აშშ საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას ესწრაფვის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს.
„ნეტგაზეთის“ ცნობით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ აშშ-ში განიხილავენ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცებისა და წინსვლის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად.
„ამერიკის შეერთებული შტატები 33 წლის განმავლობაში იყო საქართველოსა და ქართველი ხალხის რჩეული პარტნიორი. ჩვენ კვლავაც ვრჩებით საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერებად. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას ესწრაფვის.
სამშვიდობო შეთანხმება, რომელსაც პრეზიდენტმა ტრამპმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლობით მიაღწია, ტრანსფორმაციულ შესაძლებლობებს სთავაზობს მთელ სამხრეთ კავკასიას. საქართველოს შეუძლია, როგორც საკუთარი წვლილი შეიტანოს, ისე დიდი სარგებელი მიიღოს იმ სტაბილურობისა და კეთილდღეობისგან, რომელსაც ეს შეთანხმება ხდის შესაძლებელს.
ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობას იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე. ჩვენ ასევე განვიხილავთ იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცებისა და წინსვლის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად“, – განუცხადეს „ნეტგაზეთს“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.

