სამშაბათი, მაისი 27, 2025

ტანჯვის მიღება და მწუხარების დათმენა არის ჯვრის ზიდვა და ყოველ ჩვენგანს აქვს მოცემული მეტად თუ ნაკლებად მძიმე ჯვარი, ეს ჯვარი ჩვენ უნდა ავიღოთ და ვატაროთ – მეუფე შიო

ტანჯვა ყოველთვის არის გამომხსნელი, მიმყვანებელი ბოროტების დაძლევასთან, ზნეობრივ და სულიერ ამაღლებასთან, თუ ადამიანი გონივრულად და მართებულად იღებს მას, – განაცხადა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი).

მისივე თქმით, ტანჯვის მიღება და მწუხარების დათმენა არის ჯვრის ზიდვა და ყოველ ადამიანს აქვს მიცემული სატარებლად მეტად თუ ნაკლებად მძიმე ჯვარი. მისივე განმარტებით, მხოლოდ ამ ჯვრიდან „გვეძლევა ნამდვილი და სრულყოფილი სიხარული, რომელსაც ვეძებთ და რომლისკენაც მივისწრაფვით“.

„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელსაც ეწოდება ბრმის კვირა, ვინაიდან წირვაზე იკითხება სახარება უფალ იესო ქრისტეს მიერ ბრმადშობილი ადამიანის განკურნების შესახებ, რომელიც გზის პირას იჯდა და მათხოვრობდა. და აი, მოციქულებმა ჰკითხეს მაცხოვარს: – რისთვის იტანჯება ეს ადამიანი, თავისი ცოდვებისთვის თუ მშობლების ცოდვების გამო? წარმოიდგინეთ, მთელი მისი ცხოვრება იყო გაუთავებელი ტანჯვა. შეუძლებელია, რომ ეს სატანჯველი მისი ცოდვების გამო ჰქონოდა, ვინაიდან დაბადებიდან ბრმა იყო და უფალმა მიუგო: „არც მას შეუცოდავს, არც მის მშობლებს, არამედ რათა მასში განცხადდეს ღვთის საქმენი“ (ინ. 9,3). უფალმა შემდეგ მოახდინა დიდი სასწაული და ამ ადამიანს მიანიჭა მხედველობა. აი, აქ ეს საქმე ღვთისა, რომელზეც უფალი ამბობს, კიდევ უფრო მეტად აღსრულდა იმით, რომ ამ ადამიანს ფიზიკურ თვალებთან ერთად აეხილა სულიერი თვალებიც. მან მადლიერებით მიიღო ეს კურნება, იწამა უფალი და თაყვანი სცა მას. ე.ი. მოხდა მისი შეხვედრა ღმერთთან და მან იხილა ისეთი რამ, რასაც მის ირგვლივ თვალხილული ადამიანები ვერ ხედავდნენ. უფლის საქმეც სწორედ ეს არის, მთავარი საქმე უფლისა, მას სურს, რომ ყველა ადამიანმა იხილოს ღმერთი და გადარჩეს.

სახარების ეს ეპიზოდი ჩვენი ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქ უფალი ასევე გვასწავლის, რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ტანჯვისადმი, მწუხარებისადმი, იმიტომ რომ ამ მიწიერ ცხოვრებაში ყველა ადამიანი მეტ-ნაკლებად იტანჯება. ეს ჩვენც განგვიცდია და ჩვენ ირგვლივაც ვხედავთ ბევრ მწუხარებას და ტანჯვას: ომებს, ძალადობას, უსამართლობას, ავადმყოფობას, სიღატაკეს, პატიმრობას, დიდ ოჯახურ პრობლემებს და ა. შ. ვინ იცის, კიდევ რისი დათმენა უწევს ყოველ ადამიანს, ამის ჩამოთვლაც ძნელია ახლა.

შეიძლება, ითქვას, რომ ამ ცხოვრებაში ჭირი და მწუხარება უფრო მეტია, ვიდრე ლხინი და კეთილდღეობა. კიდევ რბილად ვამბობ ახლა. არიან დიდი წმინდანები და დიდი მოაზროვნეები, რომლებიც პირდაპირ წერენ და ამბობენ, რომ ეს წუთისოფელი ტანჯვაა, ჩვენი ერთადერთი იმედი, ნუგეში და სიხარული არის იმედი გადარჩენისა იესო ქრისტეში. ეს ასე იყო ყოველთვის, ახლაც ასეა და მომავალშიც ასე იქნება.

