ხუთშაბათი, იანვარი 9, 2025

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლე:

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

„სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე ცოდვისა და სიკვდილის რჯულისაგან“ (რომაელთა 8,2)

ქრისტესმიერ საყვარელნო დანო და ძმანო, ქრისტე იშვა!

ჭეშმარიტად იშვა სიტყვა ღვთისა, – უფალი ჩვენი იესო ქრისტე, – „ვის მიერადაც ყოველი შეიქმნა, და არაფერი შექმნილა მის გარეშე, რაც კი შექმნილა!“ (იოანე 1.3) „გახარებთ დიად სიხარულს, რომლითაც იხარებს ყოველი ერი, რამეთუ დღეს დავითის ქალაქში დაიბადა … მაცხოვარი“ (ლუკა II, 10-11).

ყველა პრობლემას უკვე ჩვენ ამ სიხარულით ვფარავთ, ამით ვძლევთ ჩვენს სისუსტეებსა და განსაცდელს, ამით ვძლევთ უსამართლობას, მწუხარებასა და ტკივილს.

მართლაც, რა უნდა იყოს იმაზე მნიშვნელოვანი და დიადი,  როცა თვით ღმერთი შემოდის ჩვენს ცხოვრებასა და ისტორიაში, რათა ჩვენი არსებობის მთავარი მიზნის განხორციელებაში დაგვეხმაროს.

მაგრამ როგორ შევხვდებით მას, ვითარცა ძენი და ასულნი ღვთისანი, ვითარცა თვისნი მისნი თუ როგორც მხოლოდ შორეულნი, უცხონი ან თითქმის მისგან განდგომილნი?

* * *

ჩვენ უფლის განგებულების განსაკუთრებული გამოვლინებანი ვართ.

გასაოცარია ყველაფერი, რაც ჩვენს პირველმშობლებამდე შეიქმნა, –   უმცირესი ნაწილაკები იქნება ეს, მცენარეები, ფრინველები, ცხოველები, ზღვის ბინადარნი თუ ციური სხეულები… ისინი დიდი მრავალფეროვნებით, დიდი უნარებით, დიდი თავისებურებებით გამოირჩევიან, მაგრამ მათი მოქმედებები და შესაძლებლობები იყო და არის შეზღუდული.

მხოლოდ ადამიანი მოიცავს ფიზიკურსა  და სულიერს, მიკრო და მაკრო სამყაროს, და ძალუძს შეიყვაროს იგი, როგორც თავისი ნაწილი ამქვეყნადაც და მარადისობაშიც.

მხოლოდ ადამიანია ღვთის ხატებად და მსგავსებად შექმნილი, გონიერი, მეტყველი, სიკეთით, თავისუფალი ნებითა და ღვთაებრივი სიყვარულის უნარით დაჯილდოებული არსება; მოწოდებული, შეიცნოს ჭეშმარიტება და ემსახუროს მას.

ღმერთმა იგი იმიტომ დაჰბადა, რომ თავის მარადიულ სიკეთეთა თანაზიარად გაეხადა და ის ნეტარებები განეცადა, რაც უფალს აქვს. ადამიანი ხილული სამყაროს მეფე უნდა ყოფილიყო და, ღმერთს მიმსგავსებულს, სიბრძნითა და სიყვარულით განეგო იგი.

ჩვენს პირველმშობლებს მთელი თავისი ნებელობა უფლისკენ ჰქონდათ მიმართული და სრულად ღვთისას იზრახავდნენ. ამასთან, მათი სული სულ უფრო მეტად განიმტკიცებდა საღვთო ბუნების თვისებებს – სათნოებებს და ხარობდა ამით.

როგორც ცნობილია, შემდგომ ბოროტმა ძალამ მოატყუა ისინი, როცა უთხრა: შემოქმედი იმიტომ გიკრძალავთ ხე-ცნობადისას ნაყოფის ჭამას, რომ მისებრ ღმერთი არ გახდეთო.

