ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს დაკავების ფაქტი ღრმა შეშფოთებას იწვევს.
მისივე თქმით, თურქეთმა უნდა დაიცვას არჩეული თანამდებობის პირების უფლებები.
„როგორც ევროპის საბჭოს წევრმა და როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, თურქეთმა უნდა დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები, განსაკუთრებით არჩეული თანამდებობის პირების უფლებები. გვსურს, თურქეთი დარჩეს ევროპისადმი ერთგული, მაგრამ ეს მოითხოვს დემოკრატიული ნორმებისა და პრაქტიკისადმი მკაფიო ერთგულებას,და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თურქეთმა პატივი სცეს ამ ფუნდამენტურ პრინციპებს“, – განაცხადა ლაიენმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ გამთენიისას საკუთარ სახლში დააკავეს. მას ბრალად ედება კორუფცია და ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობა. იმამოღლუს გარდა, დაკავებულია მისი პრესმდივანი და მერიის 100-მდე თანამშრომელი.