პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026

ურსულა ფონ დერ ლაიენი – აშშ-სთან ჩვენ ვიქნებით პრაგმატულები, თუმცა ყოველთვის ვიდგებით ჩვენს პრინციპზე, დავიცვათ ჩვენი ინტერესები და ღირებულებები

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირის ურთიერთობები აშშ-სთან იქნება პრაგმატული, თუმცა ევროკავშირი თავის ინტერესებს დაიცავს.

„ჩვენ გვინდა მეტი თანამშრომლობა ყველასთან, ვინც ამისთვის ღიაა. ეს მოიცავს ჩვენს უახლოეს პარტნიორებს. ვფიქრობ, რა თქმა უნდა, აშშ-ს. არცერთი ეკონომიკა მსოფლიოში არ არის ისე ინტეგრირებული, როგორც ჩვენ ვართ. ევროპულ კომპანიებში აშშ-ში დასაქმებულია 3,5 მილიონი ამერიკელი. კიდევ მილიონი სამუშაო ადგილი პირდაპირ დამოკიდებულია ევროპასთან ვაჭრობაზე. ჩვენს შორის ვაჭრობის მოცულობა 1,5 ტრილიონ ევროს შეადგენს, რაც გლობალური ვაჭრობის 30%-ს წარმოადგენს. ორივე მხარისთვის ბევრი რამ დევს სასწორზე. ასე რომ, ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია ადრეული ჩართულობა, საერთო ინტერესების განხილვა და მზადყოფნა მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ ვიქნებით პრაგმატულები, თუმცა ყოველთვის ვიდგებით ჩვენს პრინციპზე, დავიცვათ ჩვენი ინტერესები და ღირებულებები – ეს არის ევროპული გზა“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიორგი კახიანი – ხშირად ამბობენ მშიშარა ადამიანზე, თავისი ჩრდილის ეშინიაო, დაახლოებით ასეა ოპოზიციის ამბავი, საკუთარი რეიტინგების ეშინიათ

ხშირად ამბობენ მშიშარა ადამიანზე, თავისი ჩრდილის ეშინიაო. დაახლოებით ასე არის ოპოზიციის ამბავი, საკუთარი რეიტინგების ეშინიათ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა განაცხადა, რითაც IRI-ს კვლევის შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა.მისივე თქმით, ოპოზიციის რეიტინგი თითქმის განულებულია მათი მავნებლური საქმიანობიდან გამომდინარე.„ხშირად ამბობენ მშიშარა ადამიანზე, თავისი ჩრდილის ეშინიაო. დაახლოებით ასე არის ოპოზიციის ამბავი, საკუთარი რეიტინგების ეშინიათ, ამ ყველაფერს უმალავენ საზოგადოებას. ფაქტია, რომ კვლევა ჩატარებულია ცოტახნის წინ, ეს კვლევა ფაქტია ასახავს იმ მდგომარეობას, რაც არსებობს დღეს პოლიტიკურ ველზე.კვლევაში ჩანს, რომ მიუხედავად იმისა, რომ 14 წლიანი მმართველობა აქვს „ქართულ ოცნებას“, ბუნებრივია ხელისუფლებისადმი ნდობა შემცირდეს, მაგრამ პირიქით, ხდება, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა კიდევ და კიდევ უფრო იზრდება. ამას მარტივი ახსნა აქვს, ამ ურთულეს პერიოდში ემხრობა და საზოგადოება მხარს უჭერს იმ პოლიტიკას, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს. ვხედავთ ოპოზიციის რეიტინგი თითქმის განულებულია, ესეც მათი მავნებელი საქმიანობიდან გამომდინარე“, - აღნიშნა კახიანმა.

მიხეილ სარჯველაძე – ბათუმთან დაკავშირებით დიდ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი – მოხდა დარღვევა, რასაც სჭირდება სამართლებრივი რეაგირება, ჯუმბერ ბოლქვაძემ კი ისე, რომ კაციშვილს არ მოუთხოვია,...

ბათუმთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, დიდ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, რომელიც იმპულსურად შეიქმნა - ექიმი უარს ამბობდა პაციენტისთვის საჭირო სამედიცინო დახმარების გაწევაზე, რაც ნებისმიერი ექიმისგან აბსოლუტურად მიუღებელია - ამას ყოველთვის შევეწინააღმდეგებით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელის, ჯუმბერ ბოლქვაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.მისი თქმით, პაციენტის მიღებაზე უარის მიზეზად იმის დასახელება, თითქოს ადგილები არ იყო, აბსოლუტური ტყუილია, რადგან სარჯველაძის მტკიცებით, იმ დროისთვის საავადმყოფოში საკმარისი ადგილები იყო როგორც გადაუდებელი დახმარების, ისე რეანიმაციულ განყოფილებაში.„ბათუმთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, დიდ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, რომელიც იმპულსურად შეიქმნა. ვითარება ასეთია: ივნისის დასაწყისში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ნაოპერაციებ 85 წლის ქალს ოპერაციის შემდგომი გართულების გასწორება დასჭირდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური დაუკავშირდა კლინიკას, თუმცა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ კონკრეტულმა თანამდებობის პირმა პაციენტის მიღებაზე მიზეზის დაუკონკრეტებლად განაცხადა უარი. სრულიად უმნიშვნელოა, როგორ გააფორმა მან ეს ყველაფერი - მთავარია, რომ ექიმი უარს ამბობდა პაციენტისთვის საჭირო სამედიცინო დახმარების გაწევაზე, რაც ნებისმიერი ექიმისგან აბსოლუტურად მიუღებელია. ამას ყოველთვის შევეწინააღმდეგებით. ასე რომ, ბატონი ჯუმბერისთვის გასაგები იყო, რომ მას ამაზე პასუხისმგებლობა მოუწევდა. მიზეზად იმის დასახელება, თითქოს ადგილები არ იყო, აბსოლუტური ტყუილია. იმ წუთას საავადმყოფოში საკმარისი ადგილები იყო როგორც ემერჯენსის, ისე რეანიმაციულ განყოფილებაში. ამის დასტურია ისიც, რომ მას შემდეგ, რაც ლამის მე და რამდენიმე ხელმძღვანელი პირი პირადად ჩავერიეთ, იმავე კლინიკაში პაციენტის მიღება შესაძლებელი გახდა. ამას ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ერთი კონკრეტული პირი აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ამბობდა პაციენტის მიღებაზე უარს.ეს არის დარღვევა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება სამართლებრივი რეაგირება. ამის შემდეგ ბატონმა ჯუმბერმა, ისე რომ მისგან კაციშვილს არ მოუთხოვია, თავად მიიღო გადაწყვეტილება წასვლის შესახებ. მან განაცხადა, რომ სექტემბრის ბოლოს სამსახურიდან წასვლას აპირებდა. ჩემთვის მოულოდნელი იყო მოვლენების ასეთი განვითარება. ამ ყველაფრის ფონზე, აჟიოტაჟის საფუძველი არ არსებობს და მან, სიმართლე გითხრათ, თავი უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო. გუშინ საღამოს დაწესებულების მენეჯმენტს შევხვდი. როდესაც დოკუმენტირებულად მივაწოდე ინფორმაცია ყველა გარემოებაზე, მათთვისაც ბევრი რამ გახდა გასაგები.ამიტომ, ვიდრე ქარიშხლებზე ვისაუბრებთ, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს რასთან გვაქვს საქმე. ეს კატეგორიულად მიუღებელი მოვლენაა, რომელსაც სამართლებრივი რეაგირება სჭირდება. სამართლებრივი რეაგირება იქნება აუცილებლად, მიუხედავად იმისა, უნდა ეს ვინმეს თუ არ უნდა, რა ფორმას ირჩევს თავდასაცავად და ა.შ.“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.ცნობისთვის, გუშინ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მედიკოსების განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გადაუდებელი მედიცინის (ემერჯენსის) განყოფილების ხელმძღვანელის, ჯუმბერ ბოლქვაძისგან თანამდებობის დატოვებას მოითხოვს, რაც მათივე შეფასებით, უსამართლო გადაწყვეტილებაა.შეკრებილების აცხადებდნენ, რომ საქმე ეხება რამდენიმე თვის წინ მომხდარ ფაქტს, როდესაც კლინიკაში მაღალი მომართვისა და თავისუფალი ადგილების არარსებობის გამო, კონკრეტული პაციენტის მიღება დროულად ვერ მოხერხდა. აქციის მონაწილეების განმარტებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის კითხვაზე, თუ სად უნდა გადაეყვანათ პაციენტი, ჯუმბერ ბოლქვაძემ „სიტყვის მასალად უპასუხა, რომ „მინისტრთან წაეყვანათ“.

შიო მესამე – ათასგვარი საცდური ცდილობს, ჩაანაცვლოს რწმენა და ფასეულობები, ასეთ დროს უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთის სიყვარული და სამართლიანობა ის ზნეობრივი ღირებულებებია, რომელთა არსიც...

გილოცავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს. მივესალმები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამობრძანებულ სასულიერო პირებს, საპარლამენტო დელეგაციების ევროპის ქრისტიანული ეკლესიებისა და საერთაშორისო საეკლესიო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და წარმომადგენლებს, რომლებიც ჩვენთან ერთად იზიარებენ ამ საიუბილეო წლის სიხარულს, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, შიო მესამემ საერთაშორისო კონფერენციაზე – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მისი თქმით, დღევანდელი კონფერენცია გამორჩეული ისტორიული მოვლენის გახსენებასთან ერთად, ქართველთა მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული გზის, იმ სულიერი და სახელმწიფოებრივი მემკვიდრეობის მნიშვნელობის გააზრებაა, რომელმაც ჩამოაყალიბა ერის სახე და მისი თვითმყოფადობის ერთ-ერთ უმთავრეს საფუძვლად იქცა.„1700 წლის წინ ჩვენი წინაპრების მიერ მიღებულმა მტკიცე გადაწყვეტილებამ, საქართველოს მყარად განუსაზღვრა თავისი კუთვნილი ადგილი მსოფლიო ცივილიზაციათა შორის. ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში უფლის კვართის ფლობითა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობით ჩაეყარა საფუძველი ქრისტეს სიყვარულით ნასაზრდოებ ამ მრავალსაუკუნოვან გზას. წმინდა მოციქულთა ანდრია პირველწოდებულის, სვიმონ კანანელის და მახათას ქადაგებებით ეზიარა ქართველი ხალხი ქრისტეს ნათელს, მოგვიანებით კი, მეოთხე საუკუნეში, მოციქულთა სწორის ქალწულ ნინოს ღვაწლით სამარადჟამოდ დაიმარხა ჩვენმა ერმა გულში მაცხოვრის რწმენა. ქრისტიანობა იქცა არა მხოლოდ ადამიანის სულიერი ცხოვრების, არამედ მთელი ქვეყნის კულტურული და საზოგადოებრივი აზროვნების განმსაზღვრელად. მან ჩამოაყალიბა უძველესი და უნიკალური კულტურის მქონე ქართველი ერის მსოფლმხედველობა და ეროვნულ სარწმუნოებრივი იდენტობა, ქრისტიანულ ფესვებზე აღმოცენდა და განვითარდა მთელი შემდგომი ქართული მწერლობა, ხელოვნება, კულტურა, განათლება და საზოგადოებრივი აზროვნება.ქრისტიანობამ მოგვცა უამრავი მოღვაწე და წმინდანი, დიდი და თავდადებული ადამიანი. მას შემდეგ მრავალმა ქარტეხილიანმა საუკუნემ განვლო, მრავალი დიდი თუ მცირე ქვეყანა აღიგავა პირისაგან მიწისა და ჩაიკარგა დროის მდინარებაში, მაგრამ ქრისტეს რწმენით ნასაზრდოებმა და ქრისტიანული ღირებულებებით შეჭურვილმა ქართველმა ერმა, მაინც შეძლო, შეენარჩუნებინა სარწმუნოება, ენა და მამულო. ქრისტიანულმა აზროვნებამ და რწმენამ შესძინა სულ სხვა სულიერი და ზნეობრივი შინაარსი ევროპულ ცივილიზაციას. ჩვენი ქვეყანა თავისი გეოგრაფიული მდებარეობით და ისტორიით ოდითგანვე სხვადასხვა კულტურის და ცივილიზაციის გზაჯვარედინზე მდებარეობდა. საქართველო საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა ბიზანტიის, ქრისტიანული აღმოსავლეთის და ევროპის მდიდარი საღვთისმეტყველო ინტელექტუალური და კულტურული აზროვნების საერთო სივრცეში. ამ კავშირით ქართველმა ერმა, ერთი მხრივ, შეინარჩუნა თავისი თვითმყოფადობა, ამავე დროს კი, გამორჩეული წვლილი შეიტანა მსოფლიო ქრისტიანობის სულიერ საგანძურში.თანამედროვეობა ახალი სირთულეების წინაშე გვაყენებს – ომები, დაპირისპირება, შუღლი, ათასგვარი საცდური ცდილობს, ჩაანაცვლოს რწმენა და ზნეობრივი ფასეულობები. ასეთ დროს უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთისა და მოყვასის სიყვარული, მოწყალება, პასუხისმგებლობა, სამართლიანობა, შემწყნარებლობა, კაცთა შორის მშვიდობისკენ სწრაფვა, ქრისტიანულ სწავლებაზე დაფუძნებული ის ზნეობრივი ღირებულებებია, რომელთა არსიც დროის წარმავლობის მიუხედავად არ იცვლება.დიდად მისასალმებელია, რომ ამ კონფერენციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ისეთ მნიშვნელოვან ფასეულობებს, როგორებიცაა ოჯახის ინსტიტუტი, ტრადიციული ღირებულებები. ოჯახი არის ის გარემო, სადაც ადამიანი სწავლობს სიყვარულს, ერთგულებას, პასუხისმგებლობას, პატივისცემას და სხვაზე ზრუნვას. ოჯახი არა მხოლოდ პირადი სივრცე, არამედ ზნეობის და ეროვნული იდენტობის საძირკველია. სწორედ ოჯახის სიმყარე განაპირობებს ძლიერ და ერთიან სახელმწიფოს. დღეს საზოგადოებას განსაკუთრებით სჭირდება, რომ ეკლესიამ, საზოგადოებრივმა და სახელმწიფო ინსტიტუტებმა ურთიერთპატივისცემით შეძლონ მსჯელობა ასეთ თემებზე. ეს დიდად შეეწევა თანამედროვე მსოფლიოს წინაშე მდგარ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ქრისტიანულ სწავლების უფრო ღრმად გააზრებას და ოჯახის ინსტიტუტის მხარდაჭერას და მომავალი თაობების მიმართ პასუხისმგებლობის გაძლიერებას.გისურვებთ, კონფერენციის მუშაობა სწორედ ამ ხედვით წარიმართოს და კიდევ ერთხელ წარმოჩნდეს საქართველოს, როგორც ოცსაუკუნოვანი ქრისტიანული ისტორიის მქონე ქვეყნის ადგილი და მნიშვნელობა ევროპულ ცივილიზაციაში. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ღმერთი მშვიდობისა იყავნ თქვენთანა“, – განაცხადა შიო მესამემ.

შალვა პაპუაშვილი – საქართველომ ქრისტიანობის მიღებით ცივილიზაციური არჩევანი გააკეთა, ჩვენი ამოცანაა, დაგროვილი სულიერი და კულტურული გამოცდილება მომავლის მშენებლობის რესურსად ვაქციოთ

მოხარული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტი მასპინძლობს კონფერენციას, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ეძღვნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშილმა, საერთაშორისო კონფერენციზე „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართელოში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მრავალი საუკუნის განმავლობაში საქართველომ გამოიარა აღმავლობისა და დაცემის, ერთიანობისა და დაშლის, დამოუკიდებლობის დაკარგვისა და აღდგენის არაერთი პერიოდი, თუმცა, მისი თქმით, ქრისტიანობა დარჩა ერთ-ერთ ყველაზე მყარ საყრდენად, რომლის გარშემოც ქართველმა ხალხმა საკუთარი იდენტობის შენარჩუნება შეძლო.„მეოთხე საუკუნეში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით საქართველომ გააკეთა არჩევანი, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა ჩვენი კულტურა, მსოფლმხედველობა, სამართლებრივი აზროვნება, საზოგადოებრივი ურთიერთობები და, საბოლოოდ, ჩვენი ადგილი ქრისტიანულ ცივილიზაციაში.მას შემდეგ შეიცვალა სახელმწიფოები, საზღვრები, პოლიტიკური სისტემები და საზოგადოებრივი წყობა. საქართველომ გამოიარა აღმავლობისა და დაცემის, ერთიანობისა და დაშლის, დამოუკიდებლობის დაკარგვისა და აღდგენის არაერთი პერიოდი. მაგრამ ამ ისტორიულ ცვალებადობაში ქრისტიანობა დარჩა ერთ-ერთ ყველაზე მყარ საყრდენად, რომლის გარშემოც ქართველმა ხალხმა საკუთარი იდენტობის შენარჩუნება შეძლო.სწორედ ამიტომ 1700 წლისთავის აღნიშვნა მხოლოდ წარსულის გახსენება ვერ იქნება. ისტორიული თარიღის ნამდვილი მნიშვნელობა მაშინ ჩნდება, როდესაც იგი დღევანდელ კითხვებზე დაფიქრებას გვაიძულებს. და დღეს ასეთი კითხვები მრავლად გვაქვს.რას ნიშნავს ქრისტიანული ღირებულებები თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოში? რა ადგილი აქვს რელიგიურ და ზნეობრივ გამოცდილებას პოლიტიკაში, რომელიც სხვადასხვა მსოფლმხედველობის მქონე მოქალაქეებს აერთიანებს? როგორ უნდა ითანამშრომლონ ეკლესიამ და სახელმწიფომ ისე, რომ დაცული იყოს როგორც სახელმწიფოს ინსტიტუციური ავტონომია, ისე ეკლესიის თავისუფლება და საზოგადოებრივი როლი? როგორ უნდა აისახოს ადამიანის ღირსების, პასუხისმგებლობის, თავისუფლების, სოლიდარობისა და მოყვასის პატივისცემის პრინციპები იმ გადაწყვეტილებებში, რომლებსაც პარლამენტები ყოველდღიურად იღებენ?,’’- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სწორედ ამ კითხვებზე მსჯელობას ემსახურება დღევანდელი კონფერენცია.,,ევროპული პარლამენტარიზმი ისტორიულ ვაკუუმში არ წარმოშობილა. ევროპული პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებაში მრავალი წყარო მონაწილეობდა – ანტიკური ფილოსოფია, რომაული სამართალი, ქრისტიანული მსოფლმხედველობა, განმანათლებლობა და შემდგომი დემოკრატიული გამოცდილება.თანამედროვე ევროპული სახელმწიფო სეკულარულია, მაგრამ ევროპის ისტორია და მისი ღირებულებების სრულად გააზრება ქრისტიანული მემკვიდრეობის გარეშე შეუძლებელია. ადამიანის ღირსება, პიროვნების პასუხისმგებლობა, მოყვასის მიმართ ვალდებულება, სოლიდარობა, მოწყალება, ოჯახის მნიშვნელობა – ეს ცნებები საუკუნეების განმავლობაში აყალიბებდა ევროპულ საზოგადოებებს და დღესაც მონაწილეობს მათ ზნეობრივ თვითგაგებაში.ამიტომ ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნა არ ნიშნავს ეკლესიისა და საზოგადოების ერთმანეთისგან გამიჯვნას. თუმცა დღეს რწმენისა და საზოგადოებრივი ცხოვრების მიმართ ზოგჯერ ისეთი მკვეთრი მიდგომა გვხვდება, რომელიც რელიგიის სრულ განდევნას ესწრაფვის არა მხოლოდ სახელმწიფოებრივი, არამედ საზოგადოებრივი სივრციდანაც. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადოების გადარჩენას სწორედ რწმენას უნდა ვუმადლოდეთ. მეტიც, ის რომ საქართველომ ბოლო ათწლეულებში შეძლო კონფლიქტებისა და ომების ეპოქის დასრულება და მშვიდობიანი განვითარების დაწყება, დიდწილად სწორედ ჩვენი რწმენისა და ეკლესიის დამსახურებაა.რწმენისა და საზოგადოების კატეგორიული გამიჯვნა ნიშნავს უარის თქმას არა მხოლოდ წარსულზე, არამედ დღევანდელობის მორალურ და ეთიკურ საფუძვლებზეც – იმ ზნეობრივ ხერხემალზე, რომელსაც ჯერ კიდევ ეყრდნობა ქართული საზოგადოება და თითოეული ქართველი.ქრისტიანული რწმენის გარიყვა საზოგადოებრივი დისკურსიდან საზოგადოებას საერთო ზნეობრივ საყრდენს აცლის. ფართოდ გაზიარებული ზნეობრივი ნორმების შესუსტებისას ადამიანი მორალის ინდივიდუალურ ინტერპრეტაციამდე დადის. აქედან კი რელატივიზმამდე და, საბოლოოდ, საზოგადოებრივი ზნეობრივი წესრიგის რღვევამდე მცირე ნაბიჯია. ამ ტენდენციის გამოსწორება მხოლოდ სახელმწიფოს, საზოგადოებასა და ეკლესიას შორის მუდმივი დიალოგით არის შესაძლებელი.ეს საჭიროება კარგად ჩანს თავად თანამედროვე ევროპულ სამართალშიც. ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების მე-17 მუხლი აღიარებს ეკლესიებისა და რელიგიური გაერთიანებების იდენტობასა და განსაკუთრებულ წვლილს და ადგენს მათთან ღია, გამჭვირვალე და რეგულარული დიალოგის პრინციპს.ეს მნიშვნელოვანი ევროპული ფორმულაა. ის გვეუბნება, რომ თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო შეიძლება იყოს მსოფლმხედველობრივად ნეიტრალური, მაგრამ საზოგადოების სულიერი, კულტურული და ზნეობრივი გამოცდილების მიმართ გულგრილი ვერ იქნება.პარლამენტისთვის ამ საკითხს განსაკუთრებულ მნიშვნელობა აქვს. პარლამენტი ის ადგილია, სადაც საზოგადოების განსხვავებული ინტერესები, ღირებულებები და შეხედულებები კანონებსა და საჯარო პოლიტიკაში აისახება.კანონი ტექნიკური ტექსტი არ არის. ყოველი მნიშვნელოვანი კანონის უკან დგას წარმოდგენა ადამიანზე, მის თავისუფლებასა და პასუხისმგებლობაზე, ოჯახზე, საზოგადოებაზე და სახელმწიფოს მოვალეობაზე.ამიტომ ღირებულებების შესახებ საუბარი პარლამენტისთვის უცხო თემა ვერ იქნება,’’- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კონფერენციის ერთ-ერთი თემა, რომელიც ოჯახურ ღირებულებებს შეეხება დღევანდელ მსოფლიოში მნიშვნელლვანია, რადგან მის წინაშე არაერთი გამოწვევაა.,,ღირებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკა არ ნიშნავს რწმენის კანონით თავს მოხვევას. ქრისტიანული ღირებულების ძალა სწორედ თავისუფალ არჩევანშია. ჩვენი ამოცანაა ისეთი საზოგადოებრივი და სამართლებრივი გარემოს შექმნა, სადაც ადამიანს შეუძლია საკუთარი რწმენისა და ტრადიციის მიხედვით ცხოვრება ისე, რომ პატივი სცეს სხვის თავისუფლებასა და ღირსებას.ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი კონფერენციის მეორე დიდი თემა – ოჯახი.ოჯახი ერთ-ერთი უძველესი სოციალური ინსტიტუტია, მაგრამ მის წინაშე არსებული გამოწვევები დღეს სრულიად თანამედროვეა.ევროპის არაერთ ქვეყანაში მცირდება შობადობა, ბერდება მოსახლეობა, იზრდება ეკონომიკური და სოციალური წნეხი ახალგაზრდა ოჯახებზე. ტექნოლოგიური და კულტურული ცვლილებები ახალ კითხვებს აჩენს მშობლობის, თაობათა ურთიერთობისა და თავად ოჯახის მნიშვნელობის შესახებ.საქართველოც ამ პროცესებისგან განცალკევებული არ არის.ოჯახის მხარდაჭერა მხოლოდ პირადი მორალის საკითხი აღარ არის. იგი დემოგრაფიული, ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის საკითხიცაა.ძლიერი ოჯახი ნიშნავს გარემოს, სადაც ბავშვი დაცულია, სადაც თაობები ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლობას გრძნობენ და სადაც ადამიანი მარტო არ რჩება ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტებში.ქრისტიანული გაგებით კი ოჯახი კიდევ უფრო მეტია – ის სიყვარულის, ერთგულების, თავგანწირვისა და პასუხისმგებლობის პირველი სკოლაა.სწორედ აქ სწავლობს ადამიანი იმას, რაც მოგვიანებით საზოგადოებასაც სჭირდება – სხვისთვის ადგილის დათმობას, პასუხისმგებლობის აღებას, განსხვავების მიღებას, პატიებას და ზრუნვას.ოჯახის დაცვა არ უნდა ნიშნავდეს ვინმეს გარიყვას და ტრადიციის დაცვა არ უნდა საჭიროებდეს იძულებას. პირიქით, ტრადიცია მაშინ არის ძლიერი, როდესაც მისი სიცოცხლისუნარიანობა თავისუფალ საზოგადოებაშიც დასტურდება.ამ საკითხებზე საუბარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც ევროპა ერთდროულად რამდენიმე კრიზისს განიცდის – უსაფრთხოების, დემოგრაფიულ, ეკონომიკურ და ღირებულებით გამოწვევებს.კრიზისის დროს საზოგადოებები ხშირად მხოლოდ ინსტიტუტებსა და რესურსებზე ამყარებენ იმედს. მაგრამ ისტორია გვაჩვენებს, რომ სახელმწიფოების გამძლეობა მხოლოდ ეკონომიკური მაჩვენებლებით, სამხედრო შესაძლებლობებითა და ინსტიტუციური მოწყობით არ განისაზღვრება. მას განსაზღვრავს ისიც, თუ რამდენად მტკიცეა საზოგადოებრივი კავშირები, რამდენად ენდობიან ადამიანები ერთმანეთს, რამდენად გრძნობენ პასუხისმგებლობას ოჯახის, საზოგადოების და მომავალი თაობების მიმართ და რამდენად აქვთ საერთო ღირებულებითი საყრდენი.საქართველოს 1700-წლიანი ქრისტიანული გამოცდილება ამ თვალსაზრისით მხოლოდ ჩვენი წარსული არ არის. ეს არის გამოცდილება იმისა, თუ როგორ შეიძლება სულიერმა და კულტურულმა ტრადიციამ სახელმწიფოებრივ წყვეტებს გაუძლოს, თაობები ერთმანეთთან დააკავშიროს და ეროვნული იდენტობის უწყვეტობა შეინარჩუნოს.ამიტომ ჩვენი სურვილია, რომ ეს საიუბილეო წელი არა მხოლოდ საქართველოს ისტორიის აღნიშვნის, არამედ ფართო ევროპული მსჯელობის შესაძლებლობაც გახდეს – მსჯელობისა იმაზე, თუ რა ადგილი აქვს ქრისტიანულ მემკვიდრეობას თანამედროვე ევროპაში; როგორ შეიძლება პარლამენტებსა და ეკლესიებს შორის დიალოგი იყოს ღია, რეგულარული და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული; როგორ შეიძლება პოლიტიკამ დაიცვას და გააძლიეროს ოჯახი; და საბოლოოდ – როგორ შეიძლება თავისუფალმა და პლურალისტურმა საზოგადოებამ შეინარჩუნოს ის ღირებულებითი საფუძველი, რომლის გარეშეც თავისუფლება ადვილად კარგავს პასუხისმგებლობას, ხოლო პოლიტიკა – ადამიანურ საზომს.1700 წლის წინ საქართველომ ქრისტიანობის მიღებით გააკეთა ცივილიზაციური არჩევანი. განვლილი 1700 წლის განმავლობაში ამ არჩევანის დაცვამ აურაცხელი მსხვერპლი მოითხოვა. საქართველოში ყველა თაობას უწევს იგივე არჩევანის გაკეთება, თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით გააგრძელოს მამა-პაპათა არჩეული გზა, თუ მთლიანად მოერგოს ცვალებად პოლიტიკურ და კულტურულ კონიუნქტურას.ჩვენი ამოცანაა გავიაზროთ, რას ნიშნავს ეს არჩევანი თანამედროვე სამყაროში და როგორ შეიძლება საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი სულიერი და კულტურული გამოცდილება მომავლის მშენებლობის რესურსად ვაქციოთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე ისაუბრა ილია მეორის ღვაწლზე და აღნიშნა, რომ მან თანამედროვე სამყაროში შეძლო და დაიცვა და ააღორძინა ისეთი უკვდავი ღირებულებები, როგორიცაა ღმერთი, სამშობლო, ადამიანი.„ამ კონფერენციის მისასალმებელ სიტყვაში არ შემიძლია არ ვახსენო ჩვენი წმინდა პატრიარქი, ილია მეორე. მისმა გარდაცვალებამაც კი კიდევ ერთხელ გვაჩვენა ჩვენი ერის გასაოცარი ერთობა და სულიერი კავშირი – იმ უმაღლესი მიზნის ხორცშესხმა, რომელსაც უწმინდესმა მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება მიუძღვნა: ბერობაში, მღვდელმსახურებასა და პატრიარქობაში.ჩვენ ყველანი ვართ ამ სასწაულის მომსწრე, ამ ტრანსფორმაციის მხილველნი და ამ გაკვეთილის მსწავლელნი, თუ რას ნიშნავს იცხოვრო თანამედროვე სამყაროში და დაიცვა და ააღორძინო ისეთი უკვდავი ღირებულებები, როგორიცაა ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, რწმენა, ოჯახი, შრომა და თავდადება.ვფიქრობ დღევანდელი კონფერენცია თავის წვლილს შეიტანს ამ რთული საკითხების განხილვაში. მადლობა ჩვენს სტუმრებს საქართველოში ჩამობრძანებისთვის. მადლობა ყველას, ვინც ამ კონფერენციის ორგანიზებაში მონაწილეობდა. გისურვებთ საინტერესო და ნაყოფიერ მსჯელობას“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

ირაკლი კობახიძე – დღეს დიდი მნიშვნელობა ენიჭება გააზრებას, რომ ევროპული ცივილიზაცია ქრისტიანულ ზნეობაზე, ადამიანის ღირსების ხელშეუხებლობასა და თავისუფლების იდეალებზე აღმოცენდა, ჩვენი გზა ევროპული ოჯახისკენ...

დღეს, როდესაც ევროპული სივრცე სერიოზული პოლიტიკური, იდეოლოგიური, დემოგრაფიული და ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმის გააზრებას, რომ ევროპული ცივილიზაცია ქრისტიანულ ზნეობაზე, ადამიანის ღირსების ხელშეუხებლობასა და თავისუფლების იდეალებზე აღმოცენდა,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო კონფერენციაზე – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ის მყარი საფუძველია, რომელიც ევროპული ერების იდენტობას განსაზღვრავს და რომლის დაცვა დღეს ისე აქტუალურია, როგორც არასდროს.„ჩვენი გზა საერთო ევროპული ოჯახისკენ სწორედ იმ ჭეშმარიტ ღირებულებებს ეფუძნება, რომლებმაც თავად ეს დიდი ცივილიზაცია შექმნა. საქართველო მომავალშიც ურყევად გააგრძელებს ამ გზას – შევინარჩუნებთ ჩვენს ტრადიციებს, სულიერ იდენტობას და მრავალსაუკუნოვან მემკვიდრეობას. მადლობას ვუხდი საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორებს, მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორის ასამბლეას და ჩვენს უცხოელ სტუმრებს თბილისში ჩამობრძანებისთვის. დარწმუნებული ვარ, დისკუსია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საერთო ევროპული მომავლისა და სულიერი ფასეულობების განმტკიცების საქმეში.კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ისტორიულ თარიღს – საქართველოში ქრისტიანობის 1700 წლის იუბილეს და გისურვებთ ნაყოფიერ მუშაობას და წარმატებებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბოლო სიახლეები