სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024

შალვა პაპუაშვილი პარლამენტს მიმართავს წინადადებით, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტს მიმართავს წინადადებით, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართოს. აღნიშნულის შესახებ პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პარლამენტი პრეზიდენტის არჩევის თარიღს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.

პაპუაშვილის ინფორმაციით, ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს შედგება.

„დღეს სასესიო სხდომაზე ძირითადი განსახილველი საკითხი გვექნება პრეზიდენტის არჩევნების თარიღის ჩანიშვნა. როგორც იცით, საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლით საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა ხუთი წლის ვადით. ბოლო არჩევნები ჩატარდა 2018 წელს. გახსოვთ, რომ, გარდამავალი დებულებების შესაბამისად, იმ დროს პრეზიდენტი აირჩა ექვსი წლის ვადით, რათა ამ არჩევნების შედეგად დაკომპლექტებულ საარჩევნო კოლეგიას აერჩია 2024 წელს შემდეგი პრეზიდენტი. მოქმედ პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა გასდის 16 დეკემბერს. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როცა საპარლამენტო არჩევნები ემთხვევა პრეზიდენტის არჩევნებს ან არის წინა თვეს, ამ შემთხვევაში, მაქსიმუმ 45 დღეში უნდა ჩატარდეს არჩევნები. იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს პრეზიდენტის ხუთი წლის ვადით არჩევა, მნიშვნელოვანია, წელსვე ჩატარდეს როგორც არჩევნები, ისე ინაუგურაცია. სხვა შემთხვევაში, კვლავ არ შესრულდებოდა კონსტიტუციის დანაწესი ხუთწლიან ვადასთან დაკავშირებით და, ფაქტობრივად, ექვსი წლით არჩეული პრეზიდენტი გვეყოლებოდა. ამიტომ, შემოვდივარ წინადადებით, რომელიც ეხება პრეზიდენტის არჩევნების ჩანიშვნის თარიღს. შესაბამისად, ამას შევიტანთ დღის წესრიგში და გავა პლენარულ სხდომაზე. უკვე სესიის სხდომის ფარგლებში დავამტკიცებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ჩატარდეს 2024 წლის 14 დეკემბერს. შესაბამისად, მათ შორის ჩვენი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ინაუგურაცია ჩატარდება მესამე კვირა დღეს, ანუ 2024 წლის 29 დეკემბერს“, – განაცხადა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

პრეზიდენტის არჩევის ახალი წესის თანახმად, რომელიც კონსტიტუციით არის განსაზღვრული, პრეზიდენტი პირდაპირი წესით, ანუ საერთო-საყოველთაო არჩევნებით აღარ აირჩევა და პრეზიდენტის არჩევის უფლებამოსილება პარლამენტს ექნება.

კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტს ხუთი წლის ვადით, დებატების გარეშე, ღია კენჭისყრით საარჩევნო კოლეგია აირჩევს. საარჩევნო კოლეგიას დაამტკიცებს ცენტრალური საარჩევნო კომისია. კოლეგია 300 წევრისგან იქნება დაკომპლექტებული, მათ შორის იქნებიან პარლამენტის 150-ვე წევრი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 20 წევრი, აჭარის უმაღლესი საბჭოს 21 წევრი და თვითმმართველობის წარმომადგენლები (109 წევრი) 2021-2022 წელს პარტიების მიერ მიღებული მხარდაჭერის პროპორციის შესაბამისად. ამასთან, პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს ექნება. საარჩევნო კოლეგიის ერთ წევრს შეეძლება, მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას. არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც მიიღებს. კანდიდატი აღნიშნულ რაოდენობას თუ ვერ მოაგროვებს, გაიმართება მეორე კენჭისყრა, სადაც უბრალო უმრავლესობით მოხდება არჩევა. რაც შეეხება პრეზიდენტობის კანდიდატის ასაკობრივ ცენზს, კონსტიტუციით, პრეზიდენტად შეიძლება არჩეული იყოს საქართველოს მოქალაქე 40 წლის ასაკიდან, რომელსაც ქვეყანაში 15 წელი ექნება ნაცხოვრები.

