შაბათი, ივნისი 7, 2025

სტუ-ში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – Micro-GEAR, ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ევროკავშირის პროგრამის ERASMUS+ პროექტის – „საქართველოსა და სომხეთის უმაღლესი განათლების სისტემებში მიკრო სერტიფიცირების დანერგვა: სამხრეთ კავკასიის შუქურა“ (Micro-GEAR), ფარგლებში მორიგი სამუშო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, შეხვედრის მიზანი საქართველოს უმაღლესი განათლების სივრცეში მიკროკრედიტების სისტემის დანერგვის შესაძლებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და საზოგადოებისთვის, პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპისთვის განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა, რაც, ძირითადად, მოიცავს ტრენინგ სესიებს, რომლებიც, თავის მხრივ, მიზნად ისახავს რეგიონული შესაძლებლობების გაძლიერებას მიკრო სერტიფიკატების უმაღლესი განათლების სისტემაში ინტეგრირებისთვის.

„სამწლიან პროექტში, რომელიც გასული წლის იანვარში დაიწყო, ჩართულია 6 ქვეყნის 16 ინსტიტუცია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კი კონსორციუმის წამყვანი ორგანიზაცია და პროექტის კოორდინატორია. პროექტის პარტნიორები და ბენეფიციარები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ასევე, სომხეთის განათლების და მეცნიერების სამინისტრო, ორი ქვეყნის ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრები, უნივერსიტეტები და სამეცნიერო ცენტრები. ევროპის ქვეყნებიდან პროექტის პარტნიორები არიან: ზაარლანდის (გერმანია), მადრიდის კარლოს III-ის (ესპანეთი), რომის ანიელო მერონეს ევროპული (იტალია) უნივერსიტეტები, ასოციაცია CIMEA – Information Centre on Academic Mobility and Equivalence (იტალია) და საკონსულტაციო კომპანია GIRAF PM e.K. (გერმანია).

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი პროექტში ჩართული მეცნიერების მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასებისას აცხადებს, რომ ERASMUS+ პროექტი – „საქართველოსა და სომხეთის უმაღლესი განათლების სისტემებში მიკრო სერტიფიცირების დანერგვა: სამხრეთ კავკასიის შუქურა“ რეგიონისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც აკადემიკოსი დავით გურგენიძე აღნიშნავს, Micro-GEAR პირველი საერთაშორისო ინიციატივაა მიკრო სერტიფიცირების სფეროში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოსა და სომხეთის უმაღლესი განათლების სისტემების მხარდაჭერასა და განვითარებას.

„ჩვენ ვიღებთ დიდ პასუხისმგებლობას ევროპულ სტანდარტებზე დაყრდნობით განვახორციელოთ განათლების რეფორმები და სამხრეთ კავკასიაში ვიყოთ ინოვაციისა და თანამშრომლობის მაგალითი. გლობალურ შრომით ბაზარზე მიმდინარე ცვლილებების ფონზე და სწრაფად მზარდი, მაღალკვალიფიციური განათლების საჭიროების პირობებში, მიკრო სერტიფიცირება ხდება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს კომპეტენციის აღიარებას, ქმნის მოქნილ საგანმანათლებლო ბილიკებს და ავსებს იმ დანაკლისს, რასაც ტრადიციული სერტიფიცირება ვერ ფარავს. მიკრო სერტიფიცირების როლი პროფესიულ განათლებასა და სწავლების სისტემებში (VET) მხოლოდ აძლიერებს მათ ღირებულებას და აქტუალობას.

ამ კონტექსტში, პროექტის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული ასპექტია რეგიონში პოლიტიკის შემმუშავებლებსა და აკადემიურ საზოგადოებაში მიკრო სერტიფიცირების ელჩებისა და ენთუზიასტების ახალი თაობის ჩამოყალიბება. ამ პროფესიონალებს ექნებათ შესაძლებლობა გააგრძელონ თანამშრომლობა ევროპელ კოლეგებთან, რომლებიც აქტიურად ახორციელებენ მიკრო სერტიფიცირებას თავიანთ საგანმანათლებლო პროგრამებში. ეს არის გარდამტეხი ნაბიჯი ცოდნის გაზიარების, რეგიონული კომპეტენციის გაძლიერებისა და გრძელვადიანი პარტნიორობისთვის.

სასიხარულოა ხაზგასმით აღვნიშნო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განსაკუთრებული როლი – უნივერსიტეტი ამ პროექტში კონსორციუმის ხელმძღვანელი და პროექტის კოორდინატორია. 6 ქვეყნის 16 საგანმანათლებლო-კვლევითი ინსტიტუციის გაერთიანება ერთ პროექტში სერიოზული პასუხისმგებლობაა. თუმცა ჩვენი უნივერსიტეტის მკვლევრები, აკადემიური პერსონალი და ადმინისტრაცია ამ ამოცანას უმკლავდებიან მაღალი პროფესიონალიზმით, ენთუზიაზმითა და სტრატეგიული ხედვით.

უკვე ვხედავთ ამ შრომის შედეგებს – პროგრესი პოლიტიკის ჰარმონიზაციის მიმართულებით, ინსტიტუციური ჩარჩოების ჩამოყალიბება და დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართვა რეგიონიდან თუ მის ფარგლებს გარეთ. ეს წარმატებები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და პროექტში ჩართული პარტნიორების ერთიანი ძალისხმევის ნათელი დადასტურებაა.

Micro-GEAR-ი ბევრად მეტია, ვიდრე პროექტი. ეს არის სტრატეგიული მოძრაობა უფრო მოქნილი, ინკლუზიური და თანამედროვე განათლების სისტემისკენ, რომელიც ერგება სწრაფად ცვალებად გარემოს“, – აღნიშნავს რექტორი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კორი გაუფი როლან გაროსის ჩემპიონი გახდა

დასრულდა როლან გაროსის ქალთა ტურნირი, რომლის ფინალში ამერიკელმა კორი გაუფმა სამ სეტში დაამარცხა მსოფლიო კლასიფიკაციის პირველი ნომერი არინა საბალენკა – 6:7(5), 6:2, 6:4.ეს ამ ჩოგბურთელების მე-11 შეხვედრა იყო პროფესიულ ტურში – როლან გაროსის ფინალამდე მათ 5-5 გამარჯვება გაცვალეს.ფინალი უკეთ საბალენკამ დაიწყო და 20 წუთში 4:1 და 40:0 დაწინაურდა, მაგრამ გაუფმა შეძლო სიტუაციის გამოსწორება. პარტიის ბოლოს საბალენკამ ორჯერ ვერ შეძლო სეტზე ჩაწოდება და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ამერიკელი 4:1-სა და 5:3-ს იგებდა, მაგრამ მისმა მეტოქემ სეტი ზედიზედ ოთხი ქულის მოგებით დახურა.მეორე სეტის დასაწყისი პირველს ჰგავდა, იმ განსხვავებით, რომ ამჯერად 4:1 გაუფი დაწინაურდა. ამერიკელმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.მესამე სეტში გაუფმა ზედიზედ სამი გეიმი აიღო და 3:1 გავიდა წინ. ამერიკელს უპირატესობის განვრცობაც შეეძლო, მაგრამ საბალენკამ ბრეიკ-პოინტები მოიგერია და ანგარიში გაათანაბრა – 3:3. თუმცა, ამის შემდეგ, რეიტინგის ლიდერმა ნულზე წააგო საკუთარი მოწოდება, უკუბრეიკი ვეღარ შეასრულა და გაუფმა კარიერაში პირველად მოიგო როლან გაროსი.შეხვედრა 2 საათი და 42 წუთი გაგრძელდა, რომლის დროსაც გაუფმა 21 ბრეიკ-პოინტიდან 9 გამოიყენა, საბალენკამ – 13-დან 6. ამერიკელს „ვინერსებისა“ და არააუცილებელი შეცდომების რაოდენობა თანაბარი ჰქონდა (30/30), მისმა მეტოქემ კი 37 „ვინერსი“ შეასრულა და 70 (!) არააუცილებელი შეცდომა დაუშვა.ახლა, 21 წლის კორი გაუფი „დიდი სლემის“ ტურნირების ორგზის ჩემპიონია. მანამდე მან 2023 წელს აშშ-ის ღია პირველობა მოიგო და მაშინაც ფინალში საბალენკა დაამარცხა. სულ ამერიკელს კარიერაში WTA-ის დონეზე 10 ტიტული დაუგროვდა.როლან გაროსზე გამარჯვებისთვის გაუფმა 2.9 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

ჯეი დი ვენსი – მე ყოველთვის პრეზიდენტის ერთგული ვიქნები და იმედი მაქვს, საბოლოოდ ილონ მასკიც დაუბრუნდება

უბრალოდ ვფიქრობ, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის მხრიდან უდიდესი შეცდომაა მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანთან ომი, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.ვენსის თქმით, არ არის დარწმუნებული, შეძლებს თუ არა ილონ მასკი დონალდ ტრამპის კეთილგანწყობის დაბრუნებას.აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, მასკის მხრიდან აშშ-ის პრეზიდენტზე თავდასხმა „დიდი შეცდომა“ იყო.„მე ყოველთვის პრეზიდენტის ერთგული ვიქნები და იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ ილონიც დაუბრუნდება. შესაძლოა, ეს ახლა შეუძლებელია, რადგან ის ძალიან ფეთქებადი გახდა. ის და პრეზიდენტი ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ თუ დაუპირისპირდებიან, რაც მთავარია, ეს ქვეყნისთვის ცუდი იქნება, მაგრამ არ მგონია, ეს ილონისთვისაც კარგი იყოს“, – განაცხადა ჯეიმს დევიდ ვენსმა.

დავით ქაჯაია „ევრონასკარის“ ბრიტანეთის ეტაპზე „ჩელენჯერის თასის“ გამარჯვებულია

საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ისტორიაში პირველად ქართველი მრბოლელები დავით ქაჯაია და სანდრო თავართქილაძე „EuroNASCAR“-ზე ასპარეზობენ. „NASCAR“-ის ევროპის სერიების ბრიტანეთის ეტაპზე, დავით ქაჯაიამ „ჩელენჯერის თასზე“ პირველი ადგილი დაიკავა.დავით ქაჯაია „პრო“ დივიზიონში ასპარეზობს, სანდრო თავართქილაძე კი „ღია“ კატეგორიაში, რომელიც, ასევე, დღეს იასპარეზებს.„ევრონასკარის“ ფარგლებში სულ შვიდი ეტაპი იმართება. ქართველმა მრბოლელებმა „NASCAR“-ის ევროპის სერიებში ასპარეზობის უფლება მას შემდეგ მოიპოვეს, რაც იტალიაში კრემონას ავტოდრომზე 2025 წლის წინასასეზონო ტესტებზე პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს.ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ვილი სანიოლი – კაბო ვერდეს ნაკრები ფარერებზე ძლიერია და მეტი კონცენტრაცია დაგვჭირდება

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა კაბო ვერდესთან ამხანაგურ შეხვედრამდე ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.„ვფიქრობ, კაბო ვერდეს ნაკრები ფარერებისგან განსხვავებული სტილისაა და უფრო ძლიერი მეტოქეა. ჩვენს ფეხბურთელებს მეტი მონდომება და კონცენტრაცია დასჭირდებათ. საკუთრ მოედანზე ვთამაშობთ და ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ. შემადგენლობაში ცვლილებები იქნება. რამდენიმე ფეხბურთელს, რომლებმაც ფარერებთან ითამაშეს, კიდევ დავაკვირდები და შევეცდები, თავის გამოჩენის შანსი მაქსიმალურად ბევრს მივცე.ივნისი ფეხბურთელებისთვის რთული პერიოდია, მაგრამ შეკრებაზე გამოძახებული მოთამაშეების მიდგომით კმაყოფილი ვარ. მათ დამოკიდებულებაში დისციპლინა და ამბიცია იგრძნობა. საერთოდ, 2022 წლის ერთა ლიგიდან მოყოლებული, ნაკრებში შექმნილი ატმოსფეროთი კმაყოფილი ვარ.მატჩის მასპინძელი ქალაქის შერჩევაში არ ვმონაწილეობ, მაგრამ ეროვნული ნაკრები მთელ ქვეყანას ეკუთვნის და ფედერაციის სტრატეგიაა, რომ რეგიონებშიც ვითამაშოთ, ქუთაისში თამაშის დანიშვნა მეც ძალიან მომწონს.…ფარერებთან პირველი ნახევარი კარგად ჩავატარეთ, მაგრამ შესვენების შემდეგ ჩვენი თამაშით კმაყოფილი ვერ დავრჩი. მთავარია, შეცდომები ხვალ აღარ გავიმეოროთ, ვიმეორებ, კაბო ვერდე უკეთესი გუნდია და მასთან წარმატების მისაღწევად მეტი კონცენტრაციაა აუცილებელი“.

უცხოური მედიის ცნობით, ქალაქ ღაზაზე ისრაელის მიერ განხორციელებულ თავდასხმას, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა

ღაზის სექტორში ქალაქ ღაზაზე ისრაელის მიერ განხორციელებულ თავდასხმას, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა.არაბული მედიის თანახმად, თავდასხმა საბრას რაიონში მოხდა.ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად 50 ადამიანი დაშავდა.არაბული მედია წერს, რომ ადგილზე რაკეტა ჩამოვარდა, რომლის სამიზნე მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობა იყო, თუმცა თვითმხილველებისა და მედიის ცნობით, აფეთქებამ ახლომდებარე რამდენიმე სხვა სახლი დააზიანა.პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის ძალებმა ქალაქ რაფაჰის მახლობლად, ალ-ახავაში, ჰუმანიტარული დახმარების პუნქტთან ახლოს მოლოდინში მყოფი, სულ მცირე, რვა პალესტინელი მოკლეს.არაბული მედიის თანახმად, გამთენიის შემდეგ ღაზაში, სულ მცირე, 66 ადამიანი დაიღუპა.

ბოლო სიახლეები