ოთხშაბათი, იანვარი 22, 2025

შალვა პაპუაშვილი – თორნტონის განცხადება ცხადყოფს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია არა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის საკითხი, არამედ საკუთარი პოლიტიკური დაჯგუფების დღის წესრიგის გატარება

სალომე ზურაბიშვილის დამქირავებლის ეს განცხადება ცხადყოფს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია არა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის საკითხი, არამედ საკუთარი პოლიტიკური დაჯგუფების დღის წესრიგის გატარება აშშ-შიც და საქართველოშიც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს და ეხმაურება „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის, ლორა თორნტონის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ კომენტარს.

როგორც პაპუაშვილი წერს, ეს არის „დიფ სთეითის“ საქმიანობის სტილი და იმედოვნებს, ტრამპი ამას წარმატებით გაუმკლავდება.

„სალომე ზურაბიშვილის დამქირავებლის ეს განცხადება, რომელიც მან X-ზე ერთ-ერთ დისკუსიაში გააკეთა, სადაც საკითხი შეეხებოდა, რა როლს ითამაშებდა პრეზიდენტი ტრამპი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობაში, ცხადყოფს, რომ მისთვის საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის საკითხი კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ საკუთარი პოლიტიკური დაჯგუფების დღის წესრიგის გატარება აშშ-შიც და საქართველოშიც. სწორედ ეს არის „დიფ სთეითის“ საქმიანობის სტილი, რომელსაც, იმედია, პრეზიდენტი ტრამპი წარმატებით გაუმკლავდება“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

რომელი სესხის აღების შემთხვევაში შეგიძლიათ ხელშეკრულებაზე უარის თქმა და რა შემთხვევაში არა

2024 წლის 1-ლი ივლისიდან მომხმარებელს უფლება აქვს უარი თქვას დისტანციურად დადებულ ხელშეკრულებაზე, ასევე, ერთ მილიონ ლარამდე გაცემულ სესხებზე/კრედიტებზე მათი გაფორმებიდან 14 დღის განმავლობაში. აღნიშნული ცვლილებები ძალაში „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში“ შევიდა. რა უნდა ვიცოდეთ ჩვენი უფლებების შესახებ ფინანსურ ორგანიზაციებთან – ამის შესახებ სებ-ის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა გზირიშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა. „უკანასკნელი ყველაზე მხსვილი ცვლილება, ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება, ევროდირექტივის მოთხოვნებიდან გამომდინარეობს. ჩავთვალეთ, რომ საჭირო იყო მომხმარებლებისთვის ამ უფლების მინიჭება, მათ შორის საფინანსო სექტორში. დაზუსტდა და გაიწერა, რა ტიპის ხელშეკრულებებზე შეუძლია მომხმარებელს უარის თქმა. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს გააუქმოს ხელშეკრულება, ყოველგვარი მიზეზის გარეშე. ამისთვის საჭიროა სპეციალური შეტყობინება გაუგზავნოს ფინანსურ დაწესებულებას. ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 დღის ვადაში მომხმარებელი აგზავნის შეტყობინებას და 30 დღე აქვს მომხარებელს /ფინანსურ ორგანიზაციას, რომ თანხები, რომლებიც აიღეს მომსახურებისთვის, უკან დააბრუნონ. აქ მომხმარებლისთვის შესაძლოა, გარკვეული ხარჯიც დაეკისროს: მაგალითად, თუ მომხმარებელი გააუქმებს ხელშეკრულებას, 30 დღის განმავლობაში მან უნდა მოიტანოს ნასესხები თანხა და ხელშეკრულების გაფორმებიდან თანხის დაბრუნებამდე პროცენტი. მას არ მოუწევს გაცემის საკომისიოს გადახდა,“ – განაცხადა გზირიშვილმა. მან ასევე დააკონკრეტა, რომ აღნიშნული ცვლილება შეეხება ისეთ სესხებს, რომლის აღების გადაწყვეტილებასაც ადამიანი შედარებით სწრაფად იღებს, ანუ სალომბარდე, ავტომობილით უზრუნველყოფილ სესხებზე და იშვიათ შემთხვევაში, იპოთეკურ სესხებზე. კითხვაზე, შეამცირებს თუ არა საჩივრებს აღნიშნული ცვლილებები, გზირიშვილმა უპასუხა, რომ ზოგადად საჩივრების რაოდენობის ზრდა ტენდენციურია და ეს არ ნიშნავს, რომ ფინანსური დაწესებულებები რამეს არასორად აკეთებენ. „ფინანსური ინსტიტუციების მიმართ პრეტენზიების ზრდა ნიშნავს, რომ ცნობიერება გაიზარდა და ადამიანებმა საკუთარი უფლებების დაცვა ისწავლეს. ამიტომ შესაძლოა, პრეტენზიების რაოდენობამ კიდევ უფრო მოიმატოს. ამასთან, საჩივრების 20%, მომხმარებლების სასარგებლოდ გადაწყდა, ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ მათ დაწერას აზრი არ აქვს,“ – აცხადებს ლაშა გზირიშვილი. წყარო

