ხუთშაბათი, ოქტომბერი 15, 2026

შალვა პაპუაშვილი – საქართველომ ქრისტიანობის მიღებით ცივილიზაციური არჩევანი გააკეთა, ჩვენი ამოცანაა, დაგროვილი სულიერი და კულტურული გამოცდილება მომავლის მშენებლობის რესურსად ვაქციოთ

მოხარული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტი მასპინძლობს კონფერენციას, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ეძღვნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშილმა, საერთაშორისო კონფერენციზე „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართელოში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მრავალი საუკუნის განმავლობაში საქართველომ გამოიარა აღმავლობისა და დაცემის, ერთიანობისა და დაშლის, დამოუკიდებლობის დაკარგვისა და აღდგენის არაერთი პერიოდი, თუმცა, მისი თქმით, ქრისტიანობა დარჩა ერთ-ერთ ყველაზე მყარ საყრდენად, რომლის გარშემოც ქართველმა ხალხმა საკუთარი იდენტობის შენარჩუნება შეძლო.

„მეოთხე საუკუნეში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით საქართველომ გააკეთა არჩევანი, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა ჩვენი კულტურა, მსოფლმხედველობა, სამართლებრივი აზროვნება, საზოგადოებრივი ურთიერთობები და, საბოლოოდ, ჩვენი ადგილი ქრისტიანულ ცივილიზაციაში.

მას შემდეგ შეიცვალა სახელმწიფოები, საზღვრები, პოლიტიკური სისტემები და საზოგადოებრივი წყობა. საქართველომ გამოიარა აღმავლობისა და დაცემის, ერთიანობისა და დაშლის, დამოუკიდებლობის დაკარგვისა და აღდგენის არაერთი პერიოდი. მაგრამ ამ ისტორიულ ცვალებადობაში ქრისტიანობა დარჩა ერთ-ერთ ყველაზე მყარ საყრდენად, რომლის გარშემოც ქართველმა ხალხმა საკუთარი იდენტობის შენარჩუნება შეძლო.

სწორედ ამიტომ 1700 წლისთავის აღნიშვნა მხოლოდ წარსულის გახსენება ვერ იქნება. ისტორიული თარიღის ნამდვილი მნიშვნელობა მაშინ ჩნდება, როდესაც იგი დღევანდელ კითხვებზე დაფიქრებას გვაიძულებს. და დღეს ასეთი კითხვები მრავლად გვაქვს.

რას ნიშნავს ქრისტიანული ღირებულებები თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოში? რა ადგილი აქვს რელიგიურ და ზნეობრივ გამოცდილებას პოლიტიკაში, რომელიც სხვადასხვა მსოფლმხედველობის მქონე მოქალაქეებს აერთიანებს? როგორ უნდა ითანამშრომლონ ეკლესიამ და სახელმწიფომ ისე, რომ დაცული იყოს როგორც სახელმწიფოს ინსტიტუციური ავტონომია, ისე ეკლესიის თავისუფლება და საზოგადოებრივი როლი? როგორ უნდა აისახოს ადამიანის ღირსების, პასუხისმგებლობის, თავისუფლების, სოლიდარობისა და მოყვასის პატივისცემის პრინციპები იმ გადაწყვეტილებებში, რომლებსაც პარლამენტები ყოველდღიურად იღებენ?,’’- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სწორედ ამ კითხვებზე მსჯელობას ემსახურება დღევანდელი კონფერენცია.

,,ევროპული პარლამენტარიზმი ისტორიულ ვაკუუმში არ წარმოშობილა. ევროპული პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებაში მრავალი წყარო მონაწილეობდა – ანტიკური ფილოსოფია, რომაული სამართალი, ქრისტიანული მსოფლმხედველობა, განმანათლებლობა და შემდგომი დემოკრატიული გამოცდილება.

თანამედროვე ევროპული სახელმწიფო სეკულარულია, მაგრამ ევროპის ისტორია და მისი ღირებულებების სრულად გააზრება ქრისტიანული მემკვიდრეობის გარეშე შეუძლებელია. ადამიანის ღირსება, პიროვნების პასუხისმგებლობა, მოყვასის მიმართ ვალდებულება, სოლიდარობა, მოწყალება, ოჯახის მნიშვნელობა – ეს ცნებები საუკუნეების განმავლობაში აყალიბებდა ევროპულ საზოგადოებებს და დღესაც მონაწილეობს მათ ზნეობრივ თვითგაგებაში.

ამიტომ ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნა არ ნიშნავს ეკლესიისა და საზოგადოების ერთმანეთისგან გამიჯვნას. თუმცა დღეს რწმენისა და საზოგადოებრივი ცხოვრების მიმართ ზოგჯერ ისეთი მკვეთრი მიდგომა გვხვდება, რომელიც რელიგიის სრულ განდევნას ესწრაფვის არა მხოლოდ სახელმწიფოებრივი, არამედ საზოგადოებრივი სივრციდანაც. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადოების გადარჩენას სწორედ რწმენას უნდა ვუმადლოდეთ. მეტიც, ის რომ საქართველომ ბოლო ათწლეულებში შეძლო კონფლიქტებისა და ომების ეპოქის დასრულება და მშვიდობიანი განვითარების დაწყება, დიდწილად სწორედ ჩვენი რწმენისა და ეკლესიის დამსახურებაა.

რწმენისა და საზოგადოების კატეგორიული გამიჯვნა ნიშნავს უარის თქმას არა მხოლოდ წარსულზე, არამედ დღევანდელობის მორალურ და ეთიკურ საფუძვლებზეც – იმ ზნეობრივ ხერხემალზე, რომელსაც ჯერ კიდევ ეყრდნობა ქართული საზოგადოება და თითოეული ქართველი.

ქრისტიანული რწმენის გარიყვა საზოგადოებრივი დისკურსიდან საზოგადოებას საერთო ზნეობრივ საყრდენს აცლის. ფართოდ გაზიარებული ზნეობრივი ნორმების შესუსტებისას ადამიანი მორალის ინდივიდუალურ ინტერპრეტაციამდე დადის. აქედან კი რელატივიზმამდე და, საბოლოოდ, საზოგადოებრივი ზნეობრივი წესრიგის რღვევამდე მცირე ნაბიჯია. ამ ტენდენციის გამოსწორება მხოლოდ სახელმწიფოს, საზოგადოებასა და ეკლესიას შორის მუდმივი დიალოგით არის შესაძლებელი.

ეს საჭიროება კარგად ჩანს თავად თანამედროვე ევროპულ სამართალშიც. ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების მე-17 მუხლი აღიარებს ეკლესიებისა და რელიგიური გაერთიანებების იდენტობასა და განსაკუთრებულ წვლილს და ადგენს მათთან ღია, გამჭვირვალე და რეგულარული დიალოგის პრინციპს.

ეს მნიშვნელოვანი ევროპული ფორმულაა. ის გვეუბნება, რომ თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო შეიძლება იყოს მსოფლმხედველობრივად ნეიტრალური, მაგრამ საზოგადოების სულიერი, კულტურული და ზნეობრივი გამოცდილების მიმართ გულგრილი ვერ იქნება.

პარლამენტისთვის ამ საკითხს განსაკუთრებულ მნიშვნელობა აქვს. პარლამენტი ის ადგილია, სადაც საზოგადოების განსხვავებული ინტერესები, ღირებულებები და შეხედულებები კანონებსა და საჯარო პოლიტიკაში აისახება.

კანონი ტექნიკური ტექსტი არ არის. ყოველი მნიშვნელოვანი კანონის უკან დგას წარმოდგენა ადამიანზე, მის თავისუფლებასა და პასუხისმგებლობაზე, ოჯახზე, საზოგადოებაზე და სახელმწიფოს მოვალეობაზე.

ამიტომ ღირებულებების შესახებ საუბარი პარლამენტისთვის უცხო თემა ვერ იქნება,’’- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კონფერენციის ერთ-ერთი თემა, რომელიც ოჯახურ ღირებულებებს შეეხება დღევანდელ მსოფლიოში მნიშვნელლვანია, რადგან მის წინაშე არაერთი გამოწვევაა.

