ოთხშაბათი, ივნისი 4, 2025

უკრაინის საგარეო უწყება სააკაშვილის საქმეზე: უკრაინის პრინციპული პოზიციაა, არ ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში

უკრაინის საგარეო უწყება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა უკრაინის პრინციპული პოზიცია, არ ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში. ამის შესახებ საუბარია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინსიტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც უწყებამ უკრაინაში საქართველოს საელჩოს დიპლომატთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.

„2 ოქტომბერს, უკრაინაში საქართველოს საქმეთა რწმუნებული, უფროსი მრჩეველი სანდრო თოფურია საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიწვიეს. დიპლომატმა გააცნო უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაკავების გარემოებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლები, რომელთა მიხედვითაც სააკაშვილი არის მსჯავრდებული. უკრაინულმა მხარემ ხაზი გაუსვა მიხეილ სააკაშვილის კანონიერი უფლებების სრულად პატივისცემის აუცილებლობას და მოითხოვა, რომ უკრაინის კონსულმა ის მოინახულოს საკონსულო და სამართლებრივი დახმარების გასაწევად. საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა უკრაინის პრინციპული პოზიცია, არ ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში“, – ნათქვია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რევაზ სოხაძე – აბასთუმანში ვითარდება ინფრასტრუქტურა და უმჯობესდება პირობები ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის

ვიმყოფებით აბასთუმანში, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ გამორჩეულ კურორტზე, სადაც რამდენიმე წელია, სხვადასხვა მიმართულების ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. დაბაში ვითარდება როგორც ინფრასტრუქტურა, ასევე უმჯობესდება პირობები ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.რევაზ სოხაძის თქმით,  მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები, შენდება ბაღი, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია უტარდება შენობების ფასადებს, მიმდინარეობს პროექტები, რომლებიც ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ემსახურება, რაც სტრატეგიული მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნისთვის.„ბოლო წლებში, ხელისუფლების მიერ მრავალი პროექტი განხორციელდა ამ მიმართულებით, რაც აისახა კიდეც ტურისტების რაოდენობაზე და შესაბამისად აისახება ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე. იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში აბასთუმანი უკვე კერძო ინვესტიციებით შექმნილი სასტუმროებით მიიღებს კიდევ უფრო მეტ დამსვენებელს“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.ამასთან, მორიგი სამუშაო გასვლის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მოადგილეებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადიგენის მუნიციპალიტეტის, დაბა აბასთუმანში მიმდინარე პროექტებს ადგილზე გაეცნო. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი კურორტ აბასთუმანში სხვადასხვა დანიშნულების არაერთ  პროექტს ახორციელებს. დაბაში  მიმდინარეობს შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, ხიდის, ავტოსადგურის და ელექტრო დამტენებისთვის გათვლილი ღია ავტოსადგომის მშენებლობა, ასევე, გრძელდება რეკრეაციული ტყე-პარკის სახანძრო უსაფრთხოებისათვის წყალსაცავისა და საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. დაწყებულია პარკთან არსებული მოზაიკის კედლის რესტავრაციაც.„პროექტის მიხედვით, რეაბილიტაცია უტარდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადებს, მიმდინარეობს, ასევე ისტორიული შენობა-ნაგებობების რესტავრაცია-რეაბილიტაცი, რომელიც ითვალისწინებს  ფასადის პირვანდელი იერსახით აღდგენას დეკორატიული  და  ქვით მოპირკეთების ელემენტებით. დაბა აბასთუმანში მიმდინარე და დასრულებული პროექტების ჯამური ბიუჯეტი – 154.8 მილიონი ლარია.ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, აბასთუმნის განვითარების გეგმის ფარგლებში, 2019-2020 წლებში  დაასრულა კურორტ აბასთუმნის ცენტრალურ ქუჩაზე მე-19-მე-20 საუკუნეების 20-მდე ისტორიული  სახლის, 1932 წელს აშენებული ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიისა და 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის სრული რეაბილიტაცია. 2019 წელს შემუშავდა კურორტ აბასთუმნის განაშენიანების გენერალური გეგმა, ხოლო აბასთუმნის უწყვეტი, სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებისა და გამართული წყალარინებისათვის, 2020-2022 წლებში, დასრულდა  კურორტის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემებისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობა მშენებლობა-რეაბილიტაცია.2024 წელს განახლდა აბასთუმნის ცენტრალური პარკში. აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა საფეხმავლო არეალს, შეიცვალა გარეგანათების ბოძები, განთავსდა ახალი სკამები და ნაგვის ურნები, შეიცვალა წყალმომარაგების, ირიგაციის და  ელექტრო-საინჟინრო ქსელები, განახლდა შადრევანი და დენდროლოგია. პარკის ტერიტორიაზე მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცეები და მულტიფუნქციური სტადიონი. განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად მორგებულია შშმ პირებისა და საბავშვო ეტლით მოსარგებლე მშობლების საჭიროებებზე.გასულ წელს, აბასთუმნის ობსერვატორიაში დამონტაჟდა ახალი გუმბათი და ტელესკოპი. ტელესკოპი ავსტრიულმა, ხოლო გუმბათი იტალიურმა კომპანიებმა სპეციალურად აბასთუმნის ობსერვატორიისთვის დაამზადეს. ასეთი ინფრასტრუქტურით აბასთუმნის ობსერვატორია დაიბრუნებს და განავითარებს დიდი სამეცნიერო მიზიდულობის ცენტრის მნიშვნელობას, საქართველოს და  მსოფლიოს მასშტაბით. აბასთუმანში აშენდა 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღიც. უნიკალური კურორტის განვითარებისათვის, გრძელდება ბაღდათი-აბასთუმნის გზის სრული რეაბილიტაცია და აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა“, – აღნიშნულია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.