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტად 2018 წლის 28 ნოემბერს აირჩიეს, ინაუგურაცია კი 16 დეკემბერს გაიმართა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ფარავნის უღელტეხილსა და გომი-სავანეს მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარავნის უღელტეხილსა და გომი-სავანეს მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 (გომი-სავანე) მონაკვეთზე და კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ანრი ოხანაშვილი: „მე ვიქნები უშუალო გულშემატკივარი ყველა იმ პროფესიონალი კეთილსინდისიერი საჯარო მოსამსახურის, რომელიც მუშაობს იუსტიციის სამინისტროში“

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი ანრი ოხანაშვილი მხარდაჭერას უცხადებს უწყებაში დასაქმებულ ყველა პროფესიონალ საჯარო მოსამსახურეს, რომელიც კეთილსინდისიერად ემსახურება საკუთარ ქვეყანას: „მე ვიქნები უშუალო გულშემატკივარი ყველა იმ პროფესიონალი კეთილსინდისიერი საჯარო მოსამსახურის, რომელიც მუშაობს იუსტიციის სამინისტროში და ჩვენი ყველას ერთობლივი ამოცანა იქნება, რომ მაღალი პროფესიონალიზმით, კეთილსინდისიერად და დიდი პასუხისმგებლობით ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს“, ‒ აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ანრი ოხანაშვილი: „ვამაყობ, რომ ვარ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი, რომ ვიმუშავებ იმ ხალხთან ერთად, რომლებიც არიან პროფესიონალები, უყვართ სამშობლო და...

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა ანრი ოხანაშვილმა  პოზიციაზე წარდგენისთვის გუნდს მადლობა გადაუხადა და ყურადღება გაამახვილა დეპუტატებთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. „მსურს, მადლიერება გამოვხატო ჩემი ამ პოზიციაზე წარდგენისთვის. ვამაყობ, რომ ვარ „ქართული ოცნების“ წევრი და რომ ვიმუშავებ ჩვენს სამთავრობო გუნდთან ერთად, რომლებიც არიან პროფესიონალები, რომლებსაც უყვართ ჩვენი სამშობლო და რომლებიც 24-საათიან რეჟიმში ზრუნავენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაზე.  ამ მხრივ განსაკუთრებული როლი გაქვთ პარლამენტის წევრებს და შესაბამისად, ჩემთვის განსაკუთრებულად ძვირფასი იქნება თქვენთან მუშაობა. ის გამორჩეული გამოცდილება, რომელიც თქვენთან ერთად შევიძინე, ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველი იქნება“, ‒ აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა. XI მოწვევის პარლამენტის კომიტეტები მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. ირაკლი კობახიძემ იუსტიციის მინისტრის პოსტზე ანრი ოხანაშვილი 25 ნოემბერს წარადგინა.

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბოსნია დაამარცხა

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის პირველ რაუნდში ასპარეზობა მოგებით დაიწყო. ლავრენტი დავითაშვილის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი მასპინძელ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გამართა და 1:0 მოიგო. ერთადერთი გოლი მე-3 წუთზე გავიდა. მარცხენა ფლანგზე კარგად ითამაშა ნინო ბუხრიკიძემ, შეტევა კი გოლით კესო მეტონიძემ დააგვირგვინა. ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა და საქართველოს 19-წლამდე გოგონებმა პირველი მატჩი მოიგეს. ჩვენი ჯგუფის მეტოქეებიდან უელსმა ლიეტუვა 4:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩში 29 ნოემბერს უელსს დაუპირისპირდება, ხოლო 2 დეკემბერს – ლიეტუვას. ორივე მატჩი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. პირველი რაუნდის შემდეგ A ლიგაში B ლიგის ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად საუკეთესო მეორეადგილოსანი აღზევდება.

რატი იონათამიშვილი: საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს პატიოსანი, პროფესიონალი და პატრიოტი

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების“ წევრი რატი იონათამიშვილი "დღის კურიერის" ეთერში პრეზიდენტობის კანდიდატზე და მის თვისებებზე საუბრობს.მისი თქმით, კანდიდატი უნდა იყოს პატიოსანი, პატრიოტი და პროფესიონალი."მე არ მაქვს უფლება ვისაუბრო პრეზიდენტობის კანდიდატის ვინაობაზე, თუმცა შემიძლია ვთქვა კრიტერიუმები, საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს პატიოსანი და პროფესიონალი და პატრიოტი. ამ თვისებებს იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ როდესაც ადამიანი პროფესიონალია, პატრიოტია და თან პატიოსანი, მან კარგად იცის ეროვნული და ტრადიციული ღირებულებები, ასეთი ადამიანი სახელმწიფოებრივად აზროვნებს. რაც ჩამოვთვალე, ამის საპირისპიროა ჩვენი ბოლო პრაქტიკა და გამოცდილება, ეს არის ადამიანი, რომელიც ყოველდღე თავზე იხევს კონსტიტუციას. ის ცდილობს სახელმწიფო ინტერესების დაზიანებას და შემდეგ ისევ სახელმწიფოს სახელით გველაპარაკება,"- აცხადებს რატი იონათამიშვილი.

ბოლო სიახლეები