საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე მოხდება პარლამენტში დროებითი კომისიის შექმნასთან დაკავშირებით დადგენილების განხილვა და კომისიის შექმნა, რომელიც სურსათის, მედიკამენტებისა და და საწვავის ფასებთან დაკავშირებულ საკითხებს შეისწავლის.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ფრაქციის მიერ უკვე დაიინიცირებულია დადგენილების პროექტი დროებითი კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.
„იცით, რომ მომავალ კვირას იხსნება საგაზაფხულო სესია. პირველივე სხდომებზე მოხდება განხილვა და შექმნა დროებითი კომისიის, რომელიც სამივე საკითხს, როგორც პროდუქტზე, ისე მედიკამენტებსა და საწვავთან დაკავშირებით საკითხებს შეისწავლის და გვექნება შესაძლებლობა, მთელი საზოგადოება იყოს ამაში ჩართული საჯარო სხდომების მეშვეობით, ყველამ ერთად მოვისმინოთ, როგორ ხდება ამ სფეროებში ფასების წარმოქმნა, იქნება ეს მწარმოებელი, დისტრიბუტორი თუ სხვა რგოლი ამ ბიზნესებისა, თავად მათგან მოვისმინოთ. ვხედავთ მათ განცხადებებს, რომ ხედავენ ფასების დაწევის შესაძლებლობას, მიუთითებენ გარკვეულ საკითხებზე, რომლებიც შეიძლება დარეგულირდეს, შეიძლება საკანონმდებლო სახით, შეიძლება პრაქტიკაა შესაცვლელი, შეიძლება მათ შორის ცნობიერების მხრივ, საზოგადოებამაც ამას ყურადღება მიაქციოს. ეს ყველაფერი იქნება საჯარო პროცესი, ჩართული იქნება ყველა დაინტერესებული პირი. შესაბამისად, ჩვენ ერთად, საზოგადოებასთან ერთად შევძლებთ საკითხში გარკვევას და გადაწყვეტილებების მიღებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

