პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე დონალდ ტრამპის პოლიტიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი თქმით, დონალდ ტრამპის ორი ძირითადი მესიჯი უკრაინაში ომის დასრულება და ღირებულებების გადაფასებაა, ქართული ოპოზიცია კი არც ერთ სტანდარტში არ ჯდება.
„ისინი ალბათ, ტრამპსაც მონურ მორჩილებას შესთავაზებენ, მაგრამ როდესაც პრეზიდენტი ღირებულებებით მართავს პოლიტიკას, მისთვის პარტნიორობაც ამას უნდა ეფუძნებოდეს“, – წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ქართული ოპოზიცია ისევ უკრაინისა და ლგბტ თემის დროშებს აფრიალებს – ეს კი ვერ იქნება მათი სავიზიტო ბარათი აშშ-ს ახალ პრეზიდენტთან.
თამარ ჩიბურდანიძის თქმით, დონალდ ტრამპი ამჯერად მაკკეინის ჯგუფთან დათმობებზე წასვლას არ აპირებს, მათ შორის, არც საქართველოსთან მიმართებით, მითუმეტეს როდესაც ვიქტორია ნულანდი ჩვენს რეგიონში აშშ-ს პოლიტიკას აღარ განაგებს. ექსპერტის განმარტებით, რადიკალური ოპოზიციის მოლოდინები დონალდ ტრამპის მიმართ ფუჭია და ეს ყველაფერი მათ წაგებულ თამაშზე მიუთითებს.
„ამერიკის ახალი პრეზიდენტის ყველა განცხადება ევროკავშირზე, გაფრთხილებაა მათ მიმართ. ევროპა ან გაითვალისწინებს მის შეხედულებებს, ან არა და დარჩება მისი მუდმივი, ყველაზე დიდი პარტნიორის გარეშე. დღეს თუ სადმე დუღს პოლიტიკა, ყველაზე მეტად სწორედ ევროპაში.
ტრამპმა ზღვარი გაავლო ამჟამინდელ ევროპასა და ამერიკას შორის. ის მარტო დატოვა უკრაინის ომში და დრო მისცა ლიბერალური ღირებულებების გადასაფასებლად. ტრამპს ორი ძირითადი მესიჯი აქვს: – უკრაინის ომი უნდა დასრულდეს და მოხდეს ღირებულებების გადაფასება, ჭეშმარიტი ფასეულობების უპირატესობით.
არც ერთ და არც მეორე სტანდარტში ქართული ოპოზიცია არ ზის. ისინი კვლავ უკრაინის და ლგბტ დროშებს აფრიალებენ. ეს კი ვერ იქნება მათი სავიზიტო ბარათი ამერიკის ახალ პრეზიდენტთან. ამის სანაცვლოდ ისინი ალბათ, ტრამპსაც მონურ მორჩილებას შესთავაზებენ, მაგრამ როდესაც პრეზიდენტი ღირებულებებით მართავს პოლიტიკას, მისთვის პარტნიორობაც ამას უნდა ეფუძნებოდეს.
აქედან გამომდინარე, მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომ ხელისუფლება ყველაზე დიდ სიურპრიზს დონალდ ტრამპისგან მიიღებს, მხოლოდ მათ წაგებულ თამაშზე მიუთითებს. ოპოზიცია მაკკეინის ფრთის ქვეშ არის, ტრამპის გუნდი კი ბევრად უფრო ძლიერია და მისთვის ვეღარ იქნება გასათვალისწინებელი მაკკეინის იდეები.
თუკი პირველი პრეზიდენტობის დროს ტრამპმა ბევრი რამ დათმო მაკკეინის ჯგუფთან, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებით, ის ამჟამად აღარ დათმობს ამ ხაზს და ეცდება პირდაპირი კავშირი ჰქონდეს ჩვენს ხელისუფლებასთან. მითუმეტეს, სააკაშვილის პირადი მეგობარი ვიქტორია ნულანდი აღარ განაგებს ამერიკის პოლიტიკას ჩვენს რეგიონში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ოპოზიციის მოლოდინები ფუჭია და რაც უფრო მალე მიხვდებიან ამას, მით უკეთესი იქნება მათივე იმიჯისთვის, რომელიც უკვე ისედაც განადგურებული აქვთ”, – წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.