სტამბოლში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირების შეხვედრა გაიმართა- ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
”7 ოქტომბერს, ქალაქ სტამბოლში, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის რესპუბლიკების საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირების ერთობლივი, საბაჟო კომიტეტის რიგით მე-6 შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ სეზაი უჩარმაკმა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარემ, შაჰინ ბაგიროვმა.
სამმხრივ შეხვედრაზე ხაზი გაესვა მეზობელ ქვეყნებს შორის, თანამშრომლობის გაღრმავებას, საბაჟო კონტროლის პროცედურების გამარტივების და რეგიონის, როგორც სავაჭრო დერეფნების კონკურენტუნარიანობის ზრდას. რისი წინაპირობაცაა არსებული ინფორმაციისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება, ასევე უახლესი ელექტრონული სისტემების ინტეგრაცია და ერთობლივი, მოქნილი კონტროლის მექანიზმების დანერგვა.
დელეგაციების წევრებმა იმსჯელეს, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ეფექტიანობის გაზრდისა და საბაჟო პროცედურების დაჩქარების მიზნით, სასაზღვრო გამშვები პუნქტების სრული გაციფრულების თაობაზე, რაც შემდგომ კიდევ უფრო შეამცირებს საბაჟო ფორმალობებისთვის საჭირო დროს და შესაბამისად სატრანსპორტო ხარჯებს.
სამმხრივი კომიტეტის ფორმატში, მხარეებმა აღნიშნეს, რომ ისინი მიესალმებიან გადაწყვეტილებას საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის, ერთობლივი საბაჟო გამშვები პუნქტის „აბრეშუმის გზა – იპექ-იოლუს“ ოქმის ხელმოწერის პროცედურების დასრულების შესახებ და შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა, რათა ხელმოწერის პროცესი უახლოეს მომავალში განხორციელდეს.
თურქეთში გამართულ სამუშაო შეხვედრებს ესწრებოდნენ საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მიხეილ ჩოკოშვილი, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, სამსონ ურიდია, ასევე თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, გიორგი მესხელი და სხვა ხელმძღვანელი პირები- ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.