სტუ-ის დოქტორანტი – საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მასწავლა, ვიყო ინჟინერი, რომელიც მდგრად და გონივრულად განვითარებულ საქართველოს აშენებს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამშენებლო ფაკულტეტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა დავასრულე, რის შემდეგაც გადავდგი პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯები პროფესიულ ცხოვრებაში. ყოველთვის მახსოვს ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენს განათლებას თან ახლავს. უნივერსიტეტმა მასწავლა, ვიყო ინჟინერი, რომელიც აშენებს არა მხოლოდ ხიდებსა და გზებს, არამედ უკეთეს, მდგრად და გონივრულად განვითარებულ საქართველოს, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი ნიკოლოზ კახიძე აცხადებს.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნიკოლოზ კახიძემ სამშენებლო ფაკულტეტის ბაკალავრიატი 2012 წელს დაასრულა, მაგისტრატურა კი 2016 წელს. ამჟამად, დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, წყლის რესურსების ინჟინერიის მიმართულებით სწავლობს.სტუ-ის ცნობითვე, ნიკოლოზ კახიძე 2010 წლიდან მუშაობს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში, გეოინფორმაციული სისტემებისა და აქტივების მართვის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე.„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მივიღე არა მარტო მაღალკვალიფიციური განათლება, არამედ გამოცდილებაც, რომელმაც პროფესიონალად ჩამომაყალიბა. სამშენებლო ფაკულტეტზე სწავლა გაძლევს შესაძლებლობას, გაუმკლავდე თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს. უნივერსიტეტში ჩვენ არ გვასწავლიდნენ მხოლოდ კონსტრუქციების აგებასა და მათემატიკურ გაანგარიშებებს, გვასწავლიდნენ კრიტიკულ აზროვნებას და იმ პასუხისმგებლობის გაცნობიერებას, რაც ჩვენი ქვეყნის მდგრადი მომავლის ფორმირებასთან არის დაკავშირებული.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უკვე მრავალი წელია განათლების მაღალი სტანდარტის სიმბოლოა და სამშენებლო ფაკულტეტიც ღირსეულად აგრძელებს ამ ტრადიციას. დარგის წამყვანი სპეციალისტებისა და მკვლევრების მენტორობით დაძლეული რთული სასწავლო პროგრამებითა და პრაქტიკული მუშაობით, შევიძინეთ ის ცოდნა და აუცილებელი უნარები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის არის საჭირო“, - აცხადებს დოქტორანტი.