იმის გამო, რომ არასდროს არავის უნდოდა გაჭირვების გადატანა, ტანჯვა და მწუხარება, გაჩნდა ბევრი რელიგიური, ფილოსოფიური თუ სხვა სახის მოძღვრება, რომლებიც ცდილობენ, ახსნან, თუ რა არის ტანჯვა, რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მასთან. ყველა ეს სწავლება უარს ამბობს ტანჯვის მიღებაზე, უარყოფენ მას და ყოველგვარი საშუალებით ცდილობენ, გაექცნენ ტანჯვას და ადამიანი გაათავისუფლონ მისგან. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ გამოსდით და ერთადერთი მოძღვრება, რელიგიურიც, თუ გნებავთ, დავარქვათ ფილოსოფიურიც, რომელიც არ უარყოფს ტანჯვას, ეს არის ჩვენი ქრისტიანული სწავლება. თვით უფალი იესო ქრისტე გვასწავლის, რა არის ტანჯვა, მწუხარებათა დათმენა, რისთვის არის მწუხარება მოვლენილი ამ ცხოვრებაში და როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მისდამი.

რა თქმა უნდა, ტანჯვაც და მწუხარებაც ცოდვის შედეგია, ბოროტების შედეგია, დაცემის შედეგია, მაგრამ დღევანდელი სახარებიდან ვხედავთ, რომ მხოლოდ ცოდვის გამო როდი ეძლევა ადამიანს სატანჯველი, რადგან ეს ბრმადშობილი იტანჯებოდა იმისთვის, რომ მასში გაცხადებულიყო ღვთის საქმეები. ე.ი. ტანჯვას და მწუხარებას აქვს დიდი მიზანი და რადგან მიზანი აქვს ე.ი. აზრიც აქვს. ვიმეორებ, მხოლოდ ქრისტიანობა ხედავს ამ აზრს და კანონზომიერებას. თვით უფალიც, ძე ღმერთიც იტანჯა და მის ტანჯვას ჰქონდა დიადი მიზანი; ეს არის კაცობრიობის გამოხსნა.

ამდენად, ტანჯვა ყოველთვის არის გამომხსნელი, მიმყვანებელი ბოროტების დაძლევასთან, ზნეობრივ და სულიერ ამაღლებასთან, თუ ადამიანი გონივრულად და მართებულად იღებს მას. მართალია, ზოგიერთი მწუხარებისა და ტანჯვისგან სასოწარკვეთილებაშიც ვარდება და იღუპება კიდეც, მაგრამ ეს ემართებათ ისეთ ადამიანებს, რომლებიც უარყოფენ ტანჯვას, არ აინტერესებთ მისი აზრი, არც უნდათ, გაიგონ და ამიტომ იღუპებიან. მაგრამ ჩვენ, ქრისტიანებმა, ვიცით, რომ ტანჯვას და მწუხარებას ყოველთვის მივყავართ გამოხსნამდე. ვიმეორებ, ბოროტების დაძლევამდე და სულიერი და ზნეობრივი ამაღლებისკენ მიმყვანებელი გზა არის ყოველთვის ქრისტეს ვიწრო გზა. ეს არის ჯვრის ზიდვის გზა. ამრიგად, ტანჯვის მიღება და მწუხარების დათმენა არის ჯვრის ზიდვა და ყოველ ჩვენგანს აქვს მოცემული მეტად თუ ნაკლებად მძიმე ჯვარი, ეს ჯვარი ჩვენ უნდა ავიღოთ და ვატაროთ.

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, მხოლოდ ამ ჯვრიდან, მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ ამას ვიღებთ და ვზიდავთ, გვეძლევა ნამდვილი და სრულყოფილი სიხარული, რომელსაც ვეძებთ და რომლისკენაც მივისწრაფვით ჩვენ ყველა. ამიტომ არის, რომ ბევრი წმინდა მამა, მათ შორის, წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ გული არ უნდა გავიტეხოთ, როდესაც ჩვენ ან სხვასშეგვხვდება რაიმე გასაჭირი ან უბედურება, არამედ თუ ყველაფერს დავითმენთ ღვთისადმი მადლიერებით, სიმამაცით, მაშინ ყოველგვარი უბედურება და განსაცდელი სასიკეთოდ დასრულდება ჩვენთვის. ამას კი აუცილებლად მოჰყვება მრავალი სიკეთე და ნუგეში. როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული შესანიშნავ სიტყვებს: „ჩვენი მცირედი ჭირი შეიქმს ჩვენთვის უსაზომო დიდებას, როცა ხილულს კი არ მივაპყრობთ მზერას, არამედ უხილავს. რადგან, ხილული წარმავალია, უხილავი კი წარუვალი“ (2 კორ. 4:17-18)“, – განაცხადა მეუფე შიომ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ჩინეთში, ქიმიურ ქარხანაში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა, რამდენიმე კი დაკარგულად ითვლება

ჩინეთში, ქიმიურ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა, დაღუპულია, სულ მცირე, ხუთი ადამიანი, ასევე არიან დაშავებულები. ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს ინფორმაციას.კერძოდ, შანდუნის პროვინციაში მდებარე ქიმიურ ქარხანაში აფეთქების შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, დაშავდა 19, ექვსი კი დაკარგულად ითვლება.შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურის 200-ზე მეტი თანამშრომელი გაიგზავნა. კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცის თანახმად, ქარხანა პესტიციდებსა და ფარმაცევტულ პროდუქტებს აწარმოებს.მედიაში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ აფეთქებამ მასშტაბური ხანძარი გამოიწვია. ამ დროისთვის აფეთქების გამომწვევი მიზეზი უცნობია. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

“წიგნის ფუნქცია დაიკარგა. ამას ხელს სკოლაც უწყობს. შეიძლება, ბავშვი უმაღლეს სასწავლებელში ისე ჩაირიცხოს, წაკითხული არ ჰქონდეს ილია, აკაკი, ვაჟა, “ვეფხისტყაოსანი”? – ენათმეცნიერი განათლების სისტემაში...

ენათმეცნიერი, პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი გადაცემაში "შემდეგი გაჩერება" განათლების სისტემაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბევრ სტუდენტს ქართული ენისა და ლიტერატურის სასკოლო პროგრამიდან ელემენტარული ცოდნაც კი არ აქვს:- უნივერსიტეტში, ბაკალავრიატის პირველ კურსზე, ქართულ ენას ვასწავლი. ზოგჯერ, კლასიკური ნაწარმოებიდან წინადადება მიმაქვს, სტუდენტს დავაწერინებ და ვთხოვ, რომ სიტყვა, არსებითი სახელი გაარჩიოს: "ვინ" ჯგუფის არის თუ "რა" ჯგუფის? სულიერია თუ უსულო? საკუთარია თუ საზოგადო? ეს რომ თქვას, ბავშვმა იმ სიტყვის შინაარსი უნდა იცოდეს. ელემენტარული ქართული სიტყვა არ იცის. სერი, ჩირგვი, ბუჩქი რა არის - ასეთი რაღაცები უჭირთ. საოცრებაა... ძალიან მძიმე დღეში ვართ. წიგნის ფუნქცია დაიკარგა. მაგრამ, ამას ხელს სკოლაც უწყობს. შეიძლება, ბავშვმა სკოლა ისე დაამთავროს და უმაღლეს სასწავლებელში ისე ჩაირიცხოს, რომ მას წაკითხული არ ჰქონდეს ილია, აკაკი, ვაჟა, "ვეფხისტყაოსანი" და უმაღლესი შეფასება მიიღოს? ეროვნულ გამოცდაზე ორ თემას - ერთს პროგრამულს, მეორეს კი არაპროგრამულს სთავაზობენ და ეუბნებიან, რომ იმის მიხედვით თემა დაწეროს. არასაპროგრამოდან ტექსტია მოცემული და კითხვების მიხედვით იქვე წაიკითხავს და დაწერს. ეს ძალიან მარტივია. ბავშვს "ვეფხისტყაოსნიდან" ვეკითხები, სადაურია როსტევანი. შეიძლება, სკოლადამთავრებულმა სტუდენტმა თქვას, რომ არ იცის, როსტევანი რომელი ქვეყნის წარმომადგენელია?! "იყო არაბეთს როსტევან" - პირველივე ფრაზაა. კითხვაზე, რომელ საუკუნეში დაწერა ილია ჭავჭავაძემ "აჩრდილი", მე-5, მე-6, მე-9... ყველა საუკუნეს ასახელებენ. ეს უბედურება გვჭირს. თუ სასკოლო განათლებას ხელი სერიოზულად არ მოვკიდეთ, არაფერი გვეშველება. ბავშვებს ვეუბნები, რომ დაასრულონ ფრაზა: "ცა-ფირუზ ხმელეთ-ზურმუხტო..." ნახევარზე მეტს გაგონილი არ აქვს. საოცრება...თინეიჯერებისათვის ერთი წიგნი გამოვეცი. დავაწერე: ნინველთათვის და ყრმათათვის. "ნინველი" საოცრად ლამაზი სიტყვაა და სულხან-საბა ორბელიანს პირდაპირ აქვს განმარტებული, რომ ასე 11-დან 20 წლამდე ადამიანებს ჰქვია. ყრმა კი - 20-დან 30 წლამდე ადამიანებს. ძალიან მწყდება გული, რატომ დამჭირდა, რომ სიტყვა "თინეიჯერი" გამომეყენებინა? "მეოხებით" შესანიშნავი სიტყვაა, რატომ უნდა დამჭირდეს სიტყვა "სპონსორი"? ქართული სახელები, თვეების, დღეების სახელები დაიკარგა. ეს ყველაფერი ჩვენი დაუდევრობით ხდება.

წნორში, საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ბიუსტი საზეიმოდ გაიხსნა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში, საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ბიუსტი საზეიმოდ გაიხსნა.ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ბოდბელი მთავარეპისკოპოსი მეუფე იაკობი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის წევრები - ირაკლი ქადაგიშვილი, გიორგი ბენაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს და მერაბ კოსტავას ეროვნულ  მოღვაწეობაზე ისაუბრეს.ბიუსტის ავტორია,  მოქანდაკე ვალერიან ჯიქია.ბიუსტის გახსნის ღონისძიებაზე წნორის მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში,  ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლმა საქართველოს ჰიმნი შეასრულა.

რატი გაჩეჩილაძე და კარინა ლისენკო გოგონას მშობლები გახდნენ

ბევრისთვის საყვარელი მოცეკვავე წყვილი - რატი გაჩეჩილაძე და კარინა ლისენკო - პირველი შვილის მშობლები გახდნენ. მათ ქალიშვილი შეეძინათ და მილოცვებს უკვე ღებულობენ სოციალურ ქსელში.დეკემბერში ამცნეს მათ სიახლე საზოგადოებას და სქესის გაგების ცერემონიიდან ვიდეოც გამოაქვეყნეს, თუმცა ისე, რომ სქესი არ გაუმხელიათ. ორსული კარინა მეუღლესთან ერთად "ცეკვავენ ვარსკვლავების" ფინალშიც გამოჩნდა და ემოციურად იცეკვა. მათ ვიდეოს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.უკრაინელი კარინა რატიმ 6 წელზე მეტი ხნის წინ გაიცნო. თავიდან მათ მხოლოდ საქმე აკავშირებდათ - კარინა რატის მეწყვილე იყო. თუმცა საქმიანი ურთიერთობა რომანში მალევე გადაიზარდა და 2021 წელს წყვილმა იქორწინა კიდეც. "კარინა ჩემი ნომერი პირველი მეგობარია. როდესაც გვერდით ასეთი ადამიანი გყავს, ყველაფერი ბედნიერებაა…" - ამბობს რატი.რატი გაჩეჩილაძე მოცეკვავეების ცნობილი ოჯახის წარმომადგენელია. მისი მშობლები "თელას" დამფუძნებლები იყვნენ. ახლა ამ ცნობილ საცეკვაო სტუდიას თავად უძღვება ძმასთან - ასევე მოცეკვავე გიგი გაჩეჩილაძესთან ერთად. რატის და გიგის დაა შორენა გაჩეჩილაძე, ხოლო დისქმარი - გოჩა ჩერტკოევი. წლების წინ რატი გოჩასთან და შორენასთან ამერიკაშიც იმყოფებოდა და იქ გეგმავდა სერიოზული კარიერის აწყობას, თუმცა საბოლოოდ მაინც საქართველოში ამჯობინა ცხოვრება და საქმიანობა.

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.ადგილზე აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილი.აქციის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები და პატიმრების მხარდამჭერი პლაკატები წარწერით: “თავისუფლება სინდისის პატიმრებს”.დემონსტრანტების განცხადებით, პერიოდულად აქციებს სხვადასხვა ლოკაციაზე გამართავენ, რადგან მათი მიზანია, “ქართული ოცნებისთვის” მაქსიმალური დისკომფორტის შექმნა.ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც იმყოფება, „ქართული ოცნების" ოფისის წინ პოლიციას კორდონი აქვს გაკეთებული.

ბოლო სიახლეები