,,ღირებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკა არ ნიშნავს რწმენის კანონით თავს მოხვევას. ქრისტიანული ღირებულების ძალა სწორედ თავისუფალ არჩევანშია. ჩვენი ამოცანაა ისეთი საზოგადოებრივი და სამართლებრივი გარემოს შექმნა, სადაც ადამიანს შეუძლია საკუთარი რწმენისა და ტრადიციის მიხედვით ცხოვრება ისე, რომ პატივი სცეს სხვის თავისუფლებასა და ღირსებას.

ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი კონფერენციის მეორე დიდი თემა – ოჯახი.

ოჯახი ერთ-ერთი უძველესი სოციალური ინსტიტუტია, მაგრამ მის წინაშე არსებული გამოწვევები დღეს სრულიად თანამედროვეა.

ევროპის არაერთ ქვეყანაში მცირდება შობადობა, ბერდება მოსახლეობა, იზრდება ეკონომიკური და სოციალური წნეხი ახალგაზრდა ოჯახებზე. ტექნოლოგიური და კულტურული ცვლილებები ახალ კითხვებს აჩენს მშობლობის, თაობათა ურთიერთობისა და თავად ოჯახის მნიშვნელობის შესახებ.

საქართველოც ამ პროცესებისგან განცალკევებული არ არის.

ოჯახის მხარდაჭერა მხოლოდ პირადი მორალის საკითხი აღარ არის. იგი დემოგრაფიული, ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის საკითხიცაა.

ძლიერი ოჯახი ნიშნავს გარემოს, სადაც ბავშვი დაცულია, სადაც თაობები ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლობას გრძნობენ და სადაც ადამიანი მარტო არ რჩება ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტებში.

ქრისტიანული გაგებით კი ოჯახი კიდევ უფრო მეტია – ის სიყვარულის, ერთგულების, თავგანწირვისა და პასუხისმგებლობის პირველი სკოლაა.

სწორედ აქ სწავლობს ადამიანი იმას, რაც მოგვიანებით საზოგადოებასაც სჭირდება – სხვისთვის ადგილის დათმობას, პასუხისმგებლობის აღებას, განსხვავების მიღებას, პატიებას და ზრუნვას.

ოჯახის დაცვა არ უნდა ნიშნავდეს ვინმეს გარიყვას და ტრადიციის დაცვა არ უნდა საჭიროებდეს იძულებას. პირიქით, ტრადიცია მაშინ არის ძლიერი, როდესაც მისი სიცოცხლისუნარიანობა თავისუფალ საზოგადოებაშიც დასტურდება.

ამ საკითხებზე საუბარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც ევროპა ერთდროულად რამდენიმე კრიზისს განიცდის – უსაფრთხოების, დემოგრაფიულ, ეკონომიკურ და ღირებულებით გამოწვევებს.

კრიზისის დროს საზოგადოებები ხშირად მხოლოდ ინსტიტუტებსა და რესურსებზე ამყარებენ იმედს. მაგრამ ისტორია გვაჩვენებს, რომ სახელმწიფოების გამძლეობა მხოლოდ ეკონომიკური მაჩვენებლებით, სამხედრო შესაძლებლობებითა და ინსტიტუციური მოწყობით არ განისაზღვრება. მას განსაზღვრავს ისიც, თუ რამდენად მტკიცეა საზოგადოებრივი კავშირები, რამდენად ენდობიან ადამიანები ერთმანეთს, რამდენად გრძნობენ პასუხისმგებლობას ოჯახის, საზოგადოების და მომავალი თაობების მიმართ და რამდენად აქვთ საერთო ღირებულებითი საყრდენი.

საქართველოს 1700-წლიანი ქრისტიანული გამოცდილება ამ თვალსაზრისით მხოლოდ ჩვენი წარსული არ არის. ეს არის გამოცდილება იმისა, თუ როგორ შეიძლება სულიერმა და კულტურულმა ტრადიციამ სახელმწიფოებრივ წყვეტებს გაუძლოს, თაობები ერთმანეთთან დააკავშიროს და ეროვნული იდენტობის უწყვეტობა შეინარჩუნოს.

