„ქალი დიდხანს იდგა თვალებზე ცრემლმორეული. ეს ქალბატონი მარო მაყაშვილის დედა გახლდათ…“ – რა ისტორიას იხსენებს ზაქარია ფალიაშვილი

Read Time:53 Second

შეიძლება ბევრმა თქვენმა არ იცოდეთ, რომ უკვდავი ოპერა “დაისი” ზაქარია ფალიაშვილმა, ბოლშევიკური რუსეთის მიერ 1921 წლის თებერვალში, საქართველოს ანექსიის დროს წარმოებულ თავდაცვით ბრძოლაში გმირულად დაღუპულ მარო მაყაშვილს მიუძღვნა.  ოპერის მთავარი გმირსაც სწორედ მისი სახელი დაარქვა. „დაისის“ შექმნის იდეა ზაქარია ფალიაშვილს ცნობილმა ქართველმა დრამატურგმა და მსახიობმა, ვალერიან გუნიამ მიაწოდა, რომელსაც ეკუთვნის ამავე ოპერის ლიბრეტო.

***

საღამო ხანია. თბილისი. ნისლია, ბინდ-ბუნდი, ოდნავ ბჟუტავს გაზის ფანრები. გოლოვინსკიდან, რუსთაველის პროსპექტიდან ზევითკენ ქალბატონი მოდის. დაახლოებით კონსერვატორიის უკან ხდება ეს.
მიუახლოვდა მას მაღალი, წარმოსადეგი მამაკაცი, თავზე შლაპა ახურავს. მოკრძალებით დადგა ქალბატონის წინაშე და უთხრა:

– ქალბატონო თამარ, უღრმესი პატივისცემით თქვენდამი, არ შემეძლო, რომ დამენახეთ და ეს თქვენთვის არ მეთქვა.

– კი ბატონო, გისმენთ, – მიუგო ქალმა. ქალბატონს ემჩნეოდა, რომ ძალიან დატანჯული, დაღლილი ადამიანი იყო.

პატარა პაუზის შემდეგ, მამაკაცმა ამოისუნთქა და უთხრა:

– მე ვარ კომპოზიტორი ზაქარია ფალიაშვილი. ახლახან დავამთავრე ოპერა, რომლის მთავარ მოქმედ პირს თქვენი ქალიშვილის სახელი დავარქვი. მინდა, რომ იცოდეთ – ეს ოპერა ეძღვნება თქვენს ქალიშვილს და მის ხსოვნას.

მოწიწებით თავი დახარა, ქუდი მოიხადა ქალის წინაშე, შეტრიალდა და სწრაფი ნაბიჯით დაშორდა.

ქალი დიდხანს იდგა თვალებზე ცრემლმორეული. ეს ქალბატონი მარო მაყაშვილის დედა გახლდათ, ამ ოპერას კი „დაისი“ ჰქვია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მეუფე შიო: თავმდაბალი ადამიანი, ეგოიზმთან ერთად, სხვა ვნებებსაც, ასეთ ადამიანთან მოდის სულიწმიდის მადლი
Next post ლიბერალურ დღის წესრიგში მსჯელობა და კითხვის დასმაც ანტიდასავლურ პროპაგანდას და პრორუსულობას უდრის, მაგრამ უნდა დაისვას კითხვა არის NATO უსაფრთხოების გარანტორი თუ პირიქით, ომის აქსელერატორი – ვატო შაქარიშვილი