ოთხშაბათი, დეკემბერი 11, 2024

უმძიმეს დანაშაულზე განაჩენი ცნობილია – უვადო პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც ცოლი და სიდედრი მოკლა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებული, 1997 წელს დაბადებული პირი, დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

“რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი პირის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 22 მაისს, ქ. რუსთავში, ბრალდებულმა მეუღლის და სიდედრის მიმართულებით, რომლებიც ჩვილ ბავშვთან ერთად ქუჩაში გადაადგილდებოდნენ, სანადირო თოფიდან არაერთხელ გაისროლა. აღნიშნულის შედეგად, მათ გულ-მკერდის არეში მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღეს. ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ 2023 წლის აპრილიდან 2024 წლის 22 მაისამდე პერიოდში, ბრალდებული დაზარალებულ მეუღლეს, გენდერის ნიშნით, დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად ამცირებდა, აკონტროლებდა, ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა მასზე.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 2024 წლის 22 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის ,,ბ’’, ,,თ’’, ,,კ’’ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებით (ოჯახის წევრი ორი პირის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით და ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა) წარედგინა.

სასამართლომ ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში სრულად ცნო დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,” – წერია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ მკვლელობა დუმბაძის ქუჩაზე 2024 წლის 22 მაისს შუადღის საათებში მოხდა. კაცმა ცოლს და სიდედრს მაშინ ესროლა, როდესაც ისინი ჩვილ ბავშვთან ერთად, ეტლით გადაადგილდებოდნენ. ბავშვს დაზიანება არ მიუღია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შსს „პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო „პოლიციის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს. შსს-ს განმარტებით, „პოლიციის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს პოლიციაში სამსახურის მიღების გარკვეული წესების მოდიფიცირებასა და იმ პოზიციებზე, რომელიც გასამხედროებულ რეჟიმს უკავშირდება, მიღების განსხვავებული წესის დადგენას. „საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს განვმარტოთ, თუ რას ითვალისწინებს „პოლიციის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი. როგორც მოგეხსენებათ, პოლიცია შედგება სხვადასხვა დანაყოფისგან, მათ შორის გასამხედროებული დანაყოფებისგან, მათ აქვთ განსხვავებული ფუნქციები, რაც ცხადია, სხვადასხვა დანაყოფში მიღების განსხვავებულ წესსა და სპეციფიკას მოითხოვს. განვმარტავთ, რომ პოლიციის გასამხედროებულ დანაყოფებში, სადაც სამსახურის გავლის განსხვავებული რეჟიმი მოქმედებს, მსახურობენ სამხედრო წოდების მქონე პირები. ამასთან, სამხედრო მოსამსახურე მიიღება კონკურსის გარეშე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პირველი იანვრიდან სამხედრო სამსახური იარსებებს მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროში 2025 წლის პირველი იანვრიდან სამხედრო წოდებით ვერ დაინიშნებიან, რაც განაპირობებს გასამხედროებული დანაყოფების საპოლიციო წესებზე გადასვლას და საპოლიციო კონკურსზე დაქვემდებარებას. შესაბამისად, „პოლიციის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, პოლიციაში სამსახურის მიღების გარკვეული წესების მოდიფიცირებასა და იმ პოზიციებზე, რომელიც გასამხედროებულ რეჟიმს უკავშირდება, მიღების განსხვავებული წესის დადგენას. შინაგან საქმეთა სამინისტროში მიღება/დანიშვნა, რა თქმა უნდა, ითვალისწინებს დადგენილი კრიტერიუმის დაკმაყოფილებას. კერძოდ, სამინისტროს მოსამსახურის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მიიღება/დაინიშნება 18 წლის ასაკიდან საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც თავისი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური მომზადების შესაბამისად შეუძლია შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები. ყველა ეს გარემოება შემოწმდება სამსახურში მიღების პროცესში. კანდიდატი, რომელიც არ აკმაყოფილებს შესაბამისი პოზიციისთვის დადგენილ განათლების, ფიზიკური მომზადების, ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებს, სამსახურში არ მიიღება. დამატებით განვმარტავთ, რომ აღნიშნული ცვლილება არ შეეხება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს, გამომძიებლებს, მართლწესრიგის ოფიცრებსა და ადმინისტრაციული ფუნქციების შემსრულებელ მოსამსახურეებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

თინათინ მღვდლიაშვილი: მიშა მშვილდაძე დამემუქრა, რომ მალე დინგში მომხვდებოდა! მისი შეურაცხმყოფელი კომენტარი მოიწონა დეკანოზმა, ილია ჭიღლაძემ. ოპოზიციას, რომელსაც მხარს უჭერს მშვილდაძის მსგავსი ცოცხალი ორგანიზმი,...

პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი ტელეკომპანია „ფორმულას" ერთ-ერთი დამფუძნებლის და ტელეწამყვანის, მიშა მშვილდაძის მიერ მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც პოეტი აღნიშნავს, 1 დეკემბერს ფეისბუკ გვერდზე  გამოაქვეყნა წერილი, სადაც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებზე საუბრობდა. მისივე თქმით, მიშა მშვილდაძე, დაემუქრა, რომ მალე დინგში მოხვდებოდა წერილის ავტორს და მისი შეურაცხმყოფელი კომენტარი მოიწონა დეკანოზმა, ილია ჭიღლაძემ. „მე გახლავართ პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი. ჩემს ლექსებზე შექმნილია ცნობილი სიმღერები: ,,ხმალი ავლესოთ, ქართველებო!'', ,,მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო", ,,აღმაშენებელი თბილისს მობრძანდება", ,,ჭრელ კაბაში დაგაბეროს ღმერთმა"და სხვა. 1 დეკემბერს, ჩემს ფეისგვერდზე გამოვაქვეყნე წერილი ,,მე რომ შემეძლოს, საქართველოს გადავმალავდი" და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე შემზარავი მოვლენები ჩემეული ხედვით შევაფასე. წერილს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის ე. წ. ოპოზიციის მხრიდან, ანუ ტროლები, ბოტები და ფერადი ჭინკებიც შემოესივნენ. ხანგრძლივი დროის მანძილზე მაგინებდნენ, მწყევლიდნენ და მემუქრებოდნენ. მაგინებელთა შორის გახლდათ ვინმე მიშა მშვილდაძეც, რომელიც დამემუქრა, რომ მალე დინგში მომხვდებოდა! ( სამწუხაროდ, მისი შეურაცხმყოფელი კომენტარი მოიწონა ვინმე დეკანოზმა, ილია ჭიღლაძემ). მშვილდაძე დამემუქრა და შემდეგ დამბლოკა. ოპოზიციას, რომელსაც მხარს უჭერს ვინმე მშვილდაძის მსგავსი ცოცხალი ორგანიზმი, არც მომავალი, არც გამარჯვება და, არც აწმყო არ გააჩნია. მიშას ვინაობა მოგვიანებით დავაზუსტე, რადგან ეს სახელი და გვარი ჩემთვის არაფერს წარმოადგენდა. სირცხვილი მას! თინათინ მღვდლიაშვილი პოეტი, მხატვარი ზვიად გამსახურდიას და გალაკტიონის პრემიის ლაურეატი. მუქარა დანაშაულია! საზოგადოებამ უნდა იცოდეს ამ ფაქტის შესახებ“, - წერს თინათინ მღვდლიაშვილი.  

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივი საქმეების განყოფილების ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მზად არის, საუნივერსიტეტო სივრცეში დააფუძნოს ამერიკის კვლევების ინსტიტუტი, რომელიც იქნება ფლაგმანი ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის ისტორიის, კულტურის, სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიის შესწავლის, ასევე, ფართო საზოგადოებისთვის მისი გაცნობის მიმართულებით , - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საზოგადოებრივი საქმეების განყოფილების ხელმძღვანელ ალექსანდერ დენიელსთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, უნივერსიტეტში საქმიან ვიზიტად მყოფ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრას, რომელსაც ვიცე-რექტორები - თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე და სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე ესწრებოდნენ, რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე უძღვებოდა. როგორც რექტორმა განაცხადა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს ამერიკის შეერთებული შტატების ისეთ უმაღლეს სკოლებთან, როგორიცაა: ფერფაქსის ამერიკის უნივერსიტეტი, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდი, აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტი, პენსილვანიის ჰარისბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სანტა კლარას უნივერსიტეტი, ამერიკის კოლეჯთა და უნივერსიტეტთა ასოციაცია, საერთაშორისო განვითარების სახალხო კოლეჯები, კირკვუდის სახალხო კოლეჯი, მუსკატინის სახალხო კოლეჯი, მორაინ ვალის საგანმანათლებლო ცენტრი, ვაუკეშა ქაუნტის ტექნიკური კოლეჯი, ჩრდილოეთ ვისკონსინის ტექნიკური კოლეჯი, სამხრეთ-დასავლეთ ვირჯინიის სახალხო კოლეჯი და დასავლეთ აიოვას ტექნიკური კოლეჯი. „საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რომელიც ერთ-ერთი უძველესი და უდიდესია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ჰყავს საინჟინრო-ტექნოლოგიური და ჰუმანიტარული დარგების წამყვანი მეცნიერები, სპეციალისტები, წარმატებული ახალგაზრდა მკვლევრები და მოტივირებული სტუდენტები. ჩვენი სამეცნიერო-აკადემიური პერსონალი აქტიურად თანამშრომლობს ისეთ უდიდეს საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებთან და ცენტრებთან, როგორიცაა: შვეიცარიაში CERN-ი, იაპონიაში KEK-ი და J-Parc-ი, აშშ-ში FERMILAB-ი, ვთანამშრომლობთ უილიხის ცენტრთან და ორგანიზაცია DAAD-თან. მჭიდრო კონტაქტები გვაქვს ამერიკის, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და ევროპის სხვა წამყვან უნივერსიტეტთან. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პირველი უნივერსიტეტია რეგიონში, რომელსაც ABET აკრედიტაცია ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაში მიენიჭა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მრავალმხრივი საერთაშორისო სამეცნიერო კოლაბორაცია, მნიშვნელოვანია სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებში ჩართვა, ახალი კონტაქტები, ახალი პროექტები, მიზნები. დარწმუნებული ვარ, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, როგორც ყოველთვის, უნივერსიტეტს მიზნების განხორციელებაში დაეხმარება“, - განაცხადა დავით გურგენიძემ. სტუ-ის ინფორმაციით, აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივი საქმეების განყოფილების უფროსმა ალექსანდერ დენიელსმა დაათვალიერა უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა, ჟიული შარტავას სახელობის ტექნიკისა და ტექნოლოგიების სასწავლო-კვლევით ლაბორატორიაში კი, ონლაინ რეჟიმში, ალექსანდერ დენიელსსა და ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) CMS კოლაბორაციაში მონაწილე ქართველ მეცნიერს, სტუ-ის CERN/CMS ქართული ჯგუფის ლიდერსა და სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის ხელმძღვანელს, პროფესორ ზვიად წამალაიძეს შორის საქმიანი საუბარი შედგა. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საზოგადოებრივი საქმეების განყოფილების ხელმძღვანელმა შეხვედრის დასასრულს განაცხადა, საელჩოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება. „არაჩვეულებრივი შეხვედრა მქონდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა უნივერსიტეტის სტუდენტების ინოვაციური პროექტების პრეზენტაციებმა და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ლაბორატორიულ კომპლექსში ახალგაზრდების საქმიანობამ. ასევე, შთამბეჭდავი იყო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა მდიდარი და რარიტეტული კოლექციებით. რაც მთავარია, ვიმედოვნებ, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება, უფრო ინტენსიურად ამოქმედდება სტუდენტებისა და მკვლევრების გაცვლითი პროგრამები, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების მეტად დაახლოების პროცესს“, - აღნიშნა ალექსანდერ დენიელსმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მომხსენებლები კლოდ კერნი და ედიტე ესტრელა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

საქართველოს საკითხებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მომხსენებლები კლოდ კერნი და ედიტე ესტრელა ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოში ოპოზიციისა და პროტესტის ლიდერების დაკავებებისა და წინასწარი პატიმრობის, ისევე როგორც პოლიციის მიერ მათი ოფისების ჩხრეკის გამო, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. როგორც მომხსენებლები აცხადებენ, დაკავებების დროს პოლიციის ძალადობა აჩენს კითხვებს პოლიტიკურად მოტივირებული დევნის შესახებ. „ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მომხსენებლებმა კლოდ კერნმა და ედიტე ესტრელამ დღეს გამოხატეს ღრმა შეშფოთება ოპოზიციისა და საპროტესტო აქციების ლიდერების დაპატიმრებებისა და წინასწარი დაკავებების, ასევე პოლიციის მიერ მათი ოფისების ჩხრეკის გამო, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, საეჭვო სამართლებრივ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საკამათო დებულებების საფუძველზე ჩატარდა, რაც მას პოლიტიკური ძალადობისგან დაუცველს ხდის. დაკავებების დროს პოლიციის მიერ ძალადობასთან და ძალის გადამეტებულ გამოყენებასთან ერთად, ეს აჩენს კითხვებს პოლიტიკურად მოტივირებული დევნისა და მართლმსაჯულების შესაძლებლობის შესახებ, რომლის ადგილიც არ არის კანონის უზენაესობაზე დაფუძნებულ დემოკრატიულ საზოგადოებაში“, – ნათქვამია მომხსენებლების განცხადებაში. განცხადებაშია ასევე აღნიშნულია, რომ მომხსენებლები გმობენ პოლიციის სისასტიკეს ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების, მათ შორის ახალგაზრდების მიმართ, რომელიც უცვლელად გრძელდება, რაც დაადასტურა საქართველოს სახალხო დამცველმა. „როგორც ჩანს, არსებობს დაუსჯელობის განცდა პოლიციელების მხრიდან ძალადობისთვის და ძალის გადამეტებული გამოყენებისთვის მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ, რაც მიუღებელია“, – აცხადებენ მომხსენებლები, რომლებიც მოუწოდებენ ხელისუფლებას, პატივი სცენ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, მათი ვალდებულებების შესაბამისად, როგორც ევროპის საბჭოს წევრი. გარდა ამისა, მომხსენებლები მოუწოდებენ ხელისუფლებას, სრულად, ეფექტურად და გამჭვირვალედ გამოიძიოს პოლიციის მიერ ძალადობისა და ძალის გადამეტებული გამოყენების ყველა შემთხვევა და პასუხისმგებელ პირებს კანონის შესაბამისად დაეკისროთ პასუხისმგებლობა. „ასეთი შემაძრწუნებელი საქციელის დაუსჯელობა უნდა დასრულდეს“, – აღნიშნულია განცხადებაში. ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ მომხსენებლები თბილისში იანვრის დასაწყისში ფაქტების დადგენის მიზნით ჩავლენ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ცნობილი მეცნიერის, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, პროფესორ რაიჩო ლაზაროვის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, ცნობილი ამერიკელი მეცნიერის, მათემატიკოსის, ემერიტუს რაიჩო ლაზაროვის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიას და ტეხასის უნივერსიტეტს (Texas A&M University, აშშ). ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, რაიჩო ლაზაროვს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობის ნაყოფიერი წლები აკავშირებს. მან საუნივერსიტეტო საზოგადოებასა და სტუდენტებს თავი დაამახსოვრა, როგორც დიდბუნებოვანმა ადამიანმა, შესანიშნავმა მეცნიერმა, კოლეგამ და პედაგოგმა. „81 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, მსოფლიო მასშტაბით ცნობილი მეცნიერი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების დარგში, რაიჩო ლაზაროვი. შესანიშნავი მკვლევარი, პედაგოგი, მეგობარი და კოლეგა - ასეთი დარჩება რაიჩო ლაზაროვი ჩვენს მეხსიერებაში. ის იყო მეცნიერი, რომელმაც თანამედროვე განვითარებამდე მიიყვანა სამეცნიერო კვლევები რიცხვითი მეთოდებისა და ალგორითმების სფეროში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო და აკადემიური წრეების, თანამშრომლებისა და სტუდენტების სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პროფესორ რაიჩო ლაზაროვის გარდაცვალების გამო, სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს. უფალმა გაუნათლოს ცათა სასუფეველი”, - აღნიშნულია სტუ-ის რექტორის სამძიმარში.

ბოლო სიახლეები