სინამდვილეში კი ჩვენი განღმრთობა სწორედ უფლის ჩანაფიქრი იყო, მაგრამ ამისთვის ადამი და ევა თანდათან უნდა მომზადებულიყვნენ და უფლის მორჩილებით ასულიყვნენ სრულყოფის კიბეზე. ისინი კი, ჯერ კიდევ სულიერად მოუმწიფებელნი, შეეცადნენ, გატოლებოდნენ მას, ვინც დაჰბადა ისინი და ყველაფერი უშურველად მისცა; თანაც ამის მიღწევა მათ ღმერთისგან განდგომით მოინდომეს და მისი ნების წინააღმდეგ წავიდნენ. ვერ დააფასეს უფლისგან ბოძებული, თვით ანგელოზებზე აღმატებული პატივი, უხილავი ღმერთის თანაშემწეობაზე უარი თქვეს და  მოინდომეს ღმერთად გახდომა.

ცოდვამ აამღვრია და დაასნებოვნა ადამის და ევას შინაგანი სამყარო, რასაც თავისთავად მოჰყვა შესაბამისი შედეგი: სიცოცხლის ნაცვლად მიიღეს სიკვდილი;  ნეტარების ნაცვლად – ტანჯვა და მწუხარება, ძლიერების ნაცვლად – უძლურება… და ერთბაშად დაკარგეს თვითმფლობელობაც და საღვთო ხელმწიფებაც; მათი მორჩილი სტიქიონებიც და ცოცხალი არსებებიც მტრად გაუხდნენ და მარტონი დარჩნენ გარემო სივრცის პირისპირ.

ეს უმძიმესი ცვლილება კი მოხდა იმიტომ, რომ მათი გული ღმერთს განეშორა და შემოქმედის ადგილი ეგოისტურმა ,,მე“-მ დაიკავა.

ამპარტავნება და ეგოიზმი არის უფლისგან განდგომილი ადამიანის მკვეთრი მახასიათებელი. დაცემის შემდეგ ჩვენს პირველმშობლებში თავდაპირველად სწორედ ეს მიდრეკილებები გაჩნდა და მათი პირადი ურთიერთობებიც მყისიერად დაამახინჯა –  ერთმანეთზე და გარემოზე ზრუნვა, ღმერთზე მინდობა… საკუთარ თავზე მინდობამ და ეგოცენტრიზმა შეცვალა.

ბოროტი ძალისგან თავს მოხვეული ეს მანკიერება დღემდე ჩვენს მთავარ პრობლემას წარმოადგენს და ამიტომაც არის, რომ, როგორც ერთი ღვთისმეტყველი ამბობს, ჩვენს ცხოვრებაში  სიტყვა ,,მე“ განსაკუთრებულად დომინირებს.

ეგოისტის ბუნება ისეთია, რომ იგი შეჰხარის  თავის თავს, მოსწონს თავის თავში არსებული ნიჭები, რასაც საკუთარ დამსახურებად მიიჩნევს და გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ყველგან და ყოველთვის ცდილობს საკუთარი თავის წარმოჩენას, ღმერთი კი დავიწყებული ჰყავს, ან მექანიკურად ახსენებს მის სახელს.

ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ თუ რაიმე ნიჭი და უნარი გვაქვს, უფლის მიერაა ბოძებული, ჩვენია მხოლოდ პირადი ნება, რომელიც სწორად უნდა წარვმართოთ. ამასთან, ჩვენი მოწოდებაა, ვიყოთ მოყვასის მსახურნი უფლისკენ სვლაში. იესო ქრისტეც მსახურებისთვის მოვიდა ამქვეყნად და ჩვენც ეს მისია დაგვაკისრა. ასე რომ, ნებისმიერი სხვა ადამიანისადმი ჩვენი ერთგულება, სიყვარული და თავდადება არის ჩვენი გადამრჩენელი, ღმერთამდე ჩვენი მიმყვანებელი.

