პარასკევი, ოქტომბერი 25, 2024

შალვა პაპუაშვილმა ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის სამიტის მონაწილეებს მიმართა – ჩვენ გვერდში ვუდგავართ უკრაინელ მეგობრებს, რადგან ჩვენზე უკეთ არავინ იცის ომის ტკივილი, მშვიდობის ფასი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მესამე საპარლამენტო სამიტის მონაწილეებს მიმართა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ქართველები ომის პირველივე დღიდან უკრაინელი მეგობრების გვერდით დგანან და ასეც გაგრძელდება, რადგან საქართველოს მოქალაქეებზე უკეთ არავინ იცის ომის ტკივილი და მშვიდობის ფასი.

„ორწელიწად-ნახევარზე მეტია, ჩვენ დამანგრეველი ომის მომსწრენი ვართ, ომის, რომელიც, არავის ეგონა, რომ ევროპაში ოდესმე განმეორდებოდა. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მასშტაბურმა ომმა ბევრი შოკში ჩააგდო. ჩვენ, ქართველები, ომის პირველივე დღიდან გვერდით ვუდგავართ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და ასე გავაგრძელებთ, რადგან ჩვენზე უკეთ არავინ იცის ომის ტკივილი და მშვიდობის ფასი. უკრაინის საზარელი კონფლიქტი მრავალი ქვეყნისთვის განგაშის ზარი აღმოჩნდა, როდესაც ომი მათ მიუახლოვდათ და შეახსენა, რომ მშვიდობა ძვირფასი, განუყოფელია და, ამავდროულად, ძალიან მყიფე. ჩვენ ცეცხლის, არასტაბილურობისა და კონფლიქტის რკალში ვართ. ევროპა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მშვიდობისა და სტაბილურობის ნავსაყუდელი იყო, ახლა მსხვილმასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტის ცხელი წერტილია. ჩვენ გავაფრთხილეთ ჩვენი პარტნიორები, რომ საერთაშორისო სისტემამ, რომელმაც ვერ შეძლო ომის თავიდან აცილება საქართველოში და ახლა უკრაინაში, ვერ უზრუნველყო სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა. გამოფხიზლებამ, რომელიც ომს მოჰყვა, უბიძგა ჩვენს ბევრ პარტნიორს, გადაეხედა მომავალში ასეთი დიდი ტრაგედიების თავიდან აცილების გზებისთვის. ჩვენ პირველებმა ვიცოდით, რას ნიშნავს გაყინული კონფლიქტები, რომლებიც დროებითი ზავის შედეგია.

ზავი არ უზრუნველყოფს მდგრად მშვიდობას. ამიტომ კონფლიქტის გაყინვა მშვიდობის სანდო გარანტიებს ვერ უზრუნველყოფს. კარგია, რომ ახლა ვეძებთ პრობლემების მომავალ გადაწყვეტებს და ეს გადაწყვეტები უნდა ეფუძნებოდეს სამართლიან და მდგრად მშვიდობას. ეს გადაწყვეტები, ასევე, უნდა იყოს მხარდაჭერილი შესაბამისი საერთაშორისო სისტემის მიერ, რომელიც ასეთ მშვიდობას შესაძლებელს და ხანგრძლივს გახდის. ჩვენ, ჩვენი ზომისა და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, უნდა ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და ვიმუშაოთ უკეთესი მშვიდობისთვის, უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად, რათა მძვინვარე ომის სამართლიანი გადაწყვეტა უზრუნველვყოთ. ჩვენს უკრაინელ დებსა და ძმებს ვუსურვებ სამართლიან მშვიდობას, იმ ყველაფრის საფუძვლიან და სწრაფ აღდგენას, რაც ომმა გაანადგურა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ონლაინმიმართვისას.

ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მესამე საპარლამენტო სამიტი რიგაში გაიმართა. ყირიმის საერთაშორისო პლატფორმა საერთაშორისო კონსულტაციისა და კოორდინაციის ფორმატია, რომელიც 2021 წელს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივით დაარსდა. პლატფორმის მიზანია ყირიმისა და უკრაინის სხვა ტერიტორიების ოკუპაციაზე ეფექტური საერთაშორისო რეაგირების უზრუნველყოფა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

კახა კალაძე: ოპოზიცია შინაგანად ვერ ეგუება მშვიდობას, წინსვლას – ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეთ და ამ მოღალატეებს უნდა მივუჩინოთ შესაბამისი ადგილი

უბრალო გამარჯვებაზე არ არის საუბარი, ჩვენ უნდა მოვიპოვოთ კონსტიტუციური უმრავლესობა. მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ვხსნიდით თუ რატომ არის კონსტიტუციური უმრავლესობა საჭირო, - განაცხადა დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გადაცემაში "იმედი LIVE" „საფრთხეები არსებობს, ვიდრე არ დასრულდება ომი რუსეთ - უკრაინას შორის, ძალიან დიდის საფრთხის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. ის გამოწვევები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ბოლო დღეების და თვეების განმავლობაში, ეს საფრთხეები არსად არ წასულა, ჯერ კიდევ არსებობს. ჩვენი და ყველა ღირსეული ქართველისთვის, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, ვისთვისაც სამშობლო მნიშვნელოვანია, ყველას ოცნება არის ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ერთი პატარა ნაბიჯი გადაიდგა ამ მიმართულებით და ოპოზიცია რა დღეში ჩავარდა, რა განცხადებას აკეთებდნენ და რა სიცრუის პროპაგანდა დაატრიალეს. ეს ადამიანები შინაგანად ვერ ეგუებიან მშვიდობას, წინსვლას, ქვეყნის განვითარებას და ამიტომაც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ძალიან სწრაფად შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ყველანაირად მომზადებული. მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეთ და ამ მოღალატეებს, ამ აგენტურას უნდა მივუჩინოთ შესაბამისი ადგილი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

კახა კალაძე: დემოკრატიად წოდებული დასავლეთი საქართველოს არჩევნებში პირდაპირ ერევა – ეს არის ევროპა?!

