ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025

შალვა პაპუაშვილი – სკანდალია, როცა ამერიკის კონგრესის წევრი ფულის გამთეთრებელ ადამიანს ესარჩლება, დიდი ხანია, ვნახეთ, ასეთ განცხადებებს როგორი მავნე მიზნები აქვს ქართველი ხალხის მიმართ

მგონი, სკანდალია, როცა ამერიკის კონგრესის წევრი ფულის გამთეთრებელ, მძიმე დანაშაულის ჩამდენ ადამიანს ესარჩლება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დემოკრატი სენატორის, ჯინ შაჰინის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ასეთ განცხადებებს როგორი მავნე მიზნები აქვს ქართველი ხალხის მიმართ, დიდი ხანია, გამოჩნდა.

„საერთო ჯამში, ეს იმ კრიზისს აჩვენებს, რომელიც პოლიტიკურ ელიტაში, კონგრესის ამ ჯგუფში არსებობს. სხვა განცხადებებიც გვსმენია, ფულის გამთეთრებელს კი არა, წამების სისტემის შემქნელ სააკაშვილს ესარჩლებოდნენ. ვიცით, ასეთი განცხადებები სად იწერება, როგორ იგეგმება, როგორ ხორციელდება და როგორი მავნე მიზნები აქვს ქართველი ხალხის მიმართ, ესეც, დიდი ხანია, ვნახეთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა, სენატორმა ჯინ შაჰინმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ქართველი ხალხის 200-დღიანი მამაცი პროტესტის შემდეგ „ქართული ოცნების“ ტაქტიკა კიდევ უფრო მხდალი ხდება. გიორგი ბაჩიაშვილის გატაცების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დარტყმაა ქართული დემოკრატიისთვის. მე გავაგრძელებ ძალისხმევას პასუხისმგებლობის დასაკისრებლად, მაგალითად, ორპარტიული „მეგობარი აქტის“ მიღებით“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მარია ზახაროვა – ახლო აღმოსავლეთში ბირთვული საფრთხე ჰიპოთეტური არ არის – დარტყმები ხორციელდება მშვიდობიან ბირთვულ ობიექტებზე

ირანსა და ისრაელს შორის კონფლიქტი არა მხოლოდ ესკალაციას იწვევს, არამედ საფრთხეს უქმნის რეგიონსა და მსოფლიოს, რადგან დარტყმები ბირთვულ ობიექტებზე ხორციელდება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.„ეს ყველაფერი (ირანსა და ისრაელს შორის კონფლიქტი) არა მხოლოდ ესკალაციამდე მიდის, არამედ პირდაპირ საფრთხეს უქმნის რეგიონსა და მსოფლიოს იმის გამო, რომ დარტყმები ხორციელდება მშვიდობიან ატომურ თუ ბირთვულ ობიექტებზე“, - აღნიშნა ზახაროვამ.მისი მტკიცებით, ირანს აქვს და ექნება ბირთვული ობიექტების ფლობის უფლება და მათზე დარტყმები გლობალურ საფრთხეს წარმოადგენს და ამ კონფლიქტში ბირთვულ საფრთხეს რეალური მნიშვნელობა აქვს.„ამ შემთხვევაში, ჩვენ უნდა ვისაუბროთ ბირთვულ საფრთხეზე, რომელსაც არა ჰიპოთეტური, არამედ პრაქტიკული განზომილება აქვს“, - ხაზგასმით აღნიშნა ზახაროვამ

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 25 მოქალაქე გააძევეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 25 მოქალაქის გაძევება განხორციელდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.უწყების ცნობით, საქართველოდან გაძევებულ იქნა სომხეთის, უზბეკეთის, ირანის, ნიგერიის, ტაჯიკეთის, ჩინეთის, თურქმენეთის, რუსეთის, ინდოეთის, ალჟირის, ეგვიპტის, თურქეთის, პაკისტანის და ბანგლადეშის, ჯამში, 25 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წნორში დიალიზის სერვისი ამოქმედდა

