მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს, კაპადოკიაში ვულკანური წარმოშობის კლდოვანი წარმონაქმნის ჩამოშლის შედეგად, რაც ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია, თურქი ახალდაქორწინებული წყვილის და ფრანგი ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა, 5 ადამიანი კი დაშავდა. ამ შემთხვევამ, უნიკალური კლდოვანი ლანდშაფტის შენარჩუნების და დამთვალიერებელთა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, სპეციალისტების სერიოზული შეშფოთება გამოიწვია.კაპადოკიის კლდოვანი სვეტები, რომლებსაც „ზღაპრულ საკვამურებს“ უწოდებენ, ნევშეჰირის პროვინციაში, გიორემეს ეროვნულ პარკში მდებარეობს. 1985 წლიდან ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.
„ზღაპრული საკვამურები“ თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია.
კლდოვანი წარმონაქმნის ჩამოშლის შემდეგ, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, რეგიონში მოსულმა უხვმა ნალექმა გამოიწვია, მეცნიერებმა წამოაყენეს წინადადება, რომ გიორემეს ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ტურისტების წვდომა დროებით შეიზღუდოს ან მკაცრად გაკონტროლდეს.
მათ ასევე მოითხოვეს 150 კუბ.სმ-ზე მეტი მოცულობის ძრავის მქონე მოტოციკლების, კვადროციკლების და სხვა სატრანსპორტო საშუალებების, აგრეთვე სამშენებლო ტექნიკის გადაადგილების აკრძალვა. ამის შესახებ ვებგვერდი EvrenSel-ი იუწყება.
სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის გეოლოგიური ინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი შენელ იოზდამარი იძლევა რეკომენდაციას, რომ ტურისტების დაშვება ვითარების სტაბილიზაციამდე შეჩერდეს.
„ძლიერმა წვიმამ და ქარმა, რომლებიც ამ პერიოდში ჭარბობენ, კლდოვანი მასივების დაშლა დააჩქარა, ფერდობების მდგრადობა შეარყია და ბზარების წყლით შევსება გამოიწვია, რამაც ქანების გადაადგილება განაპირობა. ასეთ რისკ-ზონებში ადამიანებისა და ტექნიკის გადაადგილება უნდა შეჩერდეს”, – განუცხადა მან ვებგვერდ Onedio-ს.
სამთო ტექნოლოგიების ექსპერტის, სერქან იჩელის თქმით კი, აუცილებელია, საცხოვრებლად გამოყენების მიზნით კლდეში გამოკვეთილი თითოეული უჯრედი ინდივიდუალურად შეფასდეს და მათი რესტავრირება სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენებით მოხდეს, რათა ბუნებრივი მოვლენების ზემოქმედებით გამოწვეული საფრთხე განეიტრალდეს.
თავის მხრივ, გაზეთ „მილიეთის“ კაპადოკიის რეგიონულმა დირექტორმა, ჯემ ასლანბაიმ აღნიშნა: „კაპადოკიის უნიკალური, ვულკანური წარმოშობის კლდოვანი წარმონაქმნები, რომლებსაც „ზღაპრულ საკვამურებს“ უწოდებენ, დაახლოებით 10 მილიონი წლის განმავლობაში, ერთი მხრივ, ვულკანური ფერფლისა და ტუფის ეროზიის, მეორე მხრივ კი ქარის ზემოქმედების შედეგად ჩამოყალიბდა.
V საუკუნიდან ეს ტერიტორია ქრისტიანული თემებით იყო დასახლებული. საცხოვრებლები, მონასტრები და ეკლესიები მათ უშუალოდ გიორემეს, ზელვესა და ჩავუშინის კლდოვან სვეტებში გამოკვეთეს.
კაპადოკია იუნესკოს დაცვის ქვეშ არის და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია საჰაერო ბუშტით ფრენების და კლდოვან წარმონაქმნებს შორის სეირნობის მოყვარულთათვის.
თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს მონაცემებით, გასულ წელს კაპადოკიას 4,5 მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია.
როგორც „ჰურიეთ დეილი ნიუსი“, კულტურისა და ტურიზმის მინისტრ მეჰმეთ ნური ერსოიზე დაყრდნობით იუწყება, თურქეთი ვარაუდობს, რომ მიმდინარე წლის ბოლოს ტურიზმის სექტორიდან მიღებული შემოსავალი 65 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.
ერსოის განცხადებით, ისრაელს, შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ომმა თურქეთის ტურიზმის სექტორზე გავლენა მოახდინა, რაც ყველაზე მეტად მეორე კვარტალში იყო თვალშისაცემი.
2026 წლის მესამე კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5 პროცენტით გაიზარდა და 25,53 მილიარდ დოლარს მიაღწია. წლის პირველ ცხრა თვეში კი შემოსავლები, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2,4 პროცენტით გაიზარდა და 51,28 მილიარდი დოლარი შეადგინა.

