„სალომე ზურაბიშვილიც პირადი ერთგულების მოტივით ჩამოიყვანა ივანიშვილმა, რომელსაც შეუქმნა პირობები და დანიშნა პრეზიდენტად. ვაღიაროთ, რომ დასვა პირდაპირ, მაგრამ დღეს ამ ქალბატონის პირადი ოჯახური ინტერესები დაემთხვა ქვეყნის ინტერესებს. ამიტომ, ჩვენ არ ვუშლით ხელს მას ამაში და ვცნობთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად. ის აღარ დანიშნა მეორე ვადით ივანიშვილმა, გადაგდებული გამოვიდა და ბუნებრივია, გამწარდა, როგორც მეოჯახე ქალბატონი. პრინციპში, ახლა აქტიურობს და ჩვენ მას ვცნობთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად, გარდამავალ ეტაპზე გამოსაყენებელია. აქ საუბარია ლეგიტიმურობის ხარისხზე, ვინ უფრო ლეგიტიმურია და შესაბამისად, მსოფლიოც აღიარებს, რომ ეს უფრო ლეგიტიმურია. გარდამავალ ეტაპზე ეს ქალბატონი იყოს, ჩვენ ხელს არ ვუშვებთ, მაგრამ რამე მეორე ვადით პრეზიდენტობა ან დიდი პოლიტიკური პოსტის დაკავება ჩვენი დახმარებით მას არ ეღირსება“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
შეკითხვაზე, ჩართულია თუ არა „ლეიბორისტული პარტია“ ოპოზიციასა და სალომე ზურაბიშვილს შორის მიმდინარე კონსულტაციებში, ნათელაშვილმა განაცხადა, რომ არა.
„ეგღა გვაკლია ჩვენ ახლა, რომ სალომე ზურაბიშვილი იყოს ჩვენი ლიდერი“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.