კვირა, მარტი 8, 2026

ღრმად ვარ დარწმუნებული, არც ერთ ქართველ ებრაელს, ვისთვისაც საქართველო მეორე სამშობლოა, არ მოეწონებოდა ისრაელის საელჩოს განცხადება. მსგავსი განცხადებებით არ შენარჩუნებულა ჩვენი 26-საუკუნოვანი მეგობრობა – თამარ ჩიბურდანიძე

ისრაელის საელჩოს განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პარტია “ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე და აღნიშნა, რომ საელჩოს მსგავსი პოზიცია შეიძლება კრიტიკულად შეფასდეს როგორც ქართულ, ისე ებრაულ საზოგადოებაში.

„მე მჯერა ქართველი და ებრაელი ერის ნამდვილი მეგობრობის და მჯერა ისიც, რომ ამ პროვოკაციულ განცხადებას არ აჰყვებიან და შეძლებენ პირადი ემოციების მართვას. სოციალურ ქსელებშიც კარგად ჩანს, რომ ბევრი ქართველი და ებრაელი ამ საკითხში საქართველოს პოზიციას იზიარებს”- აღნიშნა ანალიტიკოსმა და განმარტა, რომ ქართულ-ებრაული ურთიერთობების შენარჩუნება განსაკუთრებულ სიფრთხილესა და პასუხისმგებლობას საჭიროებს. „ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არც ერთ ქართველ ებრაელს, ვისთვისაც საქართველო მეორე სამშობლოა, არ მოეწონებოდა დღეს ისრაელის საელჩოს განცხადება.

ეს შეცდომა საელჩოს არ უნდა დაეშვა. ამის საპასუხო რეაქცია ქართული და ებრაული საზოგადოებისგან ისრაელის საელჩოს მიმართ იქნება ძალიან კრიტიკული. მსურს ისრაელის საელჩოს პასუხი გავცე როგორც ერთმა რიგითმა ქართველმა, რომელსაც ძალიან უყვარს ებრაელი ხალხი და რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ქართულ-ებრაულ მეგობრობას. აქ ხაზს ვუსვამ ნამდვილ მეგობრობას და არა იმას, რაზეც საელჩო მიუთითებს — დიდ პოლიტიკურ თამაშებში საქართველოს შესაძლო გაწირვას. ბატონო ელჩო, ქართულ-ებრაული მეგობრობის სიყვარული რომ კარგად შეიგრძნოთ, ეს სისხლით მორწყული მიწა ისევე უნდა გიყვარდეთ, როგორც უყვართ ქართველ ებრაელებს. თქვენ რომ კარგად იცოდეთ ჩვენი 26-საუკუნოვანი თანაცხოვრების ისტორია, მაშინ ამ წერილს არ გამოაქვეყნებდით, რომელიც ოპოზიციის დაკვეთას უფრო ჰგავს მათი დასავლელი პატრონებისგან, ვიდრე საქართველოს მეგობარი ქვეყნის პოზიციას. 26 საუკუნის წინ ქართველმა ხალხმა ებრაელები მიიღო უდიდესი სიწმინდეების — წმინდა ელია წინასწარმეტყველის ხალენის და შემდგომ უკვე მაცხოვრის კვართის ჩამობრძანებით.

მას შემდეგ ჩვენი ისტორია ერთად იწერება და არ მგონია მთელს მსოფლიოში იპოვოთ ქვეყანა, სადაც ასე მშვიდობიანად და ხელშეუხებლად ეცხოვროს ებრაელ ხალხს. ვერ იპოვით ისტორიიდან ვერც ერთ ფაქტს, როდესაც ებრაული დიასპორის ან პოლიტიკის წარმომადგენლებს მსგავსი განცხადებებით შუღლი ჩაეგდოთ საუკუნოვან მეგობრობაში. თქვენ კი დღეს სერიოზული დისონანსი შეიტანეთ ამ ურთიერთობებში, თუმცა ისიც ვიცით, რომ პოლიტიკა ცვალებადია, ჩვენი მეგობრობა კი — მუდმივი. იქნებ გაიხსენოთ, როდესაც ჰეზბოლამ ისრაელში ტერაქტი განახორციელა, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ოფიციალური განცხადება გააკეთა თქვენს მხარდასაჭერად და ამით სერიოზული საფრთხის ქვეშ დააყენა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. არც დღეს აუვლია გვერდი საქართველოს ხელისუფლებას ამ ომზე სამძიმრის წერილის გამოქვეყნებისგან, რაც ასევე გარკვეულ რისკებს შეიცავდა. ეს დიდი სახელმწიფოების დიდი პოლიტიკური თამაშებია საკუთარი დივიდენდების მისაღებად და ეს გასაგებიცაა, მაგრამ გაუგებარია, რატომ ითხოვთ საქართველოდან მსხვერპლთშეწირვას? დავიჯეროთ, ოპოზიციის მტრულ ქმედებებს მიჰყვება თქვენი საელჩო და თქვენც მათსავით ითხოვთ საქართველოში ბომბების ცვენას?