ამიტომაც, სხვა მცნებებთან ერთად, უნდა აღვასრულოთ ერთ-ერთი ყველაზე უპირატესი სწავლება უფლისა: „შეიყვარე მოყვასი, ვითარცა თავი თვისი“ და უმეტესი ამისა, ახალი მცნება ახალი აღთქმისა, რომელიც მაცხოვრისაგან ასეთი სახით მოგვეცა: „ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ … როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, ასევე თქვენც გიყვარდეთ ერთმანეთი“ (იოანე 13.34).

მხოლოდ ამ გზით შევძლებთ ჩვენი პირადი უდიდესი სასწაულის აღსრულებას, – გულიდან ეგოიზმის გაძევებას და მასში უფლის დავანებას, მხოლოდ ამ საშუალებით მოვიპოვებთ ზეცის მოქალაქეობას.

„მე ვარ კარი, ჩემს მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს“ (იოანე 10,9) – გვასწავლის იესო ქრისტე.

* * *

დაცემული ადამიანის თვისებაა სიკვდილის შიშიც. ამიტომაც ეძებდა და კვლავაც ეძებს იგი სიცოცხლის გახანგრძლივების გზებს, იგონებს სხვადასხვა მეთოდს, რომ შეიქმნას კეთილდღეობის ილუზია, მაგრამ ამაოდ.

ეს ყოველივე  უფრო დიდი შეცდომების მიზეზი ხდება და აღრმავებს ჩვენში ისედაც არსებულ სულიერ კრიზისს.

ასეთი პიროვნება ვერ აცნობიერებს, რომ სიკვდილის შიში სინამდვილეში ცოდვებიდან მომდინარეობს, რომ ცოდვას დამონებული სული გაუცნობიერებლად უფრთხის ღმერთთან შეხვედრას და ამიტომაც ძრწის; მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მანკიერებებს განეშოროს და სული განიწმინდოს, ხშირად ნიჰილიზმში ვარდება და ათეიზმს აფარებს თავს (თუმცა ურწმუნოების მიზეზი სხვაც არაერთია).

ასეთი ადამიანებისთვის ცხოვრება პერიოდია დაბადებიდან სიკვდილამდე და სიკვდილთან ერთად მათთვის მთავრდება ყველაფერი. ამიტომაც მიაჩნიათ, რომ ბოროტება, სიკეთე, ფარისევლობა, ერთგულება, შური, სიყვარული, უზნეობა … ჩვეულებრივი ადამიანური გრძნობებია და რაიმე პასუხისმგებლობას არც კონკრეტული პიროვნების და არც ღვთის წინაშე არ გრძობენ, რადგან არ სწამთ იმქვეყნიური ცხოვრების, არ სწამთ მარადიული ფასეულობების.

* * *

დღეს ქრისტე იშვება დედამიწაზე, საოცარი თავმდაბლობითა და უბრალოებით, და მოაქვს სიცოცხლის ნათელი მათთვის, ვისაც სწამს, რომ ღვთის ხატადაა შექმნილი და ესწრაფვის ცხონებას.

ჩვენ ვსაუბრობთ იმ რწმენაზე, რომელიც, ადამიდან მოყოლებული, გადაეცემოდა თაობიდან თაობას პირველ მამათა, მამათმთავართა, წინასწარმეტყველთა, მართალთა … მიერ და გვასწავლიდა, რომ არ ვართ შემთხვევითი არსებები, რომ არ ვართ სიკვდილისთვის გაჩენილნი, არამედ მარადიული ნეტარებისა და ღმერთთან მყოფობისათვის მოწოდებულნი.

უფალს ელოდა სიწმინდით, სიმართლით  და სიყვარულით მცხოვრები ჭეშმარიტი სიბრძნისა და სიმართლის მაძიებელი ყოველი ადამიანი. იგი იყო „მოლოდება წარმართთაც“ (დაბადება: 49. 10).

