27 იანვარს ქალაქ ხარკოვში მეორე მიწისქვეშა სკოლა გაიხსნა. ახლა აქ 750 ბავშვი სწავლობს, მშენებლობის მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ კი მოსწავლეთა რაოდენობა ათასამდე გაიზრდება.
ამის შესახებ ქალაქის მერი, იგორ ტერეხოვი „ტელეგრამ-არხზე“ წერს.
„დღეს ერთმა ბიჭმა თქვა: „აქ უკეთესია, ვიდრე სახლში“. თავიდან ვერ მივხვდი, მისი ნათქვამი როგორ უნდა მიმეღო. მხოლოდ შემდეგ გავაცნობიერე, რომ ეს, ალბათ, უმაღლესი ქებაა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შევქმენით ადგილი, სადაც ბავშვები თავს დაცულად და ბედნიერად გრძნობენ. თუმცა, მტკივნეული რეალობაც არსებობს – აქ სწავლობენ ბავშვები, რომლებმაც დაწყებითი სკოლა უკვე დაამთავრეს, მაგრამ უშუალოდ, ცოცხლად პირველად ხედავენ ერთმანეთს. კოვიდმა და ომმა მათ ნორმალური სწავლის შესაძლებლობა წაართვა. ამიტომ არის ეს ამბავი ერთდროულად სასიხარულოც და სევდიანიც… მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ისინი ახლა ერთად არიან“, – წერს ხარკოვის მერი.
„სკოლის მშენებლობა საერთაშორისო პარტნიორებმა და ტაივანის მთავრობამ დააფინანსეს“, – აღნიშნა ტერეხოვმა.
მეცადინეობა მიწისქვეშ ხარკოვსა და ხარკოვის ოლქში
ხარკოვის მეტროპოლიტენის რამდენიმე სადგურში საბავშვო ბაღი და სკოლა ფუნქციონირებს.
ხარკოვის პირველმა მიწისქვეშა სკოლამ ფუნქციონირება 2024 წლის მაისში დაიწყო. სკოლას აქვს 20 კლასი, სადაც 600 ბავშვს შეუძლია სწავლა.
„ქალაქის ხელისუფლება ხარკოვში კიდევ ექვსი მიწისქვეშა სკოლის აშენებას გეგმავს“, – ამბობს ხარკოვის მერი.
მიწისქვეშა თავშესაფრებში მეცადინეობა ბერესტინის, ბლიზნიუკოვკასა და პეჩენიზკას დასახლებებშიც მიმდინარეობს.
2024 წლის სექტემბერში ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ რეგიონში კიდევ 16 მიწისქვეშა სკოლის პროექტი მუშავდება.