ოთხშაბათი, აპრილი 30, 2025

შალვა პაპუაშვილი – კარლო ჩხეიძისთვის გადაცემული საპარლამენტო ორდენი ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმს გადავეცი

საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძისთვის გადაცემული საპარლამენტო ორდენი ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმს გადავეცი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, კარლო ჩხეიძის შთამომავლების გადაწყვეტილებით, თავისუფლების საპარლამენტო ორდენი, რომლითაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე დაჯილდოვდა, საქართველოს პარლამენტს გადაეცა.

„ჩემი, 2023 წლის 25 მაისის ბრძანების შესაბამისად, პარლამენტარიზმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სიკვდილის შემდეგ, საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ლომთათიძე და თავმჯდომარის მოადგილეები ექვთიმე თაყაიშვილი და სვიმონ მდივანი თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვდნენ.

ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის ხელმძღვანელობით ფუნქციონირებდა საქართველოს პირველი საკანონმდებლო ორგანო (დამფუძნებელი კრება), რომელმაც 1921 წელს საქართველოს პირველი კონსტიტუცია მიიღო“, – წერს პაპუაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

სადგურის მოედნის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ჩამოეწერებათ, - ამის შესახებ განცხადებას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მზადაა, 2025 წლის 30 აპრილს თბილისში, სადგურის მოედნის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებული მეწარმეების მიერ, შემოსავლების სამსახურის გადამხდელის ავტორიზებული გვერდიდან განცხადებით (დაუძლეველი ძალის ზემოქმედების შედეგად განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა) მომართვის შემთხვევაში, მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე 10 სამუშაო დღის ვადაში ჩამოაწეროს ხანძრის ზემოქმედების შედეგად განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერით, დაზარალებულ პირებს განადგურებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებები არ წარმოეშვებათ“, - ნათქვამია განცხადებაში.

Bloomberg: აშშ-მა და უკრაინამ წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას, შესაძლოა, დღეს მოაწერონ ხელი

უკრაინამ და აშშ-მა, შესაძლოა, დღეს წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერონ. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.სააგენტოს ცნობით, შეთანხმების პროექტი, რომელიც უკრაინის საინვესტიციო პროექტების მართვისთვის საერთო ფონდის შექმნას გულისხმობს, უკვე დახვეწილია.როგორც Bloomberg-ს წყარო უყვება, უკრაინის ეკონომიკის მინისტრი, იულია სვირიდენკო უკვე გაემგზავრა ვაშინგტონში.დოკუმენტის თანახმად, აშშ და უკრაინა ერთად შექმნიან პირობებს „უკრაინის სამთომოპოვებით, ენერგეტიკულ და სხვა დარგებში ინვესტიციების გასაზრდელად“. ვაშინგტონი აგრეთვე აღიარებს კიევის სურვილს ხელი მოაწეროს ისეთ შეთანხმებებს, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების გეგმას ხელს არ შეუშლის, რაც უკრაინისთვის წითელ ხაზად ითვლება.რაც შეეხება ამერიკის მიერ უკრაინის თავდაცვაზე დახარჯულ თანხას, როგორც სააგენტო იუწყება, ეს ახალ ხელშეკრულებაში გაწერილი არ იქნება.

რასა იუკნევიჩიენე – საქართველოს დებიძინიზაცია არის ჩვენი ინვესტიცია ჩვენს მომავალსა და უსაფრთხოებაში

საქართველო გახლავთ უძველესი ქრისტიანული ერი ჩვენს კონტინენტზე. ახლა ჩვენ ვდგავართ ევროპული საქართველოს კრემლის სტილის საქართველოდ დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ვალენსიაში, „ევროპის სახალხო პარტიის“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.იუკნევიჩიენეს თქმით, „ყველა ქვეყანამ, რომელსაც ანაღვლებს ევროპის მომავალი, უნდა დაუწესოს სანქციები ივანიშვილსა და იმ პირებს, ვინც პასუხისმგებელი არიან გაყალბებულ არჩევნებსა და რეპრესიებზე“.„საქართველო მრავალი წლის განმავლობაში შორდებოდა ევროკავშირს ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში, თუმცა უკანასკნელმა საპარლამენტო არჩევნებმა, რომელიც 2024 წელს ჩატარდა, სათავე დაუდო საქართველოს დაღმასვლას, სასტიკ რეპრესიებს, ძალადობას, დაკავებებს – ეს ყველაფერი კრემლის სახელმძღვანელოდანაა. ერთ დროს ევროპის სანდო მოკავშირე საქართველო გარდაიქმნება პუტინის მარიონეტად.ეს უდიდესი დანაკარგია არა მხოლოდ თავისუფლების მოყვარე ქართველებისთვის, არამედ ეს ნიშნავს სტრატეგიული მოკავშირის დაკარგვას შავი ზღვის რეგიონში, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპული უსაფრთხოებისთვის. საქართველოში დღეს მოქმედი რეჟიმი არის კრემლის მიერ სახელმწიფოს შიგნიდან წარმატებით მიტაცების მაგალითი და ეს შეიძლება მოუვიდეს ევროკავშირის წევრ ქვეყანასაც, თუ ჩვენ ამ ინფექციას დროულად არ შევაჩერებთ. საქართველოს დებიძინიზაცია გახლავთ ჩვენი ინვესტიცია ჩვენს მომავალსა და უსაფრთხოებაში. ყველა ქვეყანამ, რომელსაც ანაღვლებს ევროპის მომავალი, დაუყოვნებლივ უნდა დაუწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილსა და ყველა იმ პირს, ვინც პასუხისმგებელი არიან გაყალბებულ არჩევნებსა და რეპრესიებზე“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

