არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზამ ტრავმების კვალი ვერ აღმოაჩინა, – ამის შესახებ ექიმმა, სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა ინალ ტეხოვმა ცხინვალში ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ტატუნაშვილის ცხედარს მან ექსპერტიზა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის რესპუბლიკური ბიუროს პროზექტურაში 22-23 თებერვალს ჩაუტარა. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
“რაიმე სახის სისხლჩაქცევა, შიდა ორგანოების ტრავმა, თავის ტვინის დაზიანება არ ყოფილა. თავის ქალის, ზედა და ქვედა კიდურების, ნეკნების, ხერხემლისა და მენჯის ძვლები მთელი იყო“, – განაცხადა ტეხოვმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ გულის გამოკვლევისას დადგენილია იშემიის ზონის სახით მწვავე სისხლძარღვოვანი უკმარისობის ნიშნები.
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. არსებობს ეჭვი, რომ ტატუნაშვილი, სინამდვილეში, წამებით მოკლეს.
ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტურ საკითხებში მურატ ჯიოევმა თქვა, რომ ტატუნაშვილს ქართულ მხარეს რუსეთში დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გადასცემენ.