პარასკევი, მაისი 30, 2025

ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხი ერთად დგას და მომავალშიც იდგება ჩვენი ერებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ღირებულებების დაცვის ბრძოლაში – მიხეილ ყაველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის რანგში ეს არის ჩემი პირველი საგარეო ვიზიტი, რაც ხაზს უსვამს საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებულ სტრატეგიულ და განსაკუთრებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობას, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ პოზიციის დაკავებიდან მალევე შემდგარიყო ეს ვიზიტი აზერბაიჯანში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ილჰამ ალიევთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.

ყაველაშვილის თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს გამორჩეული მეგობრობა აკავშირებთ, რაც ქმნის მყარ საფუძველს მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის.

“მოხარული ვარ, რომ ბატონ ალიევთან შეხვედრის შესაძლებლობა უკვე მომეცა – ჩვენ გავუზიარეთ ერთმანეთს მოსაზრებები და შეხედულებები საქართველოსა და აზერბაიჯანის მრავალგანზომილებიანი სანიმუშო ურთიერთობის, სამხრეთ კავკასიის რეგიონის გამოწვევებისა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ. ჩვენ ხალხებს შორის საუკუნეების განმავლობაში გამორჩეული მეგობრობა ჩამოყალიბდა, რაც ქმნის მყარ საფუძველს მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის. ეროვნული იდენტობის შენარჩუნება, ტრადიციების, კულტურისა და ჩვენი ისტორიის პატივისცემა არის ის ძირითადი პრინციპები, რასაც ჩვენი ხალხები განსაკუთრებით უფრთხილდებიან. ჩვენი მეგობრობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემასა და ერთმანეთის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებას. კარგად გვესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნდობა ურთიერთობაში და ვიცით სიტყვის ფასი. ჩვენ გვაქვს დაუწერელ კანონთა და ღირებულებათა ერთობლიობა, რამაც გადაგვარჩინა და მოგვიყვანა დღემდე. სწორედ ამიტომ არის ქართულ-აზერბაიჯანული მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა ასეთი განსაკუთრებული და სამაგალითო”, – განაცხადა ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი იყოს კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი, სანდო და პერსპექტიული, მნიშვნელოვანია ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა.

“დღეს არსებული გლობალისტური ეპოქა, რომელიც სავსეა გამოწვევებითა და საფრთხეებით, სწორედ ამ ფუნდამენტურ ღირებულებებს ემუქრება. ამიტომ, ჩვენ გვმართებს  განსაკუთრებული ყურადღება და ძალისხმევა აღნიშნული პრინციპების დასაცავად. ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხი ერთად დგას და მომავალშიც იდგება ჩვენი ერებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ღირებულებების დაცვის ბრძოლაში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დროში გამოცდილი მაღალი დონის სტრატეგიული და კეთილმეზობლური ურთიერთობები, კიდევ უფრო გაძლიერდება და ახალ განზომილებას შეიძენს საქართველოსა და აზერბაიჯანის ეროვნული ინტერესების გასატარებლად. რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ გამოწვევებთან ეფექტიანად გასამკლავებლად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობა ყველა მიმართულებით. ჩვენ ვახორციელებთ არაერთ საერთო, ურთიერთსასარგებლო პროექტს, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ჩვენს რეგიონს მთელი მსოფლიოსთვის. იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი იყოს კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი, სანდო და პერსპექტიული, მნიშვნელოვანია ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა. მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო და აზერბაიჯანი მტკიცედ უჭერენ მხარს ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რისთვისაც ბატონ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო. საქართველო ყოველთვის იყო აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მყარი მხარდამჭერი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ამასთან, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა, რომ საქართველო მიესალმება სულ ახლახან, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ყველა პუნქტის ირგვლივ მოლაპარაკებების პროცესის დასრულებას.

