სამშაბათი, ოქტომბერი 6, 2026

სოფო ხორგუანი – რით განსხვავდება განათლების თქვენეული კონცეფცია სააკაშვილის კამპანიისგან, რომელმაც უნივერსიტეტებიდან პროფესურა გაყარა, „ჩარეცხილები“ უწოდა და ქონების გაყიდვა დაიწყო

რით განსხვავდება განათლების თქვენეული კონცეფციის თავზე მოხვევა სააკაშვილის კამპანიისგან, რომელმაც უნივერსიტეტებიდან პროფესურა გაყარა, „ჩარეცხილები“ უწოდა და ქონების მასიურად გაყიდვა დაიწყო, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, სოფო ხორგუანმა პარლამენტში განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ განათლების სისტემას ნაჯახით მიადგა.

„საქართველოს კონსიტუტიციის თავი 2. მუხლი 27 „აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია უზრუნველყოფილია“. მოცემული კონცეფციით პარტია კარნახობს უმაღლეს სასწავლებლებს, რა უნდა ასწავლოს, სად უნდა ასწავლოს, ვინ უნდა ასწავლოს, ვის უნდა ასწავლოს და რამდენი ხანი უნდა ასწავლოს. დირექტივები მოდის პარტიიდან და არ მოდის აკადემიური გამოცდილებიდან. როგორ გესმით უმაღლესი განათლების იდეა? მხოლოდ ერთი ან ორი ტრადიციული პროფილის და ისტორიული გამოცდილების გათვალსიწინებით, რომელ ტრადიციებს გულისხმობთ?

დაწყებული გელათის აკადემიიდან, სადაც პეტრიწი მოღვაწეობდა, ასწავლიდნენ გეომეტრიას, არითმეტიკას, მუსიკას, რიტორიკას, გრამატიკას, ფილოსოფიას და ასტრონომიას. საუკეთესო უნივერსიტეტები გერმანიაში მე-18 საუკუნიდან მოყოლებული ასწავლიდნენ მრავალ დისციპლინას და ასე არის ყველაზე საუკეთესოდ აღიარებულ უნივერსიტეტებში დღევანდელ მსოფლიოში. სადაც თქვენი შვილები სწავლობენ.

თქვენი კონცეფცია ამბობს, რომ სტუდენტები ქალაქში ფეხებში გვედებიან და უმჯობესია, თუ ქალაქის ბოლოს ან სულაც ორ ქალაქს შორის თავისთვის იყვნენ? თუ კი მხოლოდ რუსთაველის გამზირზე ორი სავაჭრო მოლია, რამდენიმე უნივერსიტეტი, სტუდენტები და მასწავლებლები რატომაა ქალაქის გადატვირთვის მთავარი მიზეზი? ან რას უპირებთ დევნილობა გადატანილ უნივერსტეტებს. ომგამოვლილებს. ერთდროულად დასრულებული მე-11 და მე-12 კლასები ერთ წელიწადს, ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტი 18 და 17 წლის ახალგაზრდა დარჩება ქუჩაში.

საიდან მოვიდა აზრი, რომ მოკლე განათლება უკეთესი განათლებაა? შემოთავაზებული კონცეფცია ართმევს განათლების სამ წელს ადამიანს: ერთს სკოლაში, ერთს ბაკალვრიატზე და ერთს სამაგისტროზე. სამი წელი უკეთესი განათლების ნიშანია?

თქვენი კონცეფციით, შრომის ბაზარს უნდა იყოს მორგებული განათლების სისტემა. თუ ჩახედავთ შრომის ბაზარზე განცხადებებს, უმეტესობა კაზინოსა და მარკეტების პოზიციებზეა. კაზინოში თამაშის წარმდგენების, კარტის ამჩეხის, გაყიდვების მენეჯერისა და მაღაზიის კონსულტანტების მომზადების განათლებისკენ მიმავალი საქართველოა?