ტრამპმა რუსეთს ომის დასრულებისკენ მოუწოდა – თუ ვერ შევთანხმდებით, სხვა არჩევანი არ მექნება, გარდა იმისა, რომ სანქციები დავუწესო ყველაფერს, რასაც რუსეთი ყიდის აშშ-ში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთს უკრაინასთან ომის დასრულებისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, რუსეთს ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს. „მე არ მინდა, ტკივილი მივაყენო რუსეთს. მე მიყვარს რუსი ხალხი და ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა პრეზიდენტ პუტინთან. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი მეორე მსოფლიო ომის მოგებაში დაგვეხმარა, თითქმის 60 მილიონი სიცოცხლე დაკარგა ამ პროცესში. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მე ვაპირებ, რუსეთს, რომლის ეკონომიკაც იშლება, პრეზიდენტ პუტინს ძალიან დიდი სამსახური გავუწიო. ახლავე მოაგვარეთ და შეწყვიტეთ ეს აბსურდული ომი. მხოლოდ უფრო გაუარესდება“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში. როგორც დონალდ ტრამპი აღნიშნავს, პუტინი თუ ამას არ დათანხმდება, შეერთებული შტატები რუსეთს სანქციებს დაუწესებს. „ჩვენ თუ ვერ შევთანხმდებით, მე სხვა არჩევანი არ მექნება, გარდა იმისა, რომ მაღალი გადასახადები, ტარიფები და სანქციები დავაწესო ყველაფერზე, რასაც რუსეთი ყიდის აშშ-ში და ასევე სხვა მონაწილე ქვეყნებს“, – დასძინა ტრამპმა.

“მაისის სტუდენტურმა მოძრაობამ” თსუ-ის საგამოცდო ცენტრი დაიკავა-მათ ოთხი მთავარი მოთხოვნა წამოაყენეს

"მაისის სტუდენტურმა მოძრაობამ" თსუ-ის მაღლივის ბიბლიოთეკის საგამოცდო ცენტრი დაიკავა. მათი მოთხოვნებია: 1. გათავისუფლდნენ სტუდენტები და სხვა დაკავებულები 2. აშენდეს საერთო სტუდენტური საცხოვრებელი ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის 3. გაიზარდოს სტიპენდია საცხოვრებელ ხელფასამდე 4. განათლების დაფინანსების  გაზრდა და მაღალი ყოველწლიური გადასახადების გაუქმება სტუდენტებისთვის. "ვიკავებთ თსუ-ს საგამოცდო ცენტრს ცენტრალური ბიბლიოთეკის ბაზაზე. დღეს საუნივერსიტეტო ფუნქციონირება გადის საგამოცდო ცენტრზე. ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შედეგად, სტუდენტები მოწყდნენ საუნივერსიტეტო ცხოვრებას საგანმანათლებლო ბოიკოტის გამო, მაგრამ აკადემიური ცხოვრება სტუდენტების გარეშე გაგრძელდა. ამის მიზეზი არის სწორედ საუნივერსიტეტო პროცესის კვლავ ფუნქციონირება. რამაც ათასობით სტუდენტი დააყენა მაღალი გადასახადის კიდევ რამდენიმე წლით გაგრძელების წინაშე", - ამბობენ სტუდენტები.

თურქეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 79-მდე გაიზარდა

თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 79-მდე გაიზარდა, ხანძრის შედეგად 51 ადამიანი დაშავდა. თურქული მედიის ცნობით, გამოძიების ფარგლებში დააკავეს ბოლუს მერის მოადგილე სედათ გიულნერი და სახანძრო სამსახურის მოადგილე კენან კოშკუნი, ასევე კომპანიის გენერალური მენეჯერი და სასტუმროს მენეჯერი. თურქეთის იუსტიციის მინისტრის, ილმაზ თუნჩის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის სულ დაკავებულია 11 პირი. სამძებრო, სამაშველო და ქრობის სამუშაოები ხანძრის გავრცელებიდან 36 საათის შემდეგ დასრულდა.

ოლაფ შოლცი – დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა ევროპისთვის გამოწვევა იქნება

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა ევროპისთვის გამოწვევა იქნება, თუმცა ევროპა იქნება ძლიერი და მედეგი. ამის შესახებ შოლცმა პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მიმდინარე კვირაში აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ჰყავს. პრეზიდენტი ტრამპი, უკვე ცხადია, იქნება გამოწვევა. ევროპას და აშშ-ს აქვთ მეგობრობისა და პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია. ჩვენ ასევე ვდგავართ ამ მყარ ფუნდამენტზე“, – თქვა შოლცმა. გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი გაანალიზებს დონალდ ტრაპის მიერ გამოცხადებულ გარკვეულ გადაწყვეტილებებს. „ჩვენ ორივე ვთანხმდებით: ევროპა უნდა იყოს ძლიერი და მედეგი მსოფლიოში, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, ცვალებადია. ევროპა არ დაიმალება, არამედ იქნება კონსტრუქციული და თავდაჯერებული პარტნიორი. ამ საფუძველზე ჩვენ კარგად ვიმუშავებთ აშშ-თან და ამერიკის ახალ პრეზიდენტთან. ნატო არის ევროპაში უსაფრთხოების და ტრანსატლანტიკური ურთიერთობების მთავარი გარანტორი“, – თქვა გერმანიის ლიდერმა.

ბოლო სიახლეები