ამიტომ ჩვენი სურვილია, რომ ეს საიუბილეო წელი არა მხოლოდ საქართველოს ისტორიის აღნიშვნის, არამედ ფართო ევროპული მსჯელობის შესაძლებლობაც გახდეს – მსჯელობისა იმაზე, თუ რა ადგილი აქვს ქრისტიანულ მემკვიდრეობას თანამედროვე ევროპაში; როგორ შეიძლება პარლამენტებსა და ეკლესიებს შორის დიალოგი იყოს ღია, რეგულარული და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული; როგორ შეიძლება პოლიტიკამ დაიცვას და გააძლიეროს ოჯახი; და საბოლოოდ – როგორ შეიძლება თავისუფალმა და პლურალისტურმა საზოგადოებამ შეინარჩუნოს ის ღირებულებითი საფუძველი, რომლის გარეშეც თავისუფლება ადვილად კარგავს პასუხისმგებლობას, ხოლო პოლიტიკა – ადამიანურ საზომს.

1700 წლის წინ საქართველომ ქრისტიანობის მიღებით გააკეთა ცივილიზაციური არჩევანი. განვლილი 1700 წლის განმავლობაში ამ არჩევანის დაცვამ აურაცხელი მსხვერპლი მოითხოვა. საქართველოში ყველა თაობას უწევს იგივე არჩევანის გაკეთება, თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით გააგრძელოს მამა-პაპათა არჩეული გზა, თუ მთლიანად მოერგოს ცვალებად პოლიტიკურ და კულტურულ კონიუნქტურას.

ჩვენი ამოცანაა გავიაზროთ, რას ნიშნავს ეს არჩევანი თანამედროვე სამყაროში და როგორ შეიძლება საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი სულიერი და კულტურული გამოცდილება მომავლის მშენებლობის რესურსად ვაქციოთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე ისაუბრა ილია მეორის ღვაწლზე და აღნიშნა, რომ მან თანამედროვე სამყაროში შეძლო და დაიცვა და ააღორძინა ისეთი უკვდავი ღირებულებები, როგორიცაა ღმერთი, სამშობლო, ადამიანი.

„ამ კონფერენციის მისასალმებელ სიტყვაში არ შემიძლია არ ვახსენო ჩვენი წმინდა პატრიარქი, ილია მეორე. მისმა გარდაცვალებამაც კი კიდევ ერთხელ გვაჩვენა ჩვენი ერის გასაოცარი ერთობა და სულიერი კავშირი – იმ უმაღლესი მიზნის ხორცშესხმა, რომელსაც უწმინდესმა მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება მიუძღვნა: ბერობაში, მღვდელმსახურებასა და პატრიარქობაში.

ჩვენ ყველანი ვართ ამ სასწაულის მომსწრე, ამ ტრანსფორმაციის მხილველნი და ამ გაკვეთილის მსწავლელნი, თუ რას ნიშნავს იცხოვრო თანამედროვე სამყაროში და დაიცვა და ააღორძინო ისეთი უკვდავი ღირებულებები, როგორიცაა ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, რწმენა, ოჯახი, შრომა და თავდადება.

ვფიქრობ დღევანდელი კონფერენცია თავის წვლილს შეიტანს ამ რთული საკითხების განხილვაში. მადლობა ჩვენს სტუმრებს საქართველოში ჩამობრძანებისთვის. მადლობა ყველას, ვინც ამ კონფერენციის ორგანიზებაში მონაწილეობდა. გისურვებთ საინტერესო და ნაყოფიერ მსჯელობას“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დააკავეს კანონიერი ქურდი მეტსახელად „თახვი“ – სპეცოპერაციის დეტალები

