ორშაბათი, თებერვალი 3, 2025

„ქართული ოცნება“ უმრავლესობის სხდომას გამართავს

„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება.

პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.

სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდება განცხადება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გია ვოლსკი – კანონის გამკაცრებაა საჭირო, რათა ქვეყანაში წესრიგი შენარჩუნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვხედავთ, რომ გარკვეული პრობლემები შეექმნა ეკონომიკას, ტურიზმსა და ეროვნულ ვალუტას

კანონის გამკაცრებაა საჭირო, რათა ქვეყანაში წესრიგი შენარჩუნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვხედავთ, რომ გარკვეული პრობლემები შეექმნა ეკონომიკას, ტურიზმსა და ეროვნულ ვალუტას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, „კანონები მკაცრდება, მაგრამ არაფერი ისეთი არ არის, რომელიც განვითარებულ დემოკრატიებში უცხოა“. „ეს არ არის მხოლოდ საქართველოს მასშტაბით განსახილველი საკითხები. ძალიან სერიოზული და საკმაოდ დაძაბული ვითარებაა მთელ მსოფლიოში. ისეთი პროცესები მიმდინარეობს, რომელიც გზაგასაყარზე მდგომი მსოფლიოსთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია. არასდროს არ უნდა გამოვრიცხოთ ის, რომ საქართველოში იქნება გარკვეული გამოძახილი მსოფლიოს დონის დაპირისპირებებიდან, რომელსაც ახლა ვხედავთ. თუნდაც აშშ-ში, სადაც სახელმწიფოს ბოლო პერიოდის გადაწყვეტილებებთან დაპირისპირებულები რამდენიმე ქალაქში გამოვიდნენ და გზების გადაკეტვაც მოინდომეს. ამ პროცესებთან მიმართებაში, რაც საქართველოში ხდება, ერთადერთი რამ შეიძლება ითქვას, გეგმაზომიერი მუშაობა მიმდინარეობს, რათა დესტაბილიზაციას ჰქონდეს შეუქცევადი პროცესი. არანაირი ცვლილება არ მომხდარა იმ გეგმაში, რაც რადიკალურ ოპოზიციას გააჩნია. კანონის გამკაცრებაა საჭირო, რათა ქვეყანაში წესრიგი იყოს შენარჩუნებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვხედავთ, რომ გარკვეული პრობლემები ეკონომიკას, ტურიზმს და ეროვნულ ვალუტას შეექმნა. ეს არ უნდა გაგრძელდეს. არ შეიძლება, უარყოფითი ტენდენციების გაგრძელება იმ ქვეყანაში, რომელიც ყველა მაჩვენებლით წინაა, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით. კანონები მკაცრდება, მაგრამ არაფერი ისეთი არ არის, რომელიც განვითარებულ დემოკრატიებში უცხოა. თავდასხმა პოლიციელზე და სახელმწიფო შენობებზე საკმაოდ სერიოზულად ისჯება როგორც ევროპის სივრცეში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. საქართველოშიც საჭიროა გარკვეული ზომების მიღება, რათა ნაკლები რესურსის მქონე ქვეყანას არ მიადგეს სერიოზული ზარალი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ლევან იოსელიანი – მოვინახულეთ დაკავებული მოქალაქეები, ყველა ფაქტზე, სადაც ადგილი აქვს ძალის გადამეტებას, შევადგინეთ შესაბამისი დოკუმენტაცია და გადავუგზავნეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს

საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, გუშინ დაკავებული მოქალაქეების უმრავლესობა, რომლებიც ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა და თავად მოინახულა, მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე. იოსელიანის თქმით, დღემდე არცერთი სამართალდამცველი არ არის მხილებული უფლებამოსილების გადამეტებასა და ძალადობაში, რაც მნიშვნელოვანი საკითხია. „დღეს მე და ჩემმა წარმომადგენლებმა მოვინახულეთ ყველა დაკავებული მოქალაქე, რომელიც იმყოფება როგორც თბილისში, ისე თბილისს გარეთ. ყველა ფაქტზე, სადაც ადგილი აქვს ძალის გადამეტებას, სადაც ვნახეთ, რომ ადამიანები არიან ნაცემები, რა თქმა უნდა, შევადგინეთ შესაბამისი დოკუმენტაცია და გადავუგზავნეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. აქაც, ვინც ვნახე, პრაქტიკულად ყველამ, ერთის გარდა, მიუთითა, რომ პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას, არასათანადო მოპყრობას. რამდენიმე მათგანს აღენიშნებოდა კიდეც სახეზე. სამწუხაროდ, როგორც წინა აქციების დროს, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება იქცა ჩვეულ ამბად, რადგან 25 ადამიანი მოვინახულეთ და აქედან 22 მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე, რაც, ჩემი აზრით, საგანგაშო სტატისტიკაა. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს კონკრეტული, სავარაუდო დანაშაული, იყვნენ მიცემული პასუხისგებაში. დღემდე ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც უამრავი ჩვენი მოქალაქე არის დაზიანებული, მათ შორის „ინგოროყვაშიც“ არიან ადამიანები, რომლებიც ახლა მკურნალობას გადიან, მაგრამ არცერთი სამართალდამცველი არ არის მხილებული თავისი უფლებამოსილების გადამეტებასა და ძალადობაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უნდა გასცეს პასუხი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა, რომელიც დიღმის მთავარ სამმართველოში იმყოფებოდა. ამასთან, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ მოუწოდებს შსს-ს, დაიწყოს მოკვლევა და გამოავლინოს ყველა პირი, ვინც მოქალაქეებს შეურაცხყოფას აყენებდა. „დაკავებულთა წარმომადგენლების გარდა, ჩვენთვის უშუალოდ არ მოუმართავთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ვნახე კადრები, სადაც ისმოდა შეურაცხმყოფელი შეძახილები მოქალაქეების მიმართ, რასაც გამოვეხმაურე და დავგმე კიდეც. აბსოლუტურად მიუღებელია საკუთარი მოქალაქეების მიმართ ასეთი ტერმინების, ასეთი ბილწსიტყვაობის გამოყენება“, – განაცხადა იოსელიანმა. იოსელიანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის მიმართული აქვს ყველა შემთხვევაზე, სადაც იდენტიფიცირებულია მოქალაქისადმი პოლიციელის მხრიდან არასათანადო მოპრობა. „სახალხო დამცველის ფუნქციაა, რომ ყველა ფაქტზე, სადაც ადგილი აქვს ადამიანის უფლებების დარღვევას, ჰქონდეს პოზიცია, გააკეთოს განცხადება და მოითხოვოს საქმის დროული გამოძიება, დამნაშავეების დასჯა. ჩვენ გვაქვს მიმართული სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის ყველა შემთხვევაზე, სადაც დაიდენტიფიცირებული არის პოლიციელის მიერ არასათანადო მოპრობა მოქალაქის მიმართ. ეს არის, რასაც, პირველ რიგში, ჩვენ ვაკეთებთ და შემდეგ ვახდენთ ამ საქმეების მონიტორინგს. ნებისმიერი პოლიციელი, რა თანამდებობაც არ უნდა ეკავოს მას, იქ არის იმიტომ, რომ დაიცვას მოქალაქეთა უსაფრთხოება. პოლიციელი, რომელიც თავის უფლებამოსილებას ამეტებს და არამცთუ უსაფრთხოებას იცავს, საფრთხეს უქმნის მოქალაქეებს, ამისთვის გვაქვს კანონმდებლობა, ამისთვის გვაქვს სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომ ამ ყველაფერს გასცეს პასუხი და ასეთი ადამიანების მიმართ გამოყენებული იქნეს კანონით გათვალისწინებული ზომები. როგორც აქამდე ვაფასებ პოლიციელების მიერ არასათანადო მოპყრობას, შეუძლებელია, სახალხო დამცველმა ამაზე მეტად შეაფასოს. მე არ მაქვს აღმასრულებელი მანდატი. აღმასრულებელი მანდატი აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომელმაც ამ ყველაფერს უნდა გასცეს პასუხი“, – განუცხადა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებს.

სოზარ სუბარი: წლების განმავლობაში ვამტკიცებთ ზუსტად იმავეს – USAID, NED, სოროსი ეს არიან ის ორგანიზაცები, რომლებიც საქართველოში ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ, ანტიქართულ, ანტიეროვნულ საქმიანობას

