იესო ქრისტეს შეცნობაში“, რომ ამ რწმენით შევიცნოთ უფალი და მივაღწიოთ მარადიულ ცხოვრებას“, – თქვა პატრიარქმა შიო მესამემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დიდ ბრიტანეთში ლეიბორისტული პარტიის ლიდერად ენდი ბარნემი აირჩიეს, ის ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდება

დიდ ბრიტანეთში ლეიბორისტული პარტიის ლიდერად ენდი ბარნემი აირჩიეს, ის ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდება. ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს.დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, შაბანა მაჰმუდმა განაცხადა, რომ  ბარნემს პრაქტიკულად კონკურენტი არ ჰყოლია. მისი განმარტებით, ლიდერობის კანდიდატს ჯერ პარლამენტის დეპუტატების მხარდაჭერა სჭირდებოდა, სულ მცირე, 20%. ბარნემმა 379 დეპუტატის ხმა მიიღო, რაც ამ ზღვარს აღემატებოდა. მეორე კანდიდატს კი მხოლოდ ერთმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.მედიის ცნობით, ამის შემდეგ ბარნემს პარტიასთან დაკავშირებული პროფესიული კავშირებისა და სოციალისტური ორგანიზაციების მხარდაჭერაც სჭირდებოდა. ბარნემს მხარი 11-ვე პროფესიულმა კავშირმა დაუჭირა.სიტყვით გამოსვლისას ბარნემმა აღნიშნა, რომ მისი წინამორბედის, კირ სტარმერის ხელმძღვანელობით ლეიბორისტებმა „ყველაზე მძიმე მარცხიდან ისტორიის ერთ-ერთ საუკეთესო გამარჯვებამდე გაიარეს გზა“.ბარნემის განცხადებით, მისი პირველი ნაბიჯი ლეიბორისტული პარტიის კულტურის შეცვლა იქნება. მისივე თქმით, ის „ახალი პოლიტიკისკენ“ ისწრაფვის, რომელიც პრობლემების გადაჭრას დაეფუძნება.„მე ავაშენებ ახალ პოლიტიკას –  ქვეყანას ეს სჭირდება. ჩვენ ხშირად ვცდილობთ ერთმანეთზე უპირატესობის დამტკიცებას, მაგრამ ხალხს ეს არ სჭირდება. მათ სურთ, გავუმკლავდეთ რეალურ პრობლემებს. ეს არის ბოლო შანსი შესაცვლელად და ეს ერთად უნდა გამოვიყენოთ“, – განაცხადა ბარნემმა.

მარიამ ქვრივიშვილი შანხაიში ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა გახსნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი შანხაიში, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციასა და ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობს.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, ღონისძიება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციის მთავარი თემაა „პარტნიორობა ხელოვნური ინტელექტის სფეროში უკეთესი მომავლისთვის“.კონფერენციის ფარგლებში, ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის მაღალი დონის შეხვედრაზე დაგეგმილია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის სიტყვით გამოსვლა. მონაწილეები სამუშაო სესიაზე მთავარი თემის ირგვლივ საკუთარ ხედვებსა და მოსაზრებებს გაცვლიან.შანხაიში მიმდინარე მსოფლიო ხელოვნური ინტელექტის კონფერენციაში 100-ზე მეტი სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციისა და კერძო სექტორის მაღალი რანგის წარმომადგენელი მონაწილეობს.

44-დან 32 წლამდე: როგორია შრომითი სტაჟი ევროკავშირის ქვეყნებში?

