შვეიცარია არც ნატო-ს და არც ევროკავშირის წევრი არ არის და არც უნდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, გასაკვირია შვეიცარიის საელჩოს ვებგვერდზე ბანერის გამოქვეყნება, რომელზეც ევროსტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით საქართველოს კონსტიტუციის მუხლი წერია.
„მგონი, ყველას გაუკვირდა. ყველამ ვიცით, რომ შვეიცარია ნეიტრალური ქვეყანაა. არც ნატო-ს წევრია და არც უნდა, არც ევროკავშირის წევრია და არც უნდა, ჩვენს კონსტიტუციას გვიწერს ელჩი ვებგვერდზე ნატო-ში და ევროკავშირში წევრობაზე. ასე კარგი თუა, თვითონ რატომ არ მიდიან, არ წევრიანდებიან ან ნატო-ში, ან ევროკავშირში? რა დამოკიდებულება აქვთ, ვერ გაგვიგია. ჩვენ რას გვასწავლიან, თვითონ არ შედიან არც ნატო-ში და არც ევროკავშირში. ეს ხომ, უბრალოდ, მართლა სასაცილო ფაქტია. აქ აბსოლუტურად აცდენილი არის რეალობას. მეორე მხრივ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, სითავხედეა, რა თქმა უნდა, როდესაც ბედავს უცხო ქვეყნის საელჩო და მასპინძელ ქვეყანას მისი კონსტიტუციის მუხლებს უკითხავს. რა გგონიათ, ჩვენ კითხვა არ ვიცით თუ რა, შტერები ვართ?“ რა გვიწერია კონსტიტუციაში, არ ვიცით?! ამას გვეუბნება შვეიცარიის ელჩი?! ამიტომაც ვთქვი, რომ ყველამ თავის კონსტიტუციას მიხედოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აქვე მოიყვანა შვეიცარიის კონსტიტუციიდან მუხლი, რომლის მიხედვითაც, საჯარო სივრცეში სახის შენიღბვა აკრძალულია.
ცნობისთვის, საქართველოში შვეიცარიის საელჩომ ბანერი გამოაქვეყნა, სადაც წერია: „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. საქართველოს კონსტიტუცია, 78-ე მუხლი“.