“ეს უდავოდ, წინ გადადგმული ნაბიჯია რეგიონის პოტენციალისა და შესაძლებლობების წარმოსაჩენად და გამოსაყენებლად. ვიმედოვნებთ, რომ ახლო მომავალში ხელი მოეწერება ისტორიულ ხელშეკრულებას, რაც უმნიშვნელოვანესი იმპულსი იქნება რეგიონში გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა საქართველოს მხრიდან გაცხადებულ სამშვიდობო პოლიტიკას და მზაობას, ჩვენი წვლილი შევიტანოთ, რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფაში. მსურს დაგარწმუნოთ, რომ საქართველო მუდამ იყო სამხრეთ კავკასიაში დიალოგის, დიპლომატიისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების მომხრე და ეს კურსი მომავალშიც შენარჩუნდება. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულმა განსაკუთრებულმა, ხანგრძლივმა მეგობრობამ და საერთო გონივრულმა პოლიტიკამ მოგვცა შესაძლებლობა ჩვენი რეგიონის როლი სწორად განგვესაზღვრა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საერთო მომავალი მოიცავს წარმატებულ, ეკონომიკურად ძლიერ და აყვავებულ სამხრეთ კავკასიის რეგიონს, სადაც ჩვენი ხალხები შეძლებენ ბედნიერ თანაცხოვრებას საკუთარი ადათ-წესებით და არა თავს მოხვეული ფსევდო-ლიბერალური ღირებულებებით. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ჩვენი ქვეყნები არაერთხელ გახდნენ გარე ძალების მხრიდან ორმაგი სტანდარტისა და შიდა საქმეებში ჩარევის ობიექტები. არაერთი მცდელობის მიუხედავად, ჩვენ მტკიცედ ვუმკლავდებით აღნიშნულ საფრთხეებს და უზრუნველვყოფთ რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. შეუძლებელია, ჩვენზე უკეთ რომელიმე მესამე ქვეყანამ ან ორგანიზაციამ იცოდეს, თუ რა არის საუკეთესო ჩვენი ხალხებისთვის“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთთანამშრომლობა კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარდება.

„მიხარია, რომ საერთო ინტერესების დასაცავად აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებულმა ურთიერთთანამშრომლობამ ინტენსიური სახე მიიღო, რისთვისაც კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას, ბატონო პრეზიდენტო. ჩვენ, სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკით, ბოლომდე უნდა ავითვისოთ რეგიონის პოტენციალი და შევასრულოთ ძლიერი, საიმედო დამაკავშირებელი ხიდის ფუნქცია მსოფლიოს გეოპოლიტიკურ რუკაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობები, ჩვენი ქვეყნებისა და ერების საკეთილდღეოდ და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებით, კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარდება. ძვირფასო კოლეგავ, კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩემს მადლიერებას გულთბილი მასპინძლობისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში, შესაძლებლობა მომეცემა გიმასპინძლოთ საქართველოში“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმეზე 12-დღიანი პატიმრობა კიდევ ერთ პირს, თათია აფრიამაშვილს შეეფარდა

„ქართული ოცნების" დეპუტატის, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმეზე 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მეორე პირს, თათია აფრიამაშვილსაც შეეფარდა.გადაწყვეტილების გამოცხადებამ სასამართლოს სხდომათა დარბაზში ხმაური გამოიწვია, რის შემდეგაც სასამართლო მანდატურის სამსახურმა რამდენიმე პირს სასამართლოს შენობა დაატოვებინა.დღესვე, ამავე საქმეზე 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ლიკა ლორთქიფანიძესაც შეუფარდეს.ინციდენტი 17 მაისს მოხდა, როდესაც კაფეში მყოფ დეპუტატთან აქტივისტები თათია აფრიამაშვილი და მაგდა მამუკაშვილი მივიდნენ და მიმართეს შეძახილებით: - „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს", "ძირს რუსული რეჟიმი".მარიამ ლაშხმა, რომელიც მომხდარის დროს შვილებთან ერთად იმყოფებოდა, აქტივისტების წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა.

ფრიდონ ზოიძე – თბილისში „გამარჯვებას“ რომ ზეიმობდნენ, შინდისის გმირები აგვისტოს სიცხეში ეყარნენ, ხელისუფლებამ არ მიხედა და არ გადმოასვენა, საპატრიარქოს წარმომადგენლებმა გადმოასვენეს

თბილისში „გამარჯვებას“ ზეიმობდნენ და კონცერტებს მართავდნენ, შინდისის გმირები კი აგვისტოს სიცხეში ეყარნენ. შინდისელ გმირებს მაშინდელმა ხელისუფლებამ არ მიხედა და არ გადმოასვენა, საპატრიარქოს წარმომადგენლები შევიდნენ და გადმოასვენეს, – ამის შესახებ შინდისის გმირის, რომან ზოიძის ძმამ, ფრიდონ ზოიძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.საგამოძიებო კომისიაზე ფრიდონ ზოიძემ კითხვა დასვა, შინდისის ბიჭები ათმაგად გმირები არიან, რადგან ისეთი მხედართმთავრების და დაგეგმარების ხელში იყვნენ, მაგრამ ხომ შეიძლებოდა ამ ყველაფრის თავიდან აცილება?„ჩემი ძმა, 20 წლის ასაკში, ერთთვიანი თუ 70-დღიანი კურსი ჰქონდა გავლილი და აბსოლუტურად გამოუცდელი სამხედრო ბრძოლისთვის, მიჰყავთ ცხელ წერტილში და დაატარებენ ცხინვალის შიგნით. მეთაურები, ბატონი ყურაშვილი, ბატონი ზაზა გოგავა და დანარჩენი ბრიგადის მეთაურები, დაჯავშნული ჯიპებით, დაცვით, პისტოლეტებით დადიან, მივლენ შედარებით დაბალი რანგის ოფიცრებთან, დაუსვამენ დავალებას, ისევ გადიან, ისეთ ფონს ქმნიან, ვითომ ვიღაც ურეკავს, ვიღაც ამერიკელი ელაპარაკება, რაღაც სასწაული ხდება. ეს ვარაუდი არ არის, პირადი საუბრებიდან ვიცი, ძალიან ბევრი ვეტერანია, რომლებსაც პირადად ვიცნობ, იმ ომში იყვნენ, გადარჩნენ და ჩამოვიდნენ.მე მაქვს უფლება, რიტორიკული კითხვა დავსვა და მოვუწოდო შინდისის გმირების დანარჩენ ოჯახებს, გასაგებია, რომ ორმაგად და ათმაგად გმირები არიან, ისეთი მხედართმთავრების და დაგეგმარების ხელში იყვნენ, მაგრამ ხომ შეიძლებოდა ამ ყველაფრის თავიდან აცილება? რატომ არ არიან ეს ადამიანები თავიანთ ოჯახებში? კითხვები ჩემს მშობლებს აქვთ, როგორ მოხდა, რომ ამდენი ადამიანი ამ 5-დღიან საბრძოლო დაპირისპირებაში გაწირეს და ჩააბეს ომში იმის გამო, რომ მეტი საკრალური მსხვერპლი სჭირდებოდა „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებას“, – განაცხადა ფრიდონ ზოიძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „წყალთა სახეობის ცენტრ „ტონუსის“ წყალბურთელთა და მოცურავეთა გუნდებმა ახალი გამარჯვება მოიპოვეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის - „წყალთა სახეობის ცენტრ „ტონუსის“ წყალბურთელთა და მოცურავეთა გუნდებმა ადგილობრივ და საერთაშორისო ტურნირებში წარმატებით იასპარეზეს და ახალი გამარჯვება მოიპოვეს.აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.უნივერსიტეტის ცნობით, „სტუ ტონუსის“ წყალბურთელთა გუნდმა თბილისში, საცურაო აუზ „ოლიმპიკში“ მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატი, 2007-2008 წლებში დაბადებულ წყალბურთელებს შორის, გამარჯვებით დაასრულა და საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. „სტუ ტონუსის“ წყალბურთელებმა ნახევარფინალში, ანგარიშით - 12:9, „დინამო-1“ დაამარცხეს, ხოლო ფინალში „ლაგუნა ვერეს“ გუნდი, ანგარიშით - 19:8, სძლიეს და ეროვნული ჩემპიონატის თასს დაეუფლნენ.„რაც შეეხება „სტუ ტონუსის“ მოცურავეთა გუნდს, მან შესაშური წარმატებით იასპარეზა სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში გამართულ საერთაშორისო ტურნირში - „ლიუბლიანას თასი“, რომელშიც საქართველოს, სლოვენიის, ხორვატიის, უკრაინის, ისრაელისა და ბულგარეთის სხვადასხვა ასაკის სპორტსმენებისგან შემდგარი გუნდები და ნაკრებები მონაწილეობდნენ.