თურქეთში მოლდაველი „კრიმინალური ავტორიტეტი“ იური რადულოვი, მეტსახელად „თახვი“, დააკავეს.რადულოვი თურქეთის ინტერპოლის ცენტრალური ბიუროს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად დააკავეს. უახლოეს პერიოდში მისი მოლდოვაში ექსტრადიციის პროცედურა დაიწყება.იური რადულოვი მოლდოვის „კრიმინალურ სამყაროში“ ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ფიგურად ითვლებოდა. ის ხელმძღვანელობდა დაქირავებულ მკვლელთა დაჯგუფებას, რომელიც 1990-იან და 2000-იანი წლების დასაწყისში მოლდოვასა და რუმინეთში მოქმედებდა.დაჯგუფებას სულ მცირე 10 შეკვეთით მკვლელობასა და მკვლელობის 11 მცდელობას უკავშირებენ. მათ შორის იყო ცნობილი ე.წ. „კანონიერი ქურდის“, ვალერი როტარის, მეტსახელად „ზელიონის“, მკვლელობა.დაჯგუფების განადგურების შემდეგ რადულოვი საზღვარგარეთ გაქცევას ცდილობდა, თუმცა ბულგარეთში დააკავეს და მოლდოვაში ექსტრადირება მოახდინეს. 2004 წლის მარტში სასამართლომ მას უვადო პატიმრობა მიუსაჯა.2025 წლის მარტში რადულოვი პირობით ვადამდე გაათავისუფლეს. მის გათავისუფლებას მოლდოვაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.გათავისუფლებიდან მალევე რადულოვმა ქვეყნის დატოვებაზე დაწესებული აკრძალვა დაარღვია და მოლდოვა დატოვა.

ვიქტორ ორბანი – პეტერ მადიარი უნგრელ ბავშვებს „გენდერული ლობის“ წყალობის იმედად ტოვებს, რათა ბრიუსელის მოთხოვნები დააკმაყოფილოს

პეტერ მადიარი უნგრელ ბავშვებს „გენდერული ლობის“ წყალობის იმედად ტოვებს, რათა ბრიუსელის მოთხოვნები დააკმაყოფილოს, – ამის შესახებ უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს. ამ განცხადებით ორბანი უნგრეთის პარლამენტის მიერ ბავშვთა დაცვის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს გამოეხმაურა, რითაც 2021 წელს ვიქტორ ორბანის პრემიერობის დროს მიღებული ანტი-LGBTQ კანონები გაუქმდა.უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, მისმა პარტია „ფიდესმა“ ევროპაში ბავშვთა დაცვის საუკეთესო კანონი შეიმუშავა, ახლა კი მადიარის „ტისამ“ ეს კანონი LGBTQ ორგანიზაციებისა და პედოფილების ინტერესების დასაკმაყოფილებლად გადაწერა.„პეტერ მადიარი უნგრელ ბავშვებს „გენდერული ლობის” წყალობის იმედად ტოვებს, რათა ბრიუსელის მოთხოვნები დააკმაყოფილოს. პარტია „ტისამ“ უნგრეთის ბავშვთა დაცვის შესახებ კანონი გადაწერა. შესწორება LGBTQ ორგანიზაციების უფლებების გაფართოებას და უნგრეთის ბავშვთა დაცვის წესების შესუსტებას ეხება. „ფიდესის“ მთავრობამ ევროპაში ბავშვთა დაცვის საუკეთესო კანონი წარადგინა. „ტისამ“ ახლა ეს კანონი LGBTQ ორგანიზაციებისა და პედოფილების ინტერესების დასაკმაყოფილებლად გადაწერა. მშობლების გვერდის ავლით, ისინი უნგრეთის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში გენდერული პროპაგანდის დაბრუნებას უშვებენ.გარდა ამისა, „ტისას“ ნაბიჯი ღრმად არადემოკრატიულია. 2022 წლის ბავშვთა დაცვის რეფერენდუმში 3.5 მილიონმა უნგრელმა უარი თქვა გენდერულ პროპაგანდაზე. „ტისას“ მთავრობა ახლა მათ ნებას უგულებელყოფს“,- წერს ორბანი.ცნობისთვის, 13 ოქტომბერს უნგრეთის პარლამენტმა ბავშვთა დაცვის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას მისცა ხმა, რითაც 2021 წელს ვიქტორ ორბანის პრემიერობის დროს მიღებული ანტი-LGBTQ კანონები გაუქმდა. კანონპროექტს მხარი 139-მა დეპუტატმა დაუჭირა, 51 კი მის წინააღმდეგ წავიდა. ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ კონტენტში სექსუალური და გენდერული მრავალფეროვნების „გამოსახვის“ ან „პროპაგანდის“ აკრძალვის ნაცვლად, ახალი კანონი 18 წლამდე ასაკის პირებს იმ მასალისგან დაიცავს, რომელმაც შეიძლება, „სერიოზულად დააზიანოს ბავშვის ფიზიკური, ინტელექტუალური, ემოციური ან მორალური განვითარება“.უნგრეთში 2021 წელს ბავშვთა დაცვის შესახებ კანონი, რომელიც მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტიამ, „ფიდესმა“ დიდი უმრავლესობით მიიღო „ჰომოსექსუალობის ან ტრანსგენდერიზმის წარმოჩენას ან პოპულარიზაციას“ კრძალავდა. 

