12 მარტს განვითარებული სტიქიური პროცესების შედეგად, 10-ზე მეტი სახლი დაინგრა, დაზიანდა სასაფლაო და გზა. სოფელში მცხოვრები 45 ოჯახი უსაფრთხო ადგილზეა გაყვანილი.
„სტიქიის ზონაში სიტუაცია უცვლელია, მეწყრული პროცესები ისევ აქტიურია. ადგილზე რჩებიან გეოლოგების ჯგუფები და მიმდინარეობს კვლევა. საგანგებო შტაბი აგრძელებს მუშაობას. ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზა ისევ გადაკეტილია და აქ გადაადგილება უსაფრთხო არ არის. ტერიტორია ისევ რჩება მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველად და გადაადგილება აკრძალულია. ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებით გუშინ ჩატარდა სამედიცინო კვლევები, გამოგზავნეს ექიმთა ჯგუფები, ასევე არიან ბავშვთა ფსიქოლოგები. ეს აქცია დღესაც გრძელდება და უკვე მესამე ლოკაციაზე გვექნება დღეს შეხვედრები მოსახლეობასთან. მე კიდევ ერთხელ ვთხოვ მოსახლეობას, რომ თავის შეიკავონ აღნიშნულ ტერიტორიაზე შესვლის მცდელობისგან, რათა მათი უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული“, – განაცხადა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კუბლაშვილმა.