ისტორიის მქონე ქვეყნის ამბიციას ასე ეხმიანება თქვენი კონცეფცია, რომელშიც საერთოდ არ ისმის ადამიანი, რა უნდა ადამიანს, რისკენ მიდის ადამიანი. აქ ისმის მხოლოდ პარტიის დაკვეთაზე მომუშავე უნივერსიტეტები. აქ არ ისმის, რომ ადამიანს აქვს მნიშვნელობა.

რითი განსხვავდება განათლების თქვენეული კონცეფციის თავზე მოხვევა სააკაშვილის კამპანიისგან, რომელმაც პროფესურა გაყარა უნივერსიტეტიდან და მათ „ჩარეცხილები“ უწოდა და ქონების მასიურად გაყიდვა დაიწყო. იყო დრო, როცა „ქართული ოცნებაც“ იყო პროგრესული ძალა. ვიზეიმეთ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება და კანდიდატის სტატუსი. ვიყავით საიმედო პარტნიორები მეგობრებისთვის, მიუხედავად ბევრი პრობლემისა შინ და გარეთ, გვქონდა რწმენა, რომ უკეთესი საქართველოსკენ მივდიოდით. დღეს სად ვართ? თქვენ გამოუცხადეთ ბრძოლა ყველაფერს ქართულს, შემოგვაპარეთ ნეიტრალიტეტზე საუბრები. დღეს, აგერ გველაპარაკებით შაშკინივით, მიადექით განათლების სისტემას ნაჯახით. გინდათ, გააცოცხლოთ ის ნამგალი და ურო, ფასადზე რომ არის აკრული და ასე მართოთ საქართველო?

თქვენ გახდით ჯერ პარტიის პრობლემა და მერე მთელი ქვეყნის. გავრილოვს რომ ჭიქებს უჭახუნებდით და როცა სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენეთ ქვეყანა, დაიმალეთ, თქვენი გადადგომის შესახებ განცხადებაც კი კალაძემ წაიკითხა. კორუფცია, ნარკოტრანზიტი, ქოლცენტრებიც, ხალხის გაღატაკება – აღიარეთ, როგორც იქნა. მაგრამ, მხოლოდ ღარიბაშვილის პასუხისმგებლობაა? თქვენი პასუხისმგებლობა სად არის? პარლამენტის თავმჯდომარის, პარტიის თავმჯდომარის და მერე პრემიერის. ინტრიგები, ჭორები, ძალით დაჩაგვრდა და მერე დაცინვა. ეს არის თქვენი სტილი. მაგრამ არა ქართული! ჩაგვრა და დაცინვა არასოდეს ყოფილა ქართული.

ძალაუფლებას ჩაფრენილმა ვერ აიტანეთ ქართული სულისა და ენერგიის ამოხეთქვა, მაშინ, როცა ჩვენმა ფეხბურთელებმა გაგვაერთიანეს გამარჯვების სიხარულით. რამდენიმე დღეში შემოგვიგდეთ კანონი და გახლიჩეთ ერი! შემდეგ შეაჩერეთ ევროინტეგრაცია. თქვენი პასუხისმგებლობაა, რაც ამას მოჰყვა. დასისხლიანებული ახალგაზრები, დაპატიმრებების დაუსრულებელი ტალღა.

განათლების ეს რეფორმაც ამას ემსახურება. უფსკრულის კიდევ უფრო გაღრმავებას. თქვენ ვერ იღებთ არათუ განსხვავებულ აზრს, ვერ იტანთ ყველას, ვინც ტაშს არ გიკრავთ. მტრად და აგენტად აცხადებთ. თქვენ, რომელიც მოხვედით ჩვენნაირების ბრძოლის ზურგით, როცა თქვენ ევროპაში სწავლობდით, ჩვენ აქ ვიბრძოდით და ახლა გინდათ წაგვართვათ ჩვენი იმ წლების ბრძოლის სიმართლის რწმენაც. მხოლოდ იმიტომ, რომ სკამი გქონდეთ.