დემოკრატიად წოდებული დასავლეთი საქართველოს არჩევნებში პირდაპირ ერევა, - განაცხადა თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში „სხვადასხვა ქვეყნის ელჩები გამოდიან და რა განცხადებებსაც აკეთებენ, ეს არის დიპლომატია?! ეს არის დემოკრატია?! ამისკენ მივდივართ?! ეს არის ევროპა?!.. ამ ტიპის დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს თავზე დააჯდეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისი თქმით, თუ კი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე წარმატება აქვს, ყველაფერი „ქართულ ოცნებას“ უკავშირდება. „2012 წლის შემდგომ პერიოდში მივაღწიეთ ყველაფერს: ასოცირების ხელშეკრულებას, კონსტიტუციაში ჩავწერეთ ევროპული მომავალი, ნატოში გაწევრიანება, უვიზო მიმოსვლა, სავაჭრო ურთიერთობები და სტატუსი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ოლაფ შოლცი: ქვეყანა, რომელიც ომშია, ვერ გახდება ნატო-ს წევრი, ამაზე უთანხმოება არ არსებობს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინის ნატო-ში მიწვევის წინააღმდეგ გამოვიდა. უკრაინული მედიის ცნობით, შესაბამისი განცხადება გერმანიის კანცლერმა ZDF-თან ინტერვიუში გააკეთა. შოლცმა უარყო უკრაინის ნატო-ში მიწვევის შესაძლებლობა, რომელიც „გამარჯვების გეგმის“ პირველ პუნქტს წარმოადგენს და განაცხადა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ნატო-მ უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივებზე გადაწყვეტილება ვილნიუსისა და ვაშინგტონის სამიტებზე მიიღო და მისი აზრით, „ამის მიღმა ახალი გადაწყვეტილებების მიღების საჭიროება ჯერჯერობით არ არსებობს“. „ქვეყანა, რომელიც ომშია, ვერ გახდება ნატო-ს წევრი. ყველამ იცის ეს. ამაზე არანაირი უთანხმოება არ არსებობს. ნატო-ში მიწვევის შემდეგ კი, ჩვეულებრივ, საკმაოდ სწრაფად ხდება წევრობა“, – აღნიშნა შოლცმა. გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში მოითხოვს გაწონასწორებულ მოქმედებებს, რომლებიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს კიევის მხარდაჭერას, ხოლო მეორეს მხრივ, გარანტიას იძლევა, რომ ეს არ გადაიზრდება მოსკოვსა და ნატო-ს შორის ომში. „ეს არის ის, სადაც მე ძალიან მკაფიოდ გამოვხატავ ჩემს პოზიციას და არ შევცვლი მას“, – აღნიშნა შოლცმა.

ალექსანდრე რაქვიაშვილი: ქარტია არ იყო საჯარო დისკუსიებით შემდგარი დოკუმენტი, სრულიად უვარგისი ტექსტი შედგა

ქარტიის მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ეს არ იყო საჯარო დისკუსიების შედეგად შემდგარი დოკუმენტი, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „არჩევნები 2024“ განაცხადა. „ვერ ვეტყოდი ჩემს ამომრჩეველს, იცით რა, ეს რაღაც დოკუმენტია, რომელიც არავის პატივს არ სცემს. უბრალოდ, ხელი მოვაწერეთ, რადგან მოდაში შემოვიდა რაღაც მომენტში და მაინც არავინ შეასრულებს. ჩვენ ხელს თუ მოვაწერდით, შევასრულებდით, უვარგისი დოკუმენტის შესრულება კი არ შეიძლება. დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი, მოგეხსენებათ, როგორც წესი, თავის სიტყვებს დიდ პატივს არ სცემს და იცის, რომ მარტივად გადააგდებს მეორე მხარეს, თუ ეს დასჭირდა. ამიტომ ჩვენ იმ ხალხთან საერთოდ იშვიათად გვაქვს ხოლმე რაღაც საერთო“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

ლევან ხაბეიშვილმა “ქართული ოცნების” ასიათასობით მხარდამჭერს “დაღრეჯილი” და “ნარკომანი” უწოდა

დაღრეჯილი ადამიანებიც ვნახეთ, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა, “ქართული ოცნების” დასკვნითი ღონისძიების შეფასებისას ტელეკომპანია “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა. მისი ვარაუდით, ყველა ადამიანი, ვინც ტელევიზორში ნახა, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყო. “შეურაცხყოფა არ მინდა ვინმეს მივაყენო, მაგრამ სახეზე რომ აწერიათ არ ვიცი როგორ გითხრათ, აი, ზემოქმედების ქვეშ რომ არიან. მე რაც ვნახე ტელევიზორში, ეს ადამიანები არც ერთი არ იყო ფხიზელი, იყვნენ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ სავარაუდოდ.” - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ბოლო სიახლეები