კახა კალაძე – ევროპარლამენტის რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს, ვიცით, როგორ ხდება მათი მიღება

ამ ტიპის რეზოლუციები ბევრი გვინახავს, ვიცით, როგორ ხდება მათი მიღება, რამდენს იხდიან, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.კალაძეს კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული ყოველწლიური ანგარიშის შესახებ.როგორც საპასუხოდ კალაძემ აღნიშნა, მსგავსი ლობიზმით შეფუთული რეზოლუციებისა და აგენტურისადმი ქართველი ხალხის უმრავლესობას შესაბამისი დამოკიდებულება აქვს.„ამ ტიპის რეზოლუციები ბევრი გვინახავს. ვიცით, როგორ ხდება მათი მიღება, რამდენს იხდიან. ეს ყველაფერი ლობიზმითაა შეფუთული. ამ რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვთ. ამ ადამიანებს, რომლებიც აგენტურას წარმოადგენენ ქვეყანაში, საზოგადოების უმრავლესობას მათ მიმართ და მათი თანაგუნდელების მიმართ აქვთ შესაბამისი დამოკიდებულება, რასაც იმსახურებენ. აგენტებს და უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მსახურებს ყოველთვის შესაბამისი დამოკიდებულება ექნებათ ხალხის მხრიდან. სამწუხაროდ, ასეთი ტიპის ბიუროკრატები, ოდიოზური პირები, საკმაოდ მრავლადაა, თუმცა შეიცვლება ყველაფერი და ისეთ ევროპას მივიღებთ, რომლისკენაც ვისწრაფვით ოდითგანვე და არა ისეთს, როგორიც დღესაა, დაფუძნებული ტყუილზე, ცილისწამებაზე. ეს არის ზუსტად განსხვავება ჩვენსა და რადიკალებს შორის. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც ქართველი ხალხის დავალებას ვასრულებთ. ჩვენთვის ჩვენი ქვეყანაა მნიშვნელოვანი. რადიკალების ამოსავალი წერტილია, რას უბრძანებენ გარედან“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გია ვოლსკი – ე.წ. ოპოზიციის მიმართ ევროპარლამენტის მოწოდების უკან არ უნდა გამოვრიცხოთ კონსპირაციული გეგმა, ამოცანა ისევ ერთია, საქართველოს უნდა მართავდეს მარიონეტული რეჟიმი

ე.წ. ოპოზიციის მიმართ ევროპარლამენტის მოწოდების უკან არ უნდა გამოვრიცხოთ ბნელი, კონსპირაციული გეგმა, რაც არ შეცვლილა პირველი რეზოლუციიდან, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიიღეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისი თქმით, ამოცანა ისევ ერთია – საქართველოს უნდა მართავდეს მარიონეტული რეჟიმი, რასაც მსოფლიოში მიმდინარე პროცესებისთვის გამოიყენებ.„ე.წ. ოპოზიციის შინაარსი არ შეცვლილა, როგორც აქამდე იყვნენ დანაშაულებრივი სისტემის მხარდამჭერები და შემქმნელები, ისეთივეებად დარჩნენ. ახლა იმაზეა საუბარი, რომელი გზა აირჩიონ, რათა პოლიტიკურ ზედაპირზეც დარჩნენ და პოლიტიკურ ცხოვრებაშიც, თუმცა, ამავე დროს, საკუთარ მიზანს მიაღწიონ. რასაკვირველია, ევროპარლამენტის დამოკიდებულება კონტექსტიდან არ უნდა ამოვიღოთ და ეს მოწოდება ნორმალური იქნებოდა, თუ ნორმალური ურთიერთიერთობა განვითარდებოდა ევროპარლამენტსა და საქართველოს შორის, მაგრამ ამის უკან სანქციების უტიფარი მოთხოვნაა და დამნაშავეების წამოწევა, როგორც დემოკრატიის ჩირაღდნების და შუქურების, „ნაცმოძრაობის“ გათეთრების მცდელობაა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ ნაწილი ხალხს სისხლისღვრისკენ და რეზოლუციების მიღებისკენ მოუწოდებს, მეორე ნაწილი – არჩევნებში შედეგს ხედავენ.„მათი სცენარი ევროპარლამენტის რეზოლუციაში იკითხება. მნიშვნელობა არ აქვს, რას მოუწოდებენ, მნიშვნელობა აქვს, რა ხდება. ერთია, რასაც წერ, მეორეა, რასაც გულისხმობ. ამის უკან ბნელი, კონსპირაციული გეგმა არ უნდა გამორიცხო, რაც არ შეცვლილა პირველი რეზოლუციიდან, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიიღეს. ამოცანა ისევ ერთია, საქართველოს მარიონეტული რეჟიმი უნდა მართავდეს, რასაც მსოფლიოში მიმდინარე პროცესებისთვის გამოიყენებ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა შესწორებებით საქართველოს შესახებ ყოველწლიური ანგარიში დაამტკიცა, რომელშიც ნათქვამია, რომ „2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მედეგობის მორიგი გამოცდაა. შედეგად, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ქვეყნის ოპოზიციას, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რათა ასახოს ქართველი ხალხის ერთიანობა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერაში, როგორც უკვე ნაჩვენები იყო ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით“.

