ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ აშშ-ევროკავშირის სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში, 15-პროცენტიანი საბაზისო ტარიფი გავრცელდება ყველა სექტორზე, მათ შორის, ავტომობილებსა და ფარმაცევტულ პროდუქტებზე.
„15 პროცენტი ცუდი ციფრი არ არის. ეს საუკეთესო შედეგია, რაც მოვიპოვეთ. ეს ყველაფერზე ვრცელდება“, – აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.
ამასთან, როგორც ფონ დერ ლაიენმა განმარტა, ზოგიერთ მნიშვნელოვან პროდუქტზე ტარიფი საერთოდ გაუქმდება.
„ასევე, შევთანხმდით, რომ რიგ სტრატეგიულ პროდუქტებზე ნულოვანი ტარიფი იქნება. ესენია: თვითმფრინავები და მათი ნაწილები, ზოგიერთი ქიმიკატი, ნახევარგამტარული აღჭურვილობა, სოფლის მეურნეობის ზოგიერთი პროდუქტი, ბუნებრივი რესურსები და კრიტიკული ნედლეული. ამ სიას კიდევ დავამატებთ სხვა პროდუქტებსაც“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
რუსული ენერგორესურსის პრობლემაზე საუბრისას ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ ბევრი რუსული ნავთობისა და გაზის პროდუქტი შედის ევროკავშირში.
„ჩვენ ეს აღარ გვინდა და სრულად უნდა შევწყვიტოთ რუსული საწვავის იმპორტი. ამიტომ ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) შესყიდვა კარგი შესაძლებლობაა. ჩვენი ანგარიშით, წლიურად 250 მილიარდი კუბური მეტრი გაზი შეგვიძლია, შევისყიდოთ სამი წლის განმავლობაში“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.