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი რუსეთში მისი ჩასვლის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ხელმძღვანელი კეშ პატელი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს, რომლის თანახმადაც, ის რუსეთში იმყოფება.„MS NOW-მა ახლახან გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს რუსეთში ჩავედი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) წარმომადგენლებთან შეხვედრების გასამართად. იგივე მედიასაშუალება მუდმივად ავრცელებს სიცრუეს FBI-ისა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ ამერიკელი ხალხის დაცვის მიმართულებით მიღწეული ისტორიული წარმატებების შესახებ.შედეგები თავად მეტყველებს: ძალადობრივ დანაშაულებთან დაკავშირებით დაკავებულია 53 969-ზე მეტი პირი. ეს მაჩვენებელი 90%-ით გაიზარდა;ქვეყნის მასშტაბით მკვლელობების მაჩვენებელი თითქმის 20%-ით შემცირდა;დაკავებულია ძალადობრივი დანაშაულების ჩადენაში ეჭვმიტანილი 31 016-ზე მეტი პირი და კრიმინალური დაჯგუფებების წევრი. ეს მაჩვენებელი 30%-ით გაიზარდა;დაკავებულია FBI-ის მიერ ძებნილ, ყველაზე საშიშ ათ დამნაშავეს შორის მყოფი 10 გაქცეული პირი. ეს წინა ოთხი წლის მაჩვენებელზე 2,5-ჯერ მეტია;აღმოჩენილი და იდენტიფიცირებულია დანაშაულის მსხვერპლი 11 081-ზე მეტი ბავშვი. ეს მაჩვენებელი 21%-ით გაიზარდა;ამოღებულია 3 258 კილოგრამზე მეტი ფენტანილი. ეს მაჩვენებელი 8%-ით გაიზარდა. ამ რაოდენობის ფენტანილი საკმარისია 247 მილიონზე მეტი ამერიკელის მოსაკლავად.ეს შემთხვევით არ მომხდარა. ეს FBI-ის თანამშრომლებისა და ჩვენი ყველა პარტნიორის – შტატების, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და ტომობრივი ხელისუფლებების სამართალდამცავი სტრუქტურების დაუღალავი შრომის შედეგია.მათ ბოდიში უნდა მოუხადონ FBI-ს, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს, ქალებსა და კაცებს, ამერიკელ ხალხს“, – წერს კეშ პატელი სოციალურ ქსელში.

ემანუელ მაკრონი – პოლიტიკური ძალები უფროსკლასელ მომიტინგეებს იყენებენ

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ძალები საპრეზიდენტო არჩევნების წინ საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ უფროსკლასელებს, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ.საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება მისმა პრესსპიკერმა, მოდ ბრეჟონმა გაავრცელა.ბრეჟონის თქმით, მთავრობის სხდომაზე მაკრონმა „ხაზი გაუსვა, რომ ახალგაზრდებს საფუძვლიანი შეშფოთების მიზეზები აქვთ, თუმცა აღნიშნა, რომ მათ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ და პროტესტს ქუჩის არეულობად აქცევენ“.პრესსპიკერის განმარტებით, მაკრონმა მოსწავლეთა აქციებზე საპასუხოდ, მთავრობას რამდენიმე კვირის განმავლობაში „კონკრეტული ზომების“ მომზადება დაავალა.საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 13 ოქტომბერს, პარიზსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში გამართულ დემონსტრაციებში 161 500 ადამიანი მონაწილეობდა. აქციების ორგანიზატორი პროფკავშირები კი ამბობენ, რომ მიტინგებს 480 ათასი მოქალაქე შეუერთდა.პარიზსა და ლიონში საპროტესტო მსვლელობების დროს ძალადობის ცალკეული შემთხვევები დაფიქსირდა, რის საპასუხოდაც პოლიციამ ცრემლსადენი აირი გამოიყენა.13 ოქტომბერს საპროტესტო აქციებს შვედი აქტივისტი გრეტა ტუნბერგიც შეუერთდა.

