„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებები, მათ შორის დღეს ოპოზიციური პარტიების წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა, ემსახურება რეპრესიების განხორციელებას.
„უფლებამოსილების შეწყვეტას ვითხოვდით ფაქტობრივად მეორე დღიდან, შესაბამის პროცედურებსაც მივმართეთ იმის შემდგომ, რა სპეცოპერაციაც ჩატარდა არჩევნების შემდეგ, თუმცა ამ კონკრეტულ მომენტში, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი არის ის, რომ ივანიშვილს სურს, მასშტაბური რეპრესიები განახორციელოს ყველას მიმართ, მათ შორის ოპოზიციური პარტიების წევრების მიმართ, მოახდინოს მათი დაკავებები და განეიტრალება. ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის ეს გადაწყვეტილება ემსახურება ამ მიზანს. მაგალითად, დაგაკავებენ და იმუნიტეტი აღარ დაგიცავს“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
პარლამენტმა სამი ოპოზიციური გაერთიანების 49 წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე ადრე შეუწყვიტა.