ხუთშაბათი, იანვარი 2, 2025

სტუ-ს რექტორმა CERN-ის საერთაშორისო დეპარტამენტის არაწევრ და ასოცირებულ წევრ ქვეყნებთან ურთიერთობის ხელმძღვანელთან ახალი მემორანდუმების გაფორმებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებზე იმსჯელა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) საერთაშორისო დეპარტამენტის არაწევრ და ასოცირებულ წევრ ქვეყნებთან ურთიერთობის ხელმძღვანელს, ოქსფორდის უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორ ემანუელ თესმელისს შეხვდა და მასთან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და CERN-ს შორის ურთიერთგაგების ორი ახალი მემორანდუმის ხელმოწერასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, სტუ-სა და CERN-ს შორის ურთიერთგაგების მნიშვნელოვან დოკუმენტებს მხარეები ხვალ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოაწერენ ხელს.

პირველი მემორანდუმი CERN-ში მიმდინარე CMS ექსპერიმენტის ფაზა 2-ის განახლებას ეხება, ხოლო მეორე დოკუმენტი – CERN-ში მომავლის ციკლური კოლაიდერის (FCC – Future Circular Collaider) რეალიზების სამუშაოებს. ორივე მემორანდუმი CERN-ში მიმდინარე ექსპერიმენტებში სამუშაოებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა, ინჟინერთა და სტუდენტთა აქტიურ ჩართულობას ითვალისწინებს.

როგორც ემანუელ თესმელისმა სამუშაო შეხვედრაზე აღნიშნა, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია უმაღლეს შეფასებას აძლევს დიდ ადრონულ კოლაიდერზე მიმდინარე უმსხვილეს CMS ექსპერიმენტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა, ინჟინერთა და სტუდენტთა ჯგუფის საქმიანობასა და მიღწევებს, ასევე, დიდად აფასებს CMS კოლაბორაციაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ქმედით მხარდაჭერას. მისი თქმით, CERN-ი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს კოლაბორაციის შეუცვლელ წევრად მოიაზრებს და შესაბამისად, სტუ-ის რექტორსა და მეცნიერთა ჯგუფს აძლევს საშუალებას ჩაერთონ არა მხოლოდ CMS ექსპერიმენტის მე-2 მასშტაბურ ფაზაში, არამედ, მომავლის ციკლური კოლაიდერის (FCC) ფიზიკური პროგრამის განხორციელებაშიც.

რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, აღნიშნული მემორანდუმების ხელმოწერა, მათი ამოქმედება და CERN-ის სამომავლო გლობალურ სამეცნიერო საქმიანობაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევითი პოტენციალის მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია უნივერსიტეტისა და მის მეცნიერთათვის, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა მკვლევრებისთვის.

„CERN-ში მიმდინარე ერთ-ერთი უდიდესი CMS ექსპერიმენტის ფაზა 2-ის განახლება ითვალისწინებს არა მხოლოდ ამჟამად მოქმედი დეტექტორების განახლებას, არამედ, ზოგიერთი დეტექტორის ახლით ჩანაცვლებასაც. განახლების პროგრამაში უაღრესად მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ახალი ტიპის მაღალი გრანულირების უნივერსალური კალორიმეტრის – HGCAL-ის შექმნა. უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე მსგავსი კალორიმეტრი მეცნიერებაში არ შექმნილა და ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ამ მიმართულებით განსაკუთრებულ წვლილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინჟინრები, მეცნიერები და ახალგაზრდა მკვლევრები შეიტანენ.

რაც შეეხება მეორე, ჩვენთვის ასევე განსაკუთრებულად მნიშვნელოვან მემორანდუმს, ის ითვალისწინებს მომავლის ციკლური კოლაიდერის, FCC-ის ფიზიკური პროგრამის განხორციელებას, რაც დიდი ადრონული კოლაიდერის, LHC-ის ფიზიკური პროგრამის დასრულებისთანავე დაიწყება. უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად, LHC-ის რეალიზების პარალელურად, მიმდინარეობს FCC კოლაბორაციაში ქვეყნების გაერთიანება, სამუშო ჯგუფების შექმნა და სხვა მნიშვნელოვანი სამუშაოები. გარდა ამისა, FCC კოლაბორაციისთვის ხორციელდება სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები როგორც ამაჩქარებლის, ასევე, უახლესი ტიპის დეტექტორების მიმართულებით. ამ სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართულნი ჩვენი უნივერსიტეტის მეცნიერ-ინჟინრები, რომლებიც FCC პროგრამის ტექნიკური დიზაინის რეპორტის – TDR-ის შექმნაზე მუშაობენ. ორივე მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და CERN-ს შორის მრავალწლიან სამეცნიერო კოლაბორაციას, რომლის ფარგლებში მონაწილეობის შესაძლებლობა, ჩვენი ქვეყნისა და უნივერსიტეტის ცნობილ მეცნიერებთან ერთად, არაერთ ახალგაზრდა ნიჭიერ მკვლევარს მიეცემა. მადლობას ვუხდით ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას ჩვენი უნივერსიტეტის მეცნიერთა და ინჟინერთა ინტელექტუალური შესაძლებლობების ჯეროვნად დაფასებისთვის, გამოცხადებული ნდობისა და მეგობრობისთვის“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი პროფესორი ზურაბ გუდავაძე, სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი, სტუ-ის CERN-LHC ჯგუფის ლიდერი და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი CERN-ში, პროფესორი ზვიად წამალაიძე და სტუ-ის CERN-LHC ჯგუფის წევრი, დოქტორი ირაკლი ლომიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ფოტო/ვიდეო: „გილოცავთ ახალ წელს“ – ნანუკა გუდავაძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

ბერა ივანიშვილის მეუღლე ნანუკა გუდავაძე სოციალურ ქსელში ოჯახურ კადრებს გვიზიარებს და ახალ წელს გვილოცავს. „გილოცავთ ახალ წელს“, – წერს ნანუკა.  

„საქართველოს გაუმარჯოს!“ – ილია თოფურია და მისი ოჯახი 2025 წელს გვილოცავენ

UFC-ის ქართველი ჩემპიონის ილია თოფურიას მეუღლე „ინსტაგრამზე“ გვიზიარებს კადრებს, თუ როგორ აღნიშნა ოჯახმა ახალი 2025 წლის მოსვლა. როგორც გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, ოჯახმა დრო ბედნიერად გაატარა.

ირაკლი ჩიქოვანმა 2025 წლის დადგომა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ახალი 2025 წლის დადგომა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ჩიქოვანი ახალ წელს სენაკში, მე-2 ქვეით ბრიგადაში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და დასავლეთის სარდალთან, ბრიგადის გენერალ კობა გრიგოლიასთან ერთად იმყოფებოდა. მათ პირად შემადგენლობას და ბრიგადის მეთაურს, პოლკოვნიკ ირაკლი კალანდაძეს ახალი წელი მიულოცეს და სამხედროებს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს. უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა თავდაცვის ძალების ყველა ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას ახალი წელი ვიდეოკონფერენციის საშუალებით სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადიდან მიულოცეს. ირაკლი ჩიქოვანმა სამხედროებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მათ მშვიდობა, ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და ქვეყნის სამსახურში წარმატებები უსურვა.

თიკა ალავიძე და ზაზა ფაჩულია 2025 წლის დადგომას გვილოცავენ – ფოტოები

 კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას მეუღლე თიკა ალავიძე ფაჩულია სოციალურ ქსელში საოჯახო ფოტოებს გვიზიარებს და ახალი, 2025 წლის დადგომას გვილოცავს. გამოქვეყნებულმა ფოტოებმა დიდ მოწონება, თიკამ და მისმა ოჯახმა კი უამრავი მილოცვა მიიღეს.

ნახეთ, გიორგი ძოწენიძის და მია მაჩაბლის საახალწლო ფოტოსესია

მომღერალი გიორგი ძოწენიძე მეუღლესთან, მია მაჩაბელთან და შვილებთან ერთად გადაღებულ საახალწლო კადრებს გვიზიარებს და ახალი 2025 წლის დადგომას გვილოცავს. გამოქვეყნებულმა კადრებმა უამრავი მოწონება და გულთბილი კომენტარები დაიმსახურა.

ბოლო სიახლეები