1981 წლის 24 თებერვალს ბუკინგემის სასახლემ პრინცი ჩარლზისა და ლედი დიანა სპენსერის ნიშნობა გამოაცხადა. დღეს ცოტამ თუ იცის, რომ დიანას ნიშნობის ბეჭდით მაშინ ბევრი ადამიანი აღშფოთდა.
ერთი შეხედვით, იგი ბრიტანულ ტრადიციებს სრულად ეწინააღმდეგებოდა. ტრადიციული ფოტოსესიის გამოქვეყნებას დიდი სკანდალი მოჰყვა. ბეჭდის არჩევანით პრესა გაოცდა და არაერთი ხმაურიანი სათაური გამოაქვეყნა. უპირველეს ყოვლისა, ნიშნობის ბეჭდისთვის ჩვეული ბრილიანტის ნაცვლად, დიანამ უპირატესობა საფირონს მიანიჭა. უფრო მეტიც, გავრცელებული ხმების თანახმად, მან ნიშნობის ბეჭედი თავადვე შეარჩია.
როგორც ცნობილია, ნიშნობამდე ცოტა ხნით ადრე მას სხვადასხვა სტილისა და ზომის ბეჭდებით სავსე ყუთი მიართვეს, ლედი დიმ კი არჩევანი სწორედ 12-კარატიანი შრი-ლანკური საფირონით დამშვენებულ სამკაულზე შეაჩერა.
გარდა ამისა, ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ დიანას ნიშნობის ბეჭედი უნიკალური სულაც არ იყო. როგორც ირკვეოდა, სამკაული საიუველირო ბრენდ Garrard-ის ჩვეულებრივ კოლექციას ეკუთვნოდა, რომელიც იმ პერიოდში არა მხოლოდ სამეფო ოჯახის წევრებისთვის, არამედ ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი იყო. მაშინ ითვლებოდა, რომ სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს ექსკლუზიურად მათთვის შექმნილი ბეჭდები უნდა აერჩიათ. ბევრმა ეს პრინცესა დიანას მხრიდან პროტესტის გამოხატვად და წესების უგულებელყოფად შეაფასა.

თუმცა წლების განმავლობაში ბეჭდის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. დღეს მსგავსი დიზაინი ნამდვილ კლასიკად ითვლება, მსოფლიოს გარშემო კი მილიონობით პატარძალი სწორედ ასეთ ბეჭედზე ოცნებობს.

ახლა პრინცესა დიანას ნიშნობის ბეჭედს ქეით მიდლტონი ატარებს.

