უკრაინა მზადაა, მიიღოს აშშ-ის წინადადება, ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტის შესახებ, აშშ დაუყოვნებლივ განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას. ამის შესახებ უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
„დღეს ჯედაში, საუდის არაბეთში, შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს უკრაინისთვის ხანგრძლივი მშვიდობის აღდგენის მიმართულებით. უკრაინის დელეგაციამ კიდევ ერთხელ გამოხატა უკრაინელი ხალხის მადლიერება პრეზიდენტ ტრამპის, აშშ-ის კონგრესისა და შეერთებული შტატების ხალხის მიმართ, რომლებმაც შესაძლებელი გახადეს მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა მშვიდობისთვის. უკრაინამ გამოხატა მზადყოფნა, მიიღოს აშშ-ის წინადადება დაუყოვნებლივი, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს მხარეთა ურთიერთშეთანხმებით და რომელიც დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციის მიერ მიღებასა და ერთდროულ განხორციელებაზე. შეერთებული შტატები აცნობებს რუსეთს, რომ რუსეთის მხრიდან საპასუხო ნაბიჯები არის მშვიდობის მიღწევის გასაღები. შეერთებული შტატები დაუყოვნებლივ განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას და განაახლებს სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, „დელეგაციებმა ასევე განიხილეს ჰუმანიტარული დახმარების მნიშვნელობა, როგორც სამშვიდობო პროცესის ნაწილი, განსაკუთრებით ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში, მათ შორის სამხედრო ტყვეების გაცვლა, სამოქალაქო პირების გათავისუფლება და იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნება“.
„ორივე დელეგაცია შეთანხმდა, რომ დაასახელებენ თავიანთ მომლაპარაკებლების გუნდებს და დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს მდგრადი მშვიდობის მისაღწევად, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის გრძელვადიან უსაფრთხოებას.
შეერთებულმა შტატებმა აიღო ვალდებულება, განიხილოს ეს კონკრეტული წინადადებები რუსეთის წარმომადგენლებთან. უკრაინის დელეგაციამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ევროპელი პარტნიორები ჩართული იქნებიან სამშვიდობო პროცესში.
ბოლოს, ორივე ქვეყნის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ რაც შეიძლება მალე მოაწერონ ხელი ყოვლისმომცველ შეთანხმებას უკრაინის სასარგებლო წიაღისეულის განვითარებისთვის, რათა გაფართოვდეს უკრაინის ეკონომიკა, დაიფაროს ამერიკული დახმარების ხარჯები და გარანტირებული იყოს უკრაინის გრძელვადიანი კეთილდღეობა და უსაფრთხოება“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.