ევროპარლამენტში თვითმმართველობის არჩევნებს საქართველოს დემოკრატიის მედეგობის მორიგ გამოცდად მიიჩნევენ და მოუწოდებენ ოპოზიციას, „გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რათა ასახოს ხალხის ერთიანობა“

ევროპარლამენტი საქართველოსთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიშის შესახებ რელიზს ავრცელებს.ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დაამტკიცა შესწორებებით საქართველოს შესახებ ყოველწლიური ანგარიში 55 ხმით 14-ის წინააღმდეგ, ოთხმა თავი შეიკავა. ანგარიშის მომხსენებელი ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენეა.როგორც ევროპარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზშია აღნიშნული, ახალ ანგარიშში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აცხადებენ, რომ „საქართველოში 2024 წლის ოქტობრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნები იყო აშკარა გარდმტეხი მომენტი ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში ავტორიტარული მთავრობისკენ“.მათი თქმით, „ამ ნაკლოვანმა კენჭისყრამ გზა გაუხსნა მმართველ პარტიას, „ ქართულ ოცნებას“, უკანონოდ მიიტაცოს სახელმწიფო ინსტიტუტები და დემოკრატიული გარანტიები, წინ წაწიოს რეპრესიული კანონმდებლობა და ასევე ჩაახშოს პოლიტიკური ოპონენტები, ჟურნალისტები და მშვიდობიანი დემონსტრანტები“.„იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედების ამჟამინდელი კურსი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზას, ევროპარლამენტის წევრებმა გაიმეორეს მოწოდება საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისკენ საერთაშორისო და დამოუკიდებელი ადგილობრივი დამკვირვებლების მონიტორინგით. ვიდრე ასეთი არჩევნები არ იქნება ორგანიზებული, ევროპარლამენტის წევრები შეინარჩუნებენ საქართველოს ამჟამინდელი ერთპარტიული პარლამენტისა და პრეზიდენტის ლეგიტიმურობის არაღიარების პოლიტიკას და მოუწოდებენ ევროკავშირს და წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ ორმხრივი და კოორდინირებული პერსონალური სანქციები „ქართული ოცნების“ საკვანძო მაღალჩინოსნებისა და რეჟიმის ხელშემწყობებისთვის, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე. მზარდი რეპრესიული საკანონმდებლო გარემოს გათვალისწინებით, ევროპარლამენტარები ასევე მოითხოვენ საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის დაუყოვნებლივ გადახედვას და მოუწოდებენ ევროკომისიას, გადახედოს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციას“, – ნათქვამია პრესრელიზში.პრესრელიზის თანახმად, „ქართული ოცნებისთვის“ დემოკრატიული რეფორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსზე დაბრუნებისკენ მოწოდებასთან ერთად, ევროპარლამენტარები კიდევ ერთხელ ადასტურებენ სოლიდარობას ქართველი ხალხის და მათი ლეგიტიმური პროევროპული მისწრაფებების მიმართ.„ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მედეგობის მორიგი გამოცდაა. შედეგად, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ქვეყნის ოპოზიციას, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რათა ასახოს ქართველი ხალხის ერთიანობა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერაში, როგორც უკვე ნაჩვენები იყო ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით. ევროპარლამენტარები ასევე გამოხატავენ ღრმა შეშფოთებას საქართველოს ამჟამინდელი შემზღუდველი მედიაგარემოსა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე თავდასხმების გამო, მათ შორის, „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებების გამო, რომლებიც მიუთითებენ განზრახვაზე, არაკონსტიტუციურად გამოაცხადონ ოპოზიციური პარტიები“, – აღნიშნულია პრესრელიზში.საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ დამტკიცებულ ანგარიშს ევროპარლამენტს კენჭისყრაზე მომავალ პლენარულ სესიაზე წარუდგენენ.

ბოლო სიახლეები