ამ კედლებს ბევრი რამე უნახავს, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმოწერა, მერე ტყვიების ზუზუნი, რევოლუციაც, განათლების სხვადასხვა რეფორმა, კიდევ ბევრი პრემიერი მოვა აქ ახალ-ახალი იდეებით. ბევრი გადაიტანა ჩვენმა ქვეყანამ და კიდევ ბევრს გაუძლებს და გადარჩება. სანამ იმ ენაზე ვსაუბრობთ, ვეფხისტყაოსანი რომელზეც დაიწერა. სანამ მიუხედავად გაჭირვებისა, მამა-პაპის სახლს არ ტოვებენ ქართველი და მთელს მსოფლიოში მიმობნეულები თავის წილ საქართველოს ატარებენ. საქართველო გადარჩება. მაგრამ დარჩება კითხვა, ილიას კითხვა – დღეს ვის რა ვარგე?! რა ვარგეთ ჩვენ ჩვენს სამშობლოს?“, – განაცხადა სოფო ხორგუანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ამ ინფექციის გავრცელება უკონტროლოა… ეს კონკრეტული მაგალითი მაქსიმალური სიფრთხილის „წითელი ალამია“ – ივანე ჩხაიძე „შავი ჭირის“ შესახებ

რუსეთში შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის ლაბორანტის გარდაცვალება საერთაშორისო ჯანდაცვისთვის მნიშვნელოვანი ფაქტია, თუმცა ამ ეტაპზე შემთხვევის ოფიციალური მიზეზი დადასტურებული არ არის. ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.ჩხაიძის თქმით, შავი ჭირი იმ დაავადებებს მიეკუთვნება, რომლის გავრცელებაც შესაძლოა არა მხოლოდ ერთი ქვეყნის, არამედ გლობალურ პრობლემად იქცეს. მისი შეფასებით, ლაბორატორიის თანამშრომლის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს.„ზოგადად, შავი ჭირი მიეკუთვნება იმ დაავადებების კატეგორიას, რომლის გავრცელებაც არა მხოლოდ ერთი ქვეყნის, არამედ, რეალურად, გლობალური პრობლემაა. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონტროლის ქვეშაა“,- განაცხადა ჩხაიძემ.ჩხაიძის შეფასებით, მსგავს შემთხვევას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, რადგან შავი ჭირის გავრცელება ერთ ქვეყანაში დარჩენილ პრობლემად არ უნდა განიხილებოდეს.„ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის „წითელი ალამია“. არცერთი ქვეყანა არ იგრძნობს თავს დაცულად, როდესაც, თუნდაც ერთ ნაწილში, ამ ინფექციის გავრცელება უკონტროლოა“,- განაცხადა მან.რაც შეეხება საქართველოსთვის შესაძლო საფრთხეს, ივანე ჩხაიძის თქმით, შემთხვევა რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში მოხდა, საიდანაც საქართველოსთან ინტენსიური მიმოსვლა არ არის. შესაბამისად, მისი შეფასებით, საქართველოში ინფექციის შემოტანის ალბათობა მცირეა.„თეორიულად არ არის გამორიცხული, რომ იმ ადამიანებმა, ვისაც ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდათ, აქ შემოაღწიონ, თუმცა ამის ალბათობა მცირეა. არ მგონია, ეს საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენდეს, მაგრამ როგორც ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის უწყება, ისე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თვალყურს უნდა ადევნებდეს და ადევნებს კიდეც მიმდინარე პროცესებს“, - აღნიშნა ჩხაიძემ.რა არის ცნობილი ლაბორანტის გარდაცვალებაზე?მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2 ოქტომბერს რუსეთის ქალაქ შელეხოვის რაიონულ საავადმყოფოში ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის 28 წლის ლაბორანტი, დარია შიპილოვა გარდაიცვალა.გავრცელებული ვერსიის თანახმად, მისი დაინფიცირება შესაძლოა შავი ჭირის გამომწვევის შემცველი სინჯარის შემთხვევით გატეხვას უკავშირდებოდეს. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაცვალების მიზეზი ფილტვისმიერი, ანუ პნევმონიური შავი ჭირი იყო.თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახური — „როსპოტრებნადზორი“ — უარყოფს.