„სტუ ტონუსის“ მოცურავეთა გუნდის ანგარიშზე ლიუბლიანას საერთაშორისო ტურნირის ჯილდოები ამგვარად განაწილდა: მამუკა შენგელია - 1 ოქრო, 2 ვერცხლი; სანდრო ქვილორია - 2 ოქრო, 1 ვერცხლი; აკაკი მღებრიშვილი - 3 ოქრო; ალექსანდრე ჯიქიძე - 3 ვერცხლი; სალი შერბაევა - 1 ოქრო, 1 ვერცხლი. ამასთან ერთად, „სტუ ტონუსის“ მოცურავე სალი შერბაევამ, თავის ასაკობრივ ჯგუფში (2009-2010), ჯამური ქულით „ლუბლიანას თასი“ მოიპოვა, ხოლო 4X50 თავისუფალი ყაიდით ცურვაში საქართველოს ნაკრებმა, რომლის შემადგენლობაშიც „სტუ ტონუსის“ მოცურავე მამუკა შენგელია ასპარეზობდა, საქართველოს რეკორდი დაამყარა.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის სპორტის მიმართულების ხელმძღვანელი, არჩილ იოსელიანი „სტუ ტონუსის” წყალბურთელთა და მოცურავეთა გუნდებს მორიგ მნიშვნელოვან გამარჯვებას ულოცავს. როგორც არჩილ იოსელიანი აღნიშნავს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებით, აქტიურად უწყობს ხელს ახალგაზრდებში ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, მუდმივად ზრუნავს შესაბამისი გარემოსა და შესაძლებლობების შექმნაზე, რათა ფიზიკური აქტივობა ახალგაზრდების ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცეს”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი კობახიძე აშშ-ის სენატორს, სტივ დეინსს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, სენატორ სტივ დეინსს შეხვდა.საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს ურთიერთობებს, საქართველოს როლს რეგიონში, ასევე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას.მათივე ცნობით, პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისა და სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის, რომელიც კონკრეტულ გზამკვლევს დაეფუძნება და ხელშესახებ შედეგებს მოუტანს ორივე ქვეყანას.„ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში, ასევე ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო პარტნიორებს სთავაზობს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს მრავალმილიონიან ბაზრებზე წვდომის კუთხით. შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილია პოლიტიკური სტაბილურობა და საქართველოს ხელისუფლება ამის გარანტია. შეხვედრას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის ინფორმაციაში.საქართველოში ამერიკის საელჩომ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თბილისში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი სტივ დეინსი ჩამოვიდა: „სენატორი სტივ დეინსი გეგმავს, გააჟღეროს ტრამპისა და რუბიოს პრიორიტეტები, მათ შორის „ამერიკა უპირველეს ყოვლისას“ ფილოსოფიის დღის წესრიგი და ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს მთავრობას შეუძლია, გადადგას იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიმართ“.

ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეეცვალა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე „კოალიცია ცვლილებების“ ლიდერს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამით მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ბოლო სიახლეები