არჩილ ტატუნაშვილი ჭეშმარიტი პატრიოტი და ღირსეული მამულიშვილი რომ არ ყოფილიყო, საოკუპაციო რეჟიმი მას ასე არ გაუსწორდებოდა, – ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა შავგულიძემ განაცხადა. მან პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.
“დღეს ჩვენი ვალია ბოლომდე მივიყვანოთ ის საქმე, რასაც არჩილის სიცოცხლე შეეწირა, მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას გარეშე მტრისგან და ამით მაინც შევძლოთ პატივი მივაგოთ ამ ღირსეული ვაჟკაცის ხსოვნას”, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი წეროვანში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. არჩილ ტატუნაშვილს დღეს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე – არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. 26 დღის შემდეგ, 20 მარტს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადასცა. ცხედარს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა.