ევროკავშირი უკრაინაში რეფორმების პროგრესს დადებითად აფასებს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებში არსებულ მრავალ წყაროსა და დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ევროკომისიის განმარტებით, დოკუმენტი „დაბალანსებულია“ და ადასტურებს, რომ უკრაინა ევროინტეგრაციისკენ მიმავალ ოთხ ქვეყანას შორისაა, მოლდოვასთან, ალბანეთთან და მონტენეგროსთან ერთად.
„უკრაინა აგრძელებს მნიშვნელოვანი მდგრადობისა და ევროპული გზისადმი ერთგულების დემონსტრირებას, რუსეთის მიერ მიმდინარე აგრესიული ომის ესკალაციის მიუხედავად, მათ შორის ქალაქებსა და სამოქალაქო სამიზნეებზე რუსეთის საჰაერო თავდასხმების მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე“, – წერია უკრაინის შესახებ ანგარიშში.
მედიის ცნობით, 23-ე და 24-ე პუნქტებში, რომლებიც ასევე მოიცავს მართლმსაჯულებას და კორუფციასთან ბრძოლას, უკრაინამ იგივე შეფასება მიიღო, რაც გასულ წელს – „გარკვეული პროგრესი“.
„საერთო ჯამში, ევროკავშირმა ვერ აღმოაჩინა მოლაპარაკებების ვერცერთი მონაკვეთი, სადაც უკრაინამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პროგრესი არ აჩვენა. თავების მიხედვით, ეს პროგრესი „შეზღუდულიდან“ „კარგამდე“ მერყეობს“, – წერს გამოცემა.