უწყების განცხადებით, დარია შიპილოვა „დაუდგენელი ეტიოლოგიის პნევმონიით“ გარდაიცვალა. მათივე განმარტებით, პაციენტის ორგანიზმში მისი პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული მიკროორგანიზმები არ აღმოჩენილა.„როსპოტრებნადზორში“ ასევე აცხადებენ, რომ ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტში პათოგენებთან მუშაობისას ავარია არ მომხდარა.შესაბამისად, ამ ეტაპზე შავი ჭირით ლაბორანტის დაინფიცირება და ლაბორატორიაში მომხდარი ინციდენტი ოფიციალურად დადასტურებული არ არის. საქმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასებები ახლავს.ივანე ჩხაიძის თქმით, ლაბორანტის გარდაცვალების ფაქტი ყურადღების განსაკუთრებულ გამახვილებას მოითხოვს, თუმცა საბოლოო სურათის შესაფასებლად დამატებითი ოფიციალური ინფორმაციაა საჭირო.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „სტუ ნანო 2026 – ნანოტექნოლოგია“ გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „სტუ ნანო 2026 – ნანოტექნოლოგია“ გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც სფეროს ცნობილი მკვლევრები, ასევე ახალგაზრდა სპეციალისტები და დოქტორანტები, მსოფლიოს 17-ზე მეტი ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების, ინსტიტუტებისა და კვლევით ცენტრებიდან.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მისივე ცნობით, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მიზანი ნანოტექნოლოგიების სფეროში თანამედროვე კვლევების შედეგების წარმოჩენა, სამეცნიერო გამოცდილების გაზიარება და სხვადასხვა ქვეყნის მკვლევრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა. ღონისძიების ფარგლებში მეცნიერებმა ნანოტექნოლოგიების განვითარების აქტუალურ საკითხებზე, უახლეს კვლევებსა და სამომავლო სამეცნიერო პერსპექტივებზე იმსჯელეს.კონფერენციის სამეცნიერო პროგრამა მოიცავს ნანოფიზიკის, ნანოქიმიის, ნანობიოლოგიის, ნანომედიცინის, ნანომასალათმცოდნეობის, ნანოინჟინერიისა და ნანოელექტრონიკის მიმართულებებს. მონაწილეებმა წარმოადგინეს საკუთარი კვლევების შედეგები და განიხილეს ნანოტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობები მედიცინაში, ენერგეტიკაში, ელექტრონიკაში, მასალათმცოდნეობასა და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში.„სტუ ნანო 2026“-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ახალგაზრდა მკვლევრებისა და დოქტორანტების ჩართულობაა. კონფერენცია მათ შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი კვლევები საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების წინაშე წარადგინონ, მიიღონ პროფესიული გამოცდილება და დაამყარონ კონტაქტები სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან.კონფერენციის საერთაშორისო მასშტაბს 17-ზე მეტი ქვეყნის მეცნიერებისა და მკვლევრების მონაწილეობა განაპირობებს. სხვადასხვა სამეცნიერო სკოლის წარმომადგენელთა შეხვედრა ხელს უწყობს ცოდნისა და გამოცდილების გაცვლას, ახალი კვლევითი იდეების განვითარებას და სამომავლო ერთობლივი სამეცნიერო პროექტების დაგეგმვას.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის „სტუ ნანო 2026“ მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებაა, რომელიც ხელს უწყობს უნივერსიტეტის კვლევითი პოტენციალის წარმოჩენას და ქართველი მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში კიდევ უფრო აქტიურ ჩართულობას.ინფორმაციისთვის: ნანოტექნოლოგია თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი მიმართულებაა, რომელიც აერთიანებს ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მედიცინისა და საინჟინრო მეცნიერებების მიღწევებს. შესაბამისად, ამ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია როგორც ახალი ცოდნისა და ტექნოლოგიების შექმნის, ისე ინოვაციური კვლევების განვითარებისათვის.

