ხუთშაბათი, სექტემბერი 11, 2025

სუს-ის შენობაში მურთაზ ზოდელავაც მიიყვანეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში “კოალიცია ცვლილებსითვის” წევრი მურთაზ ზოდელავა მიიყვანეს.

ამ დროისთვის, უცნობია, რა სტატუსით შეიყვანეს ზოდელავა უწყების წარმომადგენლებმა სუს-ში. ზოდელავას სუს-ში შეყვანის მიზეზი უცნობია მისი ოჯახის წევრებისთვის.

მანამდე მურთაზ ზოდელავამ კომენტარი გააკეთა ლევან ხაბეიშვილის დაკავებაზე და თქვა, რომ ამ ყველაფერზე პასუხი 4 ოქტომბერს უნდა გაეცეს.

„ახლა იმდენი კასკადია ამ უკანონობის და ზოგადად, აღვირახსნილობის, რომ ყველაფერზე პასუხი 4 ოქტომბერს უნდა გავცეთ. აი, სულ ყველა ვინც არის, ქალი, კაცი, ერი, ბერი, ყველამ უნდა მოვიკრიბოთ ძალ-ღონე და 4 ოქტომბერს ამ ყველაფერზე უნდა გავცეთ ისეთი პასუხი….

ბიძინა რასაც აქ აკეთებს, ამას ჰქვია „ჩემი ბოსტანი ხართ“, ყველგან იმას გვამაგრებს, რომ „ჩემი ყმები ხართ“. ამას სჭირდება პროტესტი, ამბოხი, მშვიდობიანი რევოლუცია, პასუხის გაცემა. ფაქტობრივად, ლევანის [ხაბეიშვილის] გატაცება იყო. დაკავების განსხვავებული ფორმა. ბიძინამ გადაწყვიტა, დააკავოს ყველა, ვის მიმართაც ხალხს გააჩნია ნდობა, სიმპათია და ვისაც გააჩნია უნარი, რომ ქართველ ხალხს მობილიზება გაუკეთოს. ეს არის პერსონალურად ივანიშვილის გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ, იმ ქაღალდში არაფერი წერია, არც სამხილია. ლევანი ღირსეულად დახვდა და თავისი პოლიტიკური შეხედულება გამოხატა. ფაქტია, ივანიშვილს 4 ოქტომბრის ეშინია. ეს მისი შიში ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მივიყვანოთ, საქართველო არის გასათავისუფლებელი. ეს დაკავება არის პირდაპირ იმის გამოხატულება, რომ მათ გააჩნიათ კონკრეტული შიში ქართველი ხალხის კონცენტრირების“, – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – ჩვენი გუნდის ყოფილი წევრებისგან იღებდა თანხას ხაბეიშვილი, ზოგადად, მას ახასიათებს კორუმპირებულებისგან ფულის აღება და აქაც ამ შემთხვევასთან გვქონდა საქმე

ჩვენი გუნდის ყოფილი წევრებისგან იღებდა თანხას ხაბეიშვილი, ზოგადად, მას ახასიათებს კორუმპირებულებისგან ფულის აღება და აქაც ამ შემთხვევასთან გვქონდა საქმე, ვიღაცებს ჰქონდათ სუბიექტური ინტერესები და ამ სუბიექტური ინტერესების რეალიზებისათვის უხდიდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედი ლაივის“ ეთერში განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დანარჩენზე შესაბამისი უწყებები ისაუბრებენ.„მთავარი არის ის, რომ ჩვენთან მოქმედებს სამართლისა და კანონის უზენაესობა. ეს პრინციპია მთავარი, რასაც მაქსიმალურად მკაცრად ვამკვიდრებთ ჩვენს ქვეყანაში. დანარჩენი დამოკიდებულია შესაბამის უწყებებზე. რაც შეეხება კავშირს ბურჭულაძისა და ხაბეიშვილის დაკავებას შორის, ასეთი პირდაპირი კავშირი, არ ვიცი, მე არ ვარ უფლებამოსილი უარვყო ან დავადასტურო ასეთი რამ. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ თავისთავად, ლევან ხაბეიშვილიც არის კორუფციის, კონკრეტულად პოლიტიკური კორუფციის გამოვლინება. ის წლების განმავლობაში იღებდა შავ ფულს, კონკრეტული წყაროდან და მოგვიანებითაც აგრძელებდა, ბოლო პერიოდის განმავლობაშიც. ჯერ იყო 3000 ლარი, შემდეგ გახდა 5000 და სახელფასო უწყისში იყო გამოყენებული მის მიმართ სახელი – ანიტა. მე არასდროს მიფიქრია შეურაცხყოფისთვის ამ სახელის ხსენება. შავი ფულის უწყისში ეწერა ეს სახელი და 3 000 ლარიდან ბოლო პერიოდში 5 000 ლარამდეც გაუზარდეს მას ხელფასი. ახლა რამდენს იღებს, არ ვიცი. ჩვენი გუნდის ყოფილი წევრებისგან იღებდა ის ამ თანხას. აქაც შეიძლება მხოლოდ შესაბამისმა უწყებებმა ისაუბრონ. ეს ბრალდება ხაბეიშვილთან მიმართებით გაისმა საპარლამენტო დარბაზშიც. დაახლოებით სამი წლის წინ. ყველამ ყველაფერი იცის. ვიღაცები დამწუხრებულები იყვნენ იმის გამო, რომ აგენტი გაიშიფრა. ხაბეიშვილს ახასიათებს კორუმპირებულებისგან ფულის აღება და აქაც ამ შემთხვევასთან გვქონდა ალბათ საქმე“, – განაცხადა პრემიერმა.

მეუფე შიო – სიმდაბლის არ უნდა გვეშინოდეს, არამედ უნდა გვახსოვდეს, რა სიკეთეები მოაქვს მას ჩვენთვის – ის აღგვამაღლებს წუთისოფლის მწუხარებებზე, მოაქვს სიხარული სულიწმინდაში, რაც...

სიმდაბლის არ უნდა გვეშინოდეს, არამედ უნდა გვახსოვდეს, რა სიკეთეები მოაქვს მას ჩვენთვის. ის აღგვამაღლებს წუთისოფლის მწუხარებებზე, ყოველგვარ მწუხარებაზე, ჩვენს პირად მწუხარებებზე და მოაქვს სიხარული სულიწმინდაში, რაც არის ცათა სასუფევლის ნეტარების საწყისი ამ ჩვენს მიწიურ ცხოვრებაში,- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.როგორც მეუფე შიომ განაცხადა, აღნიშნულ მოვლენას ვზეიმობთ, რადგან შევიძინეთ განსაკუთრებული და საოცარი შუამდგომელი და მეოხი ღვთის წინაშე.„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.დღეს წმინდა ეკლესია იხსენიებს და ადიდებს წმინდა დიდებულ წინასწარმეტყველს, წინამორბედსა და ნათლისმცემელ იოანეს, მის მოწამებრივ აღსასრულს, როცა იგი გადავიდა სხვა ცხოვრებაში, მარადიულ ცხოვრებაში. ამ მოვლენას ვზეიმობთ, რადგან შევიძინეთ განსაკუთრებული და საოცარი შუამდგომელი და მეოხი ღვთის წინაშე, რომელზეც უფალი ამბობდა, რომ იგი არის უმეტესი ნაშობთა შორის დედათასა (მთ. 11, 11).წმინდა იოანე ნათლისმცემელს წმინდა ეკლესია ადიდებს და ახსენებს უშუალოდ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შემდეგ. ხშირად მათ ერთადაც აყენებს, ერთად გამოსახავს.თითქმის არ არსებობს მართლმადიდებლური ტაძარი, სადაც არ არის ხატი, რომელსაც ეწოდება „დეისუსი“, რაც ნიშნავს ვედრებას, შუამდგომლობას. მასზე გამოსახულია უფალი იესო ქრისტე, მისგან მარჯვნივ - ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, მარცხნივ კი - წმინდა წინასწარმეტყველი, წინამორბედი იოანე ნათლისმცემელი. ისინი ევედრებიან მაცხოვარს მთელი მსოფლიოსა და ყოველი ჩვენგანისთვის.ამრიგად, ჩვენი იკონოგრაფიაც, საეკლესიო მსახურების წეს-განგებაც ცხადყოფენ მათ სიახლოვეს და ეს სიახლოვე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.რაში მდგომარეობს ეს სიახლოვე, ძვირფასო ძმებო და დებო? განა მხოლოდ ხორციელ ნათესაობაში, რომელიც მათ შორის იყო? - არა. პირველ ყოვლისა, მათ აახლოებს სულიერი ღვაწლის მსგავსება. თქვენ გახსოვთ, ეს ღვაწლი არის თავგანწირული სიყვარული ღვთისადმი.როდესაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს გამოეცხადა მთავარანგელოზი და მისი განსაკუთრებული მისია აუწყა, დედა ღვთისმშობელმა მიუგო: „აჰა, მხევალი ღვთისა“ (ლკ. 1, 38). მსგავსი რამ თქვა წმინდა იოანე ნათლისმცემელმაც მაცხოვართან მიმართებით: ის უნდა აღორძინდეს, მე კი უნდა დავკნინდე. ის ჩემ შემდეგ მოდის, მაგრამ მისი ფეხსაცმლის თასმის შეხსნის ღირსიც კი არ ვარო. ასეთი სიმდაბლის მაგალითი მოგვცა თვით უფალმა იესო ქრისტემ, „რომელმაც ხატი მონისა მიიღო“ (ფილ. 2, 7), - როგორც წერს პავლე მოციქული.მაშასადამე, აი, რა აახლოებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელსა და წმინდა იოანე ნათლისმცემელს ერთმანეთთან და უფალთან, ეს არის სიმდაბლის უმაღლესი საზომი - სრულყოფილი სიმდაბლე, რაც არის ღვთისადმი თავგანწირული სიყვარული.სიმდაბლის ღვაწლი ძალიან ძნელია. ხშირად ვღიზიანდებით, გვაღიზიანებს რაღაც წვრილმანები, ვმრისხანებთ, განვიკითხავთ, დამდაბლება თავისა არ შეგვიძლია, ხშირად არც გვინდა. რთული ღვაწლია სიმდაბლე, ის მოითხოვს ჩვენგან გარკვეული მწუხარების გავლას, იმდენად რთულია ეს ჭიდილი საკუთარ დაცემულ ბუნებასა და ეგოიზმთან, მაგრამ თუ ჯეროვნად ვიმდაბლებთ თავს, ამ გზას ჯეროვნად გავდივართ ქრისტეს გულისთვის, მაშინ ასე ვფიქრობთ: სიმდაბლის ფუძემდებელი თვით უფალი იესო ქრისტეა, მე კიდევ მინდა, რაღაცით მივბაძო ამაში უფალს, დედა ღვთისმშობელს, წმინდა იოანე ნათლისმცემელს. ე. ი. ძალისხმევას უნდა მივმართო, რომ ვისწავლო ეს მთავარი სათნოება. და საკმარისია ასე ვიფიქროთ, ეს გავაკეთოთ, ასეთი ძალისხმევის სანაცვლოდ მოდის მადლის შეწევნა და სიხარული სულიწმინდაში, ამ მადლს მოაქვს ეს სიხარული.ეს ის სიხარულია, ძვირფასო ძმებო და დებო, რომელზეც თქვა თავად იოანე ნათლისმცემელმა: „მე ვარ მეგობარი სიძისა, სიძის მეგობარი კი ხარობს სიხარულით, სიძის ხმის გაგონებისას და ეს სიხარული დღეს აღსრულდა ჩემი“ (ინ. 3, 29). აი, რა სიხარულია ეს. ეს ის სიხარულია, რომელსაც, როგორც გვასწავლის უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ვერავინ წაგვართმევს და არ არსებობს უფრო აღმატებული რამ, ვიდრე სიხარული სულიწმინდაში, რომელიც მოაქვს ჩვენთვის მხოლოდ სიმდაბლის ღვაწლს. ამიტომ არ უნდა გვეშინოდეს. მართალია, ეს რთული ღვაწლია, მაგრამ სიმდაბლის არ უნდა გვეშინოდეს, არამედ უნდა გვახსოვდეს, რა სიკეთეები მოაქვს მას ჩვენთვის. ის აღგვამაღლებს ამ წუთისოფელზე, აღგვამაღლებს წუთისოფლის მწუხარებებზე, ყოველგვარ მწუხარებაზე, ჩვენს პირად მწუხარებებზე და მოაქვს სიხარული სულიწმინდაში, რაც არის ცათა სასუფევლის ნეტარების საწყისი ამ ჩვენს მიწიურ ცხოვრებაში.ამ სიმდაბლის ღვაწლს, ძვირფასო ძმებო და დებო, ეს ცხოვრება ყოველდღიურად მოითხოვს ჩვენგან და დღეს ვევედროთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, წმინდა იოანე ნათლისმცემელს, რომ შეგვეწიონ ამ გზით სიარულში.კიდევ ერთხელ გილოცავთ წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღესასწაულს. წმინდა იოანე ნათლისმცემლის ლოცვით ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და გაგახაროთ“, - აღნიშნა მეუფე შიომ.

ირაკლი კობახიძე – როდესაც მმართველ ძალას აქვს რეიტინგი 65%, დანარჩენი არის ქარიშხალი ჭიქაში

დღესაც მმართველ ძალას აქვს რეიტინგი 65%, დანარჩენი არის ქარიშხალი ჭიქაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.პრემიერის თქმით, ტრაგედიაა, როდესაც ხაბეიშვილი, წითლიძე, პაატა ბურჭულაძე პოლიტიკოსებად იწოდებიან ქვეყანაში, თუმცა პოლიტიკოსებად დანიშნეს ისინი ქვეყნის გარედან.„თქვენს ეთერში გამოქვეყნდა რეიტინგები. როდესაც მმართველ ძალას აქვს რეიტინგი 65%, რაზეა საუბარი. დანარჩენი არის ქარიშხალი ჭიქაში. ხაბეიშვილი წითლიძე, პაატა ბურჭულაძე, ასეთი ადამიანები აბრახუნებენ რაღაც სიტყვებს. 65%-იანი რეიტინგის პირობებში მხოლოდ ასეთმა ადამიანებმა შეიძლება მოახერხონ ასეთი სისულელეების ლაპარაკი. ტრაგედიაა, როდესაც ასეთი ადამიანები პოლიტიკოსებად იწოდებიან ჩვენს ქვეყანაში, თუმცა პოლიტიკოსებად დანიშნეს ისინი ქვეყნის გარედან. ხაბეიშვილი, წითლიძე ან ბურჭულაძე როგორ გახდებოდა პოლიტიკოსი, გარედან რომ არ დაენიშნათ ეს ადამიანები პოლიტიკოსებად ოპოზიციაში, – განაცხადა პრემიერმა.

გედევან ფოფხაძე – გულწრფელად გეტყვით, მაგათი არავის ფიზიკური განადგურება არ მეწყინება, ივანიშვილის ბენზინს თუ გადაასხამენ და ცეცხლს წაუკიდებენ, არ მეწყინება

პოლიციელი თავის სამსახურებრივ მოვალეობას კეთილსინდისიერად თუ შეასრულებს, ხაბეიშვილი ამაში ჰპირდება რაღაც ანაზღაურებას, ამას იუმორის კუთხით ვუყურებ – ლევან ხაბეიშვილის განცხადება უფრო არის მასხრად აგდება „ქართული ოცნების“ მორალური სტანდარტის, ვიდრე მართლა რეალური შეთავაზება, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.მისივე თქმით, ქრთამის შეთავაზება, როგორც წესი, ფარულად ხდება და ტელევიზიით ამას არავინ არ აკეთებს.„ქრთამი თავისი არსით არის ის, რომ შენ ვიღაცას ფულს აძლევ, რათა მან თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის ხარჯზე შენ რაღაც სიკეთე მოგცეს. როგორც წესი, ქრთამი არის ლატენტური დანაშაული, ხდება ფარულად და არავინ ტელევიზიით ქრთამს არ ჰპირდება. მით უმეტეს, არავინ არ ჰპირდება ქრთამს იმაში, რომ თუ შენ კანონს არ დაარღვევ, მე შენ ფულს მოგცემ. მთავრობის წარმომადგენელს თუ ეტყვი, რომ თუ შენ კეთილსინდისიერად შეასრულებ შენს მოვალეობებს, მე შენ ფულს მოგცემ, ამაში სამართლებრივად ქრთამის კვალიფიკაცია რატომ უნდა იყოს. შეიძლება ეს იყოს სადავო, რომ ასეთი საჯარო განცხადება არ არის ეთიკური ან სწორი. ხაბეიშვილს არ უთქვამს, რომ თუ თქვენ სახელმწიფო გადატრიალებაში მიიღებთ მონაწილეობას, მაგაში ფულს მოგცემთ“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.გედევან ფოფხაძე გადაცემაში ნეპალში მიმდინარე სამოქალაქო დაპირისპირების კონტექსტში „ქართული ოცნების“ წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა. მისივე თქმით, „ნეპალის წინაპირობებს „ქართული ოცნება“ ქმნის“ და არა ოპოზიცია.„პროცესი ნეპალში არ დაუწყია ხალხს, ნეპალის მთავრობამ მიიყვანა ხალხი იმ კონდიციამდე, რომ ასე მოქცეულიყო ხალხი. ახლა ესენი ამბობენ, იგივე არ გააკეთოთო და თავად რატომ აკეთებენ იმავეს, რასაც აკეთებს ნეპალის მთავრობა? რატომ იჭერენ ხალხს ტყუილად, რატომ აყალბებენ არჩევნებს? ამ ყველაფერს აკეთებენ და მერე ამბობენ ნეპალი გინდათ? მე არ მინდა ნეპალი, ნეპალის წინაპირობებს ესენი ქმნიან…ბიუჯეტი უნდა ძარცვონ, მოსახლეობა გაჭირვებაში უნდა ჰყავდეთ, პუტინს უნდა ემსახურონ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა საფრთხის ქვეშ უნდა დააყენონ და ჩვენ მერე ნეპალით უნდა შეგვაშინონ? გულწრფელად გეტყვით მაგათი არავის ფიზიკური განადგურება არ მეწყინება. ივანიშვილი არის ჩემთვის ნაძირალა და გარეწარი და თუ ივანიშვილის ბენზინს გადაასხამენ და ცეცხლს წაუკიდებენ, მე ეს არ მეწყინება… გულწრფელად გეუბნებით. მაგათმა გააჩინეს ეს ემოცია ჩემში, ეს არ არის ის ემოცია, რომელიც ჩემგან მოდის. მე ხომ ვიცნობ ბიძინას, ჭიქა აგვიწევია ერთად, ურთიერთობა გვქონია, დავლაპარაკებივარ და კაცს რომ ამ კონდიციამდე მიიყვან, რომ ამას მაფიქრებინებ. რაც მაგის ტყუილები მახსოვს, გადაგდება, ყველანაირი სიბინძურე მახსოვს, თვალებში გიყურებდა და გატყუებდა. ხალხი უკანონოდ ციხეში ჩასვა, საქართველო პუტინთან წაიყვანა და კაცია ამის მერე? ეს ზიზღი, რაც მაქვს, არის ბუნებრივი, გამოწვეული მათი ქცევისგან. ამიტომ ცინიზმს თავი დაანებონ, ისინი აჩენენ ამ აგრესიას. მურტალოს ციტატით ვეტყვი: „ყველა თავის თავს თვითონ იკლავს“. მე მათ მიმართ ძალადობას არ განვახორციელებ, მაგრამ ისინი იმსახურებენ ყველანაირ ძალადობას“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

გიორგი ვაშაძე – ბრძოლა არ ჩერდება, 4 ოქტომბერს ყველამ ერთად უნდა დავუმტკიცოთ რეჟიმს, რომ საქართველო ეკუთვნის ქართველ ხალხს

ბრძოლა არ ჩერდება, 4 ოქტომბერს ყველამ ერთად უნდა დავუმტკიცოთ რეჟიმს, რომ საქართველო ეკუთვნის ქართველ ხალხს, –  ამის შესახებ  ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პოსტში, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.გიორგი ვაშაძის თქმით, აბსურდული ბრალდებით ლევან ხაბეიშვილის დაკავება ნათლად აჩვენებს, რომ რეჟიმი აცნობიერებს სისუსტეს და იმას, რომ საზოგადოებაში მხარდაჭერა არ აქვს.„ლევან ხაბეიშვილი არის ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლი ლიდერი. დღეს მისი დაკავება სრულიად აბსურდული ბრალდებით ნათლად აჩვენებს, რომ რეჟიმი თავადაც აცნობიერებს თავის სისუსტეს და იმას, რომ მას საზოგადოებაში არანაირი მხარდაჭერა არ აქვს. მშვიდობიანი და სამართლიანი ცვლილება არის ჩვენი ხალხის ძალა და არჩევანი. ბრძოლა არ ჩერდება, 4 ოქტომბერს ყველამ ერთად უნდა დავუმტკიცოთ რეჟიმს, რომ საქართველო ეკუთვნის ქართველ ხალხს. ბრძოლა ბოლომდე! ბრძოლა თავისუფლებამდე!“ – წერს გიორგი ვაშაძე.

ბოლო სიახლეები