ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, ანალიტიკური მუშაობის, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს გავლით აქციზური მარკის სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს.
დადგინდა, რომ ლიეტუვის რესპუბლიკაში რეგისტრირებულმა საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელმა სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთა.
სატრანსპორტო დოკუმენტაციისა და საქონლის თანმხლები სხვა საბუთების თანახმად, სატვირთო ავტომობილი დატვირთული იყო მაკარონის ნაწარმით, რომელიც მოთავსებული იყო ჰერმეტულ შეკვრებში. საქონლის საბოლოო დანიშნულების ქვეყანას სლოვაკეთის რესპუბლიკა წარმოადგენდა.
რისკის შეფასებისა და ანალიზის შედეგად, მოხდა აღნიშნული სატვირთო ავტომობილის შეჩერება და ავტოსატრანსპორტო საშუალებას განესაზღვრა საბაჟო კონტროლის ზონაში განთავსება, შემდგომი დეტალური დათვალიერების მიზნით.
უფლებამოსილი პირების მიერ, ტრანზიტული ტვირთის შიგთავსის გახსნის შედეგად, აღმოჩენილი იქნა, მალულად განთავსებული სხვადასხვა დასახელების, ბელორუსული წარმოების 37 800 კოლოფი არადეკლარირებული, უაქციზო სიგარეტი, მათ შორის – ,,NZ“ და ,,MINSK“
აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 177 660 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