სასიამოვნო სიახლე-აზერბაიჯანული მედია ბაქო-თბილისი-ბაქოს სამგზავრო მატარებლის ამოქმედების სავარაუდო თარიღს ასახელებს

აზერბაიჯანული მედია ბაქო-თბილისი-ბაქოს სამგზავრო მატარებლის ამოქმედების სავარაუდო თარიღს ასახელებს.ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პირველი მატარებელი თბილისიდან 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ბაქოდან 28 მაისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღეს გავა.ორი ქვეყნის სარკინიგზო კომპანიას შორის შეთანხმების შესახებ აზერბაიჯანულ საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალ Minval-ს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.ამჟამად მხარეები რიგ ნიუანსებს, მათ შორის, სამგზავრო ტარიფებს განიხილავენ. გამოცემის ცნობით, სს „საქართველოს რკინიგზამ,“ თავის მხრივ, ცალმხრივი ბილეთის ფასი დაადგინა და ტარიფების ბადე თავის აზერბაიჯანელ პარტნიორებს გაუგზავნა. კერძოდ, საქართველო აზერბაიჯანულ მხარეს კუპეზე ბილეთის ფასად 50 ლარს, ხოლო საძილე ვაგონის ბილეთის ფასად 70 ლარს სთავაზობს. ჯერ უცნობია, რა ფასებს სთავაზობს აზერბაიჯანული მხარე.მანამდე ორივე ქვეყნის სატრანსპორტო უწყება სამგზავრო სარკინიგზო მომსახურების 1-ლი მაისიდან აღდგენას აანონსებდა, თუმცა მოგვიანებით მხარეებმა საზოგადოებას აცნობეს, რომ ეს თარიღი გაუქმდა, რისი მიზეზიც არ დასახელებულა.ცნობისთვის: ბაქოსა და თბილისს შორის სამგზავრო მიმოსვლა 2020 წლის მარტში, COVID-19-ის პანდემიის გამო შეჩერდა და დღემდე არ აღდგენილა. ამასთან, აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის, საქართველოსთან, დაკეტილი რჩება. ქვეყანაში კვლავ სპეციალური საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს, რომლის ვადაც მიმდინარე წლის 1 ივლისს იწურება. ამ ეტაპზე აზერბაიჯანიდან გასვლა მხოლოდ თვითმფრინავით, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში საავტომობილო ტრანსპორტითაც არის შესაძლებელი.

სალომე ზურაბიშვილი – ჩვენ ვიბარებთ 26 მაისს და ამისთვის მზადება უკვე დაწყებულია

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მორიგი ბრიფინგი გამართა, რომელზეც, მათ შორის, 26 მაისზე ისაუბრა.როგორც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, 26 მაისისთვის მზადება უკვე დაწყებულია.„ჩვენი პლატფორმა აწყობს 26 მაისის მოსამზადებელ კომისიას, სადაც ყველანი შემოვლენ. ეს არ იქნება პლატფორმის კომისია, არამედ ყველა იმ ძალების, რომლებიც დღეს არიან წინააღმდეგობის ძალები, რამეთუ ჩვენ ვიბარებთ 26 მაისს და ამისთვის მზადება უკვე დაწყებულია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.მისი თქმით, ბოლო თვეების რეპრესიები იმის მაჩვენებელია, რომ რეჟიმი ვერ უმკლავდება სიტუაციას და მხოლოდ ამით ცდილობს თავის გამყარებას.„ჩხრეკები, რეიდები სრულიად წარმოუდგენელია ნორმალურ ქვეყანაში, მაგრამ, დიდი ხანია, ჩვენ აღარ ვითვლებით ნორმალური ქვეყნების რიგებში. ბოლო თვეების რეპრესიები იმის მაჩვენებელია, რომ რეჟიმი ვერ უმკლავდება სიტუაციას და მხოლოდ ამით ცდილობს თავის გამყარებას. ყოველდღიურად ჩანს, რეჟიმი ვერც პროტესტის საბოლოო ჩქარობას აღწევს, ვერც ხალხის საბოლოო დაშინებას, ვერც იმას, რომ რეჟიმი შინაგანად გაამყაროს. ჩვენ ვხედავთ, რომ რყევები ძლიერდება. ადამიანები ტოვებენ, ადამიანები გადიან ამ რეჟიმის პირველი წრიდან სხვადასხვა ფორმით, მაგრამ ის, რომ ამ რეჟიმის უახლოესი პირები ამ ბოლო პერიოდში თამაშიდან გავიდნენ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანია, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ეს რყევები. ეს არის ერთ-ერთი ფორმა, როდესაც რეჟიმები თავიანთ დასასრულს უახლოვდებიან“, – განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.სანქციების გავლენებზე საუბრისას სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ისინი ახდენენ გავლენას იმ ადამიანებზე, რომლებიც პირველი წრის ადამიანები არიან.„ადამიანებზე, რომლებსაც დიდი დოვლათი აქვთ დაგროვებული, მათზეა ყველაზე სერიოზული შედეგები, პირველ რიგში, იმ ადამიანზე, რომელიც დღეს არის თავისი სიმდიდრით იზოლირებული და პრაქტიკულად ვერ სარგებლობს ამ თანხებით. ამაზე ცალკე ინფორმაცია გვექნება, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ბოლო სიახლეები