წნორში დიალიზის სერვისი ამოქმედდა, რომელიც ადგილობრივ ბენეფიციარებს მოემსახურება.ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დრომდე ჰემოდიალიზზე დამოკიდებულ პაციენტებს, სიცოცხლისთვის აუცილებელი მომსახურების მისაღებად, საკუთარი საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებით უწევდათ გადაადგილება, რაც დამატებით ფიზიკურ დატვირთვას, დროსა და ხარჯებს უკავშირდებოდა. დღეიდან კი სერვისს სახლთან ახლოს მიიღებენ.ახალგახსნილი ცენტრი ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დაათვალიერა, ადგილზე გაეცნო დაწესებულების ინფრასტრუქტურასა და სერვისის მიწოდების პროცესს.მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურებაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. მისივე თქმით, ამ მიზნით სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას კერძო სექტორთან, რათა დიალიზის სერვისის გეოგრაფიული დაფარვა კიდევ უფრო გაიზარდოს.მინისტრის განმარტებით მიმდინარე წელს სახელმწიფომ კლინიკებისთვის ჰემოდიალიზის მომსახურების დაფინანსების ტარიფი გაზარდა, რაც ხელს უწყობს პაციენტებისთვის უფრო ხარისხიანი და თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული სერვისების მიწოდებას.ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წნორში მდებარე დიალიზის ცენტრი ყოველდღიურად 16 პაციენტს მოემსახურება. მუნიციპალიტეტში სერვისით, ჯამურად, 32 ბენეფიციარი ისარგებლებს. ცენტრი სრულადაა აღჭურვილი ჰემოდიალიზისთვის საჭირო თანამედროვე აპარატურით. პაციენტებს ყოველდღიურად ემსახურება სათანადოდ გადამზადებული მედპერსონალი.წნორში, ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, რეგიონული განვითარების მინისტრი კახა გულედანი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების დელეგატი გია ბენაშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი და საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორი მალხაზ ჟორჟიკაშვილი იმყოფებოდნენ.დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში დიალიზის სერვისს 50 სამედიცინო დაწესებულება აწვდის და ჰემოდიალიზის მომსახურებით 3000-ზე მეტი ბენეფიციარი სარგებლობს.

მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ილია სულამანიძე იჭიდავებს

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გრძელდება მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში. ტურნირის მეექვსე დღეს კაცები – 100 კგ წონით კატეგორიაში, ხოლო ქალები -78 კგ-ში გამოვლენ.100 კგ-ში ილია სულამანიძე მეორე წრიდან იჭიდავებს და პირველ შეხვედრას უნგრელ სომბორ ვეგთან ჩაატარებს. გამარჯვების შემთხვევაში ქართველის სავარაუდო მეტოქე, ესპანეთის სახელით გამომასვლელი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (90 კგ-ში) ქართველი ნიკოლოზ შერაზადაშვილი იქნება.წინასწარი ორთაბრძოლები თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე გაიმართება.შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო და საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია: ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ლუკა მაისურაძე (90კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ბრიტანეთის საელჩო – მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს ეუთო/ოდირის მისია მუნიციპალურ არჩევნებზე და გაითვალისწინოს ოდირის ყველა რეკომენდაცია

დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ეფუძნება ერთობლივ ვალდებულებას, გააძლიერონ დემოკრატიული პრინციპები და ხელი შეუწყონ სამოქალაქო საზოგადოების როლს ორმხრივ თანამშრომლობაში, – ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.საელჩოს განცხადების თანახმად, ეს ვალდებულება ასახულია 2019 წელს ორივე მთავრობის მიერ ხელმოწერილ სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებაში.„კერძოდ, შეთანხმების მე-4 მუხლი ავალდებულებს მხარეებს, ითანამშრომლონ დემოკრატიული ინსტიტუტების სტაბილურობისა და ეფექტიანობის გასაძლიერებლად, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის უზრუნველსაყოფად, სასამართლო რეფორმის ხელშეწყობისთვის. შეთანხმების 341-ე მუხლი ასევე ავალდებულებს ორივე მხარეს, უზრუნველყონ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს ურთიერთობებში და ხელი შეუწყონ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას. სწორედ ამის საფუძველზე დიდი ბრიტანეთი ბევრი წელია, მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში, მათ შორის ამომრჩეველთა საგანმანათლებლო აქტივობებს, აფინანსებს ადგილობრივ საარჩევნო სადამკვირვებლო ჯგუფებს, რომლებიც მუშაობენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, და მონაწილეობას იღებს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ეუთო/ოდირი) სადამკვირვებლო მისიებში საქართველოში. საქართველოს მთავრობა თავად უჭერდა მხარს ამ საქმიანობას და ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ამ საქმიანობის აღწერას, როგორც „პროპაგანდისა და ექსტრემიზმის“ დაფინანსებას. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მონიტორინგს, რაც პროფესიონალური და გამჭვირვალე საარჩევნო ზედამხედველობის მნიშვნელოვანი ნაწილია“, – ნათქვამია ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.ბრიტანეთის საელჩო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს ეუთო/ოდირის მისია თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად.„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს ეუთო/ოდირის მისია ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებზე დასაკვირვებლად და გაითვალისწინოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოდირის საბოლოო ანგარიშში გაცემული ყველა რეკომენდაცია. ქართველი ხალხის იმედები და მისწრაფებები მიმართულია დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ, და ვიმედოვნებთ, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს თანამშრომლობა, ისევე როგორც საქართველოს თანამშრომლობა ევროპულ ინსტიტუტებთან, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ამ მიზნების მიღწევას“, – ნათქვამია ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.

ბოლო სიახლეები