სამშაბათი, თებერვალი 10, 2026

სტუ-ს რექტორი ასახელებს პროგრამებს, რომლებიც „მილევად რეჟიმში“ გადავა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა საკმაოდ პროდუქტიული და კონსტრუქციული იყო.

მისივე თქმით, პრემიერმა გაითვალისწინა პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების დასახელებული საკითხები.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და განათლებისა მინისტრთან შედგა შეხვედრა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის, ასევე აკადემიური პერსონალის, პროფესორ-მასწავლებლების. პრემიერ-მინისტრმა მოისმინა არგუმენტები, რაც აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს. ჩვენ შევჯერდით საკითხებზე. პრემიერმა გაითვალისწინა ყველა ის საკითხი, რომელიც პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს ჰქონდათ. საკმაოდ პროდუქტიული, კონსტრუქციული შეხვედრა იყო. ჩვენი ხელისუფლება, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ნამდვილად არის დემოკრატიული და ის არ ჰგავს ყოფილ ხელისუფლებას“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

დავით გურგენიძის თქმით, რეფორმის შედეგად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იქნება გამართული, უმაღლესი ტექნოლოგიური სასწავლებელი.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველთვის იყო დიდი საინჟინრო ტექნოლოგიური სკოლა. პრემიერმა ბრძანა, რომ რეფორმის პერიოდში მასში იქნება დიდი ინვესტიცია. ის ჩამოყალიბდება რეგიონში და მსოფლიოში ერთ-ერთ დიდ, მძლავრ უმაღლეს ტექნოლოგიურ დაწესებულებად. ახლა უკვე, როდესაც სახელმწიფოში არის ეკონომიკური აღმავლობა, საქართველოს აქვს საშუალება, ინვესტიციები ჩადოს ამ უნივერსიტეტში, რომელიც არის ხერხემალიც ეკონომიკისა და თვითმყოფადობის, ის იქნება გამართული, უმაღლესი ტექნოლოგიური სასწავლებელი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

ჩვენს უნივერსიტეტში ყოველთვის იყო ჰუმანიტარული კათედრები და საინჟინრო-ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს სჭირდება ჰუმანიტარული მიმართულებები. პროფესორები, რომლებიც არჩეული არიან კონკურსებით, გააგრძელებენ მუშაობას. იმ პროგრამებში, სადაც იქნება ჩართული ჰუმანიტარულ-სოციალური მიმართულებები, რა თქმა უნდა, იქ ეკონომისტებიც გვჭირდება და საერთაშორისო ურთიერთობების, სამართლის სპეციალისტებიც. ყველა უნივერსიტეტში იქნება საგანმანათლებლო პროგრამები. ჩვენ გვაქვს სამი ფაკულტეტი: სამართლისა და საერთშორისო ურთიერთობების, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი. ჰუმანიტარული სპეციალობები წავლენ მილევად რეჟიმში, წელს არ გამოვაცხადებთ. ესეც იყო განსაზღვრული. კომისიის თავმჯდომარედ წარმოდგენილია მინისტრის მოადგილე, რომელიც გამოცდილია ამ საკითხში და ჩვენი კოლეგები გააგრძელებენ მუშაობას“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

კითხვაზე, „პრემიერთან შეხვედრაზე თუ დადეთ პირობა, რომ ტექნიკური საგნების დატოვების შემთხვევაში რეიტინგს გააუმჯობესებთ?“, დავით გურგენიძემ აღნიშნა:

„პირობის დადებაზე აქ საუბარი არ ყოფილა, ჩვენ გვყავს მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პროფესურა. ჩვენს უნივერსიტეტს რიგ შემთხვევაში მსოფლიო რეიტინგებში მაღალი წარმატება აქვს, მაგრამ ეს წარმატებები ვერ იქნება 2250 ლარით, სტუდენტის გრანტით. ამიტომ, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, ინვესტიციები ჩადოს უნივერსიტეტში, შემდეგში უკვე ყველა ერთად გავაგრძელებთ მუშაობა, რათა უნივერსიტეტი უფრო მაღალ რეიტინგზე გავიდეს მსოფლიო მასშტაბით. რიგ შემთხვევაში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის პირველი საქართველოსა და ამიერკავკასიაში. რეიტინგების სხვადასხვა მოდელია, მრავალი პროფილი მუშაობს“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები აღარ გაერთიანდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიის შესახებ დოკუმენტები მზადაა

უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიის შესახებ დოკუმენტები მზადაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ყოველდღიური მიმართვისას ზელენსკიმ მიმდინარე კვირაში დაგეგმილი საერთაშორისო ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.„მიმდინარე კვირაში თავდაცვისა და უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებები გაიმართება. ჩვენი პოზიცია საკმარისად იქნება წარმოდგენილი ევროპაში და იგივე იქნება ამერიკის შემთხვევაშიც. ჩვენი მომლაპარაკებლების ჯგუფი პრაქტიკულად ყოველდღე მუშაობს დოკუმენტებსა და წინადადებებზე, რომლებსაც შეუძლიათ შედეგების მოტანა მომავალ შეხვედრებზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უსაფრთხოების საიმედო გარანტიები ერთადერთი რეალური საფუძველია მშვიდობის შესანარჩუნებლად და რუსების მიერ შეთანხმებების ნებისმიერი სახის თავდასხმით ან ჰიბრიდული ოპერაციით ჩაშლის თავიდან ასაცილებლად.„უსაფრთხოების გარანტიის დოკუმენტები მზადაა. უსაფრთხოების ალტერნატივა არ არსებობს. მშვიდობის ალტერნატივა არ არსებობს. ჩვენი სახელმწიფოს აღდგენის ალტერნატივა არ არსებობს. მადლობა მსოფლიოში ყველას, ვინც გვეხმარება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ირაკლი კობახიძე – მაქსიმალურად ვართ ორიენტირებული, რომ შედეგები დავანახოთ საზოგადოებას, აპრილის ბოლომდე გრძელდება სამუშაო პროცესი, თუმცა გვინდა, მანამდე დაინახოს საზოგადოებამ გარკვეული შედეგები

რატომ წარმოიქმნება ფასები იმ სახით, რა სახითაც წარმოიქმნება, ძალიან ბევრ ინფორმაციას შეკრებს საპარლამენტო კომისია მთავრობასთან ერთად და ეს მოგვცემს საბოლოოდ პრობლემის გადაწყვეტის საშუალებას, ჩვენ მაქსიმალურად ვართ ორიენტირებული,  რომ შედეგები დავანახოთ საზოგადოებას,  – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, საპარლამენტო კომისიის შემთხვევაში საზოგადოების თვალწინ წარიმართება უფრო ხანგრძლივად დებატები და საზოგადოება მიიღებს ძალიან ფართოდ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ წარმოიქმნება ფასები იმ სახით, რა სახითაც წარმოიქმნება.„კანონმდებლობას რაც შეეხება, ამ საკითხზე პარლამენტარებთან ერთად უნდა ვიმუშაოთ. ანტიმონოპოლიური მიმართულებით შესაძლებელია ცვლილებების განხორციელება. ამ საკითხებს ვამუშავებთ და საბოლოო ჯამში, ისევ პარლამენტს მივუბრუნდებით, იმიტომ, რომ მათი მისაღებია კანონი. რა თქმა უნდა, კონკურენციის სააგენტოს გაძლიერებაზეც შეიძლება ფიქრი, რომ უფრო ქმედითად ამუშავდეს ისეთ შემთხვევებში, როდესაც ხედავს გარკვეული კარტელური გარიგებების ნიშნებს. ორივე მიმართულებით, როგორც აღსრულების, ასევე კანონმდებლობის მიმართულებით, აქტიურად ვიმუშავებთ. სწორია, რომ კომისიები ხშირად საზოგადოებას აღიზიანებს კიდეც, იმიტომ, რომ ბევრი მიმართულებით შექმნილა წლების მანძილზე კომისიები და საბოლოო ჯამში, საზოგადოებისთვის მთავარია, შედეგი დაინახოს. ამიტომ, ჩვენ მაქსიმალურად ვართ ორიენტირებული, რომ შედეგები დავანახოთ საზოგადოებას. მაქსიმუმ აპრილის ბოლომდე გრძელდება სამუშაო პროცესი, თუმცა გვინდა, რომ უკვე მანამდე დაინახოს საზოგადოებამ გარკვეული შედეგები და აპრილის შემდეგ უკვე გრძელვადიან პერსპექტივაში გამოიკვეთოს პრობლემის გადაწყვეტის გზები.  საპარლამენტო კომისიის შემთხვევაში საზოგადოების თვალწინ წარიმართება უფრო ხანგრძლივად დებატები, ვიდრე დღეს გვაქვს ჩვენ ამის საშუალება. საზოგადოება მიიღებს ძალიან ფართოდ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ წარმოიქმნება ფასები იმ სახით, რა სახითაც წარმოიქმნება. ამიტომ, ერთი, რომ საზოგადოების ინფორმირებისთვის იქნება ძალიან საინტერესო საპარლამენტო კომისიის მუშაობა და გარდა ამისა, ძალიან ბევრ ინფორმაციას შეკრებს საპარლამენტო კომისია მთავრობასთან ერთად და ეს მოგვცემს საბოლოოდ  პრობლემის გადაწყვეტის საშუალებას“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილი – ხელისუფლების პოლიტიკაა, ბალანსით, დიალოგით სწორი გამოსავალი მოიძებნოს სამომხმარებლო პროდუქციის გაიაფებისა და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობისთვის

ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა მუდმივად ემყარება მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას, სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების საკითხი კი განსაკუთრებულად პრობლემურია ჩვენი მოქალაქეებისთვის. სწორედ აქედან გამომდინარე დავიწყეთ ამ თემაზე ძალიან ღიად საუბარი, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში  პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით გამართული დებატების დროს განაცხადა.ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ძალიან სწორი და მისასალმებელი ფორმატია აღნიშნული დებატები, რადგან, სხვადასხვა პოზიციისა და მოსაზრების მიუხედავად, ყველა მონაწილე თანხმდება იმაზე, რომ საკითხი, რასაც დებატები ეხება, ნამდვილად პრობლემაა და აწუხებს საქართველოს მოსახლეობას.„ჩვენ გავაკეთეთ ძალიან დეტალური ანალიზი, თუ რა იწვევს ფასების ზრდას და მედიაშიც ღიად ვისაუბრეთ, რომ დაახლოებით 86-პროცენტიან ფასნამატზეა საუბარი, ასე ვთქვათ, საზღვრიდან თარომდე. ძალიან კონკრეტულად გვაქვს იდენტიფიცირებული ის ცხრა პუნქტი, რომელიც პირდაპირ აისახება ფასნამატზე. ეს ცხრა პუნქტი, მათ შორის, ის საკითხებია, რომლებიც დადასტურებულია კერძო სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.მინისტრმა ხაზი გაუსვა აღნიშნული პროცესის გამჭვირვალობას. მისი თქმით, შეხვედრები შედგა, ფაქტობრივად, ყველა მოთამაშესთან, ვინც დაკავშირებულია და ფასწარმოქმნის ჯაჭვში მონაწილეობს.„შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ამ ინდუსტრიაში, განსაკუთრებით ქსელური მარკეტების სახით, წარმოდგენილია ცხრა ტიპის გადასახადი. რომ შევადაროთ, სახელმწიფოს, ჯამში, ექვსი გადასახადი აქვს, თუ ჩავთვლით ქონების გადასახადსაც“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.მარიამ ქვრივიშვილის მოსაზრებით, ეს ყველაფერი პირდაპირპროპორციულად ისახება ფასების ზრდაზე.„არაერთხელ აღინიშნა, რომ ქართული წარმოების პროდუქცია ნაკლებად გვხდება ქართულ ქსელურ მარკეტებში და ჩვენი ხელისუფლების მთავარი პოლიტიკა უპირველესად არის ის, რომ ძალიან სწორი ბალანსით, ღია დიალოგით, სწორი გამოსავალი მოიძებნოს იმისთვის, რომ გაიაფდეს სამომხმარებლო პროდუქცია და ამავდროულად ხელი შევუწყოთ ადგილობრივი პროდუქციის წარმოებასა და განვითარებას“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

„ფასების ზრდის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ეროვნული ბანკი მილიარდობით ლარს ბეჭდავს ყოველწლიურად“ – ალექსანდრე რაქვიაშვილი

"ფასების ზრდის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ეროვნული ბანკი მილიარდობით ლარს ბეჭდავს ყოველწლიურად" - ამის შესახებ, "რუსთავი 2-ის" ეთერში, გადაცემაში "დებატები" პარტია ”გირჩის” სათათბიროს წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა ისაუბრა."ფასების ზრდის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ეროვნული ბანკი მილიარდობით ლარს ბეჭდავს ყოველწლიურად. მარტივად რომ ავხსნა - 95 წელს რომ ლარი შემოიღეს, სულ ბრუნვაში იყო 112 მილიონი ლარი, ახლა არის 34 მილიარდი ლარი, ანუ, 300-ჯერ მეტი ფულია ბრუნვაში. ოღონდ, ეკონომიკა ამ დროს გაიზარდა სულ 5-6-ჯერ. მერე ლარი უფასურდება, ეს კი გამოიხატება იმაში, რომ ძვირდება ზეთი, პური და ა.შ.34 მილიარდიდან, "ქართული ოცნების" მმართველობის დროს 30 მილიარდი დაიბეჭდა. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი და სანამ ამას არ შეეხება მთავრობა და ყურადღებას არ მიაქცევს მოსახლეობა, არაფერი არ ეშველება ფასებს.კომისია, რომელიც ბატონმა ირაკლი დააარსა, თავისი შინაარსით, ფარსია, რადგან იმ ნაწილსაც კი არ ეხება, რომელიც მთავრობის მხარეს არის. მაგალითად, ავიღოთ გადასახადები. მთავრობამ რომ დაწიოს ის გადასახადები, რომელიც ყველაზე ღარიბ ხალხს ეხება - აქციზი სიგარეტზე, ბენზინზე, - ეს ფასებზე შეიძლება დიდად არ აისახოს, მაგრამ მეტი ფული დარჩება ღარიბ ადამიანს ჯიბეში და უფრო მარტივად გაუმკლავდება გაზრდილ ფასებს. თუ მთავრობა არც რეგულაციებს არ აუქმებს, არც გადასახადებს ამცირებს, ეროვნული ბანკი ფულის ბეჭდვას აგრძელებს - მაშინ ფასებს არაფერი ეშველება და მაქსიმუმ, რასაც მთავრობამ შეიძლება მიაღწიოს, მორჩილ ბიზნესმენებს რამდენიმე პროდუქტზე ფასი დემონსტრაციულად შეამცირებინოს," - აცხადებს რაქვიაშვილი.პოლიტიკური დებატები, თემაზე - მაღალი ფასნამატი: კარტელური გარიგება თუ ობიექტური რეალობა? - გაიმართა.

ირაკლი კობახიძე – ვფიქრობ, თუ სოციალური პასუხისმგებლობით იმოქმედებს ბიზნესი – დისტრიბუციაც და ქსელური მაღაზიებიც, შესაძლებელი იქნება ფასების შემცირება

ერთია, რომ მოგებაზეა მაქსიმალურად ორიენტირებული ბიზნესი, მაგრამ, ვფიქრობ, თუ სოციალური პასუხისმგებლობით იმოქმედებს ბიზნესი – დისტრიბუციაც და ქსელური მაღაზიებიც, შესაძლებელი იქნება ფასების შემცირება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2012 წლის შემდეგ 4,7-ჯერ გაიზარდა ადამიანების მიერ ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადების სახით გადახდილი თანხა და ეს მონაცემები მანიპულაციას არ ექვემდებარება.„ადამიანები იღებენ ხუთჯერ მეტ შემოსავალს და 20 პროცენტს იხდიან საშემოსავლო გადასახადის სახით. ასეთ პირობებში რეალურად ხარჯებში სურსათზე ხარჯების წილი უნდა შემცირებულიყო, მაგრამ არ შემცირდა, ამიტომ გამოგვაქვს ჩვენ დასკვნა, რომ ფასების შემცირების რესურსი არსებობს. რაც შეეხება ქსელის გაფართოებას, რატომ არის ეს პრობლემა? რა თქმა უნდა, ერთი და ორი მაღაზია გვერდიგვერდ ცალკე აღებული შეიძლება არ იყოს პრობლემა, მაგრამ როდესაც ფართოვდება ქსელი ჭარბად, ეს ზრდის დისტრიბუციის ხარჯებს. ჩვენ ინფორმაციაც მოგვაწოდეს შეხვედრებზე, რომ გახსნილი მაღაზიების დაახლოებით ნახევარიც კი ხშირ შემთხვევაში წაგებაზე მუშაობს. ქსელს აქვს ექსპანსიის ინტერესი იმისთვის, რომ ბაზარი რაც შეიძლება მეტად მოიცვას და ჩაანაცვლოს სხვა მაღაზიები. ფართოვდებიან, მათ შორის რის ხარჯზე – ფასებს ზრდიან, იღებენ დამატებით თანხებს ჩვენი მოქალაქეების ჯიბეებიდან, აფართოებენ ქსელს და საბოლოო ჯამში იზრდება ფასები. თავის დროზე ქეშბექი ბევრად ნაკლებით დაიწყო, 4% იყო და ზოგ შემთხვევაში 50%-მდე გაიზარდა. ბიზნესი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, თავისუფალი და ეს არის ჩვენი ამოსავალი წერტილი და ამით ვამაყობთ, 2012 წლიდან ეს ვითარება შეიცვალა, მაგრამ აქ არის სოციალური პასუხისმგებლობა. ერთია, რომ მოგებაზეა მაქსიმალურად ორიენტირებული ბიზნესი, მაგრამ ვფიქრობ, რომ თუ სოციალური პასუხისმგებლობით იმოქმედებს ბიზნესი – დისტრიბუციაც და ქსელური მაღაზიებიც, შესაძლებელი იქნება ფასების შემცირება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები