ნატო-ს ხუთი მთავარი ქვეყანა ალიანსის გენერალური მდივნის, მარკ რუტეს იდეას ეწინააღმდეგება, რომელიც უკრაინის მხარდაჭერისთვის მშპ-ს 0.25%-ის გამოყოფას გულისხმობს.
ამის შესახებ ინფორმაციას „ტელეგრაფი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, რუტემ ცოტა ხნის წინ აღიარა, რომ მისი იდეა, მოკავშირეების მიერ მშპ-ს 0.25%-ის გამოყოფასთან დაკავშირებით, მხარდაჭერის არარსებობის გამო „არ იმუშავებს“.
„ტელეგრაფის“ ცნობით, გასულ კვირას რუტეს გეგმის წინასწარი განხილვების დროს, მას მხარი არ დაუჭირეს გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა, იტალიამ, ესპანეთმა და კანადამ. ნატო-ს წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ ეს ქვეყნები „არ არიან ენთუზიაზმით აღსავსე“ რუტეს იდეის მიმართ.
ამასთან, წყარო არ ასახელებს იმ ქვეყნებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რუტეს იდეას, მაგრამ სავარაუდოდ ისინი სკანდინავიური და ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი და ნიდერლანდები არიან.