ევროსტატის მონაცემებით, 2025 წელს ევროკავშირში საშუალო შრომითი სტაჟის ხანგრძლივობამ 37,5 წელს მიაღწია, რაც წინა, 2024 წლის მაჩვენებელს (37,2 წელი) ცოტათი აღემატება. სამაგიეროდ, 2,3 წლით არის გაზრდილი ევროკავშირში შრომითი საქმიანობის საშუალო ხანგრძლიობა 2016 წლის შემდეგ. თუმცა, ცალკეულ წევრ ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებებია.ყველაზე ხანგრძლივი და მოკლე შრომითი სტაჟიევროკავშირის შვიდ ქვეყანაში საშუალო შრომითი სტაჟი 40 წელი ან უფრო მეტია. ყველაზე მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევიან:• ნიდერლანდები — 44,0 წელი; • შვედეთი — 43,4 წელი; • დანია — 42,6 წელი; • ესტონეთი — 41,5 წელი; • ირლანდია — 40,7 წელი; • გერმანია — 40,2 წელი; • ფინეთი — 40,1 წელი.შრომითი საქმიანობის ყველაზე მოკლე ხანგრძლივობა კი შემდეგ ქვეყნებში ფიქსირდება:• რუმინეთი — 32,7 წელი; • იტალია — 33,0 წელი; • ბულგარეთი — 34,6 წელი.მონაცემები სქესის მიხედვითმამაკაცებიმამაკაცების შრომითი საქმიანობის საშუალო ხანგრძლიობა ევროკავშირში 39,5 წელია. • ყველაზე ხანგრძლივი შრომითი სტაჟი: ნიდერლანდები (45,9 წელი), შვედეთი და დანია (თითოეულში 44,5 წელი) და ირლანდია (43,4 წელი). • ყველაზე მოკლე სამუშაო სტაჟი: ბულგარეთი (35,9 წელი), რუმინეთი (36,0 წელი) და ხორვატია (36,3 წელი).ქალებიქალების შრომითი საქმიანობის საშუალო ხანგრძლიობა ევროკავშირში 35,4 წელია.• ყველაზე ხანგრძლივი შრომითი სტაჟი: შვედეთი (42,3 წელი), ნიდერლანდები (41,9 წელი) და ესტონეთი (41,8 წელი). • ყველაზე მოკლე შრომითი სტაჟი: იტალია (28,4 წელი), რუმინეთი (29,1 წელი) და საბერძნეთი (31,8 წელი).

„როიტერი“ – საბერძნეთის მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დამტკიცებას არ ეთანხმება

საბერძნეთის მთავრობა არ ეთანხმება რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დამტკიცებას.როგორც „როიტერი“ წერს, საბერძნეთის მთავრობის პოზიციის მიზეზი ისაა, რომ თუ რუსული გაზის მესამე ქვეყნებში გაყიდვა აიკრძალება, ბაზარს ევროკავშირის გარეთ მყოფი კონკურენტები დაიკავებენ, საბერძნეთის ნაცვლად.გამოცემა „როიტერსს“ წყაროებმა განუცხადეს, რომ სანქციები კარგად უნდა იყოს გათვლილი – მოსკოვზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს, მაგრამ ევროპულ ბიზნესს ზიანი არ უნდა მიადგეს.„ევროპამ არ უნდა დაკარგოს ეკონომიკური სექტორები ან ბაზრის წილი საკუთარი სასანქციო  პოლიტიკის შედეგად – ეს ბაზარი ევროკავშირის გარეთ მყოფ მოთამაშეებს არ უნდა ერგოთ. სანქციებმა რუსეთის ეკონომიკური პოტენციალი უნდა შეასუსტოს და  სხვებმა ევროპის ხარჯზე არ უნდა მოიპოვონ  სტრატეგიული უპირატესობა“, – აღნიშნავს ერთ-ერთი წყარო გამოცემასთან საუბრისას.ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩების კომიტეტმა 15 ივლისს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე გადაწყვეტილება ვერ მიიღო.სანქციების აღნიშნულ პაკეტს, საბერძნეთის გარდა ავსტრიაც ეწინააღმდეგება

ემანუელ მაკრონი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ტყის ხანძრების გამო ზაფხული მძიმე იქნება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ტყის ხანძრების გამო მიმდინარე ზაფხული მძიმე იქნება.ფონტენბლოს ტყეში ხანძრის ჩაქრობაში მონაწილე მეხანძრეების მონახულებისას მაკრონმა აღნიშნა, რომ ეს ზაფხული მძიმე იქნება, რადგან ტყის ხანძრების სეზონის პიკის დაწყებამდეც კი უკვე მოხსნილია არსებული რეკორდები.პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ერთი კომპანიისა და მისი ორი თანამშრომლის წინააღმდეგ, რომლებიც მეზობელ ავტომაგისტრალზე სარემონტო სამუშაოების დროს ელექტრო ხერხს იყენებდნენ. გამომძიებლების ვარაუდით, სწორედ ხერხიდან წარმოქმნილმა ნაპერწკლებმა გამოიწვია მცენარეულობის აალება.ასევე დააკავეს მოხალისე მეხანძრე, რომელმაც აღიარა, რომ ხანძარი სანთებელისა და ბენზინის გამოყენებით თავად გააჩინა.გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ერთმა მამაკაცმა გაუფრთხილებლობით შეუწყო ხელი ხანძრის გაჩენას, როდესაც სიგარეტის ნამწვი გადააგდო.

ბოლო სიახლეები