ჯორჯია მელონი – ვერავინ დამარწმუნებს, რომ საკუთარი თავისუფლების დამცველთა დანებებას შეიძლება, მშვიდობა ეწოდოს, დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობაა

ვერავინ დამარწმუნებს, რომ საკუთარი თავისუფლების დამცველთა დანებებას შეიძლება, მშვიდობა ეწოდოს, –  ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მელონის განცხადებით, კაპიტულაცია მშვიდობა კი არა, დაპყრობაა. მისივე თქმით, მთავრობის პოზიცია უცვლელია – კიევის მხარდაჭერა, მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერება და ევროატლანტიკური ერთიანობის შენარჩუნება იტალიის მთავრობის მოქმედების მთავარ საყრდენებად რჩება.„ვიცი, ამ საკითხზე მწვავე დებატები მიმდინარეობს – როგორც ამ დარბაზში, ისე პოლიტიკურ ძალებს შორის. პატივს ვცემ ამ განსხვავებულ მოსაზრებებს და მესმის კიდეც მათი, რადგან ამ დარბაზში ომი არავის სურს. ჩვენ ყველას მშვიდობა გვინდა. განსხვავება იმაშია, როგორ მიგვაჩნია, რომ ამ მიზანს უნდა მივაღწიოთ. ჩემი აზრით, უკრაინის მხარდაჭერა მშვიდობის ალტერნატივა კი არ არის, ეს არის ის, რაც მშვიდობას შესაძლებელს ხდის. რადგან, აგრესორს თუ შეუძლია მოწინააღმდეგეს დანებება მოსთხოვოს, მაშინ მოლაპარაკებები რაღაში გვჭირდება? თუმცა დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობაა. უკრაინამ ხვალ რომ შეწყვიტოს საკუთარი თავის დაცვა, როგორც ამას ბევრი იმედოვნებს ან გვთავაზობს, ჩვენ მშვიდობა არ გვექნებოდა. ჩვენ ვისაუბრებდით ევროპული სახელმწიფოს ოკუპაციასა და საბჭოთა ტიპის იმპერიალიზმის დაბრუნებაზე, რომელსაც ევროპა ნახევარი საუკუნის განმავლობაში იცნობდა. პირადად მე ის წლები არ მენატრება. არ მენატრება რუსული ტანკები, რომლებმაც პრაღასა და ბუდაპეშტში აჯანყებები ჩაახშეს და არც ბერლინის კედელი მენატრება. ვერავინ დამარწმუნებს, რომ საკუთარი თავისუფლების დამცველთა დანებებას შეიძლება, მშვიდობა ეწოდოს. მშვიდობა, რომლის დამყარებასაც ჩვენ ვესწრაფვით და რომლის მისაღწევაზეც ვმუშაობთ – მათ შორის, საზოგადოებრივი მხარდაჭერის თვალსაზრისით გარკვეული ფასის გადახდის მიუხედავად – სამართლიანი მშვიდობაა. მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი, მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა იცავს ევროპასა და ჩვენს ინტერესებს. ამიტომ, მთავრობის პოზიცია უცვლელი რჩება – კიევის მხარდაჭერა, განსაკუთრებული ყურადღებით მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, მოსკოვზე ზეწოლა და ევროატლანტიკური ერთიანობა ჩვენი მოქმედების მთავარ საყრდენებად რჩება“, – აღნიშნა მელონიმ.

ბოლო სიახლეები