ქართველმა სპორტსმენებმა ფიონჩანგის ოლიმპიადაზე ასპარეზობა დაასრულეს. ცოტა ხნის წინ, ბოლო მათგანმა, იასონ აბრამაშვილმა იასპარეზა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
პირველი ჩამოსრიალება მან 35-ე ადგილზე დაასრულა, მეორე ცდაზე კი შედეგი 7 ადგილით გააუმჯობესა და საბოლოოდ 28-ე ადგილი დაიკავა. აბრამაშვილისთვის ეს რიგით მეოთხე ოლიმპიადა იყო და საუკეთესო შედეგი მან ოთხი წლის წინ, სოჭში აჩვენა, სადაც 22-ე ადგილი დაიკავა.
2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ოთხი ქართველი სპორტსმენი მონაწილეობდა. ესენი არიან მოციგავე გიორგი სოღოიანი, მოციგურავე მორის ყვითელაშვილი და სამთო მოთხილამურეები იასონ აბრამაშვილი და ნინო წიკლაური. აქედან, მოთხილამურე ნინო წიკლაურმა ასპარეზობა 16 თებერვალს დაასრულა, მოციგავე გიორგი სოღოიანმა კი 11 თებერვალს.
სამხრეთ კორეის ქალაქ ფიონჩანგში ზამთლის ოლიმპიური თამაშები 9 თებერვალს გაიხსნა და 25 თებერვალს დასრულდება.