ზურაბ აბაშიძე ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს არარეზიდენტ ელჩად დაინიშნა

ზურაბ აბაშიძე ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს პირველ არარეზიდენტ, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.“ზურაბ აბაშიძეს მრავალწლიანი დიპლომატიური კარიერა აქვს. ის წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, ისე საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში - მათ შორის იყო საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელი ევროკავშირსა და ნატოში, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბენილუქსის ქვეყნებში. ასევე იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას.ზურაბ აბაშიძე 2012 – 2024 წლებში გახლდათ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში. 2024 – 2025 წლებში იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი.ზურაბ აბაშიძე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, რამდენიმე წიგნის და პუბლიკაციის ავტორი.მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი”, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გურამ მაჭარაშვილი გიორგი დავითაძის საქმეზე: ადგილი აქვს სახელმწიფო უწყებების დისკრედიტაციის მცდელობას – ერთი წლის წინ მომხდარი ფაქტი ახლა უცხოური ძალების საჭიროებების მიხედვით დასჭირდათ

პარტია „ხალხის ძალის„ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი პატიმარი გიორგი დავითაძეს საქმეს ეხმიანება. დეპუტატი აღნიშნავს, რომ პატიმარის განცხადება, თითქოს პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა მასზე იძალადეს, სარწმუნო არ არის, რადგან ის ექსპერტიზას არ თანხმდება.“მიზანმიმართულად ხდება ყველა სახელმწიფო უწყებაზე დეზინფორმაციის გავრცელება და ადგილი აქვს მათი დისკრედიტაციის მცდელობას.გიორგი დავითაძის საქმეზე გამოქვეყნდა ვიდეომასალა და ადვოკატმა პატიმარი მოინახულა. თუ სააკაშვილის მმართველობის დროს ხალხი იხვეწებოდა საავადმყოფოში გადაყვანას ექსპერტიზის ჩასატარებლად, ახლა აქეთ ეხვეწება პენიტენციური სამსახური, ექსპერტიზას ჩაგიტარებთო, და ამაზე უარს ამბობს პატიმარი. ამის შემდეგ, მისი სიმართლე როგორ შეიძლება იყოს დამაჯერებელი?!ერთი წლის წინ მომხდარი ფაქტი ახლა უცხოური ძალების საჭიროებების მიხედვით დასჭირდათ,”- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქართველმა და უცხოელმა ახალგაზრდა მკვლევრებმა ბიოსამედიცინო ინჟინერიის მიმართულებით საჯარო ლექციები გამართეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის ახალგაზრდა მკვლევრებმა - ქართველმა და უცხოელმა დოქტორანტებმა საჯარო ლექციები გამართეს.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის მოწვევით, საჯარო ლექციებს უძღვებოდნენ FAU Erlangen-Nürnberg-ის N-Squared Lab-ის (გერმანია) მკვლევარი და დოქტორანტი რაულ სიმპეტრუ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი და მკვლევარი სალომე ფიროსმანიშვილი.საჯარო ლექციებს, ბიოსამედიცინო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებთან ერთად, ესწრებოდნენ ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია, დეკანის მოადგილე, პროფესორი ლილი პეტრიაშვილი, ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი პროგრამის ხელმძღვანელი, საერთაშორისო აკრედიტაციის საუნივერსიტეტო ცენტრის დირექტორი, პროფესორი ირინე გოცირიძე და ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები.რაულ სიმპეტრუმ თავისი თემის - „კუნთები, მანქანები და მოძრაობა: EMG-ის როლი სიმულაციასა და რეაბილიტაციაში“ - ფარგლებში ისაუბრა თანამედროვე EMG ტექნოლოგიებზე და მათ შესაძლებლობებზე ადამიანის მოძრაობის კვლევის, რობოტიკისა და რეაბილიტაციის კუთხით. მომხსენებელმა ვრცლად მიმოიხილა თავისი კვლევის ინტერესები, რაც მოიცავს ნეიროინტერფეისებს, ელექტრომიოგრაფიას (EMG) და ადამიანის მოტორულ კონტროლს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი სამეცნიერო მუშაობა აქტიურად მიმართულია ნეირომუსკულური დარღვევების მქონე ადამიანებისთვის ხელის ფუნქციის აღდგენისა და გაუმჯობესებისკენ. რაულ სიმპეტრუმ დამსწრე საზოგადოებას გააცნო, თუ როგორ ეხმარება მანქანური სწავლება ნეირორეაბილიტაციის პროცესების ეფექტიანად მართვასა და ბიომექანიკური სიმულაციების შექმნაში.სალომე ფიროსმანიშვილის თემა - „ნეირონული აქტივობიდან ელექტრულ სიგნალამდე და პირიქით“ - ეხებოდა ნეირონული იმპულსების (სპაიკების) დამუშავებისა და მათი ელექტროფიზიოლოგიურ სიგნალებად გარდაქმნის მათემატიკურ და საინჟინრო მოდელებს. მან ისაუბრა ნერვული სისტემიდან წამოსული ბიოსიგნალების დეკოდირების მეთოდებზე, ციფრული ფილტრაციის ალგორითმებსა და იმ გამოწვევებზე, რომლებიც თან ახლავს მაღალი სიზუსტის მონაცემთა მიღებასა და ინტერპრეტაციას ბიოსამედიცინო კვლევებში.ორივე მკვლევარმა პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე აუდიტორიას გააცნო ის კონკრეტული თანამედროვე მოწყობილობები და მონაცემთა შეკრების უახლესი ტექნოლოგიები, რომლებსაც ისინი კვლევის პროცესში იყენებენ, რამაც სტუდენტების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია.პროფესორ ირინე გოცირიძის თქმით, მსგავსი ტიპის საჯარო ლექციების გამართვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროცესის თანამედროვე სტანდარტებით განვითარებისთვის.„როდესაც ახალგაზრდა მეცნიერები თავიანთი კვლევების შესახებ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს უზიარებენ ინფორმაციას, ეს ქმნის ცოცხალ აკადემიურ პლატფორმას გამოცდილების გაცვლისთვის. ეს პროცესი განსაკუთრებით საინტერესოა სტუდენტებისთვის, რადგან ისინი თეორიულ მასალასთან ერთად, ნათლად აღიქვამენ მეცნიერების პრაქტიკულ და გამოყენებით მხარეს, რაც მათ მოტივაციას ამაღლებს. პედაგოგებისთვის კი ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, თვალი ადევნონ საერთაშორისო სამეცნიერო ტენდენციებს და სასწავლო პროცესში უახლესი მიღწევები შემოიტანონ. ასეთი შეხვედრები საფუძველს უყრის საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივი პროექტების დასახვას“, - აღნიშნა ირინე გოცირიძემ.ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თალიკო ჟვანიას განცხადებით, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი მუდმივად ორიენტირებულია სტუდენტებს შესთავაზოს მაღალი ხარისხის, პრაქტიკასა და კვლევაზე დაფუძნებული განათლება. დეკანმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ასეთი ტიპის საჯარო ლექციები ფაკულტეტის ორგანიზებით მომავალშიც ხშირად გაიმართება, რაც გახდება გარანტი იმისა, რომ სტუ-ის სტუდენტები მუდმივად იქნებიან ინტეგრირებულნი გლობალურ სამეცნიერო სივრცეში, დროულად მიიღებენ ინფორმაციას ტექნოლოგიურ ინოვაციებზე და ჩამოყალიბდებიან კონკურენტუნარიან სპეციალისტებად, რომლებიც მზად იქნებიან უპასუხონ თანამედროვე შრომის ბაზრისა და ადგილობრივი თუ საერთაშორისო ინდუსტრიის გამოწვევებს.

ბოლო სიახლეები