წარმართთა შორის ღრმად მოაზროვნენი გრძნობდნენ სულიერ შიმშილს, მათ არ აკმაყოფილებდათ ადამიანთა მიერ შეთხზული გადმოცემები სხვადასხვა „ღმერთზე“, გრძნობდნენ მათ სიყალბეს და ელოდნენ  ჭეშმარიტს, ნამდვილსა და აღმატებულს.

ასე იყო საქართველოშიც. ქრისტიანობის შემოსვლისთანავე ქართველთა უმრავლესობამ უარყო წარმართობა და სიხარულით მიეგება ზეციდან უწყებულ სახარებას. ეს იყო ქართველთა ცივილიზაციური მტკიცე არჩევანი, რომელიც ეროვნული ცნობიერების ნიშან-სვეტად იქცა.

ქრისტე მოგვევლინა ჩვენი სხეულით, ჩვენი ბუნებით და გახდა ჩვენი ცხოვრების მტვირთველი (გარდა ცოდვისა); უჟამო იგი ჟამიერ იქმნა, უხორცო – ხორციელი, უკვდავი – მოკვდავი, რათა მსგავსებით მსგავსი გადაერჩინა და თითოეული ჩვენგანისათვის ეთქვა: მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი ხატება არ არის შენში ბოლომდე წარხოცილი;  ჩემი შესაძლებლობები შენი შესაძლებლობებიცაა და შენთან ერთად მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო შენს ფერისცვალებაში, შენს გადარჩენაში.

მას ჩვენს რეალობაში შემოაქვს სამოთხის კანონები, – მცნებები, ზეცის მოქალაქეთა თვისებები, რათა გავაცნობიეროთ ცოდვა ჩვენს ყოფაში და სინანულით აღვხოცოთ იგი, ამით განვაქარვოთ ჩვენი სიკვდილი და გარდაცვალება მარადიული ნეტარმყოფობის საწყისად ვაქციოთ.

ჩვენ უნდა ვუკვირდებოდეთ ჩვენს სიტყვასა და საქმეს, სინდისის ხმას, საზოგადოებასთან თანაცხოვრებას, საღვთო წიგნებში განცხადებულ ღვთის სიბრძნეს და ბეთლემს შობილი მაცხოვრის მიერ დაარსებული ეკლესიისა და აქ აღსრულებულ საიდუმლოთა მადლით უფლის აღდგომისა და ამაღლების თანაზიარნი გავხდეთ.

* * *

„ქრისტიანობა რჩეულთა ხვედრია: თქვენ კი რჩეულთა მოდგმა ხართ, სამეუფო სამღვდელო, წმინდა ერი, წილხვედრი ხალხი, რათა გამოაცხადოთ მისი სათნოებანი, ვინც სიბნელიდან თვისი საკვირველი ნათლისკენ გიხმოთ“ (I პეტრე, 2,9).

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, ღმერთმა შეგვინდოს შეცოდებანნი ჩვენნი და შეგვაძლებინოს, პეტრე მოციქულის ეს სიტყვები ჩვენს ერზე, თითოეულ თქვენგანზე და ჭეშმარიტების გზით მავალ ყველა ადამიანზე გაცხადდეს.

კურთხეულია უფლის შობის დიადი საიდუმლოს მხილველი და აღმქმელი თქვენი სულიერი თვალნი. კურთხეულია ბეთლემის სასწაულის სულიერად განმცდელი თქვენი გული.

კურთხეულია თქვენი სასმენელნი, რომელთაც დღესაც ახარებს ანგელოზთა საგალობლის ხმა: „დიდება მაღლთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“.

ამ დიდი ძალისა და სიღრმის მქონე ზეციურმა სიტყვებმა, დაე, მოიცვას  და ღმერთში გააერთიანოს სრულიად საქართველო, უცხოეთში მყოფი თანამემამულენი და ყოველი კეთილი ნების ადამიანი, რათა მოგვებთან და მწყემსებთან ერთად, გავემართოთ ბეთლემისაკენ, ანთებული სანთლებით მივეახლოთ ყრმა იესოს და კრძალვითა და სიხარულით აღმოვთქვათ: „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ … ღმერთი ჩემი ხარ შენ, და აღგამაღლო შენ; ღმერთი ჩემი ხარ შენ, აღგიარო შენ; აღგიარო შენ, რამეთუ ისმინე ჩემი და იქმენ ჩემდა მაცხოვარ“ (ფსალმუნნი 117,23,29).

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი,
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
თბილისი,
შობა ქრისტესი
2024-2025წ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება

„ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლას დათანხმდა, ფრანგები აჩქარებენ და ტრანსფერის შაბათ-კვირისთვის დასრულება სურთ, – ინფორმაციას AreaNapoli ავრცელებს. „ხვიჩა კვარაცხელია და „ნაპოლი“, შესაძლოა, ერთმანეთს რამდენიმე დღეში დაემშვიდობონ, სიახლე სულ უფრო და უფრო სანდო ხდება. იყო კონტაქტი პსჟ-სთან, მაგრამ გარიგება მხოლოდ ნეაპოლელთა პირობებით გაფორმდება – 80 მილიონი ევრო. ამასობაში, ფეხბურთელმა ფრანგებს თანხმობა პირადად განუცხადა. ქართველის დამატება პარიზელებს გასულ ზაფხულსაც სურდათ. ეიფელის კოშკის ჩრდილში ის ბევრად მეტს გამოიმუშავებს და ევროპის ერთ-ერთ ტოპ-კლუბშიც ჩაირიცხება. ჩვენი ინფორმაციით, პარიზელებს, სურთ გარიგების შაბათ-კვირისთვის დასრულება, რათა ქართველი უკვე მომავალ კვირას ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ მატჩებში დაეხმაროს. გარიგება, შეიძლება, დასრულდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფრანგები „ნაპოლის“ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ და 80 მილიონ ევროს გადაიხდიან“.

ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძეს საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმარს უცხადებს

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმარს უცხადებს. „ბატონო პრემიერ-მინისტრო, ღრმად დამწუხრებული ვართ გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ხანძრის შედეგად ხუთი ბავშვის დაღუპვის გამო. მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ვიზიარებ თქვენს მწუხარებას და პირადად ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით გულწრფელად გისამძიმრებთ პირადად თქვენ, გარდაცვლილი ბავშვების ოჯახს, ახლობლებსა და მთელს ქართველ ხალხს“,- აღნიშნავს ილჰამ ალიევი.

„საკალანდოდ თუ ჩამოით ხო კაი, გევიხარებთ ბებრები, თუ ვერ მოახერხო, მამა, აგერ გიგზავნი ყოლფერს“ – წერილი, რომელსაც ემოციის გარეშე ვერ წაიკითხავთ

ჟურნალისტი, “ლეიბორისტული" პარტიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ქეთი დოლიძე სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს, რომელსაც უემოციოდ ვერ წაიკითხავთ. მასში ზედმიწევნითაა აღწერილი თბილისში მცხოვრები გურულებისთვის მშობლიური სახლიდან გაგზავნილი სითბო: „დეკემბრის ბოლოს, რკინიგზის სადგურზე, მამა გურიიდან წამოსულ მატარებლს უცდიდა, ხშირად მეც მივყავდი. ჩემი და-ძმა პატარები იყვნენ, მე კი უკვე დიდი ვიყავი და გურიიდან გამოგზავნილი საახალწლო ნობათით სავსე ჩანთის კიდეში ჩადებული წერილის მოძებნა და მერე წაკითხვა ჩემი მოვალეობა იყო. წერილებს ხმამაღლა ვკითხულობდი სულ, თან ყელში ბურთი მებჯინებოდა. საკალანდოდ გიგზავნით შვილო, ღორის ხორცია კაი გაყოლა, 5 წველა ყველი, ნადუღი, ხაჭაპურია კეცის, ჭადის ქფილი, ჯანჯუხე, ინდოური კია გოჭისხელა, დედალი, კვატიე, ხურმა, ხაპი, თხილიც კია პაწე. ადესაა მაქანე კიდო და ოტკაც ჩავდე. საკალანდოდ თუ ჩამოით ხო კაი, გევიხარებთ ბებრები, თუ ვერ მოახერხო, მამა, აგერ გიგზავნი ყოლფერს. ჩვენ კი ვართ ბებრები ბაღნების მოლოდინში მაინც, ერიგზობა გაციება კი მივილიეთ, ჯერ მე ვიყაი გლახათ, მერე აი დედაბერი შეიქნა მისახედი, მარა ახლა კარგად ვართ. ჩვენი ჯავრი არ გექნეთ. უთენია, თბილისი-მახარაძის მატარებელი რომ ჩამოდგება, კი ვჩივით სულ ბაღნები იქნება მეიყვანა მატარებელმაო, მარა არ იქნა და არ. კია, სიცივი და გლახა ამინდები, მარა აი ბაღნები ბუხართან იქნებოდნენ თბილში, აფერს მიაკლებდა ბებიამისი. საქმე არ შობა თვარა, ვიცი შვილო ჩამეიყვანდი ოჯახს. ჩვენ მაინც ვუცდით მახარაძის მატარებელს ყოველდღე. თუ ჩამოი, მამა, იცი შენ რაცხა მინდა. ჟურნალ-გაზეთები მაქოური, აი სოფლის ცხოვრება კი მოაქ ფოსტალიონს. მარა აფერი წერია შით. ფილტრიანი სიგარეტი და ერთი კაი წიგნი წამეიმღვარიე, აფერი მაქვს საკითხავი ამ ზამთარს. სა მცალია წიგნიზა, მარა გლახა ამინდი როცხაა, კი მიხარია, მაშვინ თუ წევიკითხავ რაცხას. დედაშენი აგერ ჯდანა ჯორკოზე ბუხართან, არ მაჩვენებს თვარა თვალები კურცხალით აქვს სავსე, არ ჩივა აფერს, ენატრებით სულ. მე, აღარ მელაპარაკება, მამაზეციერი შეაწუხა ამდენი თხოვნით და ლოცვით“. ბაბუასგან საკალანდოდ მიღებული წერილი ასეთი იყო სულ. არ მახსოვს არც ბავშვობაში, არც მერე დიდობაში კალანდა გურიაში. არც ნაძვისხე მინახავს ჩვენს ოდაში. არც ჟრიამული. არც ჩვენს ოდაში შემოსული კალანდა. დღემდე, მეფიქრება და მედარდება მათი უსაშველო მოლოდინი. დღემდე მეტკიება ჩვენს ოდაში უბაღნებოდ გათენებული, ბუხრის თავზე შემოდებული ერთი პატარა ჩიჩილაკით შემოსული კალანდა. ბედნიერი კალანდა მინდა გათენდეს საქართველოსთვის! ყველა ბავშვისთვის! ჩვენი ოჯახებისთვის!“ _ წერს ქეთი დოლიძე და დასძენს, რომ წელს მაინც სურდა გურიაში ჩამოსვლა, მაგრამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო ვერ შეძლო: „ამ ახალწელს მინდოდა ჩემი ბიჭები წამეყვანა გურიაში, შობას, კალანდას ჩვენი ოდა გაგვეთბო. დამეცხო გურული ღვეზელები, მოგვერთო ჩიჩილაკი. თვეების წინ, ნაძვისხეც კი ჩავიტანე, სააკალანდოდ გურიაში დაბრუნებას ვგეგმავდი. ახლა აღარაა ამის დრო. ახლა საქართველოს გამარჯვების დროა! მერე ქრისტეშობაც სხვანაირი იქნება და კალანდაც!“

საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს. „საზოგადოებრივი მაუწყებელი შეშფოთებას გამოთქვამს ქვეყანაში არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, სხვადასხვა მხარის მიერ, პირველი არხის მიმართ სისტემატური ხასიათის თავდასხმების, სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევისა და დამოუკიდებელ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მცდელობის გამო. საზოგადოებრივი მაუწყებელი თავის საქმიანობას ახორციელებს კანონით დადგენილი შინაარსობრივი ვალდებულებების შესაბამისად და ემსახურება მთელ საზოგადოებას, ჟურნალისტური ეთიკის ნორმების სრული დაცვით, ობიექტურად, გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების გათვალისწინებით, რაც დაადასტურა ეუთო/ოდირის დასკვნამაც. სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ განსაკუთრებულ აგრესიას ავლენს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც არხის დისკრედიტაციის მიზნით მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას, მათ შორის, ისეთ მნიშვნელოვან სივრცეში, როგორიც მაგალითად, ევროპარლამენტია. აღარაფერს ვამბობთ მისი მხრიდან არხის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე და მოწოდებაზე არხის დასჯის შესახებ, რაც მედიასთან ურთიერთობის ყოველგვარ სტანდარტს მიღმა დგას. პოლიტიკოსებისგან მსგავსი ტიპის თავდასხმები ახალისებს და აქეზებს გარკვეულ საზოგადოებრივ ჯგუფებს და კერძო პირებს, ლეგიტიმურად მიიჩნიონ მედიის საქმიანობაში ჩარევა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებისა და თანამშრომლების შეურაცხყოფა, ბულინგი და მათი მისამართით სიძულვილის ენის გამოყენება. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, განსაკუთრებით კი პოლიტიკოსებს, ამ რთულ დროს შეინარჩუნონ პროფესიონალიზმი და პროფესიული სტანდარტი. შემაშფოთებელია დამოუკიდებელ მედიაზე დეზინფორმაციის საშუალებით წნეხის განხორციელებისა და ჟურნალისტების დაშინების მცდელობა. საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკუთვნის მთელ საზოგადოებას, არც ერთ პოლიტიკურ ან საზოგადოებრივ ჯგუფს არა აქვს მისი მონოპოლიზებისა და სხვებისთვის ჩაკეტვის უფლება. აქ ჟღერდება სხვადასხვა იდეა და მოსაზრება, მათ შორის ისეთი, რომელიც, ცხადია, ყველასთვის მისაღები და მოსაწონი ვერ იქნება, რასაც გაგებით უნდა მოეკიდოს ყველა, ვინაიდან სწორედ ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლის დანიშნულება და ამის გამო, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ბულინგი დაუშვებელია და ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესს აზიანებს. განსხვავებულ აზრსა და იდეას აზრითა და იდეით უნდა დაუპირისპირდნენ და არა ჟურნალისტების ღირსების შელახვით. აქვე გვინდა, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ 13 იანვრიდან საზოგადოებრივი მაუწყებელი განაახლებს პრაიმტაიმის ეთერს და იგი, როგორც ყოველთვის, დაეთმობა ყველა, მათ შორის სხვადასხვა პოზიციაზე მყოფ მხარეებს აზრის გამოთქმისა და დისკუსიისთვის. შეძლებისდაგვარად ვეცდებით, დრო დავუთმოთ ყველა მნიშვნელოვან თემას პოზიციების დაახლოებისთვის და არა რადიკალიზაციის გასაღრმავებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ, გიორგი მამარდაშვილის ახალი ოჯახური კადრები

გიორგი მამარდაშვილის მეუღლე, ელენე ეპიტაშვილი სოციალურ ქსელში თბილ კადრს გვიზიარებს. „ოჯახი“, – წერს ელენე.

ბოლო სიახლეები