წლების განმავლობაში ვამტკიცებთ ზუსტად იმავეს - USAID, NED, სოროსი (ფონდი) ეს არიან ის ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ, ანტიქართულ, ანტიეროვნულ საქმიანობას, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა, რომელმაც აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხრიდან USAID-სა და NED-ის მისამართით დღეს გაკეთებული განცხადებები შეაფასა. მისივე თქმით, USAID-ის მისამართით პირდაპირი ბრალდებები გამოითქვა. „წლების განმავლობაში ვამტკიცებთ ზუსტად იმავეს - USAID, NED, სოროსი (ფონდი), ეს არიან ის ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ, ანტიქართულ, ანტიეროვნულ საქმიანობას. ეს არის სახელმწიფო გადატრიალებების მცდელობა, ეს არის ახალგაზრდებისთვის ტვინის გამორეცხვა და მავნე იდეების ჩანერგვა, ეს არის ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ, ბრძოლა სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, ბრძოლა ეროვნული ავტორიტეტების წინააღმდეგ და ბრძოლა ეროვნული ტრადიციების წინააღმდეგ“, - განაცხადა სუბარმა. მისივე თქმით, რამდენიმე თვის წინ, ჯერ კიდევ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს კონგრესში მოსმენები იყო, სადაც სახელმწიფო მდივანს უსვამდნენ კითხვებს USAID-ის საქმიანობის შესახებ და სახელმწიფო მდივანი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ისინი აფინანსებენ ძალიან ბევრ ისეთ პროექტს, რომელიც არანაირად არ შედის არც აშშ-ის და არც იმ ქვეყნების ინტერესებში, სადაც აღნიშნული პროექტები ხორციელდებოდა. სუბარის განცხადებით, ერთ-ერთი პროექტი ეხებოდა ნეპალში რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლას, რისთვისაც 0,5მლნ დოლარის გრანტი იყო გამოყოფილი. „ეს არ არის პროექტების რაღაც 3 თვით გაჩერება, ეს არის ძალიან სერიოზული გამოძიების დაწყება, რათა გამოიძიონ ის მავნებლობები, რასაც წლებისა და ათწლეულების განმავლობაში ეს ორგანიზაციები აკეთებდნენ. განსაკუთრებით ეს გაძლიერდა იმ პერიოდში, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი იყო ენტონი ბლინკენი, ხოლო USAID-ს ხელმძღვანელობდა სამანტა პაუერი“, - განაცხადა სუბარმა. მისივე თქმით, სამანტა პაუერი ანტიქართული განცხადებები ცნობილი იყო და ფარად ჰქონდათ გამოყენებული რადიკალ ოპოზიციონერებს, „ენჯეოებსა“ და მედიას საქართველოში. იგი მიიჩნევს, რომ დღეს ეს ეპოქა დასრულდა.

შალვა პაპუაშვილი – მაქვს მოლოდინი, რომ ყველა ითანამშრომლებს საგამოძიებო კომისიასთან და მისცემს შესაბამის ჩვენებებს, ეს არის ვალდებულება, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული

საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა არავის ნება არ არის, ეს არის ვალდებულება, რომელიც კანონით და, მათ შორის, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, მას მოლოდინი აქვს, რომ საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიაზე დაბარებული ყველა პირი გამოცხადდება და კითხვებს უპასუხებს. „იცით, პოლონეთში საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიაში იუსტიციის ყოფილი მინისტრი არ გამოცხადდა, ის დააპატიმრეს და მიიყვანეს საგამოძიებო კომისიაში. ამ კომისიას აქვს განსაკუთრებული უფლებამოსილებები, მათ შორის, სისხლის სამართლებრივი კოდექსით დაცული არის მისი უფლებამოსილება. ამიტომ ყველა ვალდებულია, ითანამშრომლოს კომისიასთან, მისცეს ჩვენება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის პირები, რომლებიც დაბარებულები იქნებიან კომისიაზე, მოვლენ და მისცემენ ჩვენებას. თუ არაფერი აქვთ დასამალი და ფიქრობენ, რომ დანაშაული არ აქვთ ჩადენილი, რატომ არ უნდა უნდოდეთ საჯაროდ უპასუხონ იმ კითხვებს, რომლებიც დღემდე პასუხგაუცემელი აქვს საზოგადოებას იმის გამო, რომ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით 2012 წლის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ უცხოელმა მფარველებმა ხელი შეუშალეს სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულების სრულად გამოძიებას? მას მისცეს არა მხოლოდ თავშესაფარი, არამედ დააწინაურეს უკრაინის ხელისუფლებაში და ვნახეთ, რა დაატრიალა. მაქვს მოლოდინი, რომ ყველა ითანამშრომლებს და შესაბამის ჩვენებებს მისცემს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო სამსახურის ბიურო საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით აღარ იარსებებს

საჯარო სამსახურის ბიურო საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით აღარ იარსებებს. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მართვის რაციონალიზაციისა და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით მიიღო. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს არაერთი ფუნქცია გამოაკლდა, მათ შორის თანამდებობის პირთა დეკლარაციებისა და საჯარო სამსახურში ეთიკისა და კეთილსინდისიერების კონტროლის ფუნქციები, რომლებიც ანტიკორუფციული ბიუროს რეგულირების სფეროში გადავიდა. „ამ ეტაპზე საჯარო სამსახურის ბიუროს ფუნქციები არსებითად შემოიფარგლება საჯარო ადმინისტრირების რეფორმაზე მუშაობით, რაც მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამის დეპარტამენტთან მჭიდრო კოორდინაციით ხორციელდება  და საჯარო სამსახურში არსებულ ვაკანსიებზე კონკურსების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებით, რაც მეტწილად ტექნიკურ ფუნქციას წარმოადგენს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო სამსახურის ბიურო თავდაპირველი ფუნქციების ერთ მესამედს უკვე აღარ ფლობს, სსიპ-ის ფორმით მისი არსებობა მიზანშეუწონელია. აქედან გამომდინარე, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წლის პირველი აპრილიდან საჯარო სამსახურის ბიურო სსიპ-ის ფორმით აღარ იფუნქციონირებს და მის უფლებამოსილებაში დარჩენილ ფუნქციებს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი დეპარტამენტები განახორციელებენ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები