26-დღიანი ლოდინის შემდეგ ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოსვენებულ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს თბილისში, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში მიასვენებენ, სადაც ექსპერტიზა ჩაუტარდება. ამის შემდეგ მას ოჯახში, წილკანში გადაასვენებენ.
სულ ცოტა ხნის წინ ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს.
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. ქართულ მხარეს ცხინვალის ვერსიის არ სჯერა და მიაჩნია, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს.
არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვას საერთაშორისო დონეზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
საქართველოს პარლამენტში ევროპულ საქართველოსა და უმრავლესობას შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების დაღუპვასა და ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტიც დარეგისტრირდა. დეპუტატები რეზოლუციას მიმდინარე სასესიო კვირაში დაამტკიცებენ.