ჩვენ გვაქვს გასული საუკუნის 90-იანი წლების და შემდეგ უკვე 2008 წლის სისხლიანი ქრონიკები. სამწუხაროდ, გვახსოვს მეგობარი სახელმწიფოების თავშეკავებული და მოზომილი განცხადებები. გვახსოვს აგვისტოს დღეებში ისრაელის რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობაც საქართველოს წინააღმდეგ, რაც დღემდე დიდ ტკივილად გვრჩება. საქართველოში დღეს ცხოვრობს დაახლოებით 5 000-მდე ებრაელი და 500 000-ზე მეტი მუსლიმი. გარდა ამისა, ირანში ცხოვრობს დაახლოებით 400 000 ქართული წარმოშობის ადამიანი. ჩვენ ვართ გლობალური პროცესების ეპიცენტრში ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის გამო და ერთი ზედმეტი სიტყვაც კი შეიძლება სერიოზულ საფრთხედ იქცეს. მინდა გითხრათ, რომ მსგავსი განცხადებებით არ შენარჩუნებულა ქართველი და ებრაელი ერის 26-საუკუნოვანი მეგობრობა. „მეგობრის ჭირში ცნობა“ შეიძლება საკუთარი თავის გაწირვას ნიშნავდეს, მაგრამ არა სამშობლოსის — ამის უფლება არც ერთ ხელისუფლებას არ აქვს. მე მჯერა ქართველი და ებრაელი ერის ნამდვილი მეგობრობის და მჯერა ისიც, რომ ამ პროვოკაციულ განცხადებას არ აჰყვებიან და შეძლებენ პირადი ემოციების მართვას. სოციალურ ქსელებშიც კარგად ჩანს, რომ ბევრი ქართველი და ებრაელი ამ საკითხში საქართველოს პოზიციას იზიარებს,”— წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ისრაელის თავდაცვის ძალები განცხადებას ავრცელებს

ისრაელის სამხედროები აპირებენ დაარტყან ხამენეის მემკვიდრეს და ლიდერის შერჩევის პროცესში ჩართული პირებს. ამის შესახებ კვირას გავრცელებულ გაფრთხილებაშია ნათქვამი, იუწყება CNN-ი."ტირან ხამენეის დამხობის შემდეგ, ირანის ტერორისტული რეჟიმი ცდილობს გადაჯგუფებას და ახალი უზენაესი ლიდერის არჩევას“, - წერს ისრაელის თავდაცვის ძალები."გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ისრაელის სახელმწიფო გააგრძელებს მემკვიდრის და ყველა იმ პირის დევნას, ვინც მის დანიშვნას შეეცდება“, - ნათქვამია განცხადებაში.ისრაელის თავდაცვის ძალებმა მემკვიდრის შერჩევის შეხვედრაზე დამსწრე პირებიც გააფრთხილა: "ჩვენ, უყოყმანოდ, თქვენც ამოგიღებთ სამიზნეში. ჩათვალეთ, რომ გაფრთხილებული ხართ", - ნათქვამია განცხადებაში.ცნობისთვის, ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანი ახლოსაა უზენაესი ლიდერის არჩევასთან.

ირანული მედია – ირანის ექსპერტთა ასამბლეამ თითქმის მიიღო გადაწყვეტილება, ვინ უნდა შეცვალოს აიათოლა ალი ხამენეი

ირანის ექსპერტთა ასამბლეამ თითქმის მიიღო გადაწყვეტილება, ვინ უნდა შეცვალოს უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი, რომელიც გასულ კვირას  აშშ-ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად დაიღუპა. ამის შესახებ ირანული მედია ირანის მაღალი რანგის სასულიერო პირის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას. ექსპერტთა ასამბლეა 88 მაღალი რანგის სასულიერო პირისგან შედგება. მათ ხამენეის შემცვლელის შერჩევა ევალებათ. მედიის ინფორმაციით,  აიათოლა მოჰამედ მეჰდი მირბაგერიმ განაცხადა, რომ „უმრავლესობამ  გადაწყვეტილებას“ მიაღწია,  თუმცა ზოგიერთი პროცედურული დაბრკოლების მოგვარებაა საჭირო.

დონალდ ტრამპი და პიტ ჰეგსეტი ირანის გოგონათა სკოლის დაბომბვაში ირანს ადანაშაულებენ

დონალდ ტრამპმა და პიტ ჰეგსეტმა ირანის გოგონათა სკოლის დაბომბვაში ირანი დაადანაშაულეს. ამის შესახებ გამოცემა ,,ჰილი” წერს. „იმის საფუძველზე, რაც მე ვნახე, ეს ირანმა გააკეთა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სკოლა ირანმა დაბომბა. დარტყმა ძალიან არაზუსტი იყო, როგორც იცით. მათ არანაირი სიზუსტე არ აქვთ. ეს ირანმა განახორციელა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებთან საუბრისას. ამასთან, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. „ერთადერთი მხარე, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას ესხმის თავს, ირანია“, – განაცხადა ჰეგსეტმა. მანამდე, თეთრი სახლის პრესსპიკერს, ქეროლაინ ლევიტს ჟურნალისტებმა აღნიშნულთან დაკავშირებით ჰკითხეს, კერძოდ, განახორციელა თუ არა სკოლაზე დარტყმა აშშ-მა, რაზეც ლევიტმა უპასუხა,რომ მისთვის უცნობია. ცნობისთვის, ირანის ქალაქ მინაბში, გოგონათა სკოლის დაბომბვის შედეგად 165-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა უმეტესობა ბავშვები იყვნენ.

ირანის ელჩი ალი მოჯანი-ცილისწამება ვერ ჩაანაცვლებს სიმართლეს და პროპაგანდა ვერ წაშლის ერის ღირსებას

,,დონალდ ტრამპის მიერ განმეორებული გროტესკული ბრალდებები, თითქოს ირანელები „ბავშვებს თავს კვეთენ“ ან „ქალებს შუაზე ჭრიან“, პოლიტიკა არ არის — ეს არის შიშზე აგებული წაქეზება და დეჰუმანიზაცია. ირანის ხალხი არის ღირსების, კულტურისა და ჰუმანიზმის მქონე ცივილიზაციის მემკვიდრე. ისინი, ვინც ასეთი ბრალდებებს ბავშვებზე ასე მარტივად ავრცელებენ, პირველ რიგში უნდა დაფიქრდნენ ჯეფრი ეპსტაინის გარშემო დარჩენილ უპასუხო კითხვებზე და იმაზე, რაც მსოფლიომ გაიგო Little Saint James-ის შესახებ. ცილისწამება ვერ ჩაანაცვლებს სიმართლეს და პროპაგანდა ვერ წაშლის ერის ღირსებას-ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელ  facebook- ზე წერს

ირაკლი კობახიძე – „იგლ ჰილსის“ ინვესტიციაზე იყო დიდი კამპანია ე.წ. არაბიზაციასთან დაკავშირებით, რაც ჩავარდა, საზოგადოება დარწმუნდა, რომ ეს ინვესტიცია რეალურია და წაადგება ქვეყნის ეკონომიკურ...

Eagle hills-ის ინვესტიციაზე იყო დიდი კამპანია, ე.წ. არაბიზაციასთან დაკავშირებით, რაც ჩავარდა, ასევე, საზოგადოება დარწმუნდა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ინვესტიცია არის აბსოლუტურად რეალური და ის წაადგება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გამართული დებატების შეფასებისას განაცხადა.პრემიერის თქმით, იყო დისკუსიის შესაძლებლობა და საზოგადოებამ ბევრად მეტი ინფორმაცია მიიღო Eagle hills-ის ინვესტიციისა და მიგრაციის თემასთან დაკავშირებით.„ასეთ პირობებში, როდესაც უარს ამბობენ ადამიანები დებატებზე, ჩანს, რომ მათ აქვთ დისკუსიის შიში და ეს მკაფიოდ გამოჩნდა. მიგრაციის და Eagle hills-ის პროექტის თემა ძალიან აქტუალურია და ამ საკითხზე საზოგადოება ინფორმაციას მონოლოგის რეჟიმში იღებდა. როცა მონოლოგის რეჟიმში გესაუბრებიან, ბუნებრივია, სრულფასოვან ინფორმაციას ვერ იღებ. დღეს იყო დისკუსიის შესაძლებლობა და ალბათ საზოგადოებამ ბევრად მეტი ინფორმაცია მიიღო ორივე თემასთან დაკავშირებით. კარგია, რომ არსებითად კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა ეს დისკუსია და დარწმუნებული ვარ, ასეთ რეჟიმში გაგრძელდება დებატები ტელეკომპანია „იმედში“.რაც შეეხება მიგრაციას, დემოგრაფიას, ეს არის ერთ-ერთი რთული, მტკივნეული საკითხი. ჩვენ მაქსიმალურად ვზრუნავთ ამ მიმართულებით ვითარების გაუმჯობესებაზე და ამ კუთხით ინივიატივებიც გავაჟღერეთ. რაც შეეხება Eagle hills-ის ინვესტიციას, იყო ძალიან დიდი კამპანია ე.წ. არაბიზაციასთან დაკავშირებით, რაც ჩავარდა, როდესაც 8 ბინა იყიდება 257 ბინიდან არაბ მოქალაქეებზე, ჩანს, რომ თითიდან გამოწოვილი იყო ეს კამპანია. ასევე ჩვენ გვქონდა ფინანსურ მხარეზე საუბრის შესაძლებლობა და ალბათ საზოგადოება დარწმუნდა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ინვესტიცია არის აბსოლუტურად რეალური